„ეს ომი არ დამთავრდება უკრაინით, კიდევ იქნება რამდენიმე სერიოზული კონფლიქტი და ჩვენ მალე, ახალ სამყაროში ვიცხოვრებთ და ამას ვერაფერი შეაჩერებს“

„ეს ომი არ დამთავრდება უკრაინით, კიდევ იქნება რამდენიმე სერიოზული კონფლიქტი და ჩვენ მალე, ახალ სამყაროში ვიცხოვრებთ და ამას ვერაფერი შეაჩერებს“

ზელენსკის გარემოცვისა და ქართული ოპოზიციის დაუღალავმა შრომამ, როგორც იქნა, ნაყოფი გამოიღო. ქართული საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს გაემგზავრება. რას ჩაიტანს და რას ჩამოიტანს უკრაინიდან ქართული პოლიტიკური სპექტრი, ამას ვიზიტის დასრულების შემდეგ ვნახავთ. მანამდე კი, for.ge ანალიტიკოს დემურ გიორხელიძეს რუსეთ-უკრაინის ომზე, ამ ომში დასავლეთის როლსა და ომის შემდგომი მსოფლიოს სავარაუდო კონტურებზე ესაუბრა.

დემურ გიორხელიძე: იმ მდგომარეობაში, რომელშიც ახლა უკრაინის ხელისუფლებაა, ეს მათი ნებაყოფლობითი არჩევანია. მათ შეეძლოთ უფრო ადრე სხვა გზა აერჩიათ, ისინი დღეს მძიმე მდგომარეობაში არიან და მე სულაც არ მიკვირს მათი პრეტენზიები ყველას მიმართ. ვფიქრობ, არ არის საჭირო ამაზე რაღაც განსაკუთრებული რეაქციები. საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აკეთებს იმას, რისი შესაძლებლობაც არის. რაც შეეხება უკრაინის უკმაყოფილებას ომში მონაწილეობაზე, როცა მსოფლიო გლობალური დაპირისპირებაა და ამ დაპირისპირებაში უკრაინა ეპიზოდია მხოლოდ, ჩვენც ვიქცეთ იმ ეპიზოდად, რომელსაც მიწასთან გაასწორებენ ნულოვანი შედეგით, ვფიქრობ, ვერანაირ პოლიტიკურ მოსაზრებებში ვერ ჯდება.

ჩვენ არ ვზომავთ რეალობის საკუთარ მასშტაბებს და ამ რეალობის დაკარგვამ გამოიწვია ქვეყნის ტერიტორიის დაკარგვა და, თუ დავაკვირდებით ქართველ პროვოკატორებს, ისინი დღესაც ცდილობენ საქართველოს ომში ჩაბმას, რის შედეგადაც სახელმწიფოებრიობა, პრაქტიკულად, დაკარგული იქნება.

ისევ უკრაინის ხელისუფლების პრეტენზიებს მინდა დავუბრუნდე. ის, რაც ზედაპირზე ჩანს, ალბათ, სალაპარაკოც არ არის, რადგან ამას უფრო სიღრმისეული ანალიზი სჭირდება. გასაგებია, რომ საქართველოში მეორე ცხელი წერტილის გაჩენით რუსეთის ძალების დაქსაქსვა მოხდება, რაც მომგებიან პოზიციაში ჩააყენებს უკრაინას, მაგრამ ზელენსკის თავიდანვე ჰქონდა ძალიან მარტივად გასაგები არჩევანი - ნეიტრალიტეტი - რაზეც დღეს ლაპარაკობენ უკვე და, ეს იყო ამ სისხლისღვრის ალტერნატივა. თავიდანვე ნათელი იყო, რომ უკრაინა დიდი დაპირისპირების პლაცდარმად მზადდებოდა. კიდევ რა წინაპირობები იყო, რა არ შეასრულა დასავლეთმა, რაც ასე კატეგორიულს ხდის უკრაინას ევროპისა და ამერიკის მიმართ.

- იმისათვის, რომ ჩვენ რეალურად ვისაუბროთ მიმდინარე პროცესებზე, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რა დონის დაპირისპირებაზეა საუბარი, საუბარია რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირებაზე. რაც შეეხება უკრაინას, ის გამოყენებულია ერთ-ერთ ინსტრუმენტად დასავლეთის მიერ. ეს არის ცნობილი ბჟეზინსკის ნაბოდვარი თავის წიგნში, რომ უკრაინა არის ის, რითიც შეიძლება რუსეთის დამარცხება და ეს პოლიტიკა ტარდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. რაც შეეხება უკრაინის ხელისუფლებას, ვისაც სურს გაიგოს რა ხდებოდა უკრაინაში, ნახოს მისი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ინტერვიუები, სადაც პირდაპირ აცხადებენ, რომ უკრაინა ემზადება რუსეთთან დიდი ომისთვის, ამ ომის დროს იქნება ის, რაც ახლა ხდება, მაგრამ ჩვენ ამით შევალთ „ნატო“- ში. როგორც ჩანს, მათ გადააფასეს რეალური მდგომარეობა, მაგრამ ვერ წარმოიდგინეს გეოპოლიტიკური დაპირისპირების ცენტრები სად არის, ეგონათ ერთი, მაგრამ გამოვიდა მეორე. აქ ჩემთვის მოულოდნელი არაფერია. ევროპის უდიდესი ქვეყანა, რომელიც უკრაინელებს ჩაუვარდათ ხელში დიდი ისტორიული კატაკლიზმების შედეგად, ორმოცდაექვს მილიონიანმა ერმა ვერ შეძლო ხელისუფლების არჩევა ვერც ერთ ეტაპზე, ვერ შეძლო რეფორმების განხორციელება, ვერ შეძლო ამ ფანტასტიკური პოტენციალის გადაზრდა უკვე რეალურ შედეგებში. დღეს, ყველაფერი რომ წასულიყო ნორმალურად, უკრაინა იმაზე ძლიერი იქნებოდა, როგორიც გერმანიაა, მაგრამ, საუბედუროდ, ოცდაათი წელი რაიმე შეემატა კი არა, დღეს უკვე უკრაინის სახელმწიფოებრიობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინა იმ სახით როდესმე იარსებებს, რა სახითაც აქამდე იყო. ეს არ არის ისტორიული უკრაინა. მთავარი აქ ის არის, რომ ეს იყო შეგნებული ნაბიჯი და უკრაინაში არ აღმოჩნდა ელიტა, რომელიც გაზომავდა რისკებს, საფრთხეებს და ხალხის ცნობიერებას ასე არ დაუქვემდებარებდა იდეოლოგიას, რომელმაც ლამის უზარმაზარი გადახრა გამოიწვია ამხელა ერში. ისინი დღეს თავიანთი შეცდომების შედეგებს იმკიან.

იქნებ ეს რისკები ძალიან კარგადაც იყო გაზომილი და შეფასებული, უბრალოდ, ზელენსკი და მისი გარემოცვა კარგი შემსრულებელები აღმოჩნდნენ. ჩვენ ვხედავთ, რომ საზოგადოების მასები იმართება ემოციით და არანაირი სიტუაციის ანალიზი და შეფასება, არანაირი გონივრული მსჯელობა არ არის, მხოლოდ ემოციები მართავს პროცესებს.

- ეს უკვე სხვა პრობლემაა. რა თქმა უნდა, ზელენსკის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, რასაც აკეთებდა, მაგრამ პროპაგანდა იმისი, რომ მიზანი შენიღბული იყოს და დაანახო ადამიანებს ის, რაც გინდა, ეს სულ სხვაა. ამიტომ, ეს არ არის უბრალო შეცდომა. ხელისუფლებამ რომც გიბიძგოს ცუდი ნაბიჯისკენ, იმიტომ არსებობს ერი, იმიტომ არსებობს განათლებული ნაწილი საზოგადოებისა, იმიტომ არსებობს დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის ადამიანები, რომ ხელისუფლებას არ მისცე შეცდომის დაშვების საშუალება. უკრაინელებმა ამ ყველაფერს, რომ იტყვიან, ვერ მოუძებნეს გასაღები. იდეოლოგია კი საზიზღრობაა, იგი ანადგურებს გონებას და ჩვენ ვხედავთ სადამდე მიჰყავს იდეოლოგიას დამორჩილებული ხალხი. ასე რომ, ყველამ ყველაფერი იცოდა, უბრალოდ, ხალხმა ჩაყლაპა ეს ყველაფერი.

