ომი თუ მშვიდობა

ომი თუ მშვიდობა

2022 წლის 24 თებერვლიდან, უკვე თვენახევარია, უკრაინაში, ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი შეტაკებები მიმდინარეობს.

მთელი ცივილიზებული სამყარო შიშით შეჰყურებს თითქმის დაუჯერებელ სიუჟეტებს და მტკივნეულად აღიქვამს ომის ესკალაციის რეალურ შესაძლებლობას. როგორც ყველა მოვლენა, ეს ომიც გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა.

„ომებს სხვადასხა ეპოქაში დამოუკიდებელი ფორმა და პირობები აქვთ, შესაბამისად, თითოეულ ეპოქას თავისი დამოუკიდებელი ომის თეორია უნდა ჰქონდეს“-ო, წერდა ცნობილი პრუსიელი სამხედრო მოღვაწე და თეორეტიკოსი კარლ ფონ კლაუზევიცი.

რუსეთ-უკრაინის ომი საყურადღებოა, როგორც შინაარსით ისე ფორმით. აშკარაა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე და თავდადებული უკრაინელი მოქალაქეების მეშვეობით, დაპირისპირება კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს. დაუნდობელმა ბრძოლებმა მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების სრული არეალი - პოლიტიკა, ეკონომიკა, სოციალური გარემო, სპორტი, ხელოვნება, სამხედრო სფერო... კონფლიქტში გამოიყენება მსოფლიოს მოწინავე პოლიტიკური, იდეოლოგიური და სამხედრო ტექნოლოგიების მიღწევები (ჯერჯერობით - ატომური, ბირთვული და ქიმიური შეიარაღების გარდა).

შესატყვისი თავისებურებები შეიმჩნევა საბრძოლო დანაყოფების შედარებით ლოკალურ, ტაქტიკური მოქმედებებშიც. თუ წინა პერიოდის ომების ძირითადი ბრძოლების უმეტესობა დასახლებული პუნქტების მისასვლელებთან ხდებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის სისხლიანი დაპირისპირების ადგილების დიდი ნაწილი ქალაქების, დაბა-სოფლების ქუჩები და საცხოვრებელი სახლებია.

უცვლელი მხოლოდ ომის პერიოდის მუდმივად თანმდევი განადგურებული ინფრასტრუქტურა, დარღვეული კავშირები და წართმეული სიცოცხლეებია.

თუ აპრილის დასაწყისისთვის რუსეთის ჯარების მდგომარეობას დავაკვირდებით - კიევის შემოგარენის დატოვება, შეჩერება ხარკოვთან და ნიკოლაევთან, ხანგრძლივი ბრძოლები მარიუპოლში, დონეცკის ოლქის მხოლოდ ნაწილის კონტროლი, ასევე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, პესკოვის აღიარება რუსეთის სამხედროების მოულოდნელად დიდი დანაკარგების შესახებ, შოიგუს განცხადება, რომ ოპერაციის ძირითადი მიზანი ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების გათავისუფლება იყოო, ლავროვის საუბარი მოლაპარაკებების შესახებ და სხვა - შეიძლება დავასკვნათ, რომ რუსეთის თავდაპირველი გეგმა ჩაიშალა, თუმცა უკრაინული დანაყოფების მიერ რაიმე ხელშესახებ შეტევით წარმატების მიღწევაზეც, დღევანდლამდე მაინც, ვერაფერს ვიტყვით.

ამ ომში უკრაინას და უკრაინელებს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა თანაუგრძნობს და ეხმარება, ნაწილი უანგაროდ, ნაწილი უფრო საკუთარი პოლიტიკური ან/და ეკონომიკური მიზნებისათვის.

როგორც მოვლენები აჩვენებს, ომი პირდაპირ კავშირშია საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობასთანაც. ომის უკიდურესი ესკალაციის საფრთხე საერთოდ რომ არ არსებობდეს, ქვეყნის პოლიტიკური მომავალი ამ ომის შედეგებზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული.

