გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა, მოროდიორობა - ასეთია რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური სახე, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ ჯერ აფხაზეთში, 1992-93 წლებში, 2008 წელს უკვე გორში ნახა. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ გავრცელებულმა კადრება მსოფლიო აღაშფოთა. უკრაინელთა ცხედრებს ქუჩებსა და გზებზე პოულობდნენ. დაღუპულები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსები მშვიდობიან მოქალაქეებს ძირითადად თავსა და კეფაში დამიზნებით კლავდნენ. ასევე ცხედრებს პოულობდნენ ქუჩებში, რომელთაც დამწვრობის კვალი აღენიშნებათ. უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, ცხედრების დიდ ნაწილს აღენიშნება წამების კვალი. ბუჩაში ნახეს საერთო სასაფლაო, სადაც 300-მდე ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, ნაწილს ხელები ჰქონდა შეკრული.
უკრაინის ომის სისასტიკემ და ბუჩას კადრებმა შეუძლებელია დაგავიწყოს აფხაზეთის ომის ტრაგედიები. ქართული ტელე-მედია უკრაინელი მებრძოლების ისტორიებზე საუბრობს როგორც უპრეცედენტო გმირობის მაგალითებზე, მაშინ, როდესაც აფხაზეთის და ცხინვალის ომმა შემოგვინახა გმირობის უპრეცედენტო მაგალითები. ორივე შემთხვევაში საქართველო საომარ მოქმედებას სწორედ რუსეთთან აწარმოებდა და ამ ომში საქართველო მარტო იყო.
აფხაზეთის ომის ტრაგიკული ისტორიები
პოსტსაბჭოური საქართველოსთვის კონფლიქტის შედეგები ძალიან მძიმე აღმოჩნდა. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა, დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე ადამიანი. 300 ათასზე მეტი საკუთარ სამშრობლოში დევნილი გახდა. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი. for.ge გიამბობთ სოხუმის რაიონის სოფელ კამანის მკვიდრ გმირებზე, რომლებმაც მტერს თავი არ დაუხარეს.
1993 წლის 5 ივლისს გმირობის უპრეცედენტო მაგალითი აჩევენა მე-8 ბატალიონის მე-3 ასეულის მეთაურმა, კამანის მკვიდრმა ზაზა პაკელიანმა. 1992 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, კამანის ახალგაზრდა მოსახლეობამ ზაზა პაკელიანის ხელმძღვანელობით ასეული შექმნა, რომელიც მისი გავლენით და ნაცნობობით ახერხებდა ასეულის შეიარაღების გაზრდას და გაძლიერებას. ამ ასეულს არაერთხელ მოუგერიებია მტრის მიერ განხორციელებული შემოტევები და დივერსიული თავდასხმები.
„იმის მიუხედავად, რომ ასეულს პოზიციები არ უვარგოდა და მტერი ყოველთვის ზევიდან დაჰყურებდა, 1993 წლის 5 ივლისის შემოტევასაც არ შეუშინდა და ვაჟკაცურად დახვდა მტერს. ამ დღის მასშტაბური შემოტევის შესახებ ასეულს ერთი დღით ადრე ჰქონდა ინფორმაცია და მოითათბირეს, თუ როგორ მოქცეულიყვნენ. ისიც ცნობილი იყო მათთვის, რომ ცენტრალურ შტაბიდან დამხმარე ძალების გამოგზავნა არ მოხდებოდა, რადგან თურმე „ზოგიერთებს“ კამანი არასტრატეგიულ წერტილად მიაჩნდათ და მისი დაცვა მიზანშეწონილი არ იყო.
აზრების გაცვლის და დავის შემდეგ, ერთი გადაწყვეტილება მიიღეს: „მტერს დავხვდეთ და ვიბრძოლოთ, როგორც აქამდე გვიბრძოლია... ერთმანეთი ბრძოლის ველზე არ მივატოვოთ... თუ საჭიროება მოითხოვს, თავი დავდოთ ამ ბრძოლაში... ღირსება დავიცვათ და სირცხვილი არ ვჭამოთ... ვიბრძოლოთ ბოლო ტყვიამდე... ვიბრძოლოთ სისხლის ბოლო წვეთამდე...“.
გათენებული არ იყო, როდესაც სოფელს სამი მხრიდან შემოესია 500-კაციანი საშტურმო-სადესანტო ბატალიონი (გენერალ ლებედის სპეც.დანიშნულების ჯარი), რომელსაც წინააღმდეგობას უწევდა ასეულის 40-კაციანი ჯგუფი. ასეულმა დღის ორ საათამდე გაუძლო ამ ბრძოლას. ბოლოს უკვე ასეულის შტაბის დერეფნებში ხელჩართულ ბრძოლებში ჩაებნენ (ყოფილი ინვალიდთა და მოხუცებულთა პანსიონატის შენობა).
ზაზა ცენტრალურ შტაბს უკავშირდება და ბოლო კოორდინატებს აძლევს: „პოზიციები დავკარგეთ, საგუშაგოები მტერმა გაანადგურა...! დაგვბომბეთ...! სხვა გზა არ არის, ჩვენ მაინც ვერ გადავრჩებით...! კამანი აღებულია, ჩვენი შტაბის კოორდინატები იცით, დაგვარტყით...! დაგვარტყით...! ამ დღეს კამანი დაეცა, კამანთან ერთად ასეულის მეთაური ზაზა პაკელიანი და თანამებრძოლთა უმრავლესობა“, - ამბობს for.ge-სთან სუბრისას ზაზა პაკელიანის ახლობელი.
ქართულმა საზოგადოებამ არ იცის ვინ იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი 35 წლის ზაირა ქებურია და როტომ მოკლეს 1993 წლის 24 სექტემბერს სოფელ კამანში. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ბრძოლის ველზე დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა. ორი შვილის დედა, შვილებთან ერთად, 1993 წლის 16 სექტემბერს ტყვედ აიყვანეს. იცოდნენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა, ამიტომ ის ცალკე გაიყვანეს და დახვრიტეს. მოკლულის შვილი, ირინა ქარდავა ამბობს, რომ აფხაზების მიმართ ზიზღის გრძნობაც არ აქვს, მაგრამ მათ მიმართ პატიების უნარიც არ გააჩნია.
„16 სექტემბერი მძიმედ მახსენდება. 14 წლის ვიყავი, ჩემი ძმა 12 წლის იყო. მახსოვს, ირგვლივ ავისმომასწავებელი სიჩუმე იდგა და დაიწყო... დავიბენით, ვერ გავიგეთ სეტყვა იყო თუ...? და მახსოვს, ატყდა წივილ-კივილი, ერთ ადგილას გაშეშებული ვიდექი, მერე არ მახსოვს ხელში აყვანილი მივყავდი მამას და გავრბოდით, ეს იყო საშინელება.
გავიყავით, მამაკაცები ცალკე წავიდნენ, ქალები, მოხუცები და ბავშვები ბერძენმა ოჯახმა შეგვიფარა. 23 სექტემბერს ღამე მივედით ბერძენი ქალის ოჯახში. დედა მთელი ღამე ტიროდა, არ უძინია. გვეფერებოდა ორივეს, თითქოს გრძნობდა საფრთხეს. მეორე დილას გაგვაფრთხილეს, რომ ვიღაცამ გაგვცა და ჩვენ, ბავშვები დაგვმალეს. მესმოდა როგორ შემოვიდნენ აფხაზები, მესმოდა წივილი. შემდეგ გავიგე დედის ხმა.
ჭუჭრუტანიდან ვხედავდი როგორ ჩაარტყეს დედას ავტომატი და დაეცა, მაგრამ ადგა. ურტყამდნენ, მაგრამ ის მაინც ფეხზე დგებოდა. უყვიროდნენ რატომ ეხმარებოდი ქართველებს, შენ ექთანი ყოფილხარო. თურმე მეზობელ სომეხს მიუთითებია დედაზე, ეს ომობდაო, დაჭრილებს ემსახურებოდაო. შემდეგ მოსთხოვეს მამაკაცების ადგილსამყოფლი მითითება, მაგრამ უარი უთხრა დედამ... დედა ეცემოდა და მაინც ფეხზე დგებოდა, რომ მათთვის არ დაეჩოქა.
