საბანკო სექტორში კრედიტები ასე თუ ისე გაიაფდა. მართალია, ეს ძირითადად სხვადასხვა აქციების ფონზე მიმდინარეობს, მაგრამ მაინც. ახლა ჯერი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეა. ამიტომ მათთვის სხვადასხვა ტიპის რეგულაციები დგინდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სესხის რეფინანსირების განაკვეთის ზედა ზღვარი 2%-ით განისაზღვრა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საქართველოს საფინანსო ბაზრის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან. ისინი უკვე ასეულობით მილიონ ლარს ითვლიან. იმავდროულად, ისინი, ძირითადად, რეგიონებზე აკეთებენ აქცენტს. ასევე მათი სამიზნეა სოციალურად შედარებით დაბალი ფენა.
“ამიტომ ამ მიმართულებით შემდეგი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ორშაბათიდან ამოქმედდება. ეს არის რეფინანსირების საკომისიო 2%-იანი ზღვარის დაწესება, რაც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მსესხებელს შეეძლება, არა უმეტეს 2%-იანი გადასახადის გადახდის შემთხვევაში, გადავიდეს კონკურენტთან ან ბანკში მოახდინოს სესხის რეფინანსირება”, - განმარტა ქადაგიძემ.
ასეთი სიახლის ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ეტაპობრივად საპროცენტო განაკვეთის დაწევაზეც ალაპარაკდნენ. როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ განაცხადა, ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ და გაზრდილი კონკურენციის ფონზე შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთმა დაიკლოს.
“საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და ეს ახალი რეგულაციები საკმაოდ გაამწვავებს ამ კონკურენციებს. საბოლოო ჯამში კი, გარკვეული სარგებელი გაჩნდება ბაზარზე და მომხმარებლებისთვისაც. ეს, თავის მხრივ, დადებითი მომენტია. არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული ორგანიზაციები გარკვეულ მარკეტინგულ აქციებსაც გეგმავდნენ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ გააუმჯობესებს შეთავაზებებს და უფრო უკეთეს საკრედიტო შეთავაზებებს წარმოშობს ბაზარზე”, - ამბობს არჩილ ბაკურაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეხვედრა, ძირითადად, საკანონმდებლო საკითხებს შეეხებოდა. არსებობს მოსაზრებები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს რეგულირება და როგორ შემცირდეს რეგულირების ტვირთი.
“საბოლოო ჯამში მივაღწევთ ძალიან მნიშვნელოვან მიზანს, რომ დაიწიოს საპროცენტო განაკვეთებმა ჩვენს სექტორში. ეს არის კონკურენციის ერთ-ერთი მიზანიც, რომ სექტორში საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს. ჩვენ ვსაქმიანობთ რეგიონებში, მცირე ქალაქებში, სოფლებში და გავცემთ ძალიან მცირე რაოდენობით სესხებს. ამიტომ ამ ყველაფრის მომსახურება საკმაოდ ძვირია, რაც აისახება ფასებზე”, - განაცხადა ბაკურაძემ.
მისივე განმარტებით, სებ-ის პრეზიდენტთან შეხვედრისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მაღალ საგადასახადო ტვირთზეც გაამახვილეს ყურადღება.
“საგადასახადო ტვირთის მოსხნა სექტორზე ცუდად იმოქმედებს, რადგანაც ჩვენ გაცილებით მეტი საგადასახადო ტვირთი გვაქვს ვიდრე სხვა ფინანსური საგადასახადო ტვირთი გაგვაჩნია”, - აღნიშნა ბაკურაძემ.
სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენის” ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს არასაბანკო სექტორი 63 მიკროსაფინასო ორგანიზაციითაა წარმოდგენილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლითაც მათ ეკრძალებათ დეპოზიტების მიღება. კანონმდებლობითაა განსაზღვრული ერთ კლიენტზე გასაცემი სესხებისა და სხვა იურიდიული პირების კაპიტალში მათი მონაწილეობის ჯამური ოდენობა, ასევე დადგენილია მინიმალური კაპიტალის მოცულობა.