პროსტიტუციის გამო გონიოს სახელი გაუტყდა

პროსტიტუციის გამო გონიოს სახელი გაუტყდა

გონიოს მოსახლეობა ღირსების დაბრუნებას ითხოვს და მთავრობას პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს აანონსებს.  

მოსახლეობა აპროტესტებს, რომ თურქებმა გონიო პროსტიტუციის ცენტრად გადააქციეს, რის გამოც, სოფელს სახელი გაუტყდა და საზღვაო სეზონზე დამსვენებლები გონიოს აღარ ეწვევიან. მათ კი სურთ, რომ დამსვენებლები არა მარტო უცხოეთიდან მიიღონ, არამედ თბილისიდან, ქუთაისიდან და სხვა ქალაქებიდან.

გონიოს მკვიდრი ენვერ ირემაძე აცხადებს, რომ ადგილობრივები შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი და ამიტომაც იძულებულნი არიან, ბინები თურქებს მიაქირაონ. თუმცა მათთვის არასასიამოვნოა თურქი კაცებისა და უზბეკი ქალების ქუჩებში „სეირნობა“.

გონიოს საშუალო სკოლის პედაგოგები ადასტურებენ, რომ განსაკუთრებით სახიფათო გარემოა შექმნილი სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან პროსტიტუციის ასეთი აშკარა პროპაგანდა მოზარდებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

კერძოდ, საღამოს საათებში შეუძლებელია თავისუფლად გადაადგილება. ბავშვებზე მოქმედებს უცხო მამაკაცების მზერა, უარყოფითი ფაქტებიც ფიქსირდება. ამ ვითარებაში მომავალი თაობის ნორმალურად ჩამოყალიბება შეუძლებელია და ეს საერთო ტკივილია როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ზრდასრული ასაკის მოსახლეობისთვის.

For.ge ადგილობრივებს ესაუბრა. გონიოს მკვიდრი გიგა ქოქოლაძე აცხადებს, რომ უკვე რამდენიმე წელია, გონიოში თავისუფლად გავლა არ შეიძლება. საკმარისია “იუთუბიზე” სიტყვა “გონიო” ჩაწეროთ და რა კადრებიც გამოჩნდება, მკითხველმა უნდა შეაფასოს.

საქმე ისაა, რომ თურქებს ჩამოჰყავთ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები და მათი 90 % უზბეკეთის მოქალაქეა. საინტერესოა ისიც, თუ როგორ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები საქართველოში. კერძოდ, თურქეთის სახელმწიფომ ისინი დეპორტაციას დაუქვემდებარა, მათ პასპორტები გაუფუჭეს და თავიანთი ქვეყნიდან გააძევეს. ამ დროს კი საქართველო მათ მფარველობს.

„ადგილობრივი პატიოსანი მოსახლეობა ერიდება ღამის საათებში ქუჩაში გასვლას და თუნდაც მაღაზიაში შესვლას. პროსტიტუციაში ჩართული მამაკაცების უმეტესობა მძღოლები არიან, ისინი გაუნათლებელი ხალხია და ვერ არჩევენ, ვინ არის ადგილობრივი, ვინ - ჩამოსული, არც იმას დაგიდევენ, ვინ არის პატიოსანი თუ მსუბუქი ყოფაქცევის. ყოფილა შემთხვევა, როცა ადგილობრივს ესტუმრა სტუმარი ქალბატონი და მას ავტომანქანის სიგნალით მოაცილებდნენ და თვალებით მიანიშნებდნენ უზნეო საქციელზე. ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღებელია. არაერთხელ დაძაბულა სიტუაცია, პოლიციაც ჩარეულა ამ საქმეში, ჩხუბიც მომხდარა. აქამდე ადგილობრივები ამ ყველაფერს, ასე თუ ისე, ითმენდნენ, ახლა კი მათი მოთმინების ფიალა აივსო. გონიო საკურორტო ზონაა და შარშანდელი სეზონის ჩავარდნაც ამით აიხსნება“, - აცხადებს გიგა ქოქოლაძე.