მამაკაცების სამალავის გათქმას აიძულებდნენ, ის კი არაფერს ამბობდა. დაშინების მიზნით, ჯერ ფეხებთან მიუშვეს ავტომატის ჯერი, მაგრამ ის ადგილიდან არ დაძრულა, თვალებში უშიშრად უყურებდა, ალბათ, უკვე კარგად იცოდა, რაც ელოდა. ჯერ ფეხებში ესროლეს, შემდეგ კი მთელ ნაწამებ სხეულზე გადაატარეს ავტომატის ჯერი...
მამას 15 წუთი მისცეს, დედა რომ დაემარხა. ხელით ამოთხარა სამარე და ცელოფანში გახვეული მიწას მიაბარა, თვითონ კი გუდაუთაში ტყვედ გადაიყვანეს. ტყვედ წაიყვანეს ჩემი ძმაც. ნაწვალებს ჯანმრთელობა შეერყა. ფსიქიკურად დაავადდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე. მამამ მხოლოდ რამდენიმე წელი გაძლო. ასე გაანადგურა ჩემი სიცოცხლით სავსე ოჯახი ომმა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირინა ქარდავა.
კამანის ტრაგედიას უამრავი გმირი ჰყავს, მათ შორის არის თენგიზ ქარდავა. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ სამშობლოს იცავდა. ის 16 სექტემბერს დახვრიტეს, როდესაც 2 მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე ალმოკიდებული კამანიდან გაყავდა. მისი დახვრეტილი სხეული მეუღლემ მიწას მიაბარა. სწორედ თენგიზ ქარდავა იყო ის ადამიანი, რომელსაც სამშვიდო პროცესის დროს საკვები მიჰქონდა სამშვიდობებთან. მისი ისტორია მძმეა და ამავე დროს უცნობი. აფხაზებს მიუტევა, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომმა წარსულში დააბრუნა მისი მეუღლე მარინა ჩაკაბერია, რომელიც ამბობს, რომ დღეს ზუსტად ისე სტკივა უკრაინა, როგორც 29 წლის წინ აფხაზეთი.
„როგორც კი დაიწყო სოფელზე შეტევა, ბავშვებს მოვკიდეთ ხელი და ტყისკენ გავიქეცით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ჩემმა მეუღლემ გულზე მოიკიდა ხელი და ასეთი რამ თქვა: „მე, მომკლავენ, ჯვარი დამრჩა სახლში“... მამის ნაქონ ვერცხლის ჯვარს ატარებდა, რომელიც ტყვედ იყო გერმანიაში და ეს ჯვარი თან ჰქონია. ამ საუბრიდან ზუსტად ერთ საათში, ჩვენს თვალწინ მოკლეს ჩემი მეუღლე. როდესაც ვცდილობდით სამშვიდობოს გაღწევას, გზაში შეგვხდა შეიარაღებული ჯგუფი. ოთხმა კაცმა დაიწყო სროლა თენგოს მიმართულებით... ეს იყო საშინელება... დაფლეთილი იყო... მიუხედავად იმისა, რომ დაფლეთილი იყო, სახე სულ ნათელი ჰქონდა, მაშინ ვიგრძენი, რომ შვილებს უვნებლად გავიყვანდი.
ერთ-ერთმა აფხაზმა მკითხა - იარაღი რატომ აქვსო, რაზეც ვუპასუხე, რომ თავის სახლს იცავდა-თქო. ამის გამო ავტომატის კონდახი ჩამარტყა. ერთ-ერთმა ჩემი 3 წლის შვილს ისეთი ძალით დაარტყა, რომ ბავშვი სამჯერ დატრიალდა და გადაგორდა. გვერდით მდგომმა ჰკითხა - ბავშვს რატომ დაარტყიო, უპასუხა, რომ ხედავ, როგორ იზრდება, ჩვენებს მოკლავსო. ამის შედეგ ერთ-ერთმა აფხაზმა ბრძანება გასაცა, რომ მეუღლე დაასაფლავებინეთ, გამოიძახეთ სასწრაფო და ტყვეთა ბანაკში გადავიყვანეთოთო.
როგორც კი მეუღლის დასაფლავების უფლება დამრთეს, პატარა ბავშვებით წავედი იქ, სადაც მოკლეს, ფერდობზე დაგორებულა. მარტომ ამოვიყვანე და ჩვენი სახლის ეზოში პლედში გახვეული დავასაფლავე. მალევე მოვიდა სასწრაფოც, საბედნიეროდ სასწრაფოს ექიმი აღმოჩნდა ჩემი ნაცნობი აფხაზი, რომელიც ჩემთან ერთად მუშაობდა საავადმყოფოში. ახალ ათონში წაგვიყვანა ბებიასთან, სოხუმის აღებამდე იქ ვიყავით დამალული. მერე წამოგვიყვანა თავის სახლში და 8 თვე შეგვიფარა. ძალიან ბევრმა აფხაზმა გადაარჩინა ბევრი ქართველი, ასევე ქართველებმა გადაარჩინეს აფხაზები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მარინა ჩაკაბერიამ.
უმძმესია ზაური თოდუას ისტორია, რომელიც დაჯილდოვებულია პირველი ხარისხის ორდენით. 16 სექტემბერს ზაური თოდუა და მისი თანამებრძოლები ტყვედ აიყვანეს. ხელ-ფეხი შეუკრეს, აიძულებდნენ ეჩვენებინა ცუგუროვკის შემოვლითი გზა ბირცხის მიმართულებით, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. წამების მიუხედავად არ გასცა სამხედრო საიდუმლო, არ უღალატა თანამებრძოლებს და, მიუხედავად სასტიკი წამებისა, მტერს თავი არ დაუხარა. ხელ-ფეხშეკრული ზაური ჩააგდეს „გაზ-66“-ში და წამების შედეგ გმირი ვაჟკაცი დახვრიტეს.
„23-ე ბრიგადის მებროლი იყო. 16 სეტემბერს ქალაქში იყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ომი განახლდა, წასულა ჩვენი სოფლისკენ. ცუგუროვკასთან უკვე ტყვედ აიყვანეს ზაური და კიდევ რამდენიმე ქართველი. იქ მყოფ აფხაზს გაუცია ბრძანება, რომ ტყვეები გუდაუთაში გადაეყვანათ დ იქ დაეხვრიტათ. დაიძრნენ შრომის მიმართულებით, მაგრამ ამ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალმა აფხაზურმა შენაერთმა მანქანიდან ორი ბიჭი გადმოიყვანა, ერთ-ერთი იყო ზაური, ამის შემდეგ ზაურის კვალი იკარგება.
ვეძებდით უშედეგოდ. გადავედი გალის რაიონში, გამოვიყენე ჩემი კონტაქტები, მაგრამ მის კვალს ვერ მივაკვლიე. მშობლების გარდაცვალების შემდეგ მის ხსოვნის საპატივცემულოდ გავაკეთე ზაურის მემორიალი. უზომოდ იყო შეყვარებული აფხაზეთზე და მით უმეტეს ჩვენს პატარა კამანზე. მიუხედავად იმისა, რომ სახლი დაგვიწვეს და თავშესაფარი არ გვქონდა, სოფელს მაინც არ ტოვებდა. თვლიდა, რომ მისი მხრიდან ეს იქნებოდა დანაშაული. ასევე, უფროსი ძმა, დათო მძიმედ დაიჭრა და მიღებული ტრავმის შედეგად ისიც გარდაიცვალა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაური თოდუას და, ნინო თოდუა.
1992-93 წლებში ავღანელთა ბატალიონის შტაბს ხელმძღვანელობდა გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ნახევრად შეიარაღებულმა და მოუმზადებელმა ჯარმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წელიწადნახევარი გაუძლო რუსეთის თავდასხმას. როგორც კაპანაძე აცხადებს, აფხაზეთის წარუმატებლობა პოლიტიკური ნაბიჯებით იყო გამოწვეული, რადგან ყოველი წარამტებული შეტევის შემდეგ ხდებოდა ცეცხლის შეწყვეტაზე ხელის მოწერა.
„ეს იყო რეალობა. ჩვენ გამოვდიოდით პოზიციებიდან, აფხაზები კი ძლიერდებოდნენ და ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. ჩვენ აფხაზეთში გვებრძოდა რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მოხალისე და ქუჩაში შეკრებილი ხალხი იყო წასული საომრად, წელიწადნახევარი ვიომეთ. ნამდვილად გული მწყდება იმაზე, რომ აფხაზეთის ომი დავიწყებული გვაქვს. რა თქმა უნდა, 2008 წელს იყო გმირობის მაგალითები, მაგრამ არანაკლები იყო აფხაზეთში, თუ მეტი არა! არამარტო ტრაგედიები, არამედ იყო გმირობის უამრავი მაგალითი, როგორც სამხედრო წარმატება, ასევე მხედრული გმირობა. წარმოიდგინეთ, მოსახლეობა არ ტოვებდა ქალაქებს და სოფლებს, ჩვენთან ერთად იბრძოდნენ.
გმირობის უამრავ მაგალითებს ინახავს აფხაზეთის ომი. სოხუმის დაცემის ბოლო დღეებში ჩვენი ბატალიონი იაშტუხაზე იყო განლაგებული, ჩვენთან ერთად იყო ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის მებეძოლები, ყველა ადგილობრივი იყო. ჯგუფს მეთაურობდა სოხუმის მკვიდრი - ვახო, გვარი არ მახსოვს. ძალიან გაგვიჭირდა შეტევაზე გადასვლა, ფაქტობრივად, მსუბუქი იარაღებით ვიყავით დარჩენილები. ეს ადამიანი ტანკით ამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ადვილად შეიძლებოდა ტანკის დაზიანება. ძალიან დიდი მხარდაჭერა გაგვიწია. იმ ღამეს გავაჩერეთ მოწინააღმდეგე და ამის შემდეგ გია ყარყარაშვილმა შეძლო დამხმარე ძალის შემოყვანა.
ვახოს ვთხოვეთ მოეძებნა ისეთი ადგილი, რომ ტანკით უსაფრთხოდ შეძლებოდა მშვიდობით გასვლა, რადგან მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები. ამის მიუხედავად გამოვიდა ღია ადგილზე და 4-5 ისეთი ზალპი გააკეთა, რომ შეაჩერა მოწინააღმდეგის შეტევა, მაგრამ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებიდან ესროლეს და ააფეთქეს. ასე გმირულად დაიღუპა ეს გმირი სოხუმელი ბიჭი სახელად - ვახო. მიუხედავად იმისა, რომ ტანკისტი არ იყო, თვითონ ხელმძღვანელობდა ტანკიდან ცეცხლის წარმოებას.
გუმისთაზე განლაგებული იყო მორაგბეებით დაკომპლექტებული რაზმი. გუმისთის მეორე მხარეს გადავიდნენ და სკოლის შენობა დაიკავეს. მთელი ღამე იბრძლოეს, მაგრამ სამწუხაროდ, დახმარე ძალა ვერ წავიდა. მტერმა სკოლის შენობაში ხელყუმბარები შეყარა, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი. ნამსხვრევებისგან 30 ჭრილობა მიიღო მორაგბე გოჩა მაჭავარიანმა, ასევე დაკარგა თვალი, წარმოიდგინეთ ამ ადამიანმა, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, არ დატოვა დაჭრილი თანამებრძოლი და გამოიყვნა. ასეთი გმირი ბიჭები გვყავდა“, - იხსენებს ვახტანგ კაპანაძე.