საქართველოს ხელისუფლებამ, იმ პირობებში, როდესაც დედაქალაქიდან ორმოც კილომეტრში ოკუპანტი ქვეყნის ჯარი იმყოფება, როდესაც ქვეყანას საკმაოდ მწირი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია, სხვადასხვა დონეზე, საკუთარი განცხადებებით, მაქსიმალურად გააპროტესტა რუსეთის შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უკრაინის საკითხებთან დაყენებულ ყველა კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და ხმა უკრაინის სასარგებლოდ მისცა; შეძლებისდაგვარად, მატერიალურად დაეხმარა და ეხმარება უკრაინას და ამ ქვეყნიდან საქართველოში გადმოხვეწილ დევნილებს.

იმ დროს, როდესაც უკრაინიდან ოჯახებით გავიდა მრავალი უკრაინელი თვალსაჩინო ადამიანი, კიევიდან გაიქცა რადას რამდენიმე დეპუტატი, დედაქალაქი დატოვა 40-ზე მეტმა დიპლომატიურმა მისიამ, საქართველოს საელჩო რჩება კიევში და პერმანენტული საჰაერო თავდასხმების პირობებში კვლავ აგრძელებს თავის მისიას.

მიუხედავად ამისა, თითქმის ომის პირველი დღეებიდანვე, საქართველოს ხელისუფლებაზე, არნახული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნის მოქმედ თუ ყოფილი პოლიტიკურ/დიპლომატიური ფიგურიდან, რასაც მხარს საქართველოს ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც უჭერს.

ბუშის ინსტიტუტის, გლობალური პოლიტიკის მმართველი დირექტორი დევიდ კრამერი, სენატის საგარეო პოლიტიკის თავჯდომარე ჯიმ რაში, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ალექსეი გონჩანერკო, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს მიმდინარე პროცესებში უფრო აქტიურად მონაწილეობისაკენ მოუწოდებენ.

„რაფინირებულმა“ ესტონელმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა „ტვიტერზე“ პოსტიც კი გააზიარა შემდეგი წარწერით „საქართველოს მთავრობავ, иди на хуй!“

უკრაინის უშიროების საბჭოს მდივნმა ალექსეი დანილოვმა საქართველოს აშკარად მოუწოდა საომარი მოქმედებების დაწყებისაკენ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიებზე.

აშშ-ს ყოფილმა ელჩმა იან კელიმ ღარიბაშვილის პოზიციას შიშზე და არა პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა უწოდა.

აქვე ბატონ ელჩს და მის თანამეინახეებს კარლ კლაუზევიცის ცნობილ გამონათქვამს შევახსენებდი: „მრავალჯერ ძლიერ ძალებთან შეჯახებისათვის თავის არიდება სიმხდალეზე კი არა, გონიერებაზე მეტყველებს, რადგანაც თავის მსხვერპლად შეწირვა არასოდეს და არსად უპირატესობას არ წარმოადგენს“.

ამ პროცესის ერთგვარი დამაგვირგვინებელი აქტი შეიძლება ჩაითვალოს ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის საბოლოოდ გაწვევა (პირველად, დროებითი გაწვევა 1 მარტს, კონფლიქტიის მეექვსე დღეს მოხდა), რაც აშკარა გამოხატულებაა იმისა, რომ იგი უკმაყოფილოა საქართველოს ხელისუფლების პოზიციით რუსეთ-უკრაინის ომში.

4 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით რუსეთი კონტრაბანდის არხებს ქმნის და საქართველოს სპეცსამსახურებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეუშალონ კონტრაბანდისტების საქმიანობას-ო. უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა კიდევ უფრო „დააზუსტა“ საკითხი და ბრძანა, რომ „საუბარი არ არის მაკარონსა და წიწიბურაზე, აქ საუბარია საომარ ტექნიკაზეა“-ო?!

