უკრაინა აგრესიის ახალი ტალღისთვის ემზადება. არაერთი ქვეყნის დაზვერვის ინფორმაცია ადასტურებს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაჯგუფება და აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებში მასობრივი შეტევის ორგანიზება ხდება. მძიმე ბრძოლები მოსალოდნელია მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში.
უკრაინის საზღვრებს რუსული ჯარის ახალი კოლონა უახლოვდება. ტანკები, ჯავშანტრანსპორტები, სამხედრო მანქანები და ცოცხალი ძალა. რუსებმა ომის მეორე ფაზის შეტევისთვის უკრაინაში გაცილებით დიდი რაოდენობის ძალა გადაისროლეს. რამდენიმე კილომეტრიანი კოლონა გზაშია.
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ მეორე ფაზა შესაძლოა, პირველზე უარესი იყოს. ისინი უკრაინაზე ახალ შეტევას ორ დღეში ელოდებიან. ბრძოლები ყირიმისა და მარიუპოლის მიმართულებით გადავა. პუტინს ახლა საჩვენებლად რაღაც სჭირდება და ეს დონბასი და ლუგანსკი უნდა იყოს. ის უკან არ დაიხევს და ნებისმიერ ქმედებაზე წავა.
კიევის ქუჩებში კი ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების ქვიშით სავსე ტომრებით შეფუთვა დაიწყეს. ეს შესაძლოა, ნიშნავდეს, რომ ოფიციალურ კიევს აქვს ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქზე ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ქალაქში პერიოდულად ისმის განგაშის სიგნალის ხმა.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ახლა უკრაინის წინააღმდეგ გადამწყვეტ მეორე ფაზას იწყებს და ამის ფონზე გამოჩნდება ომის ბედი საბოლოოდ ვისკენ და ვის სასრაგებლოდ გადაიხრება. მაისაია for.ge-სთან ამბობს, რომ პუტინს ახლა გენერალიტეტთან სერიოზული დაპირისპირება აქვს და რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან სიტუაცია სერიოზულად აქვს დაძაბული. ამიტომაც მან გეგმების დიდი ნაწილს გადახედა და 9 მაისამდე დონეცკის და ლუგანსკის სრულად დაკავება უნდა, რათა საკუთარ მოსახლეეობას რაღაც შედეგი აჩვენოს და საბოოლოდ, ამ ომის წამოწყება გაამართლოს. ამიტომ უკრაინის ომში შეიარაღებული ძალების სარდლად ყველაზე სასტიკი გენერალი ალექსეი დორნიკოვი დანიშნა, რომელიც არაფერს მოერიდება.
„დორნიკოვი არა მარტო სირიის, არამედ ჩეჩნეთის და საქართველოს ომსაც სარდლობდა. ეს ადამიანი თავისი სისასტიკით და ცინიზმით გამოირჩევა. ამიტომ რუსებისგან ახლა ყველაფერია მოსალოდნელი. ეს კაცი ყველაფერზე ხელს მოაწერს. გამოცდილი სამხედრო სტრატეგია და პუტინმა მეორე ფაზის ჩაფლავების თავიდან არიდების მიზნით, ეს ადამიანი დანიშნა. აქ კიდევ სხვა პრობლემებია. პუტინს თავდაცვის მინსტრთან სერიოზული დაპირისპირება აქვს, მაგრამ მისი გადაყენებისგან თავს იკავებს. ეს ომის მსვლელობას ხელს შეუშლის და ამის ეშინია. შესაბამისად, რუსეთს კარგი სიტუაცია არა აქვს, მაგრამ პუტინმა რადგან შეტოპა, ბოლომდე წავა. მას ბუჩას და ირპენის გენოციდის შემდეგ დასაკარგი აღარაფერი აქვს. საქმე ისაა, რომ საბჭოთა კავშირის დროინდელი საკმაოდ დიდი შეიარაღება აქვთ და ამის მარაგების პრობლემა ჯერჯერობით არა აქვთ. თუმცა მის ჯარს აქვს პრობლემები. ის ჯარი, რომელიც პირველ ფაზაში გამოიყენა, გადაღლილია და უმეტესობა დაიღუპა. ამიტომ მას შეტევა ახალი ძალების მობილიზებით უწევს. რამდენის მოგროვება შეძლო და რა სახის, ეს ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა რუსებისგან სიუპრიზებს უნდა ველოდოთ, რადგანაც მათ ბევრი ახალი შეიარაღება აქვთ და რას სად გამოიყენებს, არავინ იცის“,-ამბობს მაისაია for.ge-სთან.
მისივე თქმით, პუტინმა უკვე სხვა კონკრეტული გეგმა დასახა და როდესაც ნახა, რომ ომის პირველმა ფაზამ არ მისცა ის შედეგი, რასაც ელოდა, ახლა თავს იზღვევს. მან რუსეთის საზოგადოება შეამზადა და მისი ამოცანაა ახლა, რომ დონბასის რეგიონი დაიკავოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუკი პუტინი ომის მეორე ფაზასაც წააგებს, მაშინ დონბასის და ლუგანსკის დაკავებას გამარჯვებად გაასაღებს. არადა მას რეალურად ბლიცკრიკი უნდოდა და კიევის აღებას უმიზნებდა.
„საქმე ისაა, რომ გულხლდაკრეფილები უკრაინელებიც არ დახვდებიან. ეს უკვე რუსეთსა და ნატოს შორის ომია. ამერიკამ უკვე მიიღო „ლენდ-ლიზის“ კანონი და ასეთ კანონს ამერიკა მხოლოდ ქვეყნის საომარი მდგომარეობის დროს იღებს. უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის მიწოდება დაიწყო. პოლონეთმა 100-მდე საბრძოლო „T-72“ ტანკების გადაცემა დაიწყო. ეს კი სერიოზული შეიარაღებაა. გადასცეს ასევე სარაკეტო კომპლექსი, რომელიც საკმაოდ სერიოზული იარაღია. ამერიკელებმა დრონი კამიკაძეები გადასცეს, რომელსაც სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია. სლოვაკებამ კი „S-300“ მისცეს. დასავლეთი აღარ ერიდება იმას, რაზეც ადრე ფრთხილობდა. ეს რომ განგრძობითი და დროში გაწელილი ომი იქნება, ფაქტია. თუმცა რამდენი ხანი გასტანს, ეს, ალბათ, ომის მეორე ფაზის შედეგზე იქნება დამოკიდებული“, - ამბობს მაისაია.
სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე კი ამბობს, რომ ახლა პუტინი აღმოსავლეთ უკრაინაზე გადამწყვეტი შეტევისთვის ემზადება. ბარბაქაძე for.ge-სთან აცხადებს, რომ პუტინს სახის შენარჩუნებისთვის დონეცკის და ლუგანსკის საზღვრებამდე გასვლა სჭირდება. ამისთვის მას მთელი ძალით შეტევაზე გადასვლა მოუწევს და ეს იქნება ყველაზე სისხლიანი შეტევა ამ ომის განმავლობაში.
„ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ეს იქნება სასტიკი შეტაკებები, სადაც დანაკარგი ორივე მხარეს სერიოზული ექნება. ეს იქნება რუსეთის მხრიდან მთელი სამხედრო არსენალის გამოყენება. აქ იქნება უფორ მაღალი სიმჭიდროვე, რადგანაც ფრონტის ხაზი ვიწროა და ცეცხლიც გავრცელების ფართეც ვიწრო იქნება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიანობა მაღალი იქნება. სამხედრო ტექნიკის განადგურება და დიდი მსხვერპლისთვის ყველა მზად უნდა იყოს. თუმცა ეს რუსეთის გეგმაა და მათ უკრაინელების გეგმაზე არაფერი იციან. უკრაინელებს მხოლოდ ერთი განწყობა აქვთ, რომ უკრაინის არც-ერთი გოჯიც კი არ დათმონ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ომი გაგრძელდება და ვადაში გაიჭიმება. პუტინის მიზანია საზღვარზე გავიდეს და შემდეგ ამ კონფლიქტის დროში გაწელვა დაიწყოს, როგორც ეს პაკისტანი ინდოეთის კონფლიქტია. რამდენი ხანიც ეს ომი გაგრძელდება, პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას იმდენი ხნით შეძლებს. ეს მან კარგად იცის და ომი ასე მალე არ დასრულდება“, - ამბობს ბარბაქაძე.
მისივე თქმით, საარტირელიო ჭურვები, სახმელეთო სარაკეტო და სატანკო რესურსი პუტინს ჯერ კიდევ აქვს. ეს არის საბჭოთა კავშირის დოინდელი ძველი მარაგი, რომელსაც ის გამოიყენებს. სწორედ, ეს რესურსი მისცემს მას იმის საშუალებას, რომ კონფლიქტი გაახანგრძლივოს. ამის პარალელურად, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ის ქვეყნის შიგნით რეპრესიებს დაიწყებს. უკმაყოფილო გენრელებს შეცვლის. ზოგს დააპატიმრებს და ზოგსაც გადააყენებს. მათ უფრო მორჩილი სამხედრო მოსამსახურეებით ჩაანაცვლებს. სარდლობას, ძალოვან სტუქტურებს სრულიად გადაახალისებს. პუტინი უკვე აღარავის ენდობა. ის შეთქმულების თეორიების შეთხვზას დაიწყებს და საჩვენებელ დაკავებებს მოაწყობს. მოსახლეობას კი მუდმივ პროპაგანდაში ამყოფებს და მათ დაარწმუნებს, რომ ის არათუ უკრაინას, არამედ დასავლეთს ეომება, რისთვისაც დრო და უფრო მეტი ხალხის მობილიზებაა საჭირო.