მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნა მოითხოვა, საქართველოსა და უკრაინაში ყველამ თავისებურად გაიგო ეს მოწოდება და თავის პოლიტიკურ გემოვნებას დაუქვემდებარა. ზოგისთვის ანტიპუტინისტური კოალიცია მოხალისეების უკრაინაში გადასხმით გამოიხატება, ზოგისთვის-რუსეთისთვის სანქციების დაწესებაში, ზოგი კი ბევრად შორს მიდის და საქართველოში საომარი ვითარების გადმოტანასა და მეორე ფრონტის გაშლასაც არ გამორიცხავს იმ მოტივით, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან რუსის ჯარი გაყვანილია და შეგვიძლია შევიჭრათ.
რას ნიშნავს ანტიპუტინისტური კოალიცია საქართველოს მასშტაბის მქონე ქვეყნისთვის?
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, ანტიპუტინისტურ კოალიციასთან საქართველოს მიერთება გააღიზიანებს პუტინს, მაგრამ ყოველთვის სასიამოვნოს ვერ გავაკეთებთ მისთვის. სამაგიეროდ, ანტიპუტინისტურ კოალიციასთან შეერთებით საქართველოს შეეძლება უკრაინას პოლიტიკური მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუხატოს, მათ შორის, მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზეც, ასევე, მიაწოდოს დახმარება ჰუმანიტარული თვალსაზრისით, აღმოუჩინოს თანადგომა უკრაინიდან ლტოლვილებს და, რაც მთავარია, პრინციპული მნიშვნელობა ექნება საქართველოს სიტყვას იმ პროცესებში, რომლებიც ახლა დაიწყება - ეს არის მსოფლიო წესრიგის გადახედვა, ცვლილებები საერთაშორისო არენაზე.
„საქართველოს უნდა ჰქონდეს ერთმნიშვნელოვნად მტკიცე, კი ბატონო, გამოვიყენოთ ეს ტერმინი - ანტიპუტინისტური პოზიცია, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა თავისი სახელი მტკიცედ დაუკავშირა ყველაზე რეაქციულ და ბოროტებასთან ასოცირებულ ბრენდს მსოფლიოში. ამიტომაც თავის წინააღმდეგ მსოფლიოს დარაზმვა, შეიარაღებული და კარგად კოორდინირებული მოქმედება გამოიწვია. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრისკენ მოგვიწოდებენ და ეს ჰგონიათ ანტიპუტინისტური კოალიციის ფარგლებში მოქმედება, მათ უნდა იცოდნენ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი არ არის ჩვეულებრივი კონფლიქტი, ეს არც ყარაბახია, არც დნესტრისპირეთი, არც დონბასი. რუსი ოკუპანტების ზურგსუკან აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც ჩვენი მოძმე მოქალაქეები არიან, რომლებიც, უბრალოდ, განსხვავებულ პოზიციაზე არიან. ჩვენ ან უნდა ვიომოთ მათთან, ან ჩვენი მშვიდობიანი მომავალი უნდა ავაშენოთ და ეს არ უნდა დავივიწყოთ. ეს არ შეიძლება იქცეს პოლიტიკურ საჯილდაო ქვად“, - აღნიშნა ირაკლი მენაღარიშვილმა.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ მეორე ფრონტის გაშლა და უკრაინული მსხვერპლშეწირვის გადანაწილება საქართველოსთვის არარეალურია.
„ეს გადაწყვეტილება რომ მიგვეღო, ნაცარქექიას როლში აღმოვჩნდებოდით. ახლა ისიც გვესმის, აფხაზეთი და ცხინვალი დაიბრუნეთ, რუსის ჯარი მაინც გასულია უკრაინაშიო, ეს არის სისულელე და ქვეყნის მტრობა. დავუშვათ, მოხდა ეს ზღაპარი და ძალით დავიბრუნეთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, საბოლოოდ რა გამოვა? ამით სამუდამოდ მტრებად ვაქცევთ აფხაზებს და ოსებს. ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ სისხლი დაიღვაროს ჩვენს შორის, ეს ნიშნავს, რომ მაშინ უკვე სამუდამოდ დავკარგავთ ამ ტერიტორიებს. რუსეთი გაქრება, აღარ იქნება, ოსებს და აფხაზებს კი ჩვენსკენ გამოხედვა აღარ ენდომებათ“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.
პოლიტოლოგის აზრით, ცხადია, რუსეთი ჩვენს საკუთარ მიწაზე ასე იოლად შეჭრას არ შეგვარჩენს, რუსეთს იმდენი ძალა ყოველთვის ექნება, რომ 20-30 რაკეტა თბილისში ჩამოაგდოს და მორჩა, მაშინ თბილისიდან რა დარჩება, ესეც საკითხავია. გარდა ამისა, ამდენი ხანი ჩვენ ვიძახდით, რომ მშვიდობიანად უნდა დაგვებრუნებინა ჩვენი ტერიტორიები. ამით კი აფხაზ და ოს სეპარატისტებს, იქ მცხოვრებ ცხელ თავებს მივცემთ საბაბს, რომ თქვან, ხომ ვამბობდით, ქართველების ნდობა არ შეიძლება, ქართველებმა როგორც კი მომენტი ნახეს, მაშინვე ძალა გამოიყენეს, თუმცა იფიცებოდნენ, რომ ძალას არ გამოვიყენებთო.
„ამიტომ ვინმეს თუ ასეთნაირად ესმის ანტიპუტინისტური კოალიცია, ეგ სიგიჟე და მავნებლობაა. მესმის, რომ ეს უკრაინელმა თქვას, მათი გადმოