„50-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირი, ამერიკა და ნატო ირიბად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს სხვა ომში, სხვა კონფლიქტში, სხვა ტერიტორიაზე“

„50-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირი, ამერიკა და ნატო ირიბად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს სხვა ომში, სხვა კონფლიქტში, სხვა ტერიტორიაზე“

ერთი შეხედვით, ზელენსკი მარტოდმარტო მებრძოლია გოლიათის წინააღმდეგ, რუსეთის პირისპირ უკრაინა მარტოა ადამიანური მსხვერპლის თვალსაზრისით. შეიარაღების მხრივ უკრაინის დახმარება არაფერია იმ დანაკარგთან შედარებით, რისი გაღებაც ამ ქვეყანას უწევს ყოველდღიური ადამიანური მსხვერპლიდან გამომდინარე. თუმცა იმის მიუხედავად, რომ ჯერ ომი დასრულებული არ არის, ალბათ, მალე დაისმება ყველა ხელისუფალის მიმართ აქტუალური მთავარი შეკითხვა - შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?

უკრაინის ხელისუფლება თითქოს ყველა ქვეყნის უკმაყოფილოა, თითქოს ომს უცხადებს მთელი სამყაროს, ზელენსკი ხან ცალკეული ქვეყნების ლოიალურ პოლიტიკას აკრიტიკებს, ხან გაეროს მიმართ გამოხატავს უკმაყოფილებას -  „ან გარიცხეთ რუსეთი, ან საერთოდ გაუქმდით“.

ცხადია, უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი უკრაინის ხელისუფალის განცხადებებს მოთმინებით იტანს ყველა, მაგრამ რა იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, მხოლოდ პუტინს ელის ჰააგა, თუ ზელენსკის მიმართაც შეიძლება გაჩნდეს კითხვა, ღირდა ეს ყველაფერი ამხელა მსხვერპლის ფასად?

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ, თუკი ზელენსკი მარტოდმარტო მებრძოლად თვლის საკუთარ თავს, როგორც ადრე განაცხადა, ამის გამო მას პრეტენზიები უნდა ჰქონდეს დასავლეთთან და დიდ სახელმწიფოებთან. ასევე, ისიც რეალობაა, რომ დასავლეთმა საკმაოდ დააგვიანა დახმარება. ახლა თითქოს გააქტიურდნენ შეიარაღების მიწოდების მხრივ, თუმცა გახმოვანებული დახმარება საკმარისი არაა.

„თუკი ვინმემ დაიწყო საქართველოში პირველმა საუბარი, რომ უკრაინას ესაჭიროება არა მხოლოდ ცის გადაკეტვა, არამედ მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, ტანკები, ქვემეხები და სხვა, ვიყავი მე. რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, 45-მილიონიანი ქვეყანა ეომება რუსეთს და 3,5-მილიონიონმა საქართველომ რა მხარდაჭერა უნდა გაუწიოს? მით უმეტეს, რომ 2008 წლის ოკუპაციის შედეგებიდან გამომდინარე, საკმაოდ მძიმე რეალობა გვაქვს. საქართველო და უკრაინა, ეს ორი ქვეყანა ჯერ კიდევ ომამდე იყო რუსეთის სამიზნე, ერთ ქვეყანაში უკვე ომია, მეორე ქვეყანაში თუკი ომი იქნება, მესმის, რომ მცირე ძალებს რუსეთი აქეთ გადმოისვრის, მაგრამ არა მგონია, ამან რაიმე შეღავათი მოუტანოს უკრაინას. უბრალოდ, კიდევ ერთი ქვეყანა და ხალხი გაუბედურდება. ჩვენი ქვეყნის რიცხოვნობა რომ ავიღოთ, თბილისის ომიდან მოყოლებული, ყველა მომდევნო ომში დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი დაგვეღუპა. მცირე რიცხოვნობის ერისთვის ეს ძალიან დიდი მსხვერპლია. უკრაინაში 10-ჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობს. წარმოგიდგენიათ, 200 ათასი ადამიანი რომ დაეკარგა უკრაინას? ამასთან ერთად, მეორე ფრონტის გახსნაზეც იყო მოწოდებები. ჩვენ ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პერიოდიდან გვაქვს ვალდებულება, მშვიდობიანად მოვაგვაროთ კონფლიქტი“, -აღნიშნა ამირან სალუქვაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მისივე განმარტებით, ცხადია, მარტო ომობს ზელენსკი, მაგრამ 50-იანი წლებიდან მოყოლებული, 80-იანების ბოლომდე თუკი სადმე შეიარაღებული კონფლიქტი და ლოკალური ომი ყოფილა საბჭოთა პერიოდში, დასავლეთი ყოველთვის ეხმარებოდა იმ ქვეყანას, რომლის ტერიტორიაზეც დაპირისპირება მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირი, ამერიკა და ნატო ირიბად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს სხვა ომში, სხვა კონფლიქტში, სხვა ტერიტორიაზე, ეს იყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები, იყო ვიეტნამი, თუ სხვა. დღეს კი გერმანია, საფრანგეთი და მსგავსი დიდი სახელმწიფოები, მით უმეტეს, ნატოს წევრები, თუ შიშობენ და უფრთხიან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს და მკაფიოდ ამბობენ, ჩვენ დავიცავთ ნატოს აღმოსავლეთ საზღვარს, ოღონდ ღიად არ ჩავერევით უკრაინის ომშიო, საქართველოსგან რატომ არის ასეთ მაღალ ნიშნულზე აყვანილი დახმარების მოთხოვნა?! ალბათ, საქართველოში არსებულ ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება ეს ყველაფერი და მათი ლობისტებიც უკრაინის ხელისუფლებაში უნდა ვეძიოთ.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ, საერთოდ, ხელისუფლების ვალია, ომი აარიდოს ქვეყანას. ამდენად, ზელენსკის მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რა გააკეთა იმისთვის, აეცილებინა ის დამანგრეველი და გამანადგურებელი ომი, რომელიც დღეს არის მის ქვეყანაში.

„ამაზე რა პასუხი აქვს, მე არ ვიცი, მაგრამ ასეთი პოლიტიკა, რომელსაც ის ატარებს, შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას სურს, სხვა დაადანაშაულოს, რათა გადაფაროს საკუთარი არასწორი პოლიტიკა, რომ თვითონ ყველაფერში მართალია და ყველა სხვა დამნაშავეა იმაში, რაც ხდება მის ქვეყანაში. სანამ წყალი მღვრიეა, ზელენსკის ამის საშუალება აქვს, მაგრამ წყალი რომ დაიწმინდება, მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, მით უმეტეს, თუკი ის დათანხმდება და ხელს მოაწერს ნეიტრალიტეტს, აგერ, ნატოზე უკვე ღიად ამბობს უარს. შე დალოცვილო, თუკი თანხმდებოდი ნეიტრალიტეტს და ნატოზეც იძახი, აღარ მინდა ნატო, სხვა გარანტიები უნდა მოვძებნოო, მაშინ ამდენი მსხვერპლი რაღა საჭირო იყო? ბატკნებივით რომ შესწირა მთელი ნახევარი უკრაინა რუსეთს, ფეხქვეშ გაათელინა, დააბომბინა, პირისაგან მიწისა აღაგვევინა რუსეთს უკრაინა“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

მანვე განმარტა, თუკი ეს ომი გარდაუვალი იყო და ყველამ ვიცოდით, რუსეთს ვერ მოერეოდა უკრაინა, ზელენსკის ეს ომის დაწყებამდე არ უნდა სცოდნოდა, სააკაშვილის არ იყოს? 140-მილიონიან ქვეყანას რომ 40 მილიონიანი უკრაინა ომს ვერ მოუგებდა, ამას რა განჭვრეტა უნდოდა?

ნანა კაკაბაძის აზრით, უკრაინაში ომი სულაც არ არის ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ან თავისუფლებისთვის, როგორც ზელენსკის უნდა, რომ წარმოაჩინოს. ეს არის ბრძოლა ნატოში არშესვლისა და ნეიტრალიტეტის გამო. ზელენსკის ეუბნებოდნენ, იყავი ნეიტრალური და ნუ შეხვალ ნატოშიო, მაგრამ ამ ომით რა მოიგო? ის ტერიტორიები, რომელიც დღეს რუსეთმა წაიღო, ოდესმე ნეიტრალური გახდება?

რაც შეეხება წააქეზეს თუ არა ზელენსკი ომში ჩასართავად, ნანა კაკაბაძის თქმით, ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ჩვენ უნდა შევაფასოთ უკვე მომხდარი მოვლენები და ეს ანალიზი თვითონვე ამოატივტივებს იმ რეალობას, რომლის წინაშეც უკრაინა დადგა.

 

 

 

არაგველი641 "ვისი სკრიპკა ვის როიალშია ვერ გაიგებ"!
2 წლის უკან