ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის საპასუხოდ გამოქვეყნებულ დოკუმენტში განმარტავს, რომ დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთს“ მალე ახალი ქვეყნები აღიარებენ. ეს განცხადება დე ფაქტო რეგიონში მას შემდეგ გაკეთდა, რაც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ქვეყნის მთავრობის მიერ განხორციელებული ვიზიტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი აუღიარებლობაა და ამ მიმართულებით მუშაობა არცერთი დღით არ შეჩერებულა.
დე ფაქტო რეჟიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ქმნის ყველა შესაძლებელ ბარიერს ცხინვალის რეგიონის აღიარებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მონაწილეობის გზაზე, მსოფლიო მალე გაიგებს იმ ახალი ქვეყნების შესახებ, რომლებიც მათ დამოუკიდებლობას აღიარებენ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
როგორც დე-ფაქტო საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ საქართველოს ეშინია ნებისმიერი ქვეყნის, რომელიც შესაძლოა, მორიგი რგოლი გახდეს კავკასიაში ორი ახლადჩამოყალიბებული სახელმწიფოს აღიარების შეუქცევად პროცესში.
„ეშინია რა აღიარების პოლიტიკის და ცდილობს, არ დაუშვას სიტუაციის ასე განვითრება, თბილისი ააქტიურებს საკუთარ დიპლომატიურ ძალისხმევას და მიდის ნებისმიერი სახის პროვოკაციასა და ავანტიურაზე, მათ შორის, იმ ქვეყნების ლიდერების მოსყიდვის სახით, რომელთაც შესაძლოა, აღნიშნული რეგიონი აღიარონ. ასე, 21 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა - მე რომ მქონდეს ფული და მით უმეტეს, მილიარდები, მაშინ აუღიარებლობის პრობლემა არ იქნებოდაო“, - ნათქვამია დე-ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.
ამასთან, დე-ფაქტო უწყება სინანულს გამოთქვამს, რომ ნაცვლად იმისა, საქართველოს ხელისუფლებამ აღიაროს არსებული რეალობა და მისი შეუქცევადობა, ის მზადაა, საკუთარი გადამხდელების ფული მსგავს პოლიტიკურ აფერაზე დახარჯოს და შიდა პოლიტიკური პრობლემები არ მოაგვაროს.
სანამ ქართული მხარე დე ფაქტო რეგიონების აღიარებას ეწინააღმდეგება, ვლადიმერ პუტინი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს ხვდება. მოლაპარაკებების ფარგლებში პუტინმა და თიბილოვმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების განვითარების, დე-ფაქტო რესპუბლიკის აღდგენისთვის გამოყოფილი რუსული სახსრების გამოყენების კონტროლის გაძლიერების საკითხები და ასევე, დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონაში მიმდინარე ინტეგრაციულ პროცესებში სამხრეთ ოსეთის დე-ფაქო რესპუბლიკის ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს.
ცნობილია, რომ მხარეებს შორის შეხვედრა 14 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკის გამო - 21 მაისამდე გადაიდო. რეალობაა ისიც, რომ პუტინისა და თიბილოვის შეხვედრა პერიოდულად ჭიანურდებოდა. კერძოდ, აქამდეც როგორც პუტინი და ასევე მედვედევი ხაზგასმით თავს არიდებდნენ დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრას, ამ უკანასკნელთა მხრიდან არაერთი თხოვნის მიუხედავად. იმასაც ამბობენ, რომ პუტინი თიბილოვზე გაბრაზებულია. კერძოდ, კრემლს თიბილოვის საკადრო პოლიტიკა არ მოსწონს და მას რამდენიმე მოხელის გათავისუფლებას სთხოვს. გარდა ამისა, კრემლმა ვერ მიიღო პასუხი, რაში დაიხარჯა ფედერალური ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხები.
ჩვენ დავინტერესდით, რას ნიშნავს დე ფაქტო რეჟიმის განცხადება, თითქოს ცხინვალის რეგიონს მალე ახალი ქვეყნები აღიარებენ და რას შეცვლის პუტინ-თიბილოვის შეხვედრა?!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ დე ფაქტო რეგიონების არაღიარების პოლიტიკას მუდმივად მუშაობა სჭირდება. ის ფაქტი, რომ ერთმა ქვეყანამ - ვანუატუმ თავისი აღიარება უკან წაიღო, დადებითი მომენტია, მაგრამ ისეთი გამოწვევა და საუბარი, როგორსაც პრეზიდენტი აკეთებს, რომ მან თურმე პირადად გაიმარჯვა რუსეთზე, კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას და მათ შეჯიბრში იწვევს.
გია ვოლსკის განმარტებით, ასეთი განცხადებები არათუ დიპლომატიასთან ახლოს არ არის, არამედ მავნებლურია. ამიტომ რუსეთისგანაც საპირისპირო ნაბიჯები არ უნდა გაგვიკვირდეს და ეს ბუნებრივი პასუხია სააკაშვილის საკმაოდ მაღალფარდოვან და არაკონსტრუქციულ რიტორიკაზე.
