ყოფილი პოლიტპატიმრები სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ნათია იმნაძისა და ოთარ კვაჭაძისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ. მათი თქმით, ამ ადამიანებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან არ გამოჰქონდათ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადაცვითი ორგანიზაციების სახელზე შეტანილი წერილები. ამის მიუხედავად, ისინი მონიტორინგის ჯგუფის წევრებად მაინც რჩებიან. ამდენად, ლევან გოგიჩაიშვილი უჩა ნანუაშვილს ოფიციალური წერილით მიმართავს სამსახურიდან მათი ჩამოშორების შესახებ. გარდა ამისა, ყოფილი პოლიტპატიმარი მოითხოვს, დაიწყოს შიდა უწყებრივი მოკვლევა მათ საქმიანობაზე და, თუ სისხლის სამართლის ნიშნები გამოიკვეთება, მათი საქმეები პროკურატურას გადაეგზავნოს.
For.ge-სთან საუბარში ლევან გოგიჩიშვილი პირად ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს, რომ პატიმრობისას ამ ადამიანებს გადასცეს წერილები, რაც მოგვიანებით ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაგიდაზე აღმოჩნდა. გარდა ამისა, ნათია იმნაძე და ოთარ კვაჭაძე ახლოს იყვნენ და მეგობრობდნენ დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელ გაგა მკურნალიძესა და დეპარტამენტის უფროს დავით ჭაკუასთან. ფაქტობრივად, ისინი ერთგვარი ინფორმატორის როლს ასრულებდნენ და პატიმრის მიერ მოყოლილი პრობლემა ადმინისტრაციისთვის ხდებოდა ცნობილი, რის გამოც პატიმრებს უფრო მეტი პრობლემა ექმნებოდათ.
„მას შემდეგ, რაც სოზარ სუბარი წავიდა სახალხო დამცველის თანამდებობიდან, გიორგი ტუღუშის ხელში სახალხო დამცველის აპარატი, ფაქტობრივად, სასჯელაღსრულებითი სისტემის დანამატი იყო. ისინი არაფერს აკეთებდნენ და „აპრავებდნენ“ ციხის ადმინისტრაციის დანაშაულს, ზოგად მიმოხილვას ახდენდნენ იმ ფაქტებზე, რაც საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილი იყო. ამას არქმევდნენ სახალხო დამცველის ანგარიშს. რეალურად კი არ მახსოვს, ვინმეს უფლება დაეცვათ. უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ ოთარ კვაჭაძე ადმინისტრაციის შუამავალი იყო და პატიმრებს აიძულებდა, პროკურატურიდან გამოეტანათ განცხადება“, - იხსენებს ლევან გოგიჩაიშვილი.
ამასთან, კონკრეტულ ფაქტზეც საუბრობს, 2011 წელს, როცა მან პატიმრის ცემის გამო ამხილა ციხის ადმინისტრაცია, მას მიუვარდა ნათია იმნაძე, გალანძღა და ეუბნებოდა, ეს ყველაფერი მისთვის ეთქვა. მან კი მიუგო, ჩემთვის სულერთია, თქვენ მოხვალთ თუ პროკურორი, რადგან მე თქვენ არ გენდობით და არანაირ ინფორმაციას არ მოგაწვდითო, ვინაიდან ეს ადამიანი უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიდა.
„მახსოვს, როგორ ჩამწკრივებულნი იდგნენ ციხის უსაფრთხოების თანამშრომლები და ჩემგან რეაქციას ელოდნენ მის შეურაცხყოფაზე, რათა ჩემთვის სასჯელის წლები დაემატებინათ. თუმცა მე არ წამოვეგე პროვოკაციას და მომოწია ამ ქალბატონის ატანა. ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ იგი კვლავაც აგრძელებს პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელობას. არადა, ეს მნიშვნელოვანი სამუშაოა და ერთადერთი უწყებაა საქართველოში, რომელსაც უფლება აქვს, ოფიციალური შემოწმების გარეშე ნებისმიერ დროს შევიდეს ციხეში და აწარმოოს მონიტრინგი. ეს ჯგუფი რეალურ ინფორმაციას ფლობდა და წლების განმავლობაში ამ ინფორმაციას მალავდა. მაქვს ეჭვი, რომ ისინი რაღაც დოზით გარიგებულნი იყვნენ მაშინდელ ადმინისტრაციასთან - დავით ჭაკუასთან, გაგა მკურნალიძესთან და სასჯელაღსრულების მინისტრთან. არ ვიცი, ეს ფულადი დაინტერესებით აიხსნებოდა თუ არა, მაგრამ მათი ქცევები საეჭვო იყო და ისინი თავიანთი ინიციატივით პატიმრებთან არასდროს მოსულან“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.
