შეცვლის თუ არა შეიარაღების ახალი პაკეტი რუსეთ-უკრაინის ომის ბედს და რა სახის იარაღს აწვდის დასავლეთი უკრაინას იმისთვის, რომ რუსულ ჯარს არა თუ წინააღმდეგობა გაუწიოს, არამედ თავდასხმაზეც გადავიდეს? როგორც სპეციალისტები for.ge-სთან ამბობენ, ამან შესაძლოა, უკრაინას სერიოზული წარმატების საშუალება მისცეს და რუსები უკრაინის ტერიტორიიდან სრულად განდევნონ.
ლენდ-ლიზის კანონი კი უკრაინელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს უპრეცენტო დახმარება იქნება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკას პარტნიორი ქვეყნებისთვის არ გაუწევია. ეს კანონი ითვალისწინებს იმას, რომ ამერიკის პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, უკრაინას დაეხმაროს სენატის და კონგრესის თანხმობის გარეშე. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ კანონმა ფაშიზმის დამარცხებაში გადამწყვეტი როლი შესრულა, ამიტომ რუსეთისთვის ეს ცხივი შხაპი აღმოჩნდა. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვი კი დაიმუქრა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ თურქეთში მიღწეულ შეთანხმებას საფრთხე ემუქრება, ხოლო ეს რუსეთსა და ამერიკას შორის ურთერთობებს გაართულებს.
„იარაღის მიწოდება უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს“, - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც 513 ხმით მიიღეს და უკრაინაში სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, მხარი დაუჭირეს რუსეთის ენერგორესურსებზე სრულ ემბარგოს.
რეზოლუციაში საუბარია ბუჩასა და სხვა უკრაინულ ქალაქებში, რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეზე და დოკუმენტში ის მოხსენიებულია, როგორც „ომის დანაშაული“: „ევროპარლამენტი იმეორებს, რომ იარაღის მიწოდება უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს, რათა უკრაინამ ეფექტურად დაიცვას თავი. ევროპარლამენტარები მხარს უჭერენ შემდგომ თავდაცვით დახმარებას, რომელიც მიეცემა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და ერთობლივად ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით“.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კი აცხადებს, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაზე და მას მიაწვდიან იარაღის სისტემათა ფართო სპექტრს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ ფრთხილი ოპტიმიზმი გამოთქვა იმის შესახებ, რომ ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა უკრაინას გაუზრდის იარაღით მომარაგებას, რაც კიევს დაეხმარება რუსეთის აგრესიის მოგერიებაში, თუმცა გამოვიდა მოწოდებით, რომ გადაწყვეტილებები და მოქმედება სწრაფი უნდა იყოს.
„ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ ჩვენი დისკუსიის შედეგს“, - თქვა კულებამ. მან უარი განაცხადა დაეკონკრეტებინა რომელი ქვეყნები მიაწვდიან უკრაინას იარაღს და რა ტიპის შეიარაღება იქნება ეს, თუმცა თქვა, რომ იარაღი უკრაინაში მალე უნდა ჩავიდეს, რადგან რუსეთი ემზადება ახალი შეტევისთვის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში.
„ან ახლა დაგვეხმარებით - და ვგულისხმობ დღეებს და არა კვირებს - ან თქვენი დახმარება დაგვიანებული იქნება“, - თქვა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები იმის გამო, რომ მათ სათანადო სისწრაფით არ დააწესეს სანქციები და გვიან იმოქმედეს, მაგალითად, უკრაინის ქალაქ ბუჩასთან მიმართებით, საიდანაც ომის დანაშაულების შესახებ გავრცელდა ცნობები.
„კიდევ რამდენი ბუჩა უნდა მოხდეს საიმისოდ, რომ სანქციები დააწესოთ? რამდენი ბავშვი, ქალი, კაცი უნდა მოკვდეს, უდანაშაულო სიცოცხლე დაიკარგოს, რათა გაიგოთ, რომ თქვენთვის სანქციებით გადაღლის დაშვება არ შეიძლება, ჩვენთვის ბრძოლით გადაღლის დაშვება არ შეიძლება?“, - თქვა კულებამ.
„რონდელის“ ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღებით უნდა დაეხმარონ. გოგოლაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან ლენდ-ლიზის კანონის მიღება ზუსტად ამას ნიშნავს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ მომხდარა. ამერიკის პრეზიდენტს სენატის ყველანაირი თანხმობის გარეშე უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება შეუძლია.
„ევროკავშირმა დღეისთვის უკრაინას მილიარდი თანხის დახმარება გაუწია. ახლა კი, როგორც ჩანს, ლეტალური სახის უფრო მძიმე შეიარაღებას მიაწვდიან, რომელშიც ქვემეხები, ტანკები და კიდევ სხავ სახის ტექნიკა შევა. ამაზე მუშაობენ როგორც ნატოს წევრი ქვეყნები, ასევე ევროკავშირი. სანქციების გაფართოვებაც მოხდება, რადგან რუსეთმა თავისი შეიარაღების განახლება ვერ მოახერხოს. ახლა რუსეთში რამდენიმე სამხედრო ქარხანაა გაჩერებული, რადგანაც მაკომპლექტებელი მასალები არ აქვთ და ამის ჩამნაცვლებელს ეძებენ. თუმცა, ჯერჯერობით, ვერ ახერხებენ დახამრების მიღებას ვერც ჩინეთიდან და ვერც სხვა ქვეყნებიდან.
რადგან პუტინისთვის მაინც ომის ენაა მთავარი, ამიტომ უკრაინის უფრო ძლიერი იარაღით შეიარაღება უნდა მოხდეს. რუსეთს ზოგი ისეთი შეიარაღება გააჩნია, რომლის საპირწონეც უკრაინას არ აქვს. მიუხედავად ამისა მათ შეკავებას უკრაინელები მაინც ახერხებენ. ხოლო, თუკი დასავლეთი მათ კიდევ უფრო ძლიერი ტექნიკით აღჭურვავს, მაშინ უკრაინა ამ ომში უფრო მალე გაიმარჯვებს“,-აცახდებს გოგოლაშვილი.
ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ახლა დასავლეთი უკრაინას გადასცემს არა თავდაცვით იარაღს, არამედ შემტევითს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ომის სცენარის რადიკალურად შეცვლა შეუძლია. მაჭავარიანი for.ge-სთან ამბობს, რომ უკრაინას იარაღს ამერიკა, ბრიტანეთი, ევროპის ქვეყნები გადასცემენ. ჩეხები ტანკებს აძლევენ და შეტევით იარაღს, რომლითაც უკრაინელები თავდასხმაზე გადავლენ.
„რუსეთს, ამ ეტაპზე, არანაირი მოლაპარაკება არ უნდა. ისინი ფაქტობრივად, დნეპრამდე უკრაინის შეერთებას გეგმავენ და თავის ინტერესებზე უარს არ იტყვიან. პუტინი, უბრალოდ, სამხედრო ძალების გადაჯგუფებას ახდენს და ამაზე საუბრობენ, როგორც ამერიკელები, ასევე ბრიტანელები. მათი დაზვერვა კარგად ხედავს ის რასაც აკეთებს, ამიტომ არავის აქვს ილუზია, რომ მოლაპარაკების გზით რუსეთი რამეს დათმობს. ისინი აღმოსავლეთ უკრაინის სრულად გაფორმებას აპირებენ, ამიტომ აქ საჭიროა რუსების სამხედრო გზით დამარცხება. მათ იარაღის გარდა სხვა ენა არ ესმით. დასავლეთმა უკრაინას დაუყოვნებლივ ეს იარაღი უნდა მისცეს. უკრაინელებს ძალიან კარგად ესმით, რომ საერთოდ არსებობის პრობლემაც კი ემუქრებათ, ამიტომ ბოლომდე უნდა იბრძოლონ. ისინი ამისთვის მზად არიან, მთავარია, სასურველი იარაღი მიიღონ. ეს არის შეტევითი სახის შეიარაღება და ფრონტის ხაზზე დამარცხების შემთხვევაში, რუსები უკვე მოლაპარაკების მაგიდასთან სასუბროდ დასხდებიან“, - ამბობს მაჭავარიანი.
მისივე თქმით, ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, გერმანიის კანცლერი შულციც კი ამბობს, რომ იარაღზე დაწესებულ ყველანაირ შეზღუდვას მოხსნიან. ევროკავშირი კი რუსეთის ფინანსურ სუბსიდირებას მაქსიმალურად შეზღუდავს. ასევე მიდის საუბარი იმაზე, რომ მოხდეს იმ გზის დაცვა, რომლის მეშვეობითად უკრაინამ ეს შეიარაღება უნდა მიიღოს. რუსეთმა იმდენად მძიმედ შეტოპა, რომ ანალიტიკოსის აზრით, როგორც ჩანს, ისინი ახლა ყველაფერზე არიან წამსვლელები და არ არის გამორიცხული, იარაღის გადატანის დროს მასზე თავდასხმა მოახდინონ. ამიტომ მაჭავარიანი ფიქრობს, რომ გასაგებია იარაღის სწრაფად მიწოდება უნდა მოხდეს, მაგრამ მისი უსაფრთხოდ გადაადგილების გეგმაც შემუშავებული უნდა იყოს.
დიპლომატი გიორგი ბადრიძე კი ამბობს, რომ ლენდ-ლიზის კანონის მიღება უკრაინას მისცემს საშუალებას, რომ ნებისმიერი სახის იარაღი იყიდოს ისე, რომ ამისთვის სენატის და კონგრესის გადაწყვეტილებები არ იყოს საჭირო. ეს კი უკრაინას ომის მსვლელობისას ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს. ზუსტად ამ კანონის ამოქმედებით მეორე მსოფლიო ომის დროს ინგლისმა და შემდეგ საბჭოთა კავშირმა დიდ წარამტებას მიაღწია.
„აშკარაა, რომ ლენდ-ლიზის მიზანია მოსკოვის ფაშისტური და ბოროტი პოლიტიკური სისტემის დამარცხება მოხდეს. იმედია, ამის შემდეგ რუსეთს აღარ ექნება იმის ძალა, რომ სხვა მეზობლებს შეუერთდეს. ეს არის იმისკენ მიმართული ნაბიჯი, რომ მესამე მსოფლიო ომი არ მოხდეს. არავის აქვს იმის ილუზია, რომ თუკი ამ ომში უკრაინა წააგებს, პუტინის მადა ამით დაკმაყოფილდება. ის სხვა ქვეყნებს და, პირველ რიგში, საქართველოს მოუბრუნდება. რუსეთისთვის საქართველო დღის წესრიგში ყოველთვის იქნება და ჩვენზე უარს არასდროს იტყვის. ჩვენ ყველანაირად უნდა ვცდილობდეთ, რომ ახლა ლენდ-ლიზის მიმღები ვიყოთ.
დღე უკრაინაში მსოფლიო წესრიგის და ევროპის უსაფრთხოების საკითხი წყდება. ომის დაწყებამდე მოხდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რომელიც მხოლოდ ანტისატანკო და ანტისაჰაერო თავდაცვითი იარაღები იყო. შემდეგ, როცა უკრაინამ წარმოუდგენელი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს, დასავლეთის მიდგომა შეიცვალა. რუსეთის სიმხეცემ და წარმოუდგენელმა გენოციდმა ბუჩაში და მარიუპოლში ბევრი ევოპული ქვეყნის განწყობა შეცვალა. შესაბამისად, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უკრაინამ შეტევითი სახის იარაღი უნდა მიიღოს, სხვაგვარად პუტინის გაჩერება შეუძლებელია. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ რუსეთი თავის ტერიტორიიდან განდევნოს“, - ამბობს დიპლომატი.