ნებისმიერი ომის ანატომიას ახასიათებს პოლიტიკური, ეკონომიკური, ადამიანური დანაკარგები და ემოციები. დღეს, ფაქტობრივად, ვხედავთ, რომ მსოფლიო ომია დაწყებული და ამ პროცესებში გამოკვეთილად ვხედავ ეკონომიკურ და ფინანსურ მხარეს, რისი საბოლოო შედეგიც განსაზღვრავს, ალბათ, ახალ მსოფლიო წესრიგს. სწორედ ეს არის საინტერესო, რას ინაწილებენ მსოფლიო წამყვანი ქვეყნები, რა იკვეთება, რა სავარაუდო სურათს ხედავთ? რამდენი ჰეგემონი რჩება მსოფლიოში?

- ტრადიციული გაგებით ეს არ იქნება მსოფლიო ომი, გამორიცხულია. აქ სხვა მასშტაბია. მესამე მსოფლიო ომი მიდის ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში, მაგრამ ეს ომი არ არის გამარჯვებაზე, ეს არის დაჩოქებაზე. საქმე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოყალიბებული წესრიგი, ყველა წითელი ხაზი, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტი უკვე აღარ ფუნქციონირებს, დრო შეიცვალა, ახალმა გარემოებებმა ახალი სიტუაცია შექმნა და სისტემა უკვე აღარ მუშაობს. ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ხდება გადაწყობა. იმისათვის, რომ დიდი კატასტროფა არ მოხდეს, სადაც საერთოდ უკონტროლო იქნება ყველაფერი, ამისათვის ხდება შედარებით ნაკლები, მაგრამ არაძირითადი მოთამაშეების ხარჯზე აქცენტის გადატანა. სინამდვილეში, ჩვენს თვალწინ ახალი წესრიგი ყალიბდება, თუმცა საქართველოში რატომღაც ეს არ აღიქმება. თქვენ სწორად თქვით, აქ არის მხოლოდ ემოცია, რომელიც უკავშირდება პოლიტიკური უვიცობას და აზროვნების იდეოლოგიურ გამრუდებას. უკვე ნათლად ისახება, რომ იქმნება არა ერთი ჰეგემონი, არამედ იქმნება ძალის რამდენიმე ცენტრი და ჯერჯერობით, რამდენი იქნება, ამის თქმა ძნელია. თუმცა, შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი გამოკვეთილია. რუსეთის წინააღმდეგ ომში დღეს ჩართულია მხოლოდ ანგლოსაქსური სამყარო და ევროკავშირი. ეს ბევრი არ არის. არც ერთი აზიური, აფრიკული ქვეყანა, არც ცენტრალური ამერიკა ამ ომში ჩართული არ არის. ამიტომ, აქ სულ სხვა რამ ხდება. საქართველოში ამ ვითომ დასავლეთზე ორიენტირებულებს დასავლეთის გარდა თუ არსებობს მსოფლიო, არც კი მიაჩნიათ ღირსად. სინამდვილეში, უდიდესი კულტურებია უდიდესი პოტენციალებია და არავის უნდა იმ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც ერთი ქვეყანა თავს ახვევს მეორე ქვეყანას ცხოვრების წესს, იდეოლოგიას და ასე შემდეგ. ეს ომი არ დამთავრდება უკრაინით, კიდევ იქნება რამდენიმე სერიოზული კონფლიქტი და ჩვენ მალე სრულიად ახალ სამყაროში ვიცხოვრებთ, ახალი პოლიტიკური რეალობით, ახალი პოლიტიკური ლანდშაფტით და ამას ვერაფერი შეაჩერებს.

ყველა ქვეყნის ინტერესი, ასე თუ ისე, გასაგებია, მაგრამ დიდი ბრიტანეთის ასეთი აქტიურობა ამ პროცესებში რით არის განპიროებებული?

- ბრიტანელები უნიკალური ერია, რომელთაც პოლიტიკურ თამაშებში ბადალი არ ჰყავთ. ერთმა პატარა კუნძულმა შეძლო და მსოფლიოს ოთხი მეხუთედი გააკონტროლა. მართალია, ეს საუკეთესო დრო წარსულშია, მაგრამ ინგლისი დღესაც ძალიან აქტიურია. ეს ძლიერი ელიტაა, თუ რუსეთში, საქართველოში და სხვაგან მოღალატეები ბევრი იძებნება, თქვენ ბრიტანულ ელიტაში მოღალატეს ნაკლებად იპოვით. ისინი შეწყვილებულნი არიან ამერიკასთან და თქმა იმისა, თუ რომელი დომინირებს ურთიერთობაში, ეს ჯერ კიდევ საკითხავია. აზერბაიჯანი-სომხეთის ომის დროს, ჩემთვის გაუგებარი იყო თურქეთის აქტიურობა. გაუგებარი იყო რეგიონალურ მოთამაშეს როგორ შეეძლო ასეთი აქტიურობა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ინგლისმა აღადგინა თურქეთთან ურთიერთობა და მიზანი გასაგები იყო - „დიდი თამაში“ აღდგა. რუსეთისა და ბრიტანეთის იმპერიების დაპირისპირებას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და სწორედ იმ ფარგლებში მოხდა თამაშის აღდგენა. ბრიტანელები არ არიან დაინტერესებული ევროკავშირით, ბრიტანელები ძალიან გონიერი კრიტიკოსები არიან, ისინი დაინტერესებული არ არიან ევროპის განვითარებით და მათ პირველად ეძლევათ საშუალება, ჩართონ გერმანული ფაქტორი. გერმანიაში პოლიტიკური ლიდერები ისეთი მოწამლულები არიან ამ მყაყე იდეოლოგიით, რომ საკუთარი ქვეყნის დაკნინებას უწყობენ ხელს და თქვენ ნახავთ, რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება გერმანია.

ვხედავთ, რომ რუსეთი სტრატეგიულად სწორად მოქმედებს, ეკონომიკას სხვა მხრივ ავითარებს, ცდილობს საკუთარი თამაშის წესების დამკვიდრებას. საკმაოდ თვალშისაცემი იყო საკუთარი პროდუქციის გაყიდვა რუბლში, რაც ნამდვილი შოკი იყო ამ სფეროსთვის. რამდენად სწორია რუსეთის ეს გათვლა?

- ამ დონის სანქციები, რა თქმა უნდა, რუსეთს ძალიან ბევრ პრობლემას უქმნის. ცხადია, ამ სანქციების დაწესების შემდეგ შეერთებულ შტატებსაც შეექმნა სერიოზული პრობლემები, ეს ორი ქვეყანა ამას, ასე თუ ისე, გადალახავს, მაგრამ მე მგონია,  ყველაზე მძიმე შედეგები ევროპაში იქნება, იმ სუსტ ქვეყნებში, რომელთაც ამ ლოჯისტიკური ჯაჭვების ჩაწყვეტის გამო შეიძლება გაუჩნდეს პირველადი პროდუქციის დეფიციტი. რუსეთს ყველაფერი აქვს, მათ შეცვალეს სტრატეგია და ვფიქრობ, რომ ეს მოვლენები მათ აძლევთ იმის რეალიზაციის საშუალებას, რომელსაც ისინი დამოუკიდებლად ვერ მიაღწევდნენ. ვერავინ ვერ შეიჭრებოდა ისეთ ქვეყანაში, რომელიც იქნებოდა ნეიტრალური ან აბსოლუტურად არა საფრთხის შემცველი და ამ საფრთხეზე რუსეთი დიდი ხანი საუბრობდა. ამიტომ, თქმა იმისა, რომ სანქციებმა შეიძლება რუსეთი მოახრჩოს, ეს ჯერჯერობით არ ჩანს, თუმცა პრობლემები სერიოზულია. რუსეთის პრობლემა არა ეკონომიკა, არამედ რუსეთში ყველაზე დიდი საფრთხე არის ის ელიტები, რომლებმაც უზარმაზარი ფული იშოვეს რუსეთის დაკნინების ხარჯზე და დღეს ამ ფულის შესანარჩუნებლად უკვე მოძრაობა აქვთ დაწყებული. ეს არის სწორედ ის, რამაც რუსეთში უზრუნველყო გარე ძალების მიერ 1905 წლის, 1917 წლის თებერვლის და ოქტომბრის რევოლუციები, 90 წლის დაჩოქება და ასე შემდეგ. ამიტომ, რუსეთის პრობლემა მისი შიდა ელიტებია რომელშიც ძალიან ბევრი გამყიდველია და არა ეკონომიკა. ეკონომიკურად რუსები კიდევ უფრო გაძლიერდებიან. თუ რამე საფრთხე ემუქრება რუსეთს - არის სწორედ შიდა არეულობები. ევროპის სანქციებმა რუსეთი როგორ უნდა დააზარალოს, როცა რუსეთს საერთოდ არ სჭირდება ევროპა არანაირად. საქართველოში მაგალითად მიაჩნიათ, რომ რუსეთს მთელი მსოფლიო უწესებს სანქციებს, რაც ასე ნამდვილად არ არის. ეს არის ძალიან რთული პროცესი, ემოცია და სიმპათია-ანტიპათიები აქ არაფერს იძლევა და თქმა იმისა, რომ ამით ყველაფერი დასრულებულია, ეს უვიცობის ბრალია.

ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ამ პროცესების დამთავრების შემდეგ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც იყო, თუმცა ვერავინ ვერ დებს დაახლოებით სურათს, თუ როგორი იქნება ძალთა ბალანსი, გეოპოლიტიკური გადანაწილება, და ასე შემდეგ. მთავარი კითხვა კი ჩვენთვის არის, რამდენად მიყვება ამ პროცესებს საქართველო, ხელისუფლების ეს დაბალანსებული და ფრთხილი პოლიტიკა ნამდვილად ჯდება გონივრულობის ჩარჩოებში, მაგრამ მაინც, სამომავლოდ ეს არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რა რჩევას მისცემდით ხელისუფლებას?

- ვთქვი, რომ იქნება მრავალძალიანი ცენტრები, რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთში იქნებიან პასუხისმგებლები. ეკონომიკა იქნება ჩვეულებრივად, მაგრამ არა იმ ჰეგემონის ფარგლებში, არამედ ყველა თავის ინტერესს მიყვება. მაგრამ შენს ინტერესებს ვერ მიყვები, თუ სხვის ინტერესებში არ დავბალანსდით. საერთაშორისო ინსტიტუტები კვდება და ახალი შეიქმნება; იქნება მრავალვალუტიანი ცენტრები, ზონები, არ იქნება ერთი დომინირებული ვალუტა და ასე შემდეგ. ამ ფონზე, ძალიან სუსტი ქართული ხელისუფლება, მეტ-ნაკლებად, გონივრულად იქცევა მთავრობის დონეზე და არაგონივრულად იქცევა პარლამენტის დონეზე, იმიტომ რომ უმრავლესობის ლიდერები გამოკიდებულები არიან იდეაფიქსებზე, ისინი არ არიან პოლიტიკოსები და არც პოლიტიკოსის აზროვნება არ გააჩნიათ. ისინი ისევ იმ დაშტამპულ იდეაფიქსებს იმეორებენ, რომელთა გამეორებასაც დღეს არანაირი დატვირთვა არ აქვს გარდა იმისა, რომ ვიღაცას თავი მოაჩვენონ. მთავრობა უფრო გონივრულად იქცევა, არაფერი ექსცესები საჭირო არ არის. რაც შეეხება ოპოზიციას, ამ მსოფლიო კრიზისის დროს, მე მგონი დროსა და გარემოებებს ასცდნენ და რასაც აკეთებენ, სიმართლე გითხრათ, ვერაფრით ვერ წარმომიდგენია. მათ პროვოკაციულ განცხადებებში, რომ საომრად დაეტაკო ვიღაცას, არა მარტო აზრი არ არის, არამედ შედეგი გამანადგურებელი იქნება. ამიტომ, ამ რთული სიტუაციის ფონზე, ვფიქრობ, რომ მთავრობის საქციელი უფრო დაბალანსებულია, მაგრამ არ მომწონს პარლამენტში ლიდერების განცხადებები, რომელიც ძალიან არასერიოზულია.

 

ჯარჯი რას ნიშნავს ქართული ოპოზიციის დაუღალავი შრომა? იქნებ, სწორი ასე იყოს - დაუღალავმა პროვოკაციებმა
2 წლის უკან