„საერთოდ, პრეზიდენტს სჩვევია ასეთი რიტორიკა და ამან კარგი არ მოგვიტანა აგვისტოს ომის ჩათვლით. ამიტომ, როცა წარმატება არაღიარების კუთხით გაქვს, არ არის აუცილებელი, ეს წარმატება ვინმეს დაუპირისპირო, მით უმეტეს, ჩვენს მიმართ საკმაოდ აგრესიულად განწყობილ რუსეთს. ქვეყნებზე საუბარი არც ყოფილა, ბელორუსია ახსენა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ და განცხადებები იმის თაობაზე, რომ მთელი რიგი ქვეყნები აღიარებენ ცხინვალს, ესაა რეაგირება ბოლო პერიოდის მოვლენებზე, რაზეც უკვე ვისაუბრე“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, არაღიარების პოლიტიკის მხრივ პოლიტიკური თუ დიპლომატიური შერკინება დამთავრებული არ არის. ამდენად, გია ვოლსკი კატეგორიულად ვერ აცხადებს, აღიარების საშიშროება არსებობს თუ არა, რადგან ეს გარკვეულ ძალებს საპირისპირო ნაბიჯებისკენ წაახალისებს. ამასთან, კონფლიქტოლოგი დარწმუნებულია, რომ დიპლომატიაში დიდი მნიშვნელობა აქვს განცხადების ტექსტს და შინაარსს და, როცა შიდა გამოყენებისთვის პრეზიდენტი პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მის შედეგს უნდა დაუფიქრდეს. მით უფრო, როცა მის ყველა განცხადებას საპირისპირო მოქმედება მოსდევს.
რაც შეეხება თიბილოვთან შეხვედრას, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ასეთი შეხვედრა ადრეც ყოფილა და აქ განსაკუთრებული არაფერია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „GRASS“-ის დამფუძნებლი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ზოგადად, კარგი ფონი რომ არ არის ჩვენი არაღიარების პოლიტიკისთვის, ეს ფაქტია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი მთავრობა მყისიერად და თანმიმდევრულად არ მუშაობს არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით. სინამდვილეში, ამას სჭირდება ყოველდღიური ინტენსიური მუშაობა ბევრ დასავლურ ქვეყანასთან თუ სტრუქტურასთან.
რაც შეეხება პუტინისა და თიბილოვის შეხვედრას, ელენე ხოშტარიას აზრით, რაც უფრო მეტ სირბილეს დაინახავს საქართველოს პოლიტიკაში, უფრო მეტ ზეწოლას შეეცდება რუსეთი. თუმცა მთავარია, საქართველომ საერთაშორისო მხარდაჭერა და დასავლეთის მობილიზაცია მოახდინოს საკუთარი ინტერესების გარშემო და არ შევასუსტოთ ის რესურსი, რასაც ჰქვია დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე. ჩვენი ინტერესების დაცვისთვის სწორედ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი. მეტიც, ელენე ხოშტარიას თქმით, რაც უფრო მეტად ვიქნებით ილუზიაში, რომ რუსეთს რაღაცაში ორმხრივად დავარწმუნებთ, მით უფრო დასუსტდება ჩვენი პოზიციები ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით.
„პუტინისა და თიბილოვის შეხვედრა, ალბათ, ერთგვარი სიგნალია. შვიდი თვის განმავლობაში ჩვენი მთავრობა ცდილობს, ასიმეტრიული დათმობების ხარჯზე დაალბოს ურთიერთობა რუსეთთან, როგორიცაა ოკუპაციის კანონი, ევროსაბჭოში ეთნიკურ წმენდაზე საუბრისგან თავშეკავება, ოლიმპიადაში უპირობო მონაწილეობა. ფაქტია, რომ ამას შედეგად რუსეთთან კონსტრუქციული რეაქცია არ მოაქვს. პირიქით, რუსეთი ახდენს ძალის დემონსტრირებას, ერთ-ერთი ასეთი დესტრუქციული რეაქცია რუსეთისგან სწორედ თიბილოვის მსგავს ადამიანებთან ასეთი შეხვედრაა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ამასთან, მიიჩნევს, რომ რუსეთმა მოიპოვა ვაჭრობის ბერკეტი ახალ მთავრობაზე, რადგან დიდი გათვლა გაკეთდა ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. ამასთან, ექსპერტი არ გამორიცხავს, ეკლესიაშიც იყოს რუსეთის გავლენა.
„მიჭირს გითხრათ, რა გადაწყდება პუტინისა და თიბილოვის შეხვედრაზე. არა მგონია, იმ შეხვედრაზე საერთოდ რამე გადასაწყვეტი იყოს, რადგან თიბილოვი რაიმე ძალას არ წარმოადგენს რუსეთისთვის, უბრალოდ, ეს არის პოლიტიკური აქტი, რომელიც ხაზს უსვამს რუსეთის მხრიდან ამ ტერიტორიების ოკუპირებას და საქართველოს მიმართ ძალის დემონსტრირებას. ამ შეხვედრის შინაარსი არ არსებობს, რადგან აქ არის მხოლოდ ერთი მხარე და ეს არის რუსეთი“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.