„თუკი უკრაინას ჩვენზე ადრე მიანიჭეს წევრი კანდიდატის სტატუსი, გული არ უნდა გავიტეხოთ - შესაძლოა, წევრი მათზე ადრე გავხდეთ“

„თუკი უკრაინას ჩვენზე ადრე მიანიჭეს წევრი კანდიდატის სტატუსი, გული არ უნდა გავიტეხოთ - შესაძლოა, წევრი მათზე ადრე გავხდეთ“

საქართველოს ისტორიის ევროპული ფურცელი ლუქსემბურგში მრავალსაუკუნოვანი წყვეტის შ დეგ, გუშინ ხელახლა დაიწერა -საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ კითხვარი პირადად გადასცა საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დააკმაყოფილებს თუ არა ევროპელებს ქვეყნის სამართლებრივი, სოციალური თუ პოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. წამზომი ჩაირთო და დიდი შანსი გავქვს, უკრაინასთან ერთად, საქართველომაც დაჩქარებული წესით, ივნისში, ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. ამის შემდგომ პროცესი საქართველოში გაგრძელდება, სხვადასხვა სტრუქტურამ ერთად უნდა იმუშაოს და პასუხი გასცეს კითხვებს, რის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს მოსაზრებას და გადასცემს ევროკავშირის უმაღლეს ორგანოს, ევროპულ საბჭოს. სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები სამიტზე განიხილავენ კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. კითხვარის ძირითადი საკითხებია პოლიტიკა, სამართალი და ეკონომიკა.

ევროპული კავშირის კითხვარი შეიცავს საკმაოდ ბევრ დეტალურ შეკითხვას, რომლებსაც საქართველოს მთავრობამ უნდა გასცეს პასუხი.

საქართველოს დღევანდელი დღიდან 4 კვირა აქვს იმისთვის, რომ ამ კითხვარზე პასუხები მიიღოს.

შემცირებულია შეკითხვების რაოდენობა წინა გაწევრიანების შემთხვევებთან შედარებით, რათა პროცესი დაჩქარდეს.

შეკითხვების მიზანია დაეხმაროს ევროკომისიას, შეაფასოს საქართველოს მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებით - საქართველომ მიაღწია თუ არა დემოკრატიული ინსტიტუციების სიმყარეს: გარანტიები დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, უმცირესობის უფლებების თვალსაზრისით;

საბაზრო ეკონომიკა რამდენად მყარია და რამდენად თავსებადია ევროკავშირის ეკონომიკებთან;

შეძლებს თუ არა საქართველო ეფექტიანად აღასრულოს ვალდებულებები ევროკავშირის წევრობის - პოლიტიკური, ეკონომიკური, მონეტარული კავშირის მოთხოვნები.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, კითხვარის შევსებაში ყველა უწყებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა

„ვფიქრობ, ეს არის საერთო ეროვნული პროცესი, რომელშიც ყველამ საკუთარი წვლილი და კონტრიბუცია უნდა შეიტანოს. საქართველოს ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციას ახდენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო კომისიის ფარგლებში, თუმცა აღნიშნული პროცესი არა მხოლოდ ამ ფორმატში, არამედ მუშა ფორმატში იქნება გასაშლელი, სადაც ყველა სახელმწიფო უწყება ჩაერთვება და გააკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოვახდინოთ ყველა იმ რეფორმის, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში ჩაატარა, კონვერტირება ამ კონკრეტულ დოკუმენტში და, რომლითაც საქართველო მოახდენს პოზიციონირებას საკუთარი თავის წარმოჩენას ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში“, -აცხადებს მინისტრი.

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო შეძლებს გამოიყენოს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახსნილი პერსპექტივა და ისარგებლოს ბიუროკრატიული პროცედურების დაჩქარებით. თუმცა მას არა აქვს მოლოდინი, რომ ამის გამო ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით რიგ პრობლემეზე თვალს დახუჭავს.

„საქართველოს, წინ წასაწევად, ყველა იმ სადავო საკითხის გამოსწორება მოუწევს, რასთან დაკავშირებითაც ბოლო პერიოდში ხშირად იღებდა შენიშვნებს ევროკავშირისგან. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ამ შანს გამოიყენებს და ეცდება ბევრ სადავო და პრობლემური თემის გამოსწორებას. არაა გამორიცხული, რომ ზოგ საკითხთან დაკავშირებით ევოკავშირმა მიზანშეწონილად მიიჩნიოს და ჩაწეროს, რომ ამა და ამ საკითხს საქართველო გამოასწორებს. ანუ მინუსი გვაქვს რაღაცა საკითხებთან დაკავშირებით და მას უკან დაუბრუნდებიან. ეს კი მისი აღმოფხვრის შემდეგ მოხდება. არც იმას გამოვრიცხავ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით მიანიჭონ, რომ შემდეგ ეს პრობლემები აღმოიფხვრება“, - ამბობს for.ge-სთან გოგოლაშვილი.

