რუსეთი მის ტაქტიკას უფრო სასტიკს და საშინელს ხდის. ამჯერად, კრემლმა მთელ მსოფლიოში აკრძალული, ქიმიური იარაღი სავარაუდოდ, უკრაინელების წინააღმდეგ გამოიყენა. „აზოვის“ ბატალიონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ უცნობი მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენა, რომელიც მტრის უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.
უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ადგილზე „ზარინი“ გამოიყენეს, რომელიც ქიმიური იარაღია. მათივე ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს „აზოვსტალის“ ქარხანის თავზე, რომელიც „აზოვის“ რაზმის უკრაინელი დამცველების ხელშია.
როგორც „აზოვის“ ყოფილი მეთაური, ანდრეი ბელეცკი აცხადებს, რუსებმა ქიმიური იარაღით შეუტიეს მარიუპოლს, აზოვსტალის ქარხანას: „თუ დარტყმის პრაქტიკულ მხარეზე ვისაუბრებთ, ეს არ არის კარგი. სამ ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიკატებით მოწამვლის აშკარა ნიშნები, მაგრამ კატასტროფული შედეგების გარეშე“.
მისი თქმით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„მარიუპოლზე ქიმიური თავდასხმა მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და ვერ ამარცხებენ უკრაინის დამცველებს. მათ სხვა გზა არ აქვთ გარდა აკრძალული იარაღის განურჩევლად გამოყენებისა“, - აღნიშნა ბელეცკიმ მიმართვისას.
დიდი ბრიტანეთი მუშაობს, რომ დეტალები გადაამოწმოს. მსოფლიო ლიდერების შეფასებით, მსგავსი იარაღის გამოყენება კონფლიქტის ესკალაცია იქნება, რისთვისაც პუტინი და მისი რეჟიმი პასუხისგებაში მიეცემა. თუ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდა, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის სრულმასშტაბიანი დარღვევა.
სახედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას თქმით, იმის ფონზე, რომ რუსეთს ბირთვული იარაღი აქვს, დასავლეთი, შესაძლოა, ნაკლებად წავიდეს ვლადიმერ პუტინის დაკავებაზე.
„იმ გენოციდზე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაატრილა, რაიმე, რეალური ქმედება არ დაფიქსირებულა. ქიმიური იარაღის გამოყენება აკრძალულია 1925 წლის ჟენევის კონვენციის მიხედვით. რამდენად იქნება დაპიმრების ბერკეტი ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყნის პრეზიდენტის მიმართ, ეს საკითხი არ არის მარტივად გადასაწყვეტი. საერთაშორისო ტრიბულანის გადაწყვეტილებას ნაკლები მნიშვნელობა აქვს პუტინისთვის.
ვიდრე რუსეთის ხელისუფლება არ შეიცვლება და ამ შემთხვევაში, არ მოხდა სასამართლოსთვის პუტინის გადაცემა, ეს ნაკლებად მოსალოდნელი მგონია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითრდება საბრძოლო მოქმედებები. თუ რუსეთმა დაიწყო წაგება და საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა, ამ შემთხვევაში, პუტინმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს, ეს უწერია კიდეც სამხედრო დოქტრინაში“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან საუბარში.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის შეფასებით, ქიმიური იარაღი მასობრივი განადგურების იარაღია და თუკი ასეთი რამ დადასტურდა, რუსეთს კიდევ უფრო მძიმე ფასის გადახდა მოუწევს.
„რუსები სამართლებრივად პასუხს აგებენ ყველა შემთხვევაში. იმდენი დანაშაული ჩაიდინეს, რომ სრულმასშტაბიანი პროცესის პერსპექტივა გარდაუვალია. ქიმიური იარაღი, ეს არის მასობრივი განადგურების იარაღი ისევე, როგორც ბირთვული იარაღი. თუკი ასეთი რამ დადასტურდა, რუსეთს მოუწევს კიდევ უფრო მძიმე ფასის გადახდა. საუბარი არის საერთაშორისო სამართალში პასუხისგებაზე, ასევე სამხედრო ტრიბუნალის წინაშე და ა.შ.
რუსეთი ისეთ დღეში აღმოჩნდა, მოვლენების განვითარების გამო, რომ არ არის გამორიცხული, მან მსგავსი დანაშულებრივი ნაბიჯი გადადგას. რუსეთი იმხელა ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. რუსეთს ამ ომში მომგებიანი სვლები აღარ დარჩა, ეს ფაქტია“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილემ ჯეიმს ჰიპიმ განაცხადა, ყველა ვარიანტს განიხილავენ იმის შესახებ, როგორი იქნება დასავლეთის პასუხი, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში. ბრიტანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოს არ შეუძლია გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება.
„მკაფიოდ ვაცხადებ, თუ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავთ, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს დასავლეთმა“, - დასძინა ჰიპიმ.
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება „ეფექტური“ და „კარგად აწონილ-დაწონილი“ პასუხი.
„არის რაღაც, რაც მიუღებელია და ქიმიური იარაღის გამოყენებას ექნება პასუხი. ყველა ვარიანტს განვიხილავთ, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პასუხი“, - აღნიშნა მან.
ჰიპის განცხადებით, უახლოეს დღეებში, რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი დიდ ბრიტანეთში ჩავა, რათა 120 ბრიტანული ჯავშანტექნიკის მართვა ისწავლოს.