ყაზახებიდან ვალის ამოქაჩვა ვერანაირი საშუალებით ვერ ხერხდება

ყაზახებიდან ვალის ამოქაჩვა ვერანაირი საშუალებით ვერ ხერხდება

“ყაზტრანსგაზ-თბილისის” დავალიანების პრობლემა ვერაფრით მოგვარდა. ამიტომაც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ “ყაზტრანსგაზ-თბილისის” დროებით მმართველს უფლებამოსილება კიდევ ერთი წლით გაუგრძელა. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კი მრავალწლიანი გაუგებრობის მოსაგვარებლად ყაზახეთში მიემგზავრება.

დროებითი მმართველის კიდევ 1 წლით დატოვების შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო. მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

სპეციალური მმართველი თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში მარეგულირებელმა 2009 წლის 16 მარტს დანიშნა, რომელსაც უფლებამოსილება 2013 წლის 1-ელ მაისს ეწურებოდა. თუმცა, აპრილის ბოლოს მას 1 თვით გაუგრძელეს უფლებამოსილება იმის იმედით, რომ ივნისამდე საქართველო და ყაზახეთი “ყაზტრასგაზ-თბილისის” დავალიანებასთან დაკავშირებით საერთო ენას გამონახავდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

4 წლის წინათ სპეციალური მმართველის დანიშვნის მიზეზი კომპანიის 80 მლნ ლარზე მეტი კრედიტორული დავალიანება გახდა. მათ შორის, “ყაზტრანსგაზ თბილისს” 68 მლნ ლარი მიღებული ბუნებრივი გაზისათვის “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” მართებდა, ხოლო 12 მლნ ლარი - “ნიუ ენერჯის” და რამდენიმე კომპანიის. ამ დრომდე მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია გასტუმრებული და 70 მილიონამდე ყაზახებს კვლავ ვალად აწევთ.

სემეკის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი ადასტურებს, რომ კომპანიას კიდევ რჩება დავალიანება და მის სრულად დაფარვამდე “ყაზტრანსგაზ-თბილისს” სახელმწიფოს მიერ დანიშნული მმართველი უხელმძღვანელებს. რადგანაც სრული დაფარვა ვერაფრით ხერხდება, რჩება ერთი გამოსავალი: “ყაზტრანსგაზის” დარჩენლი 70 მილიონი, საქართველოს ყაზახეთის მიმართ არსებული დავალიანების (100 მლნ ლარი) ნაწილში გაიქვითოს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებს თბილისში ჩამოსვლისა და საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებდა. თუმცა, ეს შეხვედრა ვერ შედგა.

ახლა კი ენერგეტიკის მინისტრი თავად გეგმავს ყაზახეთში ვიზიტს. სამინისტრო მზად არის, მოლაპარაკებებში ჩაერთოს და შეხვედრა ყაზახეთში სავარაუდოდ ივნისში გაიმართება.  მინისტრის პირველი მოადგილის ილია ელოშვილის ცნობით, “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მართვაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნება გამორიცხული არ არის, თუმცა ამ მიმართულებით მოლაპარაკებებია საჭირო.

კალაძისა და ყაზახი კოლეგების შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა კომპანიის მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება იქნება, მით უფრო, რომ ყაზახური მხარე კომპანიის მათთვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს.

ყაზახეთის სრულუფლებიანი ელჩი ადილ ტურსუნოვი აცხადებს, რომ კომპანიის ყაზახური მენეჯმენტისთვის უმოკლეს ვადებში დაბრუნების შემდეგ ვალის დაბრუნება მოხდება. ელჩის თქმით, მთავრობის ცვლილება ოქტომბერში ყახაზი ინვესტორებისთვის პოზიტიური ნიშანი იყო და მოლოდინში არიან თუ როგორ გადაჭრის ახალი მთავრობა ყაზახი ინვესტორებისთვის შექმნილ პრობლემებს. თუმცა, მთავრობის ცვლილებიდან რამდენიმე თვე გავიდა და მისი თქმით, “ყაზტრანსგაზის” საქმეში პროგრესი არ ჩანს.

ყაზახ დიპლომატს ეტყობა დაავიწყდა, რომ თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანია ყაზახებს ჩალის ფასად მიყიდეს და იმ მომენტიდან უმოკლეს პერიოდში ე.წ. ინვესტორებმა კომპაინის 80-მილიონიანი ვალი აჰკიდეს. რაც ყველაზე მთავარია, დავალიანების წარმოშობიდან 4 წელია გასული და იგი მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა.