საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ევროპიდან მორიგი განცხადება გაკეთდა. კერძოდ, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის მიზეზად სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტი ექსპრეზიდენტის შესაბამისი მკურნალობის აუცილებლობას ასახელებს.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ევროპულ სახელმწიფოში სასწრაფო მკურნალობის მისაღებად გადაყვანისკენ. ის ახლა საპატიმროში იმყოფება და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები. ხელისუფლების ეს ნაბიჯი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პოლიტიკური დეპოლარიზაციის პროცესში და შეაჩერებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ საკითხებში.
ასევე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები რუსეთის მხრიდან მომავალ საფრთხესთან გასამკლავებლად, რადგან ერთიანობა აუცილებელია ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, იმისთვის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს გარკვეული სპეკულაციები, გამოსავალია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო კონსილიუმი შეიქმნას.
„რთული საკითხია, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე, არ მგონია, რომ ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად მზად იყოს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესს მიიყვანს ბოლომდე. გარდა ამისა, მაინტერესებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრო რა ინფორმაციას ეყრდობა?!
ამ ვითარებაში ყველაზე სწორი იქნება საერთაშორისო კონსილიუმის შექმნა ხელისუფლების მხრიდან, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სააკაშვილის ჯანმრთელობის თუ ავადმყოფობის თემა, დამთავრდეს სპეკულაციები, ეს იქნება ქვეყნის შიგნით, თუ მის გარეთ. სხვა გამოსავალს აქ ვერ ვხედავ. ვიდრე არ იქნება ასეთი გადაწყვეტილება მიღებული ხელისუფლების მიერ, მანამდე ყოველთვის იარსებებს იმის ალბათობა და ეჭვი, რომ ხელისუფლება განზრახ მიდის ვითარების გაურესებაზე და იმაზე, რომ სააკაშვილს არ ჰქონდეს შესაბამისი სამეციდინო მომსახურება“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიხეილ სააკაშვილის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, იმის აღიარებას ნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია. შესაბამისად, საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯზე „ქართული ოცნება“ არ წავა.
„ანალოგიური წინადადებები ომამდეც ისმოდა დასავლეთიდან იმაზე, როგორ უნდა მოექცეს საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს. დავუშვათ, ხელისუფლებამ გაუშვა სააკაშვილი, თუნდაც ლიეტუვაში სამკურნალოდ, აქედან ხომ გამომდინარეობს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, ანუ პოლიტიკური წრეების მიერ დაპატიმრებული?! ხელისუფლება კი ამას ამტკიცებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არაა და ის იხდის სასჯელს დანაშაულის გამო. აქედან გამომდინარე, ხელისუფლება უნდა წავიდეს ამ წინადადების შესრულებაზე?
ქართველი და უცხოელი ექსერტებისგან სააკაშვილი არაერთხელ დასახელებულა, როგორც დესტაბილიზაციის წყაროდ, მაგრამ მეორე მხრივ, ეს ვერ იქნება იმის მიზეზი, რომ სააკაშვილი გადასცენ სხვა ქვეყანას, რადგან ასეთი ნაბიჯი უკვე მიუთითებს, რომ სააკაშვილის ციხეში ყოფნა-არყოფნა პოლიტიკურ ელიტაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან.
8 აპრილს სასამართლო სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილმა ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტს მის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მადლობა გადაუხადა:
„მინდა მალდობა ვუთხრა ლიეტუვის სეიმს განცხადებისთვის, რომელიც ევროპულ ქვეყანაში ჩემს დაუყოვნებლივ სამკურნალოდ გადაყვანას მოითხოვს. ეს არის ლიეტუვის სეიმის განცხადება, ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ისევე როგორც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პოლონელებს იმისთვის, რომ ყველაზე მაღალ დონეზე არაერთხელ დააყენეს საკითხი“, -განაცხადა სააკაშვილმა.