ამ განცხადებაზე მყისიერი რეაქცია მოახდინა ქართულმა ოპოზიციამ და მისთვის დამახასიათებელ სტილში ერთხმად მოუწოდა ხელისუფლებას დაამტკიცე, რომ არ აპირებ რუსეთისათვის იარაღის მიწოდებასო!

საინტერესოა, რა სახის და რაოდენობის „საომარი ტექნიკის“ დეფიციტი გაუჩნდა ერთთვიანი ბრძოლების შემდეგ იარაღის მწარმოებელ რუსეთს? რომელი ქვეყნიდან მიწოდებულმა იარაღმა ან იარაღთან „გათანაბრებულმა“ დეტალმა უნდა გადაკვეთოს საქართველოს ტერიტორია რუსეთის საზღვრისაკენ? ევროპის ქვეყნებისა და ისრაელის იარაღზე საკითხი, ალბათ, არც უნდა განიხილებოდეს. აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, ამ კუთხით, მიმზიდველად აშკარად არ გამოიყურება, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს კი სხვა, შედარებით მოსახერხებელი მარშრუტები გააჩნიათ რუსეთთან კომუნიკაციისათვის.

დავუშვათ და მართლაც არის საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთში იარაღის შეტანის მცდელობა. გაცილებით გონივრული, მეგობრული პოზიციებიდან გამოხატული და შესაბამისად ეთიკურიც იქნებოდა უკრაინის ხელისუფლებას ეცადა, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ერთობლივად აღეკვეთა ეს ფაქტი და მხოლოდ მას შემდეგ გამოეთქვა შეშფოთება/უკმაყოფილება, თუ საქართველოს ხელისუფლება რაიმე ფორმით შეაფერხებდა ამ თანამშრომლობას.

მაგრამ, სურს კი უკრაინის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება თუნდაც გაგანია ომის პირობებში, რომ არაფერი ვთქვათ უკრაინაში საქართველოდან გადახვეწილი ძებნილი დამნაშავეების შეფარება/ჩახუტებაზე? ის ფაქტი, როდესაც უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსად ინიშნება პირი, რომელმაც რამდენიმე თვის უკან აშკარად დაარღვია უკვე უკრაინის კანონმდებლობაც, ორგანიზება მოახდინა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ფარულად გადაკვეთისა, რასაც შემდგომში მისთვის სასურველად უნდა გამოეწვია სერიოზული არეულობები საქართველოს ტერიტორიაზე, აშკარა მტრულ განწყობაზე მეტყველებს.

სამწუხაროდ, არასასურველი დამოკიდებულება მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებაში არსებული პირებიდან არ გამოიხატება. თუ ზემოთ ჩამოთვლილ მითითება-გამოხდომებს დავუმატებთ სააკაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ხელმძღვანელობენ ამერიკელი და ინგლისელი კოლეგების მიერ მიწოდებულ ინფორმაციების შესაბამისადო, შეიძლება დავუშვათ - გარკვეულმა ჯგუფმა, უკრაინის ხელისუფლების მონაწილეობით, სტრატეგიული მიმართულებად დაისახა საქართველოს მიმდინარე ომში ჩათრევა, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადება კი მხოლოდ მორიგი ტაქტიკური ხერხია ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაციისა და დაშანტაჟების მიზნით.

საქართველოს ომში მონაწილეობის დეკლარილებული მოტივი გასაგებია: რუსს ორ ფრონტზე მოუწევს მოქმედება და მისი დამარცხების შანსი იზრდება! აგაშენათ ღმერთმა, მაგრამ იბადება კითხვა, თუ ამის მართლა გჯერათ, რატომ არ მოუწოდებთ საკუთარ ან სამხედრო/ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოზე უკეთეს პოზიციებზე მყოფ ქვეყნებს აიღონ საკუთარ თავზე ეს საპატიო ვალდებულება? თუ საქართველოს არ აქვს უფლება გაითვალისწინოს გარკვეული მომენტები, თუნდაც იმგვარად, როგორც ამას აკეთებს უკრაინა და ხელშეუხებლად ატარებს თავის ტერიტორიაზე რუსულ გაზს უკრაინულ „ტრუბებში“? სხვისთვის, ბოლომდე გაურკვეველ სანქციებში მონაწილეობის მოწოდებაზე გაცილებით იოლი არ არის საკუთარ ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის გადაკეტვა?

 რუსეთ-უკრაინის ომს სულ უფრო ხშირად ადარებენ წინა საუკუნის 30-40-იან წლებში მიმდინარე რუსეთ-ფინეთის დაპირისპირებას. არაა გამორიცხული, რომ რუსულ КВН-ში დახელოვნებულმა ებრაელმა კომიკოსმა უკრაინისათვის არანაკლები გააკეთოს, ვიდრე რუსეთის იმპერიის ჯარში გამობრძმედილმა შვედმა გენერალმა მოახერხა ფინეთისათვის, თუმცა ამას მომავალი გვიჩვენებს. ჯერჯერობით კი, ფინეთის ისტორიის ამ მონაკვეთს ოდნავ განსხვავებული თვალსაზრისით შევხედოთ და გავიხსენთ რამოდენიმე მომენტი მაშინდელი პროცესებიდან.

მიუხედავად იმისა, რომ სკანდინავიის ქვეყნები მაქსიმალურად ეხმარებოდნენ მატერიალურად და შეიარაღებით ფინეთს 1939-1940 წლების ომის დროს, ფინეთში იბრძოდნენ მოხალისეები ამ ქვეყნებიდან, ნორვეგიამ, შვედეთმა და დანიამ თავი შეიკავეს ერთა ლიგიდან საბჭოთა კავშირის გარიცხვის კენჭისყრის პროცედურის დროს. შვედებმა უარი თქვეს ქვეყნის ტერიტორიაზე გაეტარებინათ ფინეთში მიმავალი სხვა ქვეყნის საბრძოლო დანაყოფები...

მიუხედავად კარგად ორგანიზებული და შეირაღებული ძალების არსებობისა, 1940 წელს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების დაუოკებული სურვილისა, ფინეთის პოლიტიკური და სამხედრო ელიტა თავშეკავებით შეხვდა ვერმახტის გენერალური შტაბის უფროსის, იოდლის წინადადებას საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ომში დაწყებისთანავე ჩაბმულიყო. ფინეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოქმედებები მხოლოდ 41 წლის 10 ივლისს დაიწყეს, როდესაც გერმანიიდან ფინეთში დასახმარებლად ცალკეული გერმანული შენაერთები ჩავიდნენ და ფინეთის ხელმძღვანელობა დარწმუნდა, რომ ფაშისტური სამხედრო მანქანა უპირობოდ იმარჯვებდა საბჭოეთის ტერიტორიაზე.

უკვე წელიწადნახევარში ვითარება კარდინალურად შეიცვალა. კარლ გუსტავ მანერჰაიმი საკუთარ მოგონებებში წერს: მასთან, როგორც ფინეთის ჯარების მთავარსარდალთან, 1943 წლის 3 თებერვალს, სტალინგრადში გერმანელების კაპიტულაციის მეორე დღესვე, მივიდა ფინეთის პრეზიდენტი რისტო რიუტი, რა დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ დაეწყოთ მომზადება ომიდან თანდათანობით გამოსვლის მიზნით. 1944 წელს, მანერჰაიმის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ფინეთმა გაწყვიტა ურთიერთობა გერმანიასთან და რამდენიმე ბრძოლის გამართვაც კი მოუწია ყოფილ მოკავშირესთან.

მოყვანილი მაგალითი არის პატარა ქვეყნის პასუხისმგებელი ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ქმედება, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფალმა კრიტიკულ ვითარებაში ქვეყნის სასარგებლოდ. მართალია, ჩვენ სხვა პირობებში ვართ, ვიდრე ოცდაათი-ორმოციანი წლების ფინეთი, მაგრამ ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობის ხარისხი ყველა ქვეყანაში, დროისა და ვითარების მიუხედავად, თანაბარი უნდა იყოს.

ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ზეწოლას და ჩაება ომში რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ ჩნდება უამრავი კითხვა, რომელთაგან შეიძლება რამოდენიმე გამოვყოთ:

რა ძალებით შეიძლება დაუპირისპირდეს საქართველო რუსეთის ჯარებს?

რა ძალების გამოყენება შეუძლია რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ?

რამდენია ალბათობა იმისა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს რუსეთთან შეიარაღებულ დაპირისპირებაში?

რა ემუქრება საქართველოს და მის მოსახლეობას წარუმატებლობის შემთხვევაში?

ხომ არ აღმოჩნდება ქვეყანა იმაზე უარეს პირობებში, ვიდრე ეს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ან 2008 წლის აგვისტოში მოხდა?

კიდევ ბევრი აქტუალური კითხვის დასმა შეიძლება, თუმცა საკითხის დემონსტრირებისათვის, ესენიც საკმარისი უნდა იყოს.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, თითქმის 27 საუკუნის „დაძველების“, ომის ანატომიაში თანამედროვე პოლიტოლოგებზე არანაკლებ ჩახედული ადამიანის, მეომარისა და სამხედრო თეორეტიკოსის, სუნ ძის შემდეგი დარიგება/გამონათქვამები:

„თუ ომი სარგებელს ვერ მოიტანს და მტერი არ გემუქრება - ომი საჭირო არაა, თუ საკმარისი რესურსი არ გაქვს - თავს არ უნდა დაესხა. მრისხანება და გულისწყრომა იარაღის შემართვის მიზეზი არ არის: განწყობა შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ დახოცილების გაცოცხლება და დაღუპული სახელმწიფოს აღდგენა შეუძლებელია. ომი საკმაოდ სახიფათო საშუალებაა და ეს ყოველთვის უნდა გახსოვდეს. მაშინ სახელმწიფოც და არმიაც შენარჩუნებული იქნება. გაიმარჯვებს ის, ვინც იცის, როდის შეუძლია ბრძოლა და როდის – არა!“

ეს ფრაზები სრულებით არ მოუწოდებენ მუდმივი ინერტულობასა და სიფრთხილისაკენ. გასაგებია, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც მხოლოდ ერიდება სნეულებას და ვერ იბრძვის, დაღუპვისათვისაა განწირული. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად აღმატებულია ოპონენტის შესაძლებლობები. „თუ მოწინააღმდეგე შენზე ძლიერია, შენი მოქმედებები მის წარმოდგენებს უნდა გაცდეს“, - წერს ცნობილი ფრანგი მწერალი ბერნარ ვერბერი. ამის რეალობაში გარდასახვის მინიმუმ ორი მაგალითის მოტანა ახლავე შეიძლება: 1) ფინეთი და საბჭოთა კავშირი 2) ისრაელი არაბული ქვეყნების გარემოცვაში.

ამ ქვეყნებმა დაამტკიცეს ფლავიო ვეგეციუსის ცნობილი გამონათქვამის ჭეშმარიტება: Si vis pacem, para bellum – გსურს მშვიდობა, ემზადე ომისათვის.

ოღონდ ომისათვის მზადება მხოლოდ შესაძლებლობა და საშუალება, ცოდნა და დახელოვნება არაა. პატარა ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი მორალური საფუძველია, რაც პოლიტიკური ელიტისადმი ნდობაზე, საზოგადოებაში პატრიოტიზმს გრძნობასა და პიროვნულ ღირსებაზეა აგებული.