„საზოგადოებას მწერალთა ცირკს ნუ დავანახებთ“

„საზოგადოებას მწერალთა ცირკს ნუ დავანახებთ“

მწერალთა კავშირის მოქმედ და ყოფილ თავმჯდომარეებს შორის ვითარება დაიძაბა. საგანგებო ყრილობაზე ალტერნატიული კავშირი დაარსდა და, როგორც მწერალი და პუბლიცისტი თამაზ წივწივაძე აცხადებს, ხმათა უმრავლესით იგი ყოფილ თანამდებობაზე დააბრუნეს. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ ხელმძღვანელობს მწერალთა გაერთიანებას. წესდების თანახმად, მაყვალა გონაშვილი თანამდებობაზე კიდევ ერთი წლით რჩება. სავარაუდოდ, ქართველ მწერალთა აკადემია მაჩაბლის 13-ში განთავსდება. მაყვალა გონაშვილი თამაზ წივწივაძის ახალ თანამდებობაზე ყოფნას ლეგიტიმურად არ თვლის და აცხადებს, რომ ეს იგივეა, მან ინგლისის დედოფლობა რომ გამოაცხადოს. მისი თქმით, რიგგარეშე ყრილობის მოწვევისთვის 300-ზე მეტი დელეგატი იყო საჭირო, ამასთან, წივწივაძე მწერალთა კავშირის მოქმედი წევრი უნდა ყოფილიყო და აღნიშნული კავშირი 10 წლის წინ არ უნდა დაეტოვებინა. „საზოგადოებას მწერალთა ცირკს კიდევ ერთხელ ნუ დავანახებთ“, - ასეთია მისი პოზიცია.

როგორც ამბობენ, პრეტენზიები მაყვალა გონაშვილის მიმართ მაშინ გაჩნდა, რაც მან მერიის დაფინანსებით ახალგაზრდა მწერალთა კონკურსების ჩატარება დაიწყო. ამიტომ, სავარაუდოდ, მას ხარჯთაღრიცხვის წარდგენას მოსთხოვენ მწერლები.

მწერალთა ნაწილი მწერალთა კავშირის ფუნქციონირებას დრომოჭმულად მიიჩნევს. პოეტ ზაზა ქინქლაძისთვის „დღეს მწერალთა კავშირი გამოხრული ძვალია“ და მისი ფუნქცია ამოწურულია.

მწერალთა კავშირის შენობაში გამართულ შეკრებაზე ისიც ითქვა, რომ მწერლები მიუახლოვდნენ იმ საბედისწერო ზღვარს, რომლის იქითაც ერთი ნაბიჯიღა რჩება. მწერალთა კავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობა კი დაემსგავსა დაფასთან გასულ მოწაფეს, რომელმაც გაკვეთილი არ იცის და გაფაციცებით ეწაფება ხელისუფლების ზღაპარს.

„ქართული მწერლობა არ არის მათი, ვინც დღეს კავშირის სათავეშია, არც იმათი, ვინც მათ გვერდით არ არის. ჩვენ ახალი გონაშვილები და ოთარაშვილები კი არა, აზრი და გონება გვჭირდება“, - განაცხადა თამაზ წივწივაძემ მწერალთა შეკრებაზე. სწორედ ამით ახსნა მან ახალი „მწერალთა აკადემიის“ შექმნის იდეა.

მწერალთა ალტერნატიული კავშირის შექმნის შესახებ For.ge მწერლებს დაუკავშირდა.

მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე, პოეტი ბაღათერ არაბული აცხადებს, რომ გაერთიანების შექმნის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს რომელიმე ტრადიციული გაერთიანების ხარჯზე. მწერალთა კავშირი კი ისტორიული ორგანიზაციაა, რომლის სათავეებთანაც იდგნენ კონსტანტინე გამსახურდია, პაოლო იაშვილი, პავლე ინგოროყვა და სხვები და 1917 წელს მწერალთა კავშირი არ შეუქმნიათ კომუნისტებს თუ ბოლშევიკებს. მეტიც, მთელი ქართული კულტურა ტრიალებდა მწერალთა კავშირის ირგვლივ და იგი არამატერიალური ძეგლია.

„ვისაც უნდა, დარჩება მწერალთა კავშირში, ვისაც უნდა, მწერალთა აკადემიაში გაერთიანდება. მწერალთა აკადემიის ხელმძღვანელ თამაზ წივწივაძეს რაც შეეხება, იგი მწერალთა კავშირის წევრობიდან მაშინ გავიდა, როცა მწერალთა კავშირს ყველაზე მეტად უჭირდა. არც ელიზბარ ჯაველიძეა მწერალთა კავშირის წევრი, არც რეზო ამაშუკელი. ამდენად, გარეთ მყოფმა პირებმა რომ მოინდომონ ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მოხსნა, ეს გამართლებული არ იქნება. ისინი მწერალთა კავშირის წევრები თუ გახდებოდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდათ უფლება მწერალთა კავშირიდან რამე მოეთხოვათ“, - აცხადებს ბაღათერ არაბული.

მისი თქმით, სააკაშვილის პერიოდში, როდესაც მწერალთა კავშირი გამოაგდეს კუთვნილი შენობიდან, სწორედ ამ კავშირის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ გადაარჩინა გაჭირვებული მწერლების უმრავლესობა მცირედი დახმარების საშუალებით. საამისოდ მათ გრანტებიდან, სხვადასხვა პროგრამებიდან თანხები მოიძიეს. მწერლები დღესაც ქუჩაში არიან, კვლავაც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა ეს შენობა და იქ მხოლოდ ღონისძიების ჩასატარებლად შედიან.

„თუ მწერალთა კავშირში შემოვა თამაზ წივწივაძე, შესაძლოა, იგი გახდეს კიდეც მწერალთა კავშირის მომავალი თავმჯდომარე. მთავარია, არ მოხდეს მწერლების დაპირისპირება“, - აღნიშნა ბაღათერ არაბულმა.

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი აცხადებს, რომ არაფერი იცის ალტერნატიული მწერალთა კავშირის შექმნის შესახებ. უბრალოდ, მას რამდენიმე ახალგაზრდა, ცნობილმა მწერალმა დაურეკა და უთხრა, რომ მათ ამ აკადემიაში შესვლას სთავაზობდნენ და არწმუნებდნენ, თითქოს, პირადად ჯანსუღ ჩარკვიანი და ჭაბუა ამირეჯიბი აღნიშნული ორგანიზაციის წევრები იყვნენ. ეს მაშინ, როცა ჯანსუღ ჩარკვიანისთვის ამ თემაზე არავის არაფერი უთქვამს.

„მე მწერალთა კავშირის წევრი ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება და როგორი ახალი ორგანიზაციაც არ უნდა შეიქმნას, მისი წევრი არ გავხდები. ვფიქრობ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ გაამართლა ჩვენი იმედები, ჩვენ უნდა გვებრძოლა იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა ჩვენი სასახლე. ეს ქალბატონი იბრძოდა და იბრუნებს კიდეც ამ სასახლეს და ახლა აგვიტყდა ახალი მწერალთა აკადემიის და ახალი მწერალთა კავშირის შექმნა? პატარები ხომ არ ვართ?“ - აინტერესებს ჯანსუღ ჩარკვიანს და აცხადებს, რომ, თუკი ახალგაზრდობა რაიმე ახალს შექმნის, ამას მიესალმება. ხოლო, როცა მისი თაობა რაღაც ახალს ქმნის, ეს გაუგებარია.

პოეტი რეზო ამაშუკელი აცხადებს, რომ მასაც დაუკავშირდნენ მწერლები და აცნობეს, რომ უნდოდათ ახალი გაერთიანების შექმნა და ისიც შეუერთდა ამ მწერლებს - თამაზ წივწივაძეს, გენო კალანდიას, ელიზბარ ჯაველიძეს. ამაშუკელის თქმით, პირადად მან მწერალთა კავშირი მას შემდეგ დატოვა, რაც თამაზ წივწივაძე გადადგა.

„მწერალთა კავშირში არის რამდენიმე ადამიანი, რომელთანაც ადამიანური შეუთავსებლობა მაქვს. თუ წივწივაძე დაბრუნდება, მე მხოლოდ რიგითი წევრი ვიქნები, თორემ არანაირი საქმე იქ არ მაქვს. მე ჩემი გასაკეთებელი საქმე მაქვს. თუ მწერლების ნორმალური გაერთიანება შეიქმნება, როგორც რიგითი წევრი, მათ მივეხმარები, დანარჩენი არ მაინტერსებს, რადგან წლების მანძილზე უგულავას იღლიაში თავჩარგული მწერალთა კავშირი ჩემთვის მიუღებელია. ახლა ნუ დაიწყებენ თავის მართლებას, არც არავის ვებრძვი, რადგან ჩემი საქმეებიც მეყოფა“, - აცხადებს რეზო ამაშუკელი.

მისივე თქმით, ძალიან უნდა „ყოფილ გახრწნილ ხელისუფლებას“ და უსამშობლო ხალხს, ისე წარმოაჩინონ, თითქოს, რაღაც აფეთქდა. სინამდვილეში, არაფერი აფეთქებულა და ქართული მწერლობა უნდა ემსახურებოდეს ქართველ ხალხს და სამშობლოს, რადგან იგი ყოველთვის სულიერ ავანგარდში იყო.

ამიტომ რეზო ამაშუკელი მიიჩნევს, რომ, თუ მწერალთა კავშირი თავის ფუნქციას აღადგენს და ეკლესიის შემდეგ ჩვენი ახალგაზრდობის სულიერ აღზრდას მწერლობა ჩაუდგება სათავეში და არა „გატლეკილი პოლიტიკოსები“, - მიესალმება. მაყვალა გონაშვილის საქმიანობის შესახებ კი რეზო ამაშუკელი ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. თუმცა გვპირდება, რომ, თუ რაიმე ექნება სათქმელი, ეს ჰაერში გაკეთებული განცხადება არ იქნება და მას რეალური საფუძველი ექნება.