უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი მოსკოვში გაემგზავრნენ. მათ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ჯაბაროვთან გამართეს შეხვედრა.
შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე იმსჯელეს.
„ჩვენს ქვეყნებს მეგობრობის ასწლეულები აკავშირებთ და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს რუსეთთან კავშირების გაფართოებას“, – განაცხადა ჯაბაროვმა.
პარტიის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსკოვში საქართველოს ნეიტრალიტეტზე სასაუბოდ ჩავიდა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ უკრაინას ტრაგედია საქართველოზე არ გადმოვიდეს. ჩვენ ვხედავთ და გვესმის განცხადებები ზელენსკის მთავრობის მხრიდან, ეს განცხადებები კი მეტყველებს იმაზე, რომ პირდაპირი მცდელობაა საქართველო ომში ჩაითრიონ. ომის პირობებშიც, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ელაპარაკებიან. ჩვენ ვხედავთ შოლცი რამდენჯერ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ასევე ვხედავთ, თუ როგორ აქტიურობს მაკრონი. საჭიროა ნეიტრალიტეტის პლატფორმის მხარდაჭერა, ჩვენ ეს მიგვაჩნია საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიად და სწორად. როდესაც არის ომი, მას ყოველგვარი სიმძიმე ახლავს თან. ომის სიმძიმე საუბედუროდ ყოველთვის მოსახლეობას ეხება. დიალოგი და საუბარი არანაირად არ არის მოღალატეობა ეს არის შენი სამშობლოს დაცვა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების რუსეთში ვიზიტს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მათი მოსკოვში ვიზიტი კატეგორიულად მიუღებელია.
„რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცება, ქვეყანა ინგრევა და ქალაქები ნადგურდება?! ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები და ჩემთვის პირადად კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტს მმართველი გუნდშიც გმობენ. როგორც უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა for.ge-თან საუბარში განაცხადა, იმ ფონზე, როდესაც უკრაინა საქართველოს რუსეთთან ერთად კონტრაბანდაში ადანაშაულებს, ამ დროს ოკუპანტ ქვეყანაში ჩასვლა მიუღებელია.
„უკრანის მხრიდან გაჟღერებულ ბრალდებებს საქართველომ მკაფიო პასუხი გასცა. უკრაინული მხარიდან მტკიცებულებების დადასტურება მოვითხოვეთ. თუ არ იქნება მტკიცებულებები, მაშინ ეს შეფასდება დეზინფორმაციად და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებად. ეს არის ერთი მოცემულობა. მეორე მოცემულობა არის ის, რომ უკრაინაში აგრესორი რუსეთი საშინელ სისხლისღვრას აწარმოებს და ამის ფონზე რომელიმე პოლიტიკური ძალის რუსეთში ვიზიტი არათუ მოწონებული, არამედ მიუღებელია“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ „პატრიოტთა ალიანსი“ „მოღალატე ალიანსად“ მონათლა.
„ზოგადად, დიალოგების წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ, იქ რაზეც საუბრობენ და შემდეგ აქ რასაც აჟღერებენ, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. სწორედ, ამიტომ ვთქვი, რომ ესენი „პატრიოტთა ალიანსი“ კი არა, ისინი „მოღალატეთა ალიანსი“ არიან, რადგან საქართველოსთვის დამამცირებელ განცხადებებს აკეთებენ“, - აღნიშნა ოპოზიციის წარმომადგენელა for.ge-თან საუბრისას.
ოპოზიციის პარტიის მოსკოვში ვიზიტი ანალიტიკოსებისთვისაც მიუღებელია. ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ როდესაც უკრაინაში ომი არ დასრულებულა და უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკება მიღწეული არაა, ამ დროს საქართველოს ნეიტრალიტეტზე საუბარი უადგილოა.
„პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი პოლიტიკური მიმართულება აქვს. ისინი მუდმივად თავიანთ გეგმაზე საუბრობენ და ახორციელებენ - ეს არის დიალოგი რუსეთთან. მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ამ მძიმე პერიოდში, როდესაც უკრაინაში სისხლისმღვრელი ომია, როდესაც თავად რუსეთ-უკრაინას შორის არ არის მიღწეული არანაირი შეთანხმება, ამ დროს მოსკოვში მოლაპარაკებები საქართველოს ნეიტრალიტეტზე, პოლიტიკურ-დიპლომატიური თვალსაზირსით, უადგილოა. ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორი იქნება უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების ბედი, ომი არ დასრულებულა, კიდევ გრძელდება, ამიტომ ასეთი ვიზიტი უდროო იყო“, - განუცხადა გია აბაშიძემ For.ge-ს.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტში ხელისუფლებას ადანაშაულებს და for.ge-თან განმარტავს მმართველი გუნდის დანაშაულს.
„დღეს, როდესაც ომი მიმდინარეობს „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი მიუღებელია. ამ შემთხვევაში აქცენტი უნდა გავაკეთოთ მოღალატეობაზე, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ეწევა. ასევე სხვა პრობლემას ვხედავ. ამ პრობლემას ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაში ვხედავ. კი, დღეს მმართველი გუნდი „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს გმობს, მაგრამ საერთო ჯამში, ხელისუფლება ინაშვილის პარტიას არ აკრიტიკებს. ისინი მხოლოდ დასავლური პარტიის კრიტიკაში არიან. საერთო ჯამში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი არის სიბნელე და მათი ვიზიტის გამო ჩნდება კითხვები - ჩვენ ევროპა გვინდა თუ არა?“, - განაცხადა ჩიტაძემ.