საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10% მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას“, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნები ხელისუფლებაში დაბრუნების წყარო არ არის. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ წყაროდ რევოლუციას და რადიკალიზმს მიიჩნევს. სწორედ პროცესების რადიკალიზმზე იმსჯელეს 6-8 აპრილს Rooms Kokhta-ში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და რადიკალური ოპოზიციის წევრებმა. ბაკურიანში გამართული ე.წ. ტრენინგის, რომელიც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხებით დაფინანსდა, მთავარი საკითხი ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება და წარმოდგენა იყო.
ე.წ. ტრენინგში მონაწილეობდნენ - „ნაციონალური მოძრაობა“ - ხატია დეკანოიძე; „დროა“ - ბათუ ქუთელია; „ევროპული საქართველო“ - გიგა ბოკერია; „გირჩი“ - ზურაბ ჯაფარიძე და პარტია „ლელო“. გარდა ამისა, ტრენინგს ესწრებოდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ა-რ წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები. როგორც ირკვევა რადიკალური ოპოზიციის „რევოლუციური კომიტეტის“ მთავარი მოქმედი პირი, ტრენერი და მოდერატორი პიტერ აკერმანი იყო. ცნობილი პოლიტტექნოლოგი, რომლის ორგანიზაციის ჩართულობით ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობა მოხდა.
აკერმანი „გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური ორგანიზაცია „ამერიკელების არჩევანის“ თავმჯდომარეა. ის ცნობილი გახდა აქტივისტების მომზადებით, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აგზავნიან ხელისუფლების დასამხობად, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების დასატრენინგებლად, რათა უფრო ეფექტურად აწარმოონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიები.
როგორც ირკვევა, ბაკურიანის შეხვედრაზე დიდი დებატები გაიმართა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების მობილიზება, ხელს უშლის თუ არა პროტესტის ესკალაციას ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა და პატიმარი სააკაშვილის საკითხის აქტუალიზება.
რადიკალური ოპოზიცია დასახული გეგმის განხორციელებას შეუდგა და ამას ადასტურებს ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მოწოდება - „შევიკრიბოთ და დავლეწოთ კანცელარია“. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ რადიკალები, მათ შორის აშშ-ის საელჩო. „ქართული ოცნების“ წევრის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საზოგადოება მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ამით „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი არ აქვს ხელისუფლებაში მოვიდეს.
„მხოლოდ რევოლუცია და ნახეთ, აბა? ვერც ერთხელ ვერ შეაგროვეს ხალხი, ნახეთ, რა დღეში არიან. რისი რევოლუცია და რისი გადატრიალების გამკეთებლები არიან? არაფრის მაქნისები არიან“, - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში გამართულ ე.წ. ტრენინგზე მიწვეული არ იყო ის ოპოზიციური პარტიებ, რომლებიც ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ღია მხარდაჭერას არ გამოხატავენ. for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის მთავარი მოტივია აითვისონ ის თანხები, რა თანხებიც დღემდე ერიცხებათ არასამთავრობო სექტორის ანგარიშებზე.
„სამწუხაროდ, ამერიკელი გადამხდელების მიერ გადახდილი თანხა ერიცხებათ, რომელიც რეალურად უნდა მოდიოდეს საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების ანგარიშზე, მაგრამ ამ მავნებლებს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცების სახით მონოპოლიზირებული აქვთ ფინანსური არხები და ასეთი ტრენინგების მეშვეობით და ფერადი რევოლუციების თეორიტიკოსების მოწვევებით ახდენენ ამ ფინანსების გადანაწილებას.
რა თქმა უნდა, არც ერთ მათგანს არ სჯერა იმისა, რასაც უნდათ მიაღწიონ. ძალიან კარგად იციან, რა ადამიანური რესურსი გააჩნიათ, მაგრამ მთავარია, რომ ფული მოდის საქართველოში. მთავარია, რომ ამ ტრენინგებს ესწრება გარკვეული წარმომადგენლობა, რომლებიც თავს ასაღებენ ოპოზიციურ სპექტრად.
საინტერესოა, ამ ტრენინგზე არ იყო დაპატიჟებული არც ერთი ოპოზიციური სპექტრის ის წარმომადგენელი, რომელიც არ იზიარებს რადიკალური და დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრის მიდგომებს. წარმოდგენილი იყვნენ ისინი, რომლებიც ამ დესტრუქციის და რადიკალიზმის ნარატივს მიჰყვებიან. სვამენ ყავას და ელოდებიან თანხების ჩარიცხვას. ტრენინგიდან-ტრენინგამდე გაჰყავთ თავისი პოლიტიკური ცხოვრება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის გაცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის შეკრების მთავარი საკითხი იყო ხელისუფლების დამხობის გეგმის შემუშავება. მისი თქმით, ეს ყველაფერი ზუსტად ჯდება სააკაშვილის დირექტივაში, რომ „გაზაფხულზე ყველაფერი უნდა დასრულდეს“.
„მაშინ, როდესაც ოპოზიცია ერთი ხელით ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობს, მეორე ხელით მისი დამხობის გეგმებს აწყობს. როგორც ინფორმაციამ გამოჟონა, ამ ბაკურიანში „რუმსში“ ჩატარებულა რადიკალური ოპოზიციის და მასთან აფილირებული რადიკალ აქტივისტების ტრენინგად მონათლული სერობა, სადაც ფაქტობრივად, მორიგი „რევოლუციური კომიტეტის“ და ხელისუფლების დამხობის მონახაზი შედგა. რა თქმა უნდა, ისინი იტყვიან, რომ ეს ჩვეულებრივი ღონისძიება იყოო და ა.შ. მაგრამ უკვე გვაქვს გამოცდილება, თუ რა მოსდევს მსგავს „ტრენინგებს.“
2003 წელსაც ზუსტად იგივე ხდებოდა. ეს ყველაფერი კი ზუსტად ჯდება სააკაშვილის დირექტივაში, რომ „გაზაფხულზე ყველაფერი უნდა დასრულდეს“. ამას ებმის „უკრაინის თემაც“ თუმცა, ერთ რამეს ვერ ითვალისწინებენ, კარზე არა 2003, არამედ 2022 წელია და ეს ტოქსიკური შემადგენლობა, მათი ძველი თუ ახალი სახეებით, უკვე ლუსტრირებულია. ტირანია საქართველოში 2012 წელს დასრულდა, აკერმანის და მისი წიგნის დახმარების გარეშე და ის ვეღარ დაბრუნდება“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.