„კატენკა, არ მომწერო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს სახიფათოა. დედას კი, ვეღარ დავაბრუნებთ“

„კატენკა, არ მომწერო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს სახიფათოა. დედას კი, ვეღარ დავაბრუნებთ“

უკრაინაში ომი გრძელდება, სასტიკი და დაუნდობელი, მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლით და დღის სინათლეზე გამოტანილი რუსული სამხედრო დანაშაულობებით. ბუჩა და ბოროდიანკა სისხლიანი აისბერგის მხოლოდ მწვერვალია. რუსული ოკუპაციისაგან ყოველდღიურად ახალ-ახალი დასახლებები თავისუფლდება და სრულიად მსოფლიო დაუნდობელი რუსული სამხედრო მანქანის ახალი დანაშაულებების მოწმე ხდება, მარიუპოლში დაუდასტურებელი მონაცემებით, ხუთი ათასამდე მშვიდობიანი მოსახლეა გარდაცვლილი.

რუსები უკრაინას ე.წ. „ნაცისტებისაგან“ წმენდავენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ „პუტინი და მისი რაზმი“ ადამიანების განადგურების საქმეში ჰიტლერს არათუ ჩამოუვარდებიან, სჯობნიან კიდეც. უბრალოდ, დაუჯერებელია, რომ ევროპის შუაგულში მიმდინარე ამ აპოკალიფსურ მოვლენებს ცხადში ვუყურებთ და არა რომელიმე ფანტასტიკური ან საშინელებათა ჟანრის კინოსურათში. სამწუხაროდ, ეს მწარე რეალობაა და გვინდა-არ გვინდა მასთან შეგუება გვიწევს.

ბუჩას ტრაგედიის შემდეგ „ცივილიზებულმა მსოფლიომ“ თითქოს „გამოიღვიძა“ და უკრაინას მეტი მხარდაჭერა აღუთქვა, ძირითადად, სამხედრო თვალსაზრისით, რომელიც ზელენსკის თანამემამულეებს რუსეთზე შურისძიებას გაუადვილებს.

თავად რუსეთი ჩრდილოეთ კორეის მსგავს ქვეყანად გარდაიქმნა. ერთ უბრალო მაგალითს მოგიყვანთ. ფეხბურთში იტალიისა და გერმანიის პირველობის რამდენიმე შეხვედრის ტელერეპორტაჟი დაწყებისთანავე რუსეთში მხოლოდ იმ მიზეზით გაწყვიტეს, რომ ტრიბუნებზე უკრაინის მხარდამჭერი ლოზუნგები იყო გამოფენილი.

ბევრია საუბარი ე.წ. „ორ რუსეთზე“ - პუტინისაზე და ტოლსტოი-დოსტოევსკისაზე. სამწუხაროდ „ამ ჭიდილში“ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა. რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ რუსეთის მოსახლეობის უკვე 80-82 პროცენტი უკრაინაში აგრესიას მხარს უპირობოდ უჭერს. რა დოსტოევსკი, ტოლსტოი, პასტერნაკი ან ტურგენევი? მთელი ქვეყანა ნიშანი „Z“-ის ირგვლივაა დარაზმული. არა მარტო რუსეთში, რამდენიმე დღის წინ, დღისით-მზისით, ქალაქ ბერლინის ცენტრში ხუთი ათასმა რუსეთის მოქალაქემ საკუთარი ავტომობილებით, პუტინის მხარდამჭერი ხმაურიანი მსვლელობა მოაწყო. ალბათ, იკითხავთ, - და ბერლინის პოლიცია? არაფერი შეგეშალოთ. გერმანია დემოკრატიული ქვეყანაა და საკუთარი აზრის გამოხატვის ნება ნებისმიერ მოქალაქეს გააჩნია. ანალოგიური მსვლელობა, ოღონდ უფრო მცირე მასშტაბით საბერძნეთის დედაქალაქ ათენშიც გაიმართა. იქაც, „ავტომანიფესტანტების“ უსაფრთხოებას ადგილობრივი პოლიცია იცავდა.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთში ხალხის საპროტესტო გამოსვლები ერთგვარად მინავლდა. სამ აპრილს ომის საწინააღმდეგო მიტინგები რუსეთის 17 ქალაქში გაიმართა და რუსმა სამართალდამცველებმა „მხოლოდ“ 200 ადამიანი დააკავეს, არადა საომარი მოქმედებების პირველ დღეებში, ყოველდღიურად ათასიდან ორი ათასამდე მანიფესტანტს იჭერდნენ.

