ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დღის განმავლობაში ორი შეხვედრა შედგა და შეთანხმებაც მიღწეულია - გადაწყდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრება. უხელმძღვანელებს თუ არა საპარლამენტო დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც თბილისიდან გაგზავნილ კონკრეტულ კითხვებს რა პასუხს გასცემს კიევი. ვიდრე შალვა პაპუაშვილის ვიზიტის ამბები გაირკვევა, უკვე დაზუსტებულია საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობა. ცნობილია, რომ დელეგაციაში იქნება ყველა პოლიტიკური პარტიიდან ერთი წარმომადგენელი, ხოლო მმართველი პარტიიდან უკრაინაში გაემგზავრებიან: არჩილ თალაკვაძე, ბექა ოდიშარია და დავით სერგეენკო.
ოპოზიციაშიც და მმართველ გუნდშიც თანხმდებიან, რომ ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება და ბუჩაში ისინი კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, ან ვიცე-სპიკერი უხელმძღვანელებს.
„შემიძლია ცალსახად გითხრათ, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. ვადები დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, გარკვეულ პროტოკოლურ ნაწილთან. დელეგაციის შემადგენლობას რაც შეეხება, პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის ვიცე-სპიკერი იქნება ხელმძღვანელი, ვინ იქნება კონკრეტულად, შალვა პაპუაშვილი თუ რომელიმე ვიცე-სპიკერი, ეს გაირკვევა დღეს-ხვალ, რადგან მიდის კონსულტაცია კოლეგა უწყებებს შორის. დელეგაცია აუცილებლად გაემგზავრება. მიდის კონსულტაციები და ალბათ, მალე იქნება პოზიტიური და ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა სერგეენკომ.
„ჩვენ მზად ვართ ოპონენტებთან ერთად დელეგაციაში ვიყოთ, წავიდეთ და ჩვენი უკრაინელი ხალხის მიმართ საერთო მხარდაჭერა გამოვხატოთ. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბინძური სპეკულაციები, რასაც ჰქვია საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მოსახლეობის ერთმანეთისგან გამიჯვნა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, შალვა პაპუაშვილის კიევში ვიზიტი იმაზე იქნება დამოკიდებული, გადახედავს თუ არა უკრაინული მხარე გარკვეულ პოზიციებს.
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, რომ თითქოს აქ რაღაც „შავი ხვრელები“ და კონტრაბანდაა და თითოეულმა მოქალაქემ ამით შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. ამასთან დაკავშირებით პოზიციის ცვლილება უნდა იყოს, რა თქმა უნდა. ამ მდგომარეობაში უნდა დავრჩეთ და მაინც შედგეს ასეთი ვიზიტი? ჩვენ ვიცით, რომ იმ ხალხის, იმ პარტიის, რომელსაც სავსებით მართებულად „ომის პარტიას“ რომ ვეძახით, ლიდერები არიან მაღალ თანამდებობაზე. ეს არის თუ არა პრობლემა? ასევე, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა არის ჩვენ მიმართ დიპლომატიური დემარშის პირობებში. თუ ამ პოზიციასაც არ გადახედეს, მინიმუმ, სერიოზულ უხერხულობას ქმნის. ელჩის საკითხთან დაკავშირებითაც პოზიციის გარკვეული ცვლილება, მე მგონი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე იქნება დამოკიდებული, იქნება თუ არა დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარე“, - განაცხადა მდინარაძემ.
„ვიზიტი, რომელზეც ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა მზადყოფნა გამოთქვა, არის თანმიმდევრული და იმ მხარდამჭერი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აღიარებული გახლავთ, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროკავშირის, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორმატში მაღალი დონის პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა უკრაინასთან მიმართებაში. ეს ვიზიტიც ამ სულისკვეთებისა და ამ სოლიდარობის ნაწილია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ საპარლამენტო დელეგაციაში სავარაუდოდ, გიორგი ბოტკოველი იქნება წარმოდგებილი. ამის შესახებ, შეხვედრის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში გამგზავრებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების პოზიციის ცვლილება საზოგადოების დამსახურებაა.
„კარგია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია და სამძიმარზე ჩასვლა გადაწყვიტა, ეს არის ძალიან მნიშნველოვანი. აქამდე უნდა ჰქონოდათ ეს პოზიცია. ბატონი პაპუაშვილის წერილი მიმაჩნია, ერთ-ერთ სამარცხვინო ლაქად, რადგან ეს იყო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ უარი უთხრა შენს მეგობარს და სტრატეგიულ მოკავშირეს, ჩახვიდე და მიუსამძიმრო. ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს პოზიცია შეცვალა, არის მოქალაქეების დამსახურება“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში გამგზავრებას დადებითად აფასებს, თუმცა დასძენს, რომ ცოტა დაგვიანებულია.
„საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ, ცოტა დაგვიანებულია. ბუჩის ამბები რამდენიმე კვირის წინ მოხდა, ახლა ბუჩაში ყველაფერი ლაგდება. მაინც კარგია ვიზიტი და მივესალმები. საერთოდ, უკრაინასთან მიმართებაში უნდა შევეცადოთ ყველანაირი არსებული კითხვინის ნიშნები და არამეგობრული რიტორიკები მოვხსნათ“, - განუცხადა კახა გოგოლაშვილმა for.ge-ს.
საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტს მიესალმება ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დელეგაცია დაკომპლექტებულია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებით.
„საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში გამგზავრებას მივესალმები. პირველ რიგში, აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს დიალოგის ფორმატს საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ უნდა გაითავისოს, რომ მათ საერთო ერთი პრობლემა აქვთ, რომელიც უკავშირდება საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის გამოწვევებს და ა.შ. მეორე საკითხი უკავშირდება იმას, რომ, რა თქმა უნდა, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დადებითად აისახება უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობაზე. დღევანდელ დღეს ვიცით, რომ უკრაინის საერთაშორისო ავტორიტეტი არის ამაღლებული. მით უმეტეს, როდესაც საქართველო და უკრაინა ტრადიციულად მეგობარი ქვეყნებია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში საქართველოს უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობა სჭირდება“, - განაცხადა For.ge-თან ნიკა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეს სწორად მიაჩნია, რომ უკრაინაში საშუალო დონის ეშელონის პოლიტიკური ფიგურები მიემგზავრებიან. მისივე თქმით, გამორიცხული არაა ასეთმა ნაბიჯმა საქართველოს მხრიდან დადებითი ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზე და ისიც დაფიქრდეს თავის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე.
„ნებისმიერი კონტაქტი დადებითი მოვლენაა, მით უმეტეს ერთ-ერთი ქვეყანა ისეთ დღეშია. დღეს უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ინტერვიუა (კომენტარი ჩაწერილია რადას თავმჯდომარის ინტერვიუს გაშვებამდე) და ვნახოთ, როგორ შეაფასებს იმ პრეტენზიებს, რომელიც ქართულმა მხარემ წარმოადგინა. წესით, მარტო მთავრობის პრეტენზიები არ უნდა იყოს, ამ პრეტენზიებს ოპოზიციაც უნდა იზიარებდეს, რადგან კონტრაბანდაში ბრალდების გამო, ოპოზიციაც უკმაყოფილო იყო. დაუმტკიცებელი ბრალდების ფონზე ვიზიტად ჩასვლა, სიმართლე გითხრათ, გამართლებულად არ მიმაჩნდა.
მეორე მხრივ, შეიძლება ეს ვარიანტი, რომ ვიზიტად ჩავიდნენ არა ზედა ეშელონის პოლიტიკური ფიგურები, არამედ საშუალო ეშელონის. შეიძლება გამოსავალი იყოს, რომ თან ჩასვლაც იქნება და თან ძალაშიც დარჩება ის პრეტეზიები, რომელიც ქართულ მხარეს მებრძოლ უკრაინასთან აქვს. ამ ბრძოლის პერიოდში უკრაინამ საქართველოს შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც ადრე, თუმცა ადრინდელს არ ვახსენებთ. უკრაინაში თანდებობაზე ახლახანს დაინიშნენ ადამიანები, ვისზეც ძიება მიმდინარეობს. ახლახანს ომის პირობებში საქართველოს არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა. საქათველომ უკრაინა ყველა მაღალ ტრიბუნაზე დაიცვა, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა, ყველაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა და ა.შ. ამის ფონზე ჩამოდით, დანგრეულ ქალაქებს განახებთ და თქვენც ომი დაიწყეთ, ეს ცოტა არღვევს იმ ეთიკას, რომელსაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ჰქვია. ვფიქრობ, ამ ეთიკას საქართველო უფრო იცავს, მაგრამ ზედმეტობა ყველაფერში ცუდია. ეს ვარიანტი, რომ საშუალო დონის დელეგაცია შედგება, კარგია. გამორიცხული არაა, ასეთმა ნაბიჯმა საქართველოს მხრიდან დადებითი ზეგავლენა მოახდინოს უკრაინაზე და ისიც დაფიქრდეს თავის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე. თუ ასეთ რამეს მისცა იმპულსი ამ ვიზიტმა, კარგი იქნება, თუ არა და ამ დონის დელეგაციის ჩასვლა იმ პრეტენზიების სიმწვავეს მაინც შეუნარჩუნებს ურთიერთობას, რაც გამოითქვა ქართული მხარის მხრიდან“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ For.ge-თან საუბრისას.