საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო ინტერვიუში უარი თქვა უკრაინაში რუსეთის ქმედებების გენოციდად აღწერაზე.
კითხვაზე, გამოიყენებდა თუ არა ის, ისევე როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, ტერმინ გენოციდს რუსი სამხედროების მიერ უკრაინელების მკვლელობისთვის, მაკრონმა უპასუხა:
დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მას სურს, შეძლებისდაგვარად, გააგრძელოს ძალისხმევა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღსადგენად.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ რიტორიკის ესკალაცია ამ მიზანს ემსახურება. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია მიუღებელია. ეს არის ომის დანაშაულები. ჩვენ ვცხოვრობთ ომის დანაშაულებში, რომელიც უპრეცედენტოა ჩვენს ევროპულ მიწაზე“, - აღნიშნა მან.
მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა.