უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა. რუსებმა სამხედრო ქვედანაყოფების გადაჯგუფება დაასრულეს და ერთიანი ფრონტით ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს შეუტიეს, პარალელურად უკრაინის ქალაქების ჰაერიდან რაკეტებით დაბომბვა გაძლიერებული ინტენსივობით დაიწყეს.
მსოფლიოს წამყვანი სამხედრო ექსპერტების მტკიცებით, აღმოსავლეთ უკრაინაში განახლებული ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები უკრაინა-რუსეთის ომში გადამწყვეტი იქნება. წარმატების შემთხვევაში პუტინი წინასწარ დასახულ მიზანს შეასრულებს, 9 მაისს გამარჯვებას მოსკოვის წითელ მოედანზე აღნიშნავს და შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც შეუტევს. უკრაინა თუ გაუძლებს და არ მისცემს რუსებს ქვეყანაში ღრმად შეჭრის საშუალებას, ზელენსკის დამპყრობელთან მომავალ მოლაპარაკებებზე უპირატესს მდგომარეობაში ჩააყენებს.
ორი დღის წინ CNN-თან ანალოგიური მოსაზრება პროფესიონალმა სამხედრომ, გენერალმა უესლი კლარკმა გამოთქვა. ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილმა მეთაურმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „აღმოსავლეთში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რუსეთის უპირველესი მიზანი უკრაინაზე ტოტალური კონტროლოს დამყარება და ნატოს, როგორც ორგანიზაციის დაშლა გადაწყვეტილი იქნება. ამ შემთხვევაში უკრაინით არ დასრულდება ყველაფერი. შემდეგი ნატოს ერთ-ერთი ქვეყანა იქნება: რუმინეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და არც გერმანიაში ნატოს ბაზების დაბომბვასაც გამოვრიცხავ“.
აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია „დონბასის რკალი“ უკვე დაწყებულია და მასში ორივე მხრიდან 300 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.
რუსების ახალ „საომარ ტაქტიკას“ - გაძლიერებულ სარაკეტო დარტყმებს, ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე 50-დე მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე უკვე შეეწირა. ხალხი საევაკუაციო მატარებლებს ელოდა და, ამ დროს, ციდან თავს სიკვდილი დაატყდათ. რასაკვირველია, რუსულმა მხარემ ეს სამხედრო დანაშაული კატეგორიულად უარყო, მაგრამ „ბი-ბი-სის“ ჟურნალისტებმა სინამდვილის დადგენა მაინც მოახერხეს.
დაბომბვის დღეს, დილის 11.00 საათზე რუსულმა მასმედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის გენერალური შტაბიდან გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურს რამდენიმე რაკეტა დაუშინეს. მიზეზი ის გახლდათ, რომ ამ ადგილას ფრონტზე გასაგზავნად გამზადებული უკრაინული ჯარის ქვედანაყოფები იმყოფებოდნენ. რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ ამ სარაკეტო იერიშს არა სამხედროები, არამედ საევაკუაციოდ გამზადებული მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა. ამის შემდეგ რუსულ მასმედიაში კრამატორსკის დაბომბვის თავდაპირველი „ნიუსები“ უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა.
მსოფლიო მასმედიაში არაერთი დაუზუსტებელი ინფორმაცია ვრცელდება, რომ პუტინის სახელმწიფოში ყველაფერი წესრიგში არ არის, რუსეთის პრეზიდენტს შეთქმულებას უმზადებენ და დღეს-ხვალ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება განხორციელდება. მაინც როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები?
რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „boom.ms“ გამოაქვეყნა ცნობილი ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულიას პროგნოზი, რომელიც უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების მოსალოდნელ შედეგსა და პუტინის მომავალს შეეხება. ქართველი ნათელმხილველის მოსაზრება შემდეგნაირად ჟღერს:
„რუსეთთან დაპირისპირებაში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. უფრო მეტიც, უახლოეს პერიოდში ევროკავშირის ქვეყანაც გახდება, გაძლიერდება, ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ წამყვან ძალად ჩამოყალიბდება, პრეზიდენტი ზელენსკი კი მსოფლიოს წამყვან პოლიტიკოსად გარდაიქმნება. უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარდა ყირიმსაც აუცილებლად დაიბრუნებს.
რუსეთი საბჭოთა კავშირის რაიმე ფორმით აღდგენას ვერ შეძლებს. უფრო მეტიც, ქვეყნის შიგნით უმართავი პროცესები დაიწყება და სამოქალაქო ომში გადაიზრდება. თავდაპირველად დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი ჩეჩნეთში დაიწყება. ამ დაპირისპირებაში რუსეთი დამარცხდება და ქვეყანა რამდენიმე დამოუკიდებელ რესპუბლიკად დაქუცმაცდება.
რაც შეეხება ვლადიმერ პუტინს, მას მძიმე ბედი ელის. უკრაინაში განცდილი მარცხის შემდეგ რუსეთის მართვის სადავეები ხელიდან გამოეცლება და ბოლოსა და ბოლოს მისი სიცოცხლეც დასრულდება. რაც საინტერესოა, მის გარდაცვალებაში მუსულმანის ხელი იქნება გარეული. უკრაინა უპირობოდ კი გაიმარჯვებს, მაგრამ იმ დრომდე არაერთი განსაცდელის გადატანა და დიდი მსხვერპლის გაღება მოუწევს“, - ასეთია ქალბატონი ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება.
ნათელხილვა რომ ახდეს და ზელენსკის ქვეყანამ საწადელს მიაღწიოს, მას მთელი მსოფლიო ეხმარება. ბუჩას ტრაგედიის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალები კიდევ უფრო გაძლიერდა და ეს ტენდენცია კვლავ გრძელდება.
თავად ქალაქი ბუჩა ცნობილი პოლიტიკოსების გარდა არაერთმა კულტურისა და შოუ-ბიზნესის წარმომადგენელმაც მოინახულა. ცნობილმა უკრაინელმა მომღერალმა, ახლო წარსულში „ევროვიზიის“ კონკურსის გამარჯვებულმა რუსლანამ, ბუჩაში ყოფნისას საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე დღის წინ ბუჩა და ბოროდიანკა ცნობილმა რუსმა მუსიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმაც მოინახულა, ოღონდ ამ ვიზიტისათვის ოფიციალური სახე არ მიუცია.
ამ ფონზე უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონმა უკრაინელი მომღერალი ნატაშა კოროლიოვა სასტიკად გააკრიტიკა. გორდონმა არ დაიზარა და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში კოროლიოვას გავრცელებული „პოსტები“ ყურადღებით შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილ ამ ქალბატონს მის სამშობლოში მიმდინარე ომზე არც ერთი მოსაზრება არ უწერია, სამაგიეროდ, რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში დაგეგმილ საგასტროლო ტურნეს ფართო პროპაგანდას უწევს. გორდონის კრიტიკა კიდევ ერთმა ცნობილმა მუსიკოსმა გამოიწვია. საუბარი იგორ კრუტოიზეა. 1954 წელს დაბადებული კრუტოი, 25 წლის ასაკამდე უკრაინაში ცხოვრობდა და რუსეთში გადაბარგებამდე ქალაქ ნიკოლაევში მუშაობდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იგორ კრუტოი დღემდე დუმილის უფლებას იცავს.
კოროლიოვა და კრუტოი უკრაინას გვერდში არ უდგანან, ამ დროს მსოფლიოში პოპულარულმა ჯგუფმა „Metallica“-მ უკრაინის დახმარებისათვის ფულადი სახსრების მოძიება დაიწყო. რამდენიმე დღის წინ მუსიკოსებმა საქველმოქმედო ფონდში „All Within My Hands Foundation“ ნახევარი მილიონი დოლარი გადარიცხეს. მუსიკოსებს განზრახული აქვთ რომ მიმდინარე თვის ბოლომდე რამდენიმე მილიონი დოლარი შეაგროვონ. უახლოეს დღეებში „Metallica“-ს წევრები ჯეიმს ჰეტფილდი და კირკ ჰემეტი აუქციონზე გასაყიდად საკუთარ საკოლექციო გიტარებს გამოიტანენ. ცნობილი გახდა, რომ უკრაინისათვის თანხის შეგროვებას პოპულარული ჯგუფი „Queen“-ის წევრებიც აპირებენ.
რუსეთის აგრესიამ სრულიად უკრაინა ერთი მიზნის ირგვლივ გააერთიანა. ერთი შეხედვით როგორ აპოლიტიკურ ადამიანად მოჩანს პოპულარული მომღერალი ვერა სერდიუჩკა (ანდრეი დანილკო). ამის მიუხედავად კრუტოის, კოროლიოვას, ანი ლორაკსა და სხვებს პატრიოტიზმით აშკარად „გადაუჯოკრა“. რამდენიმე დღის წინ დანილკო გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ესაუბრა და შემდეგი განცხადება გააკეთა:
„ხშირად მეკითხებიან მომავალში რუსეთში კონცერტებს თუ ჩავატარებ. რა, მეხუმრებით? ამ ხალხთან არაფერი საერთო არ მინდა რომ მქონდეს. ერთ გამონაკლისს დავუშვებ. ღრმა ასაკში რომ შევაბიჯებ, შეიძლება რუსეთში ერთადერთი კონცერტი ჩავატარო. იცით რატომ? მოსულ მსმენელს თვალებში რომ ჩავხედო და გავიგო, სინანულისა და ბოდიშის გამომეტყველება თუ ექნება. ბოდიშსაც არ მოვიხდი და გეტყვით, რომ რუსები ცხვრები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. უკრაინაში შემოიჭრნენ, მშვიდობიან მოსახლეობას ანადგურებენ და ამ დროს რუსების 80 პროცენტი პუტინს მხარს უჭერს“. - განაცხადა ვერა სერდიუჩკამ.
კაკულიას წინასწარმეტყველობები უფრო სრულდება, ვიდრე ამ საიტზე და მთავრობაში მობორიალე ე.წ. ექსპერტებისა.