უკრაინის დასახმარებლად და რუსეთის წინააღმდეგ, დასავლეთის მხრიდან მორიგი, კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. სენატმა მეორე მსოფლიო ომის პერიოდის პროგრამა, „ლენდ-ლიზი“ აღადგინა, რაც აშშ-ს, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, სწრაფად, დიდ დროსთან დაკავშირებული პროცედურული დაბრკოლებების გარეშე, მოკავშირეებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საშუალებას აძლევდა.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს, უფრო ეფექტურად და ჩქარა გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის მარაგი უკრაინას. უნდა ითქვას ისიც, რომ „უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის“ აქტი კრიტიკული სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების დე ფაქტო ჩუქების საშუალებას იძლევა დათქმით, რომ დახმარების მიმღები ქვეყნები აშშ-ს თანხას მოგვიანებით გადაუხდიან.
ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთთან ბრძოლაში უკრაინისთვის მხოლოდ ეს ინიციატივა საკმარისი არ იქნება, თუმცა, შესაძლოა „გარდამტეხ წერტილადაც“ იქცეს. როგორც ცინცაძემ განაცხადა, მიმდინარე პროცესებში გადამწყვეტ როლს ცოცხლი ძალა ითამაშებს.
„გამარჯვებისთვის მხოლოდ ეს იქნება თუ არა საკმარისი, ვერ გეტყვით. ტექნიკა ტექნიკაა, თუმცა ყველაფერს წყვეტს ცოცხალი ძალა, პოლიტიკური ნება და შემართება, რომელიც ჯერ კიდევ აქვს უკრაინის არმიას. „ლენდ ლიზი“ შეიძლება გარდატეხის წერტილად იქცეს უკრაინის არმიის შეიარაღებაში.
რუსეთი შეიძლება ომის გაჭიანურების ტაქტიკაზე გადავიდა, ეტყობა, რომ ამას აპირებს, თანაც საინტერესოა, რამდენი ხანი გასტანს „ლენდ ლიზი“, როგორც წერია, დროებითია ეს პროცესი. ასევე მნიშვნელოვანია, როდის დაიწყება იარაღის მიწოდება და რა სახის იარაღი იქნება. ზელენსკის სჭირდება კონკრეტული იარაღი. სწორედ ამ იარაღის მიწოდების შედეგად გაიმარჯვებს უკრაინელი ხალხი, ამის თქმა ჯერ არ შემიძლია, თუმცა ის, რომ ეს ძალიან ძლიერი შენაძენი იქნება უკრაინისთვის, ცხადია. აქ ორივეს ბედს მარტო შეიარაღება არ წყვეტს, იქ კიდევ ბევრი ფაქტორია“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ უკრაინა-რუსეთის ომში „ლენდ ლიზის“ პროგრამის აღდგენამ, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშოს და უკრაინას გამარჯვებაც კი მოუტანოს.
„ლენდ ლიზის“ პროგრამა ფუნქციონირებდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აშშ თავის მოკავშირეებს, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირს, აწვდიდა არა მარტო სამხედრო დანიშნულების ტვირთებს, არამედ ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთებსაც. უნდა ითქვას, რომ ეს პროგრამა არის მნიშვნელოვანი და უკრაინა საჭიროებს, როგორც სამხედრო დახმარებას, ასევე ჰუმანიტარული ტიპის დახმარებასაც.
რაც შეეხება სამხედრო ტვირთს, საინტერესოა, რამდენად მიაწვდის აშშ უკრაინას თავდასხმის საშუალებებს. ამ შემთხვევაში, უკრაინის შანსი, რომ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს, გაიზრდება. მნიშვნელოვანია, უკრაინას ჰქონდეს დამატებითი საბრძოლო თვითმფრინავები, მათ შორის ბომბდამშენები და ავიაგამანადგურებლები. მოლაპარაკების საგანს წარმოადგენს, რა ტიპის იარაღს მიაწვდის აშშ უკრაინას, მათ შორის „ლენდ ლიზის“ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
გამოცემ POLITICO წერს, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა აღნიშნული ტაქტიკა ბოლოს მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური კონფლიქტის დროს - მეორე მსოფლიო ომისას გამოიყენეს. მათივე ცნობით, ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები თვლიან, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ლიბერალური წესრიგისთვის. მედიის ინფორმაციითვე, ეს ასევე იმის მანიშნებელია, რომ დასავლურ სამყაროს სჯერა, რომ უკრაინას ახლა შეუძლია გაიმარჯვოს რუს დამპყრობლებთან ბრძოლაში.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ნატო-ს წევრებს მოუწოდებს, მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები იმის შესახებ, თუ როგორ შეაჩერებენ პრეზიდენტ პუტინის ძალებს. კულებას თქმით, დახმარებაა საჭირო უახლოეს დღეებში, თორემ ბევრი დაიღუპება.
„ან თქვენ ახლა დაგვეხმარებით, მე ვსაუბრობ დღეებზე და არა კვირებზე, ან თქვენი დახმარება დაგვიანდება და ბევრი ადამიანი დაიღუპება, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე სახლებს დაკარგავს, ბევრი სოფელი განადგურდება ზუსტად იმიტომ, რომ ეს დახმარება ძალიან გვიან მოვიდა“, - განაცხადა კულებამ.
კულებას თქმით, ბუჩასა და ჩრდილოეთ უკრაინის სხვა ნაწილებში, რომლებიც ახლა რუსული ძალების მიერ ოკუპურებულია, პუტინის მიერ ჩადენილი სისასტიკეების „აისბერგის მხოლოდ მწვერვალია“. მისი თქმით, მარიუპოლში ვითარება ბევრად უფრო მძიმეა.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები უკრაინას აღჭურვილობის მიწოდებით მხარს უჭერენ, რათა „დაიცვან მისი თავდაცვის უფლება, რომელიც გაეროს ქარტიითაა დაცული“.
სტოლტენბერგი დარწმუნებულია, რომ ნატო დღევანდელ შეხვედრაზე „განიხილავს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემის, ტანკსაწინააღმდეგო იარაღის, მსუბუქი, მაგრამ ასევე მძიმე იარაღის და უკრაინის მრავალი სხვადასხვა სახის მხარდაჭერის საჭიროებას“.