საქართველოში შემოტანილ იაფ მედიკამენტებზე დეფიციტი შეიქმნა. მოსახლეობამ ჩათვალა, რომ იაფი წამლების მარაგი აფთიაქებში ამოიწურებოდა და მედიკამენტები დიდი ოდენობით შეისყიდა. თურქეთიდან საქართველოში შემოტანილი, დაბალფასიანი მედიკამენტების დეფიციტს ჯანდაცვის მინისტრი პანიკური შესყიდვებით ხსნის.
„საწყის ეტაპზე თურქეთიდან წამლები ორმა-სამმა დისტრიბუტორმა შემოიტანა. როცა მოსახლეობამ აფთიაქებში იაფი მედიკამენტები ნახა (რასაც, მაგალითად, ერთი თვით ადრე 170 ლარად ყიდულობდა, ახლა 30-35 ლარი ღირდა), გაუჩნდა განცდა, თითქოს ამას ერთჯერადი აქციის სახე ჰქონდა. აქედან გამომდინარე, თუ ადრე თითო კოლოფს ყიდულობდნენ, ახლა ძალიან ბევრი შეიძინეს და, ერთი თვის მარაგის ნაცვლად, წლიური მარაგი გაიკეთეს.
დისტრიბუტორებმა მაინც სწორად დაგეგმეს, „ცხელი ხაზიც“ შევქმენით, რათა გვცოდნოდა, კონკრეტულად რომელი მედიკამენტის დეფიციტზე იყო ყველაზე მეტი პრეტენზია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა და დასძინა, რომ ბოლო 10 დღეა, მედიკამენტების საკმარისი რაოდენობა შემოიტანეს.
ფარმაციის სფეროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მიზეზი თავად თურქეთის ბაზარზე არსებული მედიკამენტების ლიმიტირებული რაოდენობაა. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის აზრით, პრობლემა ხელოვნური არაა და ფარმაცევტული კომპანიების ცუდ მუშაობას არ უკავშირდება.
„მედიკამენტების იმ რაოდენობას, რაც საქართველოს სჭირდება, თურქული ბაზარი ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს. ის მოცულობა, რაც თურქეთშია მიმოქცევაში, წამლების მწარმოებლებმა დაგეგმეს თურქული ბაზრისთვის და რაც ზედმეტობაა, ჩვენ იმას ვიღებთ. ე.ი.მედიკამენტების ნაწილი, როგორც ახლაა, ისე იქნება, მაგრამ მოლოდინი, რომ ყველა აფთიაქში იქნება ამ ფასად, არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მისი შეხედულებით, იმისთვის, რომ ეს მედიკამენტები ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც შეხვდება, უნდა გატარდეს სხვა რეფორმებიც. პირველი - ესაა ელექტრონული რეცეპტი, რისკენაც ნაბიჯები უკვე გადაიდგა. მოსახლეობის დანახარჯის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის არასწორად და ჭარბად დანიშნული წამლები.
„ჩვენი მიზანია, მედიკამენტი არა მხოლოდ გავაიაფოთ, არამედ ნაკლები წამალი დასჭირდეს ადამიანს. ამის მისაღწევად აუცილებელია, გავზარდოთ ექიმების განათლების დონე და, მეორე მხრივ, დავალაგოთ ურთიერთობა ზოგიერთ ფარმაცევტულ კომპანიასა და ჯანდაცვის მუშაკებს შორის, რათა შევამციროთ ექიმის ფინანსური დაინტერესება, რის გამოც ის ბევრ წამალს უწერს პაციენტს. დანახარჯების 25%-ის მიზეზი სწორედ ესაა.
შემდეგი ნაბიჯი იქნება ფასნამატის რეგულაცია. ძალიან აქტიური კამპანია დაიწყო ჯენერიკების მიმართულებით, მაგრამ აუცილებელია ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება, რათა დარწმუნებული ვიყოთ ჯენერიკების ხარისხში“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
ჯანდაცვის სამინისტრო სწორედ ამის დანერგვას აპირებს. 11 აპრილიდან ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს შესთავაზებს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. სიახლე, მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტს შეეხება.
„პოზიტიური სია“-ში შედის: აღიარებითი რეჟიმით რეგისტრირებული მედიკამენტები; ეროვნული რეჟიმით რეგისტრირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია საქართველოს მთავრობის N188 დადგენილებით განსაზღვრულ ქვეყნებში; საქართველოში წარმოებული მედიკამენტები. სხვა მედიკამენტებისთვის „პოზიტიურ სია“-ში მოსახვედრად კი საჭიროა, „ჯიემპი“ სერტიფიკატისა და ბიოექვივალენტობის (ინ ვივო მეთოდით) ჩატარებული კვლევის შედეგის წარმოდგენა.
აღსანიშნავია, კომბინირებული, ვიწრო თერაპიული ინდექსის მქონე და სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტები წარმოადგენს გამონაკლისს და მათზე გენერიკული რეცეპტი არ გამოიწერება.
11 აპრილიდან ცვლილებები შეეხება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის წესსაც. ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.
ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, პირველ მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტი გამოწეროს მხოლოდ ელექტრონულად, ფორმა N3 რეცეპტის საშუალებით.