მისი თქმით, არცერთ მამაკაცს არ სიამოვნებს, როცა საკუთარ მეუღლესთან ერთად პლაჟზე გასეირნებისას ასი თურქი მამაკაცი გიყურებს უნახავი თვალებით. გონიოელები აცხადებენ, რომ ბათუმის ყოფილი მერი რობერტ ჩხაიძე ჯერ კიდევ შარშან დაპირდა მათ პრობლემის მოგვარებას და პირად საუბარში არც ის დამალა, მეც რომ დამსვენებელი ვიყო, საკუთარ ოჯახთან ერთად აქ ვერ დავისვენებდიო.

გიგა ქოქოლაძის ინფორმაციით, ყოფილა შემთხვევები, როცა თურქები გონიოს სკოლის მოწაფე გოგონებს გამოსდევნებიან და ფულს სთავაზობდნენ. ამდენად, იგი იმედოვნებს, რომ გონიოელების საპროტესტო აქციის შემდეგ ადგილობრივი მთავრობა მიხედავს ამ პრობლემას. მით უფრო, რომ მათთან ჩავიდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და საქმეში შესაბამისი სტრუქტურების ჩართვას დაპირდნენ.

„გვინდა, მოისპოს გონიოში პროსტიტუცია და მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები მოგვაშორონ. თორემ თურქების მიმართ სიძულვილი არ გვაქვს. ამ აკრძალვით თურქებს ბიზნესი თუ ჩაუვარდებათ, ეს ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს“, - აღნიშნა გიგა ქოქოლაძემ. 

აჭარის მკვიდრი, უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე აცხადებს, რომ გონიოელთა პრობლემის შესახებ რამდენიმე წლის წინ მედიასივრცეში პირველად მან გაავრცელა ინფორმაცია. კერძოდ, იგი განმარტავდა, რომ გონიოში დაქირავებული კერძო სახლები, ერთი მხრივ, იქაური მოსახლეობისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო გახლდათ, მაგრამ, მეორე მხრივ, უბედურება ის იყო, რომ თურქეთიდან გადმოსული თურქი მოქალაქეები არ ერიდებოდნენ და გონიოში ღიად მიმდინარეობდა პროსტიტუციის კამპანია.

უფლებადამცველის ინფორმაციით, პოლიციას არაერთხელ დაუკავებია მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსნები, რამდენიმე სასტუმროს მეპატრონეს კი დაუმტკიცდა, რომ ისინი ეწეოდნენ ამ ბინძურ საქმიანობას. თუმცა ამით პრობლემა არ გადაწყვეტილა და მოსახლეობა დღემდე შიშობს, რომ ამ ბინძურმა კამპანიამ შეიძლება დააფრთხოს ტურისტები.

„აქ უფრო საოჯახო ტიპის სასტუმროებზეა საუბარი, რომლებსაც თურქებზე აქირავებენ. მოგეხსენებათ, აჭარაში ყველაზე კარგი ტურისტული სეზონი მხოლოდ ერთი თვის განმავლობაშია - აგვისტოში, დანარჩენ პერიოდში სამ და ოთხსართულიანი სახლები ცარიელი დგას და, ამდენად, თურქების ჩამოსვლა მართლაც შემოსავლის წყაროა. ხომ შეიძლება აღვირახსნილ ფორმატში არ იყოს ეს ყველაფერი და თურქეთის მოქალაქეები ცოტა უფრო ნორმალურად მოიქცნენ?! სასტუმროში რომ შედიოდნენ და ამას ვერავინ  ხედავდეს, ეს კიდევ დასაშვებია, მაგრამ ისინი უკვე არაფერს ერიდებიან, თითქოს თავის სახლში არიან და უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან შემოსული მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად ერთობიან“, - აცხადებს თამაზ ბაკურიძე.