ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ მივიღებდით თვითმფრინავებს, საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკასა და აუცილებელ არტილერიას მარიუპოლის ბლოკადის მოხსნას შევძლებდით

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ მივიღებდით თვითმფრინავებს, საკმარისი რაოდენობის მძიმე ჯავშანტექნიკასა და აუცილებელ არტილერიას მარიუპოლის ბლოკადის მოხსნას შევძლებდით

მარიუპოლში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და რუსეთის მიმართ სანქციების ახალი, მეექვსე და უმკაცრესი პაკეტის ამოქმედების აუცილებლობაზე მიუთითა.

ვოლოდიმირ ზელენკიმ ღამით გავრცელებული მიმართვისას ქვეყანაში, მათ შორის მარიუპოლში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა იმ ქვეყნებსაც დააკისრა, რომლებიც უკრაინისთვის საჭირო იარაღს ინახავენ და ქვეყანას არ აწვდიან.

„ოკუპანტების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება შეეძლოთ. ჩვენ ამას მაქსიმალურად სერიოზულად ვეკიდებით. მსოფლიო ლიდერებს მინდა შევახსენო, რომ რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თემა განხილულია და უკვე იმ დროს ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის აგრესიაზე ბევრად უფრო სწრაფი და მკაცრი რეაგირება იყო საჭირო. რაც შეეხება საჭირო იარაღს, ჩვენ მის მოწოდებაზე, ჩვენს პარტნიორებზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროდ, იმდენს ვერ ვიღებთ, რამდენიც გვჭირდება, რათა ეს ომი უფრო მალე დასრულდეს. კერძოდ, მარიუპოლის ბლოკადის მოხსნისთვის თუ გვექნებოდა თვითმფრინავები და საკმარისი მძიმე ჯავშანტექნიკა, საჭირო არტილერია, ამას შევძლებდით, მაგრამ ამაზე ჯერ კიდევ უნდა შევთანხმდეთ, ჯერ კიდევ დარწმუნებაა საჭირო. მჯერა, თითქმის ყველაფერს მივიღებთ, რაც გვჭირდება, მაგრამ უკრაინელების სიცოცხლე იკარგება. სიცოცხლე, რომლის დაბრუნება შეუძლებელია. პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება მათ, ვინც ჯერ კიდევ ინახავს იარაღს, რომელიც უკრაინას შეიარაღებაში სჭირდება; პასუხისმგებლობა, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, ისევე, როგორც ჩვენი მადლიერება დარჩება ისტორიაში. მადლობა იმ სახელმწიფოებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც ნამდვილად დაგვეხმარნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.