გენერალი კაპანაძე ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა არ უნდა დაივიწყოს აფხაზეთის ომის გმირები. მისი თქმით, ის რომ დღევანდელ ქართველ ახალგაზრდობაში მებრძოლი სული არის დაქვეითებული, ჯარში მსახური კი პრობლემატური გახდა, მნიშვნელოვანწილად იმის დამსახურებაც არის, რომ თავის დროზე აფხაზეთის ომი შესაბამისად არ იქნა გაშუქებული.
„არ იქნა ნაჩვენები იმ ქართველი გმირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გმირობის და ვაჟკაცობის მაგალითები, რომელიც იქ ხდებოდა. ჩვენი თაობა გადის ამ ქვეყნიდან, ახალ თაობას არ რჩება ჩვენი გმირების მაგალითები, რომელიც აფხაზეთის ფრონტზე ხდებოდა. არ გვქონდა შეირაღება, ტყვია-წამალი, საკვები და ამ დროს გვეომებოდა მთელი რუსეთი თავისი მოხალისებიან-დაქირავებულებიანად. ამის მიუხედავად წელიწადნახევარი გავუძელით ამ ბრძოლას.
დიახ, მე ვასუბრობ სოხუმელების გმირობაზე, რომლებიც ბოლომდე იდგნენ წინა ხაზზე. უარავი შემოტევა მოიგერიეს გუმისთის დამცველებმა. უპრეცედენტოა კამანის გმირობის ისტორეიბი, ასევე გაგრის ბატალიონის ისტორიები. ასე რომ, არავისზე ნაკლები არ ვიყავით მაშინ.
უკრაინის შემთხვევაში და იგივე ბუჩაში, მოხდა ისე, რომ რუსებს უკან დაახევინეს და ნათელი გახდა მათი მხეცობები. ჩვენს შემთხვევაში კი მოხდა ისე, რომ გამოვედით. ამიტომ შესაბამისად არ იქნა შეფასებული რუსების და დაქირავებული მებრძოლების მხეცობები, რომელიც არანაკლები იყო, ვიდრე ბუჩაში და უკრაინაში. სამწუხაროდ, აფხაზეთის ნაწილში ბევრი რაღაცა დავიწყებული იქნა და ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახგანტ კაპანაძემ.
სხვის ომზე ყურდაღების გამახვილებას, ვიდრე საკუთარზე, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე იმით ხსნის, რომ დღეს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არის უკრაინაში მიმდინარე ომი, მაგრამ ამ მსოფლიოს ყურადღება ვერ მიიღო საქართველოს ომმა.
„ამიტომ, შენც გირჩევნია დადგე იქ, საითაც მსოფლიო იყურება. ამ მოვლენას ჰქვია - მატრაკვეცობა. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრს გული შესტკივა, მაგრამ ასეთი სიხშირე, ასეთი გაზრდილი დემონსტრირება და ასეთი აქცენტით, ეს აჩენს მერე იმ გულისტკივილს, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და აბსოლუტურად გეთანხმებით. ნაკლები ტრაგედია ნახა საქართველომ ჯერ 1992-93 წლებში აფხაზეთში, შემდეგ 2008 წელს?! რა თქმა უნდა - არა.
აბა, გავიხსენოთ, რამდენი ოჯახიდან ისმოდა მაშინ კივილის ხმა! საშინელება ხდებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ ოჯახებში, რომელიც სადიზმით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ვიცით ეს ისტორიები? - სამწუხაროდ - არა. ამ მაგალითებიდან, ამდენი მსხვერპლიდან და ტრაგედიიდან ვისწავლეთ რამე? - არა. რამდენი ტრაგედია გადაგვივლია საუკუნეთა განმავლობაში, მარტო ბავშვების მკვლელობა რომ აიღო, როგორც მოვლენა, შეგზარავს. მაგრამ ვისწავლეთ, შევიძინეთ რამე? - არა! ამიტომ საჩვენებლად ხდება ყველაფერი, რაც იგივეა რაც სიტყვა მატრაკვეცა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.