ტელეკომპანია „დოჟდი“ დროებით არ ფუნქციონირებს, მხოლოდ „You Tube“-ზე თუ იხილავთ ცალკეულ ახალ მომზადებულ ანალიტიკურ გადაცემებს. „ნასტოიაშეე ვრემია“ გადაცემებს პრაღიდან აწარმოებს. მისი ჟურნალისტები რუსეთში მოსახლეობას ყოველდღე ესაუბრებიან. რესპოდენტების უმრავლესობა უკრაინელი „ფაშისტების“ დასჯის მომხრეა და პუტინის ნებისმიერ გადაწყვეტილებას იწონებს. ამ ადამიანების ძირითადი ნაწილი პროვინციელი „ბაბუშკები“ და „მუჟიკები“ კი არ არიან, არამედ ე.წ. საშუალო კლასის წარმომადგენლები. ვინც საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტის ქმედებას არ იწონებს, პირადი უსაფრთხოების გამო ხმას ვერ იღებს.

რა უნდა იფიქრო ქვეყანაზე, რომლის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სჯერა, რომ ბუჩას ტრაგედია უკრაინელი სამხედროების მიერ ინსპირირებული სანახაობაა, სადაც სპეციალური თოჯინები ვითომ ნაწამებ გარდაცვლილებს ასახიერებენ, რომ მარიუპოლი უკვე რუსების ხელშია და პუტინის ჯარისკაცები დამშეულ უკრაინელებს ყოველდღე ახალ-ახალ ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემენ.

ერთ ციტატას მოგიყვანთ, რომელიც 16 წლის მარიუპოლელ კატიას ეკუთვნის. კატია, დედამისი და ძმა სარდაფში დღეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. შემდეგ დედა გარდაიცვალა. გოგონამ და მისმა ძმამ ომის საშინელებას თავი რაღაცნაირად დააღწიეს და კატიამ რუსეთში, ღვიძლ ბიძას დაურეკა...

„მტკივნეულია, როცა დედა შენს თვალწინ კვდება. ძმა კი, მასთან მიდის და ეუბნება: „დედიკო, ნუ გძინავს, გაიყინები.“ და ჩვენ ვერასდროს მივალთ მის საფლავთან. ის ნესტიან და ბნელ სარდაფში დარჩა. მე მძულს რუსეთი. ჩემი ღვიძლი ბიძა იქაა. იცით, მან დღეს ტელეფონში რა მითხრა? „კატია? რომელი კატია? გოგონა, მე თქვენ არ გიცნობთ. რომელი ომი, რომელი კატია?“ შემდეგ კი, სხვა ნომრიდან მომწერა: „კატენკა, არ მომწერო. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, ეს სახიფათოა. დედას კი, ვეღარ დავაბრუნებთ.“ მე ვერ ვიტან მათ! ეს ხომ მისი ღვიძლი და იყო?! ასე როგორ შეიძლება? ...იცით, მე ვფიქრობ, დავბრუნდები მარიუპოლში. და ვიცხოვრებ იქ იმავე ადგილას. და ყოველთვის, ერთსა და იმავე დღეს ჩავალ ახალი სახლის სარდაფში და ყვავილებს დავდებ.“

ერთი კვირის წინ ცნობილმა ფრანგმა მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ რუსეთის უკრაინაში ქმედება გააკრიტიკა. გავიდა რამდენიმე დღე და ახლო წარსულში კადიროვისა და პუტინის „დიდი მეგობარი“ რუსეთში კანონგარეშედ გამოაცხადეს. დეპარდიეს თავი დავანებოთ. უკეთეს მაგალითს მოგიყვანთ. პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ სრიალში ცნობილი მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე რუსებმა ლამის ეროვნულ გმირად გამოაცხადეს. არ დაიჯერებთ და ეს უკანასკნელი ამჟამად „მოღალატეთა“ რანგში მოიხსენიება. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მწვრთნელმა რუსეთში უკვე აკრძალულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში საკუთარი მიკრობლოგიდან წაშალა სახელმწიფო დროშისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფოტოები. ამ ფაქტზე ყურადღება „РИА ФАН“-ის ჟურნალისტებმა გაამახვილეს.

სამაგიეროდ, რუსეთს ახალი გმირებიც ჰყავს. მაგალითად ნაწილობრივ პოპულარული, მაგრამ უნიჭო მომღერალი აბრაამ რუსო, რომელმაც რუსეთიდან წასული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები გაქცეულ ძაღლებს შეადარა. გმირია გრიგორი ლეპსი, რომელიც პუტინის მხარდამჭერ ყველა ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს. სხვათა შორის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შემდეგ ლეპსმა 20 მილიონი დოლარი დაკარგა, რომელსაც ამერიკულ და ბრიტანულ ბანკებში ინახავდა.

რუსეთის გმირია ეროვნებით უკრაინელი მომღერალი ანი ლორაკი, რომელმაც ერთხელაც კი არ დაგმო რუსული არმიის სისასტიკე თავის ისტორიულ სამშობლოში. რამდენიმე დღის წინ უკრაინის ქალაქ ჩერნივიცში ანი ლორაკის ვარსკვლავი მოხსნეს და მისი ქმედებების გამო უკრაინელებმა პროტესტი ამ სახით გამოხატეს.

უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტებს ატარებენ ლეონიდ აგუტინი და ანჟელიკა ვარუმი, ამ დროს პუტინს მხარდაჭერას ღიად უცხადებენ ფილიპ კირკოროვი, სტას მიხაილოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ვლადიმირ მაშკოვი, ნიკოლაი რასტორგუევი.

სამწუხაროდ, ზემოთჩამოთვლილი პიროვნებების გვერდით მოიხსენიება ცნობილი ქართველი მოცეკვავე ნიკოლოზ ცისკარიძეც, რომელიც არ აპირებს რუსეთის დროშის გარეშე რომელიმე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას. ამის შესახებ მან რუსულ პირველ არხს განუცხადა. – „მე, როგორც რუსი არტისტი, რუსული დროშის გარეშე არასდროს არსად გამოვალ!..“ - ასეთია ცისკარიძის სიტყვები.

სამწუხაროდ, პუტინის პროპაგანდა რუსეთის მოსახლეობის ტვინების გამორეცხვის მისიას თავს კარგად აბამს. ქვეყნის სახელმწიფო ტელევიზიები ომის დაწყების პირველ დღეებში ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის არმია მასობრივად რუსეთის მხარეზე გადადის და იარაღს ყრის. ბრძოლით კი „ნაცისტები“ და „ბანდერელები“ იბრძვიან, რომლებიც ავღანელი მოჯაჰედების მსგავსად ტყვიამფრქვევებით შეიარაღებული ღია ამერიკული ჯიპებით გადაადგილდებიან. ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ რუსი ტელეწამყვანების არსენალიდან „ნაცისტური დაჯგუფებები“ და ღია ჯიპები გაქრა და მათი ადგილი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავა. უკანასკნელი დღეების განმავლობაში კი სრულიად რუსული პროპაგანდისტული მანქანა უკრაინის მიერ ბუჩას ტრაგედიის ინსცენირების დადგმას ამტკიცებს.

უკრაინაში კი სასტიკი ომი გრძელდება, თავისი სისასტიკითა და უდანაშაულო ადამიანების სისხლით. წერილს ერთი ციტატით დავასრულებთ. უკრაინელმა მომღერალმა ანასტასია პრიხოდკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მძულხარ! ჯანდაბა! შენი შვილები, შენი ხალხი, შენი ქვეყანა! მინდა შენი სული სამუდამოდ იტანჯებოდეს ჯოჯოხეთში!“