ჰიბრიდული ფორნტის ხაზი გახსნილია, უკრაინიდან მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისეთი ბრალდებები, რომელიც ყველა წითელ ხაზს კვეთს. ქვეყნის შიგნით კი ეს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას აწყობს. ხელწერა იმდენად ნაცნობი და მკაფიოა, რომ აღარავის უკვირს უკრაინის სამხედრო დაზვერვა ჩვენს ხელისუფლებას ასეთ ბრალდებებს რატომ უყენებს. ექს-მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში მაღალ თანამდებობას იკავებს, ასევე უკრაინის უშიშროების საბჭოშია მოულოდნელად აღზევებული, საქართველოს ძებნილი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გია ლორთქიფანიძე და სხვები. ლორთქიფანიძე უკრაინის უშიშროების სახელით ამტკიცებს, რომ საქართველოს გავლით, რუსეთს აკრძალული იარაღი მიეწოდება და მერე უკრაინაში ამით ხალხს ხოცავენ. ბარლდება გაისროლეს, მაგრამ დოკუმენტები არავის წარმოუდგენია, უფრო მეტიც მტკიცების ტვირთი ქართულ მხარეზეა. საქართველოდან მოითხოვეს - ბრალდება დაადასტურეთ, ან უარყავით, თუმცა ხელისუფლება ბრალდებების და პროვოკაციის მორიგ ტალღას პროგნოზირებს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ამის უკან როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პირები დგანან.
„სამწუხაროდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ აქამდე არნახული და გაუგონარი ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ყველასთვის აშკარაა, რომ დღეს უკრაინის ხელისუფლებაში სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იმავე „ომის პარტიის“ წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ. ამ ომში ჩართულია მთელი მათი რესურსი და მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის, „ფეიკნიუსების“ და პროვოკაციების ხარისხი უკვე ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ფარგლებში, როგორც ომის პარტიის, ასევე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად იმეორებენ ფრაზას - საქართველო არაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. მაშინ, როცა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ჰქონდა მკაფიო პრინციპული პოზიცია“, - ამბობს მდინარაძე.
„უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადება ძალიან სერიოზული ბრალდებაა და მათი გარკვევა სამთავრობო არხების საშუალებით უნდა მოხდეს“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც. კარლ ჰარცელის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო მკაფიო პასუხი, რომ ასეთი საქმიანობა არ ხორციელდება.
ისმება კითხვა - როგორ ხდება რელურად ორ მეგობარ ქვეყანას შორის მსგავსი ინფორმაციის გაცვლა და რატომ გამოიყენა უკრაინულმა მხარემ ამ ინფორმაციის გასასაჯაროვებლად მედია? ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ასეთი ინფორმაციის გაცვლისთვის სახელმწიფოს სპეცსამსახურები გააჩნია და ვალდებულია, მსგავსი ინფორმაცია შეაგროვოს. ეს შეიძლება სამხედრო დაზვერვა იყოს, ჩვეულებრივი დაზვერვის, კონტრდაზვერვის ან კიდევ სხვა სპეცსამსახურები, რომელბსაც ასეთი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეთ. ყველა ეს ინფორმაცია გროვდება, მისი შეჯერება და გადამოწმება ხდება. ამის შემდეგ, მისი განხილვა უმაღლეს პოლიტიკური თანმადბეობის პირებთან ხდება.
„შესაძლოა, ასეთი ინფორმაციის განხილვა უშიშროების საბჭოს აპარატში, მთავრობის შეკრებაზე მოხდეს, სადაც ხდება საბოლოოდ იმის დადგენა, რომ ეს ინფორმაცია რეალურია. დაზვერვა თავად ასეთ ინფორმაციას არ ადასტურებს, რომ რეალურია. პარალელური სამსახურები ამ ინფორმაციას კიდევ ამოწმებენ, რათა ნებისმიერი ცდომილება გამოირიცხოს. ასეთი ტიპის ინფორმაცია, როცა სხვა ქვეყანას ეხება, დიდი სიფრთხილით მოწმდება, ყველა სამსახურის მიერ. ხოლო ასეთ საჯარო განცხადებას, როცა საქმე მეგობარ ქვეყანას ეხება, არავინ აკეთებს. მანამდე კიდევ ორი პუნქტია გასავლელი. ხდება ასევე მეგობარ ქვეყანასთან კომუნიკაცია და გადამოწმება - ხომ არ იციან მათ ამაზე რამე - მაგალითად, ამერიკამ, ინგლისმა, რომელსაც გაცილებით უფრო ძლიერი დაზვერვა ჰყავს, შეცდომაში ხომ არ არიან შეყვანილი? ეს ყველაფერი ჯერდება და ამის შემდეგ უკვე პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმაზე მსჯელობს, რამდენად მიზანშეწონილია ამ ინფორმაციის გაჟღერება. ამასაც თავისი ფორმები აქვს. უკრაინა ვალდებული იყო, როცა საუბარი მეგობარ ქვეყანას ეხებოდა, თავისი სპეცსამსახურებისთვის ეთხოვა, რომ ეს ინფორმაცია საქართველოს სპეცსამსახურებთან გაერკვია, მით უმეტეს თუ ამოცანა პოტენციური დანაშაულის აღკვეთაა“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, თუკი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამაზე უარს მიიღებდნენ, ან ეტყოდნენ უკრაინელებს, რომ მას თავად გადაამოწმებდნენ, მაშინ დრო უნად მიეცათ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამის შემდეგ, თუ ყველა რესურსი ამოწურული იქნებოდა, მაშინ უკრაინა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა დაკავშირებოდა და ეკითხა - უნდა გაეჟღერებინა თუ არა ამ ფორმით ეს ინფორმაცია.
„ეს არის უკრაინის მხრიდან გაკეთებული დემარში, რომელსაც რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ასეთ რაღაცას ქვეყანა იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ ის მტრულ ქვეყანას ეხება და არა მეგობარს. დემარშამდე კიდევ არსებობს დიპლომატიური გზა, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთმანეთს აფრთხილებენ. მედიის საშუალებით ასეთი ინფორმაციის გაჟღერება, რბილად რომ ვთქვათ, მტრულ განზრახვას ექვემდებარება. ასევე, აქ არის მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, საიდან შემოდის ეს ტვირთი და რომელი ქვეყნიდან? ტვირთი ჰაერიდან ხომ არ მოდის? ასევე საინტერესოა, რა სახის სამხედრო ტვირთზეა საუბრი და რა სახით აზიანებს ის უკრაინას? ან პირიქით, რუსეთის შეიარაღებას რით ზრდის, რა ფორმით აძლიერებს? ამ ყველაფერზე პასუხებია საჭირო“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, უბრალოდ პრევენციის მიზნით გაკეთებული განცახდება იყოს და საქართველოს ხელისუფლება უკრაინამ ამ ფორმით გააფრთხილა. თუმცა მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მსგავსი საკითხების ასე ღიად განხილვა და გასაჯაროვება არ ხდება. ის ვარაუდობს, რომ საქართველოს და უკრაინის სტრუქტურებს შორის არცთუ კარგი ურთიერთობა არსებობს, რაც სააკაშვილის გარემოცვის „დამსახურებაა“. ისინი უკრაინის მთავრობაში დიდ თანამდებობებზე არიან მოკალათებული და მათი ჩარევა აშკარად შეიმჩნევა.
„ძალიან უცნაური და საკმაოდ მძიმე სურათი მივიღეთ. როგორც ჩანს, უკრაინის დაზვერვა საქართველოში მუშაობს და სიმართლე გითხრათ, არცთუ ცუდი დაზვერვა აქვთ. თუმცა საქმე ისაა, რომ თუკი ასეთი ინფორმაცია ჰქონდათ, რატომ არ მოხდა ჩვენს სპეცსამსახურებთნა კომუნიკაცია? იქნებ რაღაცა ისეთი ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით და საშველი გვაქვს? არაა გამორიცხული, ვიღაცა ქვეყნის შიგნით საბოტაჟს გვიწყობდეს. იქნებ თავად ძალოვან სტრუქტურებში არიან რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი გავლენის და დაზვერვის აგენტები? ხომ უნდა გამაფრთხილო ჩემს თავს რა ხდება. ასე, ხელაღებით საჯარო ბრალდება წარმოუდგენელია. მეორე მხრივ, თუკი ეს ინფორმაცია დასავლეთის მიერ არის მოპოვებული, როგორც „ნაციონალები“ ამბობენ, მაშინ იმათმა საქართველოს ხელისუფლება რატომ არ გააფრთხილეს? რაში სჭირდებათ მათ უკრაინას და საქრთველოს შორის დაძაბულობა არსებობდეს? ეს ლოგიკური ჯაჭვი ვერ იბმება“, - ამბობს მაისაია.
მისივე თქმით, სჯობს საქრთველოს ხელისუფლებამ საგამოძიებო ჯგუფი ჩამოაყალიბოს. გაგზავნოს უკრაინაში და ჩვენი მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურებთან ერთად გაარკვიონ რაზეა საუბარი. ან ჩვენს პარტნიორებთან ერთად დასხდნენ და ამ მძიმე ბრალდებებს პასუხი გასცენ. თუკი რამე არსებობს და ვინმე რამეშია შემჩნეული, მაშინ ხელისუფლებამ მის გამოვლენაზე უნდა იზრუნოს. ხოლო უკრაინა თუ რეალურად ამ ამბით დაინტერესებულია და მას პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებს, უნდა დაგვეხმაროს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ იმ დროს, როდესაც უკრაინაში უმძიმესი მდგომარეობაა და საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, ნამდვილად გასაოცარია, როდის სცალია უკრაინის ხელისუფლებას, რომ ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებები წამოუყენოს, რომელიც არაფრით გამყარებული არ არის.
„ეს შეიძლებ იმით აიხსნას, რომ სააკაშვილმა ნაცკრიმინალები კიევში დესანტის სახით გადასხა და ომის პარალელურად, ძალიან გააქტიურდნენ. ეს პოლიტიკური დესანტი გარკვეული გავლენებით და კავშირებით ცდილობს უკრაინის ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მე მახარებს ამერიკის ელჩის დეგნანის განცხადება, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები მედიით არ განიხილება და ის უწყებათაშორის დახურულ ფორმატში უნდა განიხილონ. ეს არ არის მხოლოდ ცალკეული ელჩის ნათქვამი, ესაა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ თავად ჩვენი ასეთი მეგობრები უკრაინელებთან უკვე კომუნიკაციაში არიან და დაარწმუნებენ, რომ აქეთ ტალახის სროლა მათთვის წამგებიანია და ზუსტად რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, სააკაშვილის ნათქვამი, თითქოს ეს ინფორმაცია უკრაინამ ამერიკის და ინგლისის სპეცსამსახურებიდან მიიღო, აბსურდია. ის შეურაცხყოფას, როგორც უკრაინის ასევე დასავლეთის სპეცსამსახურებს აყენებს. თითქოს ამერიკა და ინგლისი ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ინტრიგებს და მანიპულაციებს ცდილობს. ეს თავად სააკაშვილის და მისი ანტურაჟისთვის არის დამაზიანებელი და ამას სერიოზულად არავინ აღიქვამს.