უკრაინის რადას თავმჯდომარე ქართველ კოლეგას ქალაქ ბუჩაში ეპატიჟება. ამის შესახებ საქართველოში უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მიწვევა თავად ჩავიდეს უკრაინის ქალაქ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახოს ომის დანაშაულები.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა, ხოლო პარლამენტის პრესამსახურში კი აცხადებდნენ, რომ მთავარ კანონმდებელს რადადან მოწვევა არ მიუღია.
დღის ბოლოს კი, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და დაადასტურა კოლეგის მოწვევა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკითხების განუმარტებლობის ფონზე ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს.
„როგორც სხვა პარლამენტების თავმჯდომარეებმა, დღეს მეც მივიღე რადას თავმჯდომარის მოწვევა, ჩავიდე უკრაინაში და საკუთარი თვალით დავრწმუნდე რუსეთის აგრესიის სისასტიკეში. შეუძლებელია, სიტყვით აღწერო ის გრძნობა, რაც ადამიანს ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი სისასტიკის ნახვისას გეუფლება. სამწუხაროდ, ეს გრძნობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. საქართველოს უახლესი ისტორია ჩვენ სწორედ ამ გრძნობით დავდივართ. ხვალაც, 9 აპრილს, სწორედ ეს გრძნობა შეგვახსენებს თავს. და ჩვენ ვიცით, რომ ეს გრძნობა გაზიარებას და მართლმსაჯულებას ითხოვს.
საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო პლატფორმას რუსული აგრესიის სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებისთვის. ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით, ჩვენ შეიძლება არ გვაქვს ფართო რესურსები და შესაძლებლობები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ისეთივე ერთი ხმა საერთაშორისო პლატფორმებზე, როგორიც მეტი რესურსების მქონე ქვეყნებს და ჩვენ ამ ერთ ხმას მტკიცედ ვიყენებთ უკრაინული სახელმწიფოს მხარდასაჭერად.
რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ, რაც არ უნდა უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებები გვესმოდეს საპასუხოდ“, - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში.
შალვა პაპუაშვილის უკრაინაში „დაპატიჟება“ საკანონდებლო ორგანოშიც შეაფასეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პარლამენტში ჩასვლას პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, შალვა პაპუაშვილს მოუწევს უკრაინაში ჩასვლა, თუმცა ეს უკვე სამარცხვინო ნაბიჯი იქნება.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უკრაინაში ჩასვლა მოუწევს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ჩასვლა იქნება სამარცხვინო ნაბიჯი. ეს არის ყურში რომ ხელი მოგკიდონ, მიგიყვანონ და გაჩვენონ, თუ რა ხდება უკრაინაში და რამდენად არაადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების რეაგირება რუსეთის აგრესიის მიმართ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან რომან გოცირიძემ.
პარლამეტის ოპოზიციის წევრს სალომე სამადაშვილის განცხადებით კი პაპუაშვილის ბუჩაში ჩასვლით გაიზომება საქართველოს უკრაინისადმი მხარდაჭერა.
„როდესაც ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, რა გამოწვევებიც დღეს უკრაინას აქვს, სხვა ქვეყნისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ყველა ვიზიტს და ჩასვლას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა. ამიტომ მე არ მიკვირს მოწოდება ელჩის მოვალეობის შემსრულებლისგან, იმიტომ რომ სწორედ ამით იზომება ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის ხარისხი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ ვიდრე უკრაინა საქართველოს მიმართ ბრალდებებს არ დაამტკიცებს, იქამდე უკრაინაში ვიზიტზე საუბარი არ უნდა იყოს.
„სანამ უკრაინის მხარეს მათი უშიშროების ბინძურ ბრალდებებზე არ ექნება არგუმენტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნება ბოდიში მოხდილი, ვფიქრობ, ასეთ საკითხებზე საუბარი არ უნდა იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას საქართველო აგრძელებს. მე მესმის მათი მძიმე მდგომარეობის, მაგრამ არსებობს სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, რომლებიც გარკვეულ წესებს მოითხოვს“, - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ.
„მოწვევა, რომელიც ნოტით არის გამოგზავნილი, რასაკვირველია, მოწვევას არ ჰგავს“, - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი უკრაინის მოწვევას და დასძენს: „უკრაინის ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას პოლიტიკოსთა დიდი რაოდენობა ითხოვს, ვინც არ შეუერთდა რეზოლუციას, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის უფლებამოსილებას აჩერებს. ასევე ქვეყნები არ შეუერთდნენ განაცხადს ტრიბუნალზე, უკრაინაში რუსეთის ქმედებების შესაფასებლად და არც ერთი ამ ქვეყნიდან არ მომხდარა ელჩების გაწვევა. ასეთი დამოკიდებულებების პირობებში, ეს არ შეიძლება მოწვევად ჩაითვალოს - ეს არის არადიპლომატიური, დაპატიჟების საკმაოდ უხეში ფორმა, რომელიც ორმხრივ ურთიერთობებს არ ეკადრება, მით უფრო საქართველოს, რომელმაც პოლიტიკურ ასპარეზზე საკმაოდ სერიოზული, მძლავრი ნაბიჯები გადადგა და თავად ძლიერ დაზიანებულმა და საფრთხის ქვეშ მყოფმა ქვეყანამ ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერა ჰქონოდა“.
მმართველი გუნდის მოსაზრებას იზიარებენ ანალიტიკოსებიც. მათი თქმით, ვიდრე უკრაინის მხრიდან დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის, იქამდე უკრაინაში ოფიციალურ ვიზიტები არ უნდა განხორციელდეს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენლები შალვა პაპუაშვილს კეთილი მიზნებისთვის არა, მაგრამ საჩხუბრად ეპატიჟებოდნენ.
„გასაჭირში მყოფი ქვეყანა გთხოვს, რომ ჩახვიდე, მაგრამ მეორე მხრივ, იგივე ქვეყანა, დღე არ გავა, რომ შეურაცხყოფა არ მოგაყენოს. ამიტომ შალვა პაპუაშვილი რთული არჩევანის წინაშე დგას. ალბათ, უკეთესი გამოსავალი იქნება, პაპუაშვილმა უკრაინის მხარეს მოსთხოვოს ბოლო დროს გამოთქმული მოსაზრებების (საქართველოდან-რუსეთში კანონდარღვევით საქონლის შეტანის შესახებ) დამადასტურებელი დოკუმენტები. ამის შემდეგ, როგორ სახეს მიიღებს ეს დისკუსია, შეიძლება მსჯელობა კეთილგანწყობის ფონზე პატიჟებს უკრაინელი კოლეგა პაპუაშვილს, თუ აგრესიული განწყობის ფონზე. უკრაინის მხრიდან აგრესიის ფონზე, დიდი შანსია, რომ ეს აგრესიული დაპატიჟება იყოს და საჩხუბრად პატიჟებდეს. ამიტომ, სადავო საკითხები ჯობია გაირკვეს და კონკრეტული ადამიანები ერთმანეთს შემდეგ შეხვდნენ. ისეთი შეხვედრა შეიძლება არაფრის მომცემი იყოს და, როდესაც ადამიანები ასეთ დაძაბულ სიტუაციაში ერთმანეთს ხვდებიან, შეიძლება ბევრი რამ უტაქტო ნათქვამი იყოს, როგორც უკრაინულმა მხარემ უკვე არაერთხელ თქვა“ - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ For.ge-თან საუბრისას.
ანალიტიკოს ირაკლი ლატარიას თქმით, ის შალვა პაპუაშვილის ადგილას უკრაინაში არ წავიდოდა.
„უკრაინა რასაც კადრულობს, მიუღებელია. მათი პრეზიდენტი გამოდის და ევროპელ ელჩებს ეხვეწება უკან დაბრუნდითო, მაშინ, როდესაც საქართველოს საელჩოს უკრაინა ერთი დღეც არ დაუტოვებია და ამ ქვეყნის მიმართ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ცილისწამებლურ განცხადებებს ავრცელებენ. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელიც ევროპაში ძალიან მალე შევა და დარწმუნებული ვარ, უკრაინას საკუთარ ქმედებაზე მკაფიო პასუხის გაცემა მოუწევს. მათ აქვთ ძალიან დიდი პრობლემა, ომში არიან და ჩვენ ამ ომში 90-იან წლებიდან ვართ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინას მხარი დავუჭიროთ, მაშინ, როდესაც რუსი ჯარისკაცები 30 კილომეტრში დგანან, მაგრამ მაინც ვრისკავთ და რუსების წინააღმდეგ განცხადებებს ვაკეთებთ. ამ ყველაფრის შემდეგ, უკრაინა, რომელიც რუსეთიდან ტრანზიტულ გაზს დღესაც ატარებს და ყოველდღიურად რუსეთთან მოლაპარაკება სურს, საქართველოდან გაქცეული კრიმინალების გამო, ჩვენს ქვეყანას ებრძვის. ეს ყველაფერი ძალიან მალე შეფასდება და საერთაშორისო ორგანიზაციები უკრაინას ამაზე მკაფიო პასუხებს მოსთხოვენ. დარწმუნებული ვარ, უკრაინა თავის ქმედებაზე მალე ბოდიშს მოიხდის. რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის წასვლა-არწასვლას, მე რომ ვიყო პარლამენტის თავმჯდომარე, ვიტყოდი: „ვიდრე ბრალდებაზე ბოდიშს არ მოიხდით, იქამდე თქვენთან ჩამომსვლელი არ ვარ“. სავარაუდოდ, შალვა პაპუაშვილიც ასე მოიქცევა“, - განუცხადა for.ge-ს ირაკლი ლატარიამ.
შალვა პაპუაშვილის უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს ანალიტიკოსი ზურა ქადაგიძე.
„უკრაინის მიმართ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველო ძალიან დიდ თანადგომას გამოხატავს. მესმის უკრაინის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები, რომელიც ძალიან მგრძნობიარე საკითხია, მაგრამ წასვლა-არწასვლაში პრობლემას ვერ ვხედავ“, - განუცხადა for.ge-ს ზურა ქადაგიძემ.