„ომი მალე დასრულდება და დადგება ის დროც, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ექნება საშუალება ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოიტანა“

„ომი მალე დასრულდება და დადგება ის დროც, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ექნება საშუალება ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ მოიტანა“

უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ასევე საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართულებით ყოველდღიურად ბრალდებები ისმის.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დასალაგებლად უნდ ჩაერიონ თუ არა დასავლელი პარტნიორები და უკრაინის პრეზიდენტს რეალური სურათი დაანახონ? - ამ კითხვით ანალიტიკოს ლადო ბოჟაძეს მივმართეთ.

უკრაინული ფოსტის ინფორმაციით, საქართველო უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. დახმარებების მიუხედავად ზელენსკის გარემოცვა ვერ ერკვევა, საქართველო ეხმარება თუ არა უკრაინას. ასეთ დროს ხომ არ არის საჭირო, ჩავრთოთ დასავლელი პარტნიორები საქმეში და მათ გაწიონ შუამავლის როლი და უკრაინის ხელისუფლება ვითარებაში გაარკვიონ?

- უკრაინის ფოსტის მიერ გავრცელებული ინფორაცია დასტურია იმის, უკრაინა საქართველოს ხელისუფლებისგან რა მასშტაბის დახმარებას იღებს. ცნობილია, რომ 400-ზე მეტი დასახელების საკვები, მედიკამენტები და სხვა პირველადი საჭიროების დახმარება გაიგზავნა, რაც მთავარია, ეს პროცესი გრძელდება. ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური მხარდაჭერის შესახებ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ძალიან კარგად იცის, მაგრამ მას თანამდებობაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოამდგენლობა ჰყავს და ჩვენი ქვეყნის დახმარების მიუხედავად, ისინი მუდმივად ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებას პრობლემა შეუქმნან. გვახსოვს მათი განცხადებები, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. მათი განცხადებების მიუხედავად, დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომ ისინი მადლიერები არიან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებით. იმის მიუხედავად, რომ ეს მეგობრობა თითქოსდა ცალმხრივად გამოიყურება, მხარდაჭერა აუცლებლად გაგრძელდება. ბუჩას ტრაგედიამ ყველას სოხუმი და გაგრა გაგვახსენა და მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო ვისაც ყველაზე უკეთ ესმოდეს ის რაც უკრაინაში ხდება.

რაც შეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, ყველა დასავლელი პარტნიორი ჩართულია და ამას ადასტურებს ბორის ჯონსონის წერილი. ახლა, როგორც ჩვენ არ ვაპირებთ ახსნა-განმარტებები მოვთხოვოთ იმ ცილისწამებაზე, რომელიც ჩვენს მიმართ ისმის, ვერც ჩვენს პარტნიორებს ვერ მოვთხოვთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში ჩაერიონ. ყველამ ძალიან კარგად იცის - გაეროში, ეუთოში თუ სხვა ფორმატებში, თუ რას აკეთებს საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად.

გასაგებია, რომ ზელენსკის გარშემო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. თქვენ რას ფიქრობთ, მათ რატომ სურთ საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე უარყოფით კონტექსტში გამოჩნდეს?

- აქ მიზეზია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც, როგორც მეხუთე კოლონას ჩვენს ქვეყანაში სერიოზული მიზნები აქვს, ეს არის დესტაბილიზაცია. გვახსოვს მათი მოწოდებები ომის დაწყებისთანავე, რომ საქართველო ღია ომში ჩართულიყო. მათი სურვილი იყო, რომ 2008 წელი განმეორებულიყო. ისინი საქართველოს მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ პრორუსი ხელისუფლება ჰყავთ და ამით სურდათ ჩვენს ქვეყანაში მაედანი მოეწყოთ. მათი ეს მიზნები ნათელია, თუმცა ამას ვერ აღწევენ და დღეს საქართველოსთვის ისტორიული დღეა - ევროკავშრის კითხვარი გადმოგვეცა. ამით მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ პროდასავლელი ხელისუფლება გვყავს. საქართველო ასე ახლოს, როგორც ახლა, არც ევროკავშირთან და არც ნატოსთან არ ყოფილა.

ზელენსკი რომ დავარწმუნოთ იმაში, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს მხოლოდ და მხოლოდ კეთილგანწყობილი მიზნები აქვს, ხომ არ ჯობა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს მიწვევა მიეღო და ადგილზე აეხსნა უკრაინისადმი საქართველოს დამოკიდებულება?

- ბატონ შალვას, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ. უმრავლესობამ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა, თუმცა აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ ვინმემ არ იცის რას ვაკეთებთ, პირიქით - უკრაინაში ძალიან კარგად იციან „ნაციონალური მოძრაობა“ რას გვიმზადებს. ომი მალე დასრულდება და მალე დადგება ის დროც, რომ ორი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებას ექნება საშუალება ისაუბრონ იმ პრობლემებზე, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიტანა.