„ასეთი განცხადებებით ჩანს უკრაინის პოლიტიკა, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ. ვინ არის უკრაინა, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს? რა მათი საქმეა, სად, რომელ ქვეყანაში როგორი ხელისუფლებაა, თუკი ეს ხელისუფლება ხალხმა აირჩია?! გამოდის, ისინი საქართველოს პარტნიორები კი არა, ქართველი კრიმინალების პარტნიორები ყოფილან“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.
უკრაინის დაზვერვის სამსახური გვაბრალებს, თითქოს კონტრაბანდულ დერეფანს უხსნის საქართველო რუსეთს. საკუთარი გადასახედიდან შეიძლება უკრაინელებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდეთ და მათი მიზანია ფრონტის ხაზმა გადმოინაცვლოს საქართველოშიც, მოლდოვაშიც, მაგრამ საინტერესოა, რატომ უთვალთვალებს უკრაინის დაზვერვა საქართველოს, ნაცვლად იმისა, რომ უთვალთვალებდეს რუსეთს? რატომ კეთდება „ნაცმოძრაობის“ აპოლოგეტების მხრიდან მოღალატეობრივი განცხადება, თითქოს უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია უტყუარია, რადგან მათ ზურგს უმაგრებს აშშ-ის, ბრიტანეთის და ისრაელის დაზვერვის სისტემები?
- ის შეტევა, რაც საქართველოს მიმართ ხორციელდება უკრაინის მხრიდან, შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უკრაინა ასე რუსეთსაც აღარ უტევს, როგორც უტევს საქართველოს. უკრაინის ასეთი ქმედება აბსოლუტურად გაუგებარი იქნებოდა, რომ არ იყოს გასაგები, რა ხდება რეალურად უკრაინაში. უკრაინის ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, რომ საქართველოს კრიმინალები, „ნაცმოძრაობის“ წევრების სახით, რომელთა მიმართაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმეები და იძებნებოდნენ, შეეფარებინა და მაღალ თანამდებობებზე დაენიშნა. ეს პირდაპირი მესიჯი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ არაფრად აგდებნენ მათ და ანგარიშს არ უწევდნენ საქართველოს, როგორც ქვეყანას, რაც ძალიან ცუდად გამოჩნდა მაშინაც და ახლაც ძალიან ცუდად ჩანს. ამას ემატება ისიც, რომ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის გამტარებელი „ნაცმოძრაობა“ არც მალავს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ჩამოიშალოს, სახელმწიფო სტრუქტურები, ინსტიტუტები უნდა ჩამოიშალოს, ისინი თავს ესხმოდნენ პოლიციელებს, სცემდნენ, ურტყამდნენ, ასევე, თავს ესხმოდნენ პარლამენტს, ლეწავდნენ ყველაფერს, ამას ეძახდნენ გამოხატვის თავისუფლებას. რეალურად იმ ადამიანებს, ვისაც მიტინგებსა და მანიფესტაციებში მიგვიღია მონაწილეობა, გვიბრძოლია ჩვენი ქვეყნისთვის, არასდროს პოლიციის წინააღმდეგ ხელი არ აღგვიმართავს, პირიქით, პოლიციელებს სულ ვეუბნებოდით, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, ჩვენ ვებრძვით სისტემას. „ნაცმოძრაობის“ პოზიცია კი აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა, მათ პირდაპირ ამოიღეს სამიზნედ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში, პოლიცია, პარლამენტი და მათ დისკრედიტაციას ეწეოდნენ, მათზე თავდასხმას ახორციელებდნენ. იგივე პოლიტიკა გააგრძელეს „ნაციონალებმა“ უკრაინაშიც. ისინი იქიდან პირდაპირ ლაპარაკობენ და არც მალავენ, რომ უნდა ჩამოშალონ ქართული სახელმწიფო. ამისთვის არ იშურებენ ძალისხმევას ქვეყნის შიგნით და გარეთ. ეს არ შეიძლება არ სცოდნოდა უკრაინის ხელისუფლებას, რომ ასეთი პოლიტიკა აქვს „ნაცმოძრაობას“ საქართველოს მიმართ. უკრაინის გაცხადებული კურსი, რომ ჩვენ ვართ პროდასავლურები, რომ ჩვენ და საქართველო პარტნიორები ვართ, ჩვენ ერთი ბედი გვაქვს, არ ყოფილა სიმართლე. უკრაინის ხელისუფლება საქართველოს პარტნიორი კი არა, ქართველი კრიმინალების პარტნიორი ყოფილა, რომლებიც დღეს იძებნებიან, ან პატიმრობაში იმყოფებიან. ის რიტორიკა, თურმე ჩვენ საბაჟოს გვერდის ავლით ვატარებთ ტვირთებს, მათ შორის, იარაღს ვატარებთ რუსეთის სასარგებლოდ, ეს არის ცილისმწამებლური კამპანია, საერთაშორისო დონეზე საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა, რათა დასავლეთისგან იზოლირებაში მოაქციონ საქართველო. ეს კი ვისი პოლიტიკაა? ცხადია, „ნაციონალების“.
