„ამ ყველაფრის გასაღები უნდა ვეძებოთ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაში, როცა უკრაინის პირველი პირები საპროტესტო მუხტის ასაწევად, ინსტრუმენტების მიცემას აპირებდნენ“

„ამ ყველაფრის გასაღები უნდა ვეძებოთ „ნაცმოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციაში, როცა უკრაინის პირველი პირები საპროტესტო მუხტის ასაწევად, ინსტრუმენტების მიცემას აპირებდნენ“

„რომელ კონტრაბანდულ დერეფანზეა საუბარი, როცა საქართველოს საზღვარზე, საქართველოს ხელისუფლებისვე ინიციატივით, დგანან ამერიკის და ბრიტანეთის საელჩოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ატაშეები, რათა გააკონტროლონ ეს პროცესი. აქ საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების სადაზვერვო სამსახურები და, თუ რაიმე საეჭვოს შენიშნავენ, ამის შესახებ საჯაროდ განაცხადებენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ.

რუსეთისგან შევეჩვიეთ ცრუ ბრალდებებს ლუგარის ლაბორატორიასთან მიმართებით, უკრაინის ხელისუფლება კი ამჯერად კონტრაბანდული დერეფნის გახსნაში გვადანაშაულებს. რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ზელენსკის გარემოცვას, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებას, როცა პერმანენტულად გვაბრალებს იმას, თითქოს საქართველო სანქციების გვერდის ავლით ეხმარება რუსეთს? მით უმეტეს, ეს ბრალდებები იმ დახმარების ფონზე გაისმის, რაც საქართველომ გაიღო უკრაინისთვის, აქ მატერიალურ დახმარებას ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ.

- ამ ყველაფრის გასაღები უნდა ვეძებოთ იმაში, რაც დღეს გამოაცხადეს „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რომ 9 აპრილს მასობრივი აქციის მოწყობას აპირებენ. ის დემარშები, რაც კეთდებოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან (ზელენსკი, პარლამენტის თავმჯდომარე, რადის დეპუტატები) ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ საპროტესტო მუხტის აწევის ინსტრუმენტები მიეცათ „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც საქართველოში თავიანთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევენ. კიდევ საკითხავია, ისინი საქართველოს ხელისუფლებას მიიჩნევენ თავიანთ პარტნიორად, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს კომუნიკაცია უკრაინის ხელისუფლებასთან? ასეთი ქმედებები, მათი განგრძობადობა, სისტემური ხასიათი, თანაც საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, რომ ეს გაიგონოს საერთაშორისო თანამეგობრობამ, თუ საქართველოს საზოგადოებამ, ემსახურება იმას, რომ ითამაშონ ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ეროვნულ-პატრიოტულ განწყობებზე. ზოგადი განწყობებით თუ ვიმსჯელებთ, აღმოჩნდა, რომ ბევრმა მოქალაქემ, რომელსაც არ ეპიტნავება „ნაციონალური მოძრაობა“, უკვე დაიჯერა და მიიღო მათ მიერ შემოგდებული ნარატივი. შეიძლება ვცდები, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, ეს ყველაფერი ერთ რამეს ემსახურება, როგორღაც საქართველოში მოხდეს სიტუაციის შერყევა, დესტაბილიზაციის გამოწვევა, ხელისუფლების ცვლილება ანტიკონსტიტუციური გზით, რადგან სხვანაირად ეს ვერ მოხდება, რომ საქართველოში შეიცვალოს პოლიტიკა, შეიცვალოს საქართველოს დამოკიდებულება უკრაინის კონფლიქტის მიმართ და საქართველოში გაიხსნას ნანატრი მეორე ფრონტი, რასაც მოითხოვენ საქართველოსგან. ასეთი გახშირებული საინფორმაციო შემოტევები არ ჯდება არც დიპლომატიური ეტიკეტის ფარგლებში, არც სახელმწიფოთაშორისო, არც პარტნიორულ ურთიერთობებში. გასაგებია, რომ უკრაინას საკმაოდ მძიმე ომი აქვს რუსეთთან, ისინი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და შეიძლება გულწრფელად ფიქრობენ, თუ საქართველომ თავისკენ გადაისროლა რუსეთის გარკვეული სამხედრო ძალები, ეს მათ შვებას მისცემს საკუთარ ფრონტზე, მაგრამ არა მგონია, ამან მათ დიდი შვება მოუტანოს, რადგან რუსეთს საქართველოში უკვე ჰყავს ჯარები და ის ჯარებიც საკმარისია იმისთვის, რომ სიტუაცია კონტროლქვეშ აიყვანონ.

შეუძლებელია, რომ ამ გაგანია ომის დროს ზელენსკის გარემოცვას მაინცდამაინც საქართველოსთვის მოეცალა და ეს მათი დამოუკიდებელი განცხადებები ყოფილიყო. ხომ არ ფიქრობთ, რომ მათ უკან „ნაცმოძრაობის“ გარდა კონკრეტული დასავლელი ლობისტებიც დგანან, რომლებიც „ნაციონალებსა“ და ზელენსკიზე ერთნაირად მუშაობენ?

- კი ბატონო, შემიძლია ვახსენო ევროკავშირის ელჩის - კარლ ჰარცელის დღევანდელი განცხადება, უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია სერიოზულად უნდა იყოს მიღებულიო. ამით ჰარცელი ირიბად დაეთანხმა აბსოლუტურად არაფრით გამყარებულ ბრალდებებს და ისე გამოიყვანა, რომ თურმე საქართველომ უნდა დაუმტკიცოს უკრაინას და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ის კონტრაბანდული გზით არ არღვევს რუსეთის მიმართ დაკისრებულ სასანქციო რეჟიმს. ელჩის მხრიდან ეს არც თუ ისე დიპლომატიური გამონათქვამია. ფაქტობრივად, ეს იგივეა, რაც კულებამ თქვა. კარგი იქნება, თუ ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე რეაგირებას მოახდენს.

უკრაინის ხელისუფლება არც უნგრეთს წყალობს, ზელენსკიმ უნგრეთს „ევროპის რუსული ტოტი“ უწოდა, რომელიც ფეხს ითრევს დაეხმაროს უკრაინას. რეალურად, უნგრეთმა დაგმო რუსეთის შეჭრა, მიიღო უკრაინელი ლტოლვილები, თუმცა უკრაინის მხრიდან გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო უნგრეთის საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩი დაიბარეს. უკრაინის მხრიდან ასეთივე დამოკიდებულება არ იგრძნობა მოლდოვას მიმართ, რომელიც ანტირუსულ სანქციებს არ შეუერთდა. ეს რით აიხსნება?

- ამას წინათ ერთ-ერთ გამოცემაში გამოქვეყნებული იყო უკრაინის ოფიციოზის განცხადება, რომ ჩვენ მოლდოვაზე არ ვართ ნაწყენი იმის გამო, რომ მან უარი განაცხადა შეერთებოდა ანტირუსულ სანქციებს, რადგან გვესმის მათი გაჭირვებისო. რა გამოდის? მოლდოვაზე არ არიან განაწყენებულნი და საქართველოზე არიან? აქ ვლინდება მათი დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ, ზოგადად, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკა არ მოსწონთ, არამედ მათ არ მოსწონთ საქართველოს ხელისუფლება და მათ მიერ გატარებული პოლიტიკა.

ისე, „საინტერესო“ პოლიტიკა ჰქონიათ უკრაინელ ხელისუფალთ, მათ საქართველოს ხელისუფლების შეცვლა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, რომ რუსეთში პუტინის შემცვლელი გამოჩნდეს, რის შემდეგაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ამოისუნთქავდა. სხვათა შორის, პუტინს ზუსტად იმის შიში ჰქონდა, რომ დასავლეთმა ფერადი რევოლუციები მოაწყო საქართველოში, უკრაინაში და შემდეგ მისი ჯერიც დადგებოდა და პუტინსაც ჩაანაცვლებდნენ პროდასავლური ძალები.

- როგორც ანალიტიკოსს, მაქვს ამის განცდა, რადგან საქართველოს წინააღმდეგ ეს განცხადებები თითქმის ერთი თვეა გრძელდება. სწორედ ეს ბადებს ეჭვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს საზღვარზე, საქართველოს ხელისუფლებისვე ინიციატივით დგანან ამერიკის და ბრიტანეთის საელჩოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ატაშეები, რათა გააკონტროლონ ეს პროცესი. აქ საკმაოდ ფართოდაა წარმოდგენილი ჩვენი დასავლელი პარტნიორების სადაზვერვო სამსახურები, რომელთაც ყველა საშუალება აქვთ, ეს პროცესი გააკონტროლონ და, თუ რამე საეჭვოს შენიშნავენ, ამის შესახებ საჯაროდ განაცხადონ. პროცესი ძალიან მკაცრი მონიტორინგის ქვეშაა აყვანილი, მართლა პოლიტიკური ჰარაკირი უნდა გაიკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, რომ ასეთი რამ დაუშვას თუნდაც მცირე დოზით მაინც. თქვენ ხედავთ, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული პირები, ექსპერტები, საინფორმაციო საშუალებები, ინტერნეტგამოცემები ყოველდღიურად ავრცელებენ არაფრით გამყარებულ ფეიკინფორმაციებს, საქართველოდან თურმე რაღაც მასალები მიდის, რაც საჭიროა იარაღის დასამზადებლად, ქმნიან ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ფონს, რომ მოსახლეობა წამოიკიდონ საპროტესტო აქციაზე.

უკრაინელები ახლა ომის აზარტში არიან და ობიექტურად მსჯელობა არ გამოსდით, შეიძლება, მათ ისიც ჰგონიათ, რომ რუსეთს ომს მოუგებენ. იქნებ ამით აიხსნება, რომ ყველას აკრიტიკებენ? სულ ბოლოს გაეროც გააკიტიკეს.

- გაეროს მიმართ კრიტიკაც გასაგებია, მათ უნდათ, დასავლეთი და გაეროს წამყვანი სახელმწიფოები დაამუნათონ, რომ მათგან რაც შეიძლება მეტი ფული და დახმარება მიიღონ, მაგრამ ომის აზარტში ყოფნა, ცოტა არ იყოს, ორლესული მახვილია. შენ რომ ომში ხარ, ასჯერ უნდა გათვალო შენი ნაბიჯები, რომ შეცდომა არ დაუშვა. რას ჰქვია ომის აზარტი? რასაც გინდა, იმას წამოაყრანტალებ? არ მესმის უკრაინის ლოგიკა. თუმცა რასაც ისინი აკეთებენ, მე არ ვარ ფსიქოლოგი, ადამიანის გონებაში რა ტრიალებს, რთულია ამის განსაზღვრა, მაგრამ გაუგებარია, ზელენსკი და მისი გარემოცვა რა პარადიგმებით აზროვნებენ ამ დაძაბულ ვითარებაში. შესაძლოა, მათ მართლაც აქვთ ომის აზარტი, მაგრამ მე მაინც მგონია, თუ ომში ხარ, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. თუ ისინი თვლიან, რომ ამით საქართველოს კუთხეში მიაყენებენ, ეს შეიძლება მათი სტრატეგიაა, მაგრამ მათ ვიღაცამ უნდა უთხრას, რომ ამით ისინი ანტიუკრაინულ განწყობებს იწვევენ.

Gami რატომ ითვლება უკრაინა ჩვენს მეგობრად და პარტნიორად ვერ გამიგია, 2013 წლიდან, როდესაც ეს ნაცბანდა იქ წაიხიკა, უკრაინამ რა მეგობრული ან პოლიტიკური პარტნიორული ნაბიჯი გადმოდგა ჩვენსკენ? იქნებ დაასახელოთ. ეს არის ამ ხელისუფლების ბრალი -- აირჩია უკრაინის მიმართ "წაყრუების პოლიტიკა" და აი, შედეგიც! სულ ვამბობდი მეტი პრინციპულობა და მოთხოვნა უკრაინის მიმართ, გიჟი არ იყო.... ჩვენი ბრალია!
2 წლის უკან
არაგველი641 უკრაინა რათქმა უნდა ჩვენი მეგობარია, მაგრამ ნაცბოზბანდა რა ბოზი ბანდაცაა ეს ყველამ ვიცით და პასუხის გამცემი არავინაა - ეს კი დიდი პრობლემაა!
2 წლის უკან