ყოფილმა პოლიტპატიმარმა ის ფაქტიც გაიხსენა, რომ, როცა მელორ ვაჩნაძეს სისხლი მოეწამლა და სეფსისი ჰქონდა, მათ დაათვალიერეს და თქვეს, ეს შავი ლაქებიაო. ამ დროს პატიმარს სხეულიდან ჩირქი სდიოდა. უფრო მეტიც, გოგიჩაიშვილის თქმით, ეს ადამიანები ხელს აფარებდნენ სამედიცინო დასკვნების გამყალბებელ ექიმებს, ზონაში მყოფ მაყურებლებთან მეგობრობდნენ და მთელი დღის განმავლობაში მათთან ერთად ყავას სვამდნენ.
რაც შეეხება ოთარ კვაჭაძეს, ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი მზადაა, კვაჭაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს და დაადასტუროს, თუ როგორ აიძულეს იგი, პროკურატურიდან სარჩელი გამოეტანა.
ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ კონფლიქტი მართლაც არსებობდა ლევან გოგიჩაიშვილსა და ნათია იმნაძეს შორის, თუმცა პირადად მას ნათია იმნაძესთან შეხება არ ჰქონია. ხოლო ოთარ კვაჭაძე რომ აშკარად თანამშრომლობდა ციხის ადმინისტრაციასთან, ამაში დარწმუნებულია. მით უფრო, რომ პირადად მისი ოჯახის წევრები მასთან იყვნენ მისულნი, მაგრამ კვაჭაძემ უარი განაცხადა კონკრეტული ზომების მიღებისგან ზუსტად იმ დროს, როცა მაისაიას ყველაზე რთული პირობები ჰქონდა ციხეში.
ვახტანგ მაისაიას მოსაზრება ემთხვევა ლევან გოგიჩაიშვილის შეფასებას, რომ სოზარ სუბარის სახალხო დამცველობის დროს მონიტორინგის აპარატი საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა. რაც შეეხება მომდევნო სახალხო დამცველს_გიორგი ტუღუშს, მაისაიას თქმით, იგი იყო პირველი მოთანამშრომლე ყოფილ ხელისუფებასთან. ამ ადამიანის თვითლუსტრაცია მაშინაც მოხდა, როცა სააკაშვილის რეჟიმის დროს გახდა სასჯელაღსრულების მინისტრი და ამით თავისი პოლიტიკური პრეფერენცია ღიად დააფიქსირა.
„თუ სოზარ სუბარი და უჩა ნანუაშვილი თავ-თავიანთ უწყებებში ხმალამოღებით ებრძოდნენ სააკაშვილის რეჟიმს და მათი წყალობით მოხდა ჩემი იზოლაციის გარღვევა, ტუღუშის ხელში სიტუაცია დამძიმდა. მაშინ მოხდა ე.წ. ქილერას მანიაკალური სისასტიკეები, რაც ხორციელდებოდა გლდანის მე-8 ციხეში და სხვა საპყრობილეებში. სარჩელი რომ დავწერე, ამ სარჩელის გატანაზე იყო მთელი ბრძოლა, ისინი ყველანაირად მბლოკავდნენ. არადა, ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელმაც 40 დღე გავატარე კარცერში და ტუღუშის უწყება ყველაფერს ცალ ყურში ატარებდა“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია და სწორედ სოზარ სუბარის დროინდელ მონიტორინგის სამსახურს უმადლის არაერთი პატიმრის გადარჩენას.
მისი თქმით, როცა პატიმარი ჩაჰყავთ და მას კლავენ, მონიტორინგის ჯგუფს შეუძლია, ინფორმაციის მიღებისას, გამთენიისას, დილის ხუთ საათზეც შევიდეს ციხეში და გადაარჩინოს მისი სიცოცხლე. ამიტომ ამ სამსახურის ეფექტურად მუშაობა აუცილებელი იყო სწორედ იმ ავადსახსენებელი რეჟიმის პირობებში. ამ დროს კი ციხეებში ყველაზე სისხლიანი ანგარიშსწორებები ემთხვეოდა გიორგი ტუღუშის 2009-2012 წლების მოღვაწეობის პერიოდს და სწორედ ამ დროს გამოვიდა კონტროლიდან ჯალათების აღვირახსნილობა.