როცა თბილისის ქუჩებში ხედავს უკრაინის ბევრ დროშას, ხედავს საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის რაოდენობას, ქართველი ხალხის სოლიდარობაში ეჭვი არ ეპარება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. ლუკას მანდლის შეფასებით საქართველოს სპეციფიკური ცოდნა აქვს აგრესორთან ურთიერთობის, რომლის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია კრემლის მიერ.
საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით. უკრაინის სახელმწიფო ფოსტა Ukrposhta-ს ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან. მეორე ადგილზეა რუმინეთი - 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა. ასევე მთავრობის ხელძღვანელის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყველა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა რამდენიმე კვირის წინ.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღედმდე საქართველო უკრაინის გვერდით დგას, სამწუხაროდ, ანალოგიურ ნაბიჯს არ დგამს უკრაინის ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან პოლიტიკურ ომს აწარმოებს; ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უყენებს ბრალდებებს; გაუგებარი მოტივით ქვეყნიდან გაიწვია ელჩი და ცდილობს საქართველო ჩაითრიოს რუსეთთან ომი.
უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი და სხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიიწვია. პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა უკან წაიღებს მიყენებულ შეურაცხყოფას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მზად არის ჩავიდეს დელეგაციასთან ერთად უკრაინაში.
ზოგადი მზაობა, რომ უკრაინაში უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა არის მკაფიო წინაპირობები, რადგან უკრაინა დღემდე რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინა-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაწყვეტის შემდეგ, შესაძლებელია, დაიგეგმოს უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტიც.
„როგორც კი დავინახავთ პროგრესს პირველი, მეორე და მესამე მიმართულებით, ბუნებრივია, ვიფიქრებთ უმაღლეს საპარლამენტო დონეზე ვიზიტის გაგრძელებაზეც. ჩვენ გვჭირდება რეაგირება, თავდასხმა იყო რეალურად ელჩის გაწვევა და თავდასხმა იყო ცრუ ბრალდება კონტარაბანდასთან დაკავშირებით. თავდასხმაა, როდესაც პატიმარი სააკაშვილი რჩება თანამდებობაზე, ამაზე ჩვენ არ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, კონტრშეტევების განხორციელებას.
იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას მეგობრობას, საჭიროა პრინციპული ნაბიჯების გადადგმა. რაც შეეხებათ კრიმინალებს, მათი გათავისუფლება ხელისუფლებიდან, პირველ რიგში, წაადგება უკრაინის ხელისუფლებას. თუ სააკაშვილს აღარ ექნება ეს სტატუსი, თუ ადეიშვილი აღარ მისცემს მათ იმ რჩევებს, რომლითაც საქართველოშიც ხელმძღვანელობდა, თუ ლორთქიფანიძე არ იქნება კონტრდაზვერვითი საქმიანობით, დამიჯერეთ, ეს წაადგება, პირველ რიგში, უკრაინას და მეგობრობის გაღრმავებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი გუნდის არგუმენტებს არ იზიარებს ოპოზიცია. ვიცე-სპიკერი და „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი მოითხოვს, რომ შალვა პაპუაშვილი თავად ჩაუდგეს დელეგაციას სათავეში და წავიდეს უკრაინაში, სამძიმარი უთხრას უკრაინელ ხალხს, მთავრობას, რომელიც დღეს ძალიან დიდ ბრძოლაშია რუსეთის წინააღმდეგ. ვიცე-სპიკერი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს ყველა პირადი თუ პარტიული წყენა დაივიწყოს.
„ოპოზიცია ვგეგმავთ ვიზიტს უკრაინაში სამძიმრის სათქმელად, ბუჩას მოვლენებთან დაკავშირებით. ძალიან მესიამოვნა, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ვიზიტს შემოუერთდეს და ამით ქვეყნის პოზიცია იქნება გამოხატული, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტს და დელეგაციას უნდა უხელმძღვანელოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მე მას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მაგრამ ამავე დროს, ვთხოვ, რომ დაივიწყოს, გვერდზე გადადოს ყველა პირადი თუ პარტიული წყენა - ბევრად უფრო დიდი რამე ხდება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხია ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მოვა დრო, როდესაც დასრულდება ომი და მოგეცემათ საშუალება გაარკვიოთ თქვენი ურთიერთობა იმ პარტიასთანაც და ვისთანაც გნებავთ, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
მოწოდების მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს, მაგრამ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში ჩავა საპარლამეტო გუნდი, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ ეხება და ვინც შეძლებს, სახელმწიფო პოზიცია სათანადო დონეზე გამოხატოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო დელეგაციაში იქნებიან ადამიანები, რომლებსაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ ეხებათ.
„ყველა ვალდებულებას, რომელიც ჩვენი და უკრაინის მრავალწლიანი ურყევი მეგობრობის შედეგად არსებობს ჩვენს მხარეს, ასევე უკრაინის მხარეს, საქართველო ასრულებდა, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდა და ამ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს. რაც შეეხება უკრაინაში ვიზიტს, ჩვენი საპარლამენტო გუნდი, ჩვენი პოლიტიკური, სახელისუფლო გუნდი მზად არის, ჩავიდეს უკრაინაში, რათა კიდევ ერთხელ გამოხატოს პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.
ჩვენი ქვეყნის პოზიციასთან დაკავშირებით, ჩვენ, როგორც ქვეყნის წარმომადგენელი, საპარლამენტო დელეგაცია ჩავალთ უკრაინაში, რასაც, რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, ჩავალთ ის ადამიანები, ვისაც უკრაინასთან ურთიერთობები უშუალოდ გვეხება და ვინც შეძლებს, რომ სახელმწიფო პოზიცია გამოხატოს სათანადო დონეზე უკრაინაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინის რადას თავმჯდომარის მსგავსად, ბუჩაში შალვა პაპუაშვილის ჩასვლის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, კარგი იქნებოდა განმარტება ვინ, როდის მიდის უკრაინაში, მიდის თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე, იღებს თუ არა მოწვევას სტეფანჩუკისგან. მისი თქმით, მეგობრებთან ნიშნის მოგებით დამადლება არ უნდა იყოს.
„უკრაინაში ვიზიტი აქამდეც უნდა შემდგარიყო. ახლაც, თუ პარლამენტის თავმჯდომარე წავა და მისი კოლეგის მოწვევას გაითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. არ გამოვა გამართლება, ნამდვილად არ არის გამართლება, რადგან ჩვენს ღირებულებებს ტრადიციებს არ შეესაბამება, რომ არ ჩახვიდე ადამიანთან და სამძიმარი არ გამოუცხადო. ჩვენ გვქონდა გაცხადებული, რომ თუ უმრავლესობა და პარლამენტის თავმჯდომარე არ წავიდოდა, მაშინ ჩვენ, ოპოზიცია მაინც ვაპირებდით უკრაინაში ჩასვლას“, - აცხადებს ხატია დეკანონიძე.