საბოლოო მიზანი სააკაშვილის გამოშვებაა? გარდა იმისა, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლებაში მოსვლას აპირებენ?
- არა მარტო სააკაშვილის გამოშვებაა მათი მიზანი, არამედ ამ კრიმინალების ხელისუფლებაში მოყვანა. ეს კრიმინალები უკრაინაში რომ მოხვდნენ და იქ თანამდებობებზე დაინიშნენ, ეს არ შეიძლება რიგითი ჩინოვნიკის გადასაწყვეტი ყოფილიყო უკრაინაში, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები თუ ამაზე ხმას ამოიღებდნენ, მათ შეეძლოთ უკრაინისთვის პირდაპირ ეთქვათ, ეს კრიმინალები როგორ შეიფარე, თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, თუ ევროინტეგრაცია გინდათ, ეს რა პოლიტიკაა?! მსოფლიოში რომელიმე ქვეყანა არსებობს, რომელიც მეორე ქვეყნის კრიმინალებს თანამდებობაზე ნიშნავს? ასეთ ქვეყანას ბუნებაში არც უარსებია და არც არსებობს, გამონაკლისია უკრაინა. რა მიზნებს ემსახურება უკრაინის ასეთი ქმედებები, ამაზე მხოლოდ ვარაუდები შეგვიძლია გამოვთქვათ. ამიტომ ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება, ვინ დგას „ნაციონალების“ უკან.
ზელენსკი და მისი გარემოცვა გადაუმოწმებელ ინფორმაციას ვერ გააკეთებდნენ საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ არახამიას, ადეიშვილის, გია ლორთქიფანიძის ხათრით, რომ არა ის უცხოელი ლობისტები, რომლებიც თავიდანვე ეხმარებოდნენ „ნაცებს“ და ახლაც მათზე მუშაობენ. მიშაზე მომუშავე ლობისტებზე რას იტყვით?
- ამას მტკიცებულება სჭირდება, მაგრამ საინტერესოა, რომ ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ეს ინფორმაცია, რას ამბობთ, ჩვენ საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვსო. თუმცა ასეთი ტექნოლოგია პოლიტიკაში მიღებულია, რომ რასაც შენ არაკანონიერად აკეთებინებ ვიღაცას, შენთან რომ არ იყოს იდენტიფიცირებული, სწორედ ასეთ გამანეიტრალებელ განცხადებას აკეთებ, რომ შენიღბო შენი რეალური ქმედებები. ამიტომაც ვამბობ, ამას სერიოზული გამოძიება სჭირდება, ვინ დგას „ნაციონალების“ უკან. ამერიკაში თვითონ გაყოფილია პოზიციები, რაც ტრამპის და ბაიდენის არჩევნებმაც აჩვენა, ამიტომ ეს არ არის მთლიანი ამერიკის პოზიცია, ეს უფრო ლიბერალური ჯგუფის ლობისტებია, რომელიც ამერიკაშიცაა, დასავლეთშიც, რუსეთშიც და ყველგან. ესენი არიან კონკრეტული მიმართულების, ანტიადამიანური პოლიტიკის გამტარებლები, რომლებმაც დაირქვეს ლიბერალები, სინამდვილეში, ლიბერალები კი არა, ასეთი რადიკალები და კაცთმოძულეები ეგენი რომ არიან, დედამიწაზე ერთი ფაშიზმი ვიცი და ბოლშევიზმი, მეტი არ გამიგია. ისე საკითხავია, რა, უკრაინელები დასასაქმებლები არ არიან, რომ 40 მილიონმა ადამიანმა ვერ იპოვა ისეთი ადამიანები, ქვეყანა რომ ემართათ და საქართველოდან გაქცეული კრიმინალების მეტი ვერავინ ვერ ნახა ქვეყნის სამართავად? ეს ხომ სისულელეა. სინამდვილეში, ვიღაც ამათ ლობირებს, ან კორუფცია ლობირებს, ცალსახაა, რომ ეს ნორმალური მოვლენა არ არის.