მისივე თქმით, თავად მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის ჩართავს კითხვარის შევსების პროცესში. ის ვარაუდობს, რომ შეიქმნება უწყებათშორისი საბჭო და კოორდინატორის ფუნქცია საგარეო უწყებას მიენიჭება.

„ყველაზე კარგი ისაა, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შემთხვევაში დააჩქაროს ბიუროკრატიული პროცედურები, რაც ბევრად უფრო ხანგრძლივი იყო სხვა ქვეყნებისთვის წარსულში, თუმცა ვერ დააჩქარებენ პროცესებს, რომლებიც შესასრულებელ ამოცანებს შეეხება და ის ქვეყნებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ“, - ამბობს გოგოლაშვილი

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამან წლები გასტანოს და საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი 3 წელში მიენიჭოს. მისი თქმით, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული.

„მგონი, 3 წელს არ უნდა გადავაჭარბოთ და სადღაც ამ დროში უნდა ჩავეტიოთ. „ქართული ოცნება“ ამ განაცხადის შეტანას 2024 წელს აპირებდა, ახლა კი გამოვა, რომ სამ წელიწადს მოვიგებთ. ღმერთმა ქნას 3-4 თვეში მივიღოთ ეს სტატუსი, მაგრამ ეს ფანტასტიკა იქნება და ამით თავი არ უნდა მოვიტყუოთ. ჩვენნაირი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა მგონია, რომ 3 წელზე ადრე ვერ მივიღებთ წევრობაზე თანხმობას. კარგი ისაა, რომ მოძრაობა დავიწყეთ. არ აქვს მნიშვნელობა ნელა ვიმოძრავებთ თუ სწრაფად, მთავარია, ეს პროცესი დაიძრა და იმედი გაჩნდა. ასე მგონია, უკრაინაზეც და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ მათ ეს სტატუსი ივნისში მიიღონ.

მართალია, ომში მყოფი ქვეყანაა, ყველა ეხმარება, მაგრამ ასე მარტივად სიტუაცია არ არის. ევროკავშირში გაწევრიანება ჯილდო არ არის, ეს არის კარგად გაწერილი და დაგეგმილი წესები, რომელსაც ყველა ქვეყანა უნდა მიჰყვეს. არ გომოვრიცხავ, რომ საქართველო უკრაინაზე მალე გაწევრიანდეს კიდეც. ძალიან გამიხარდება თუკი ისინი ამას მალე შეძლებენ, მაგრამ ეჭვი მეპარება. კანდიდატის სტატუსსაც საქართველო აუცილებლად მიიღებს. თურქეთს აქვს 63 წელს მიღებული წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ჩვენ ვერ მივიღებთ? ასე რომ, მოლოდინი ნამდვილად პოზიტიურია, მაგრამ დროში ცოტა გაიწელება. თუკი უკრაინას ჩვენზე ადრე მიანიჭეს წევრი კანდიდატის სტატუსი, გული არ უნდა გავიტეხოთ. შესაძლოა, წევრი მათზე ადრე გავხდეთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, საბოლოო ფინალი ევროკავშირში გაწევრიანებაა და არა წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება. ამიტომაც ყოფილი მინისტრი პროცესის დაწყებას უკვე დადებითად აფასებს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, ევროკავშირი სასამართლოს დამოუკიდებლობას მოგვთხოვს. ტარდება თუ არა არჩევნები დემოკრატიულად და ა.შ.

„ეჭვი მეპარება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი 2024 წლს არჩევნებამდე მივიღოთ. მაინც მგონია, რომ ევროკავშირი არჩევნებს დაელოდება. დააკვირდება ჩატარდება თუ არა დემოკრატიულად. ამასაც, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. მნიშვნელობას მიანიჭებენ ადამიანის უფლებების დაცვას. მაინც მგონია, რომ მოგვთხოვენ რატომ არ ვასრულებთ შარლ მიშელის შეთანხმებას. დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას ძალიან დიდ მნიშვნელობას მიანიჭებენ. ყველაფერი ცალ-ცალკე იქნება შეფუთული და პასუხსაც ამის მიხედვით მოგვთხოვენ. ასი კითხვიდან ერთზეც რომ პასუხი არ გავცეთ, პრობლემები შეიქმნება“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.