ლიბერალობას ამოფარებული კაცთმოძულეები ახსენეთ, რომლებიც ამერიკაშიც არიან და უკრაინაშიც, მათ ინტერესშია საქართველოში ომის გადმოტანა?
- საქართველოში ომის გადმოტანა იქნება ეს, თუ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან, ეს არის მათი მიზანი, რადგან საქართველო ვერ ჩაითრიეს იმ ავანტიურაში, რაც საქართველოში მიმდინარეობს. სააკაშვილი ზის ციხეში და ეს არის ერთგვარი ანგარიშსწორება საქართველოს წინააღმდეგ. იმ ცილისწამებაზე, რაც ჩვენი მისამართით გამოითქვა კონტრაბანდასთან დაკავშირებით, კარგად უპასუხა ირაკლი კობახიძემ, რომ განუბაჟებლობის ერთადერთი ნათელი მაგალითი თვითონ სააკაშვილის შემოპარვააო, რომელიც უკრაინაში ჩასვეს ტრაილერში არაჟნებთან ერთად და საქართველოში შემოიტანეს. სხვა დამადასტურებელი ფაქტი უკრაინას არ აქვს, რომ ჩვენ რუსული განუბაჟებელი საქონლის მიწოდებას ვახდენთ. თუკი უკრაინას ფაქტი არ აქვს და ისე გვწამებს ცილს, ეს სხვა არაფერია, თუ არა მიზანმიმართული პოლიტიკა საქართველოს ავტორიტეტის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ომის პირობებში უპრიანი არ არის, ჩვენმა ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯები გადადგას, მაგრამ დამთავრდება თუ არა ომი, საქართველოს ხელისუფლებამ ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს და სწორი პოლიტიკა აწარმოოს. არ ვიძახი, რომ უკრაინასთან საერთოდ უნდა შეწყვიტოს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ პასუხი უნდა მოსთხოვოს უკრაინულ მხარეს. ჯერ ერთი, უკრაინის ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოიხადოს საქართველოს წინაშე ამ ცილისმწამებლური კამპანიისთვის, ასევე, პასუხი უნდა გასცეს იმ დაუნახაობისთვის, რა სიკეთესაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა უკრაინის მიმართ, ამდენი ჰუმანიტარული დახმარების, გადაყოლის შემდგომ ერთი მადლობა არ მიუღია ჩვენს ხელისუფლებას. არ გეგონოთ, რომ მაინცდამაინც ხელისუფლების ბედი მაღელვებს, უბრალოდ, ამით ჩანს უკრაინის პოლიტიკა, რომ მათ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურთ. მათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ სურთ. ვინ არის უკრაინა, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს, საქართველოში ხელისუფლება შეცვალოს? რა მათი საქმეა, სად, რომელ ქვეყანაში როგორი ხელისუფლებაა, თუკი ეს ხელისუფლება ხალხმა აირჩია? ამ ყველაფერზე პასუხი აქვს გასაცემი უკრაინის ხელისუფლებას, რომ ჩვენს ურთიერთობას ამან ჩრდილი არ მიაყენოს და იქით არ მოგვიწიოს ელჩის გამოწვევა უკრაინიდან. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ომის და ცეცხლის ქვეშ მყოფი ქვეყნის მოსახლეობის ბედი ნამდვილად გულდასაწველია და ეს არის ტრაგედია, მაგრამ უკრაინის პოლიტიკა საქართველოს მიმართ დასაგმობია. ეს ფრონტია გახსნილი დღეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, იბრძვიან „ნაციონალები“, ეს სამშობლოს გამყიდველები, ეწევიან ანტიქართულ პოლიტიკას ამჯერად უკრაინიდან. უკრაინის ხელისუფლებაში ზოგიერთი ადამიანი შეცდომაშია შეყვანილი და აყოლილია ამ ხალხს, ზოგმა შეიძლება იცის, რა თამაშიც მიმდინარეობს და იმ თამაშში ღებულობს მონაწილეობას. ეს გამოძიების საგანია, ეს არის საქართველოს ღირსების შელახვის მცდელობა და, რაც მთავარია, უკრაინის მხრიდან ეს არის დაუნახაობა იმ სიკეთის, რასაც საქართველო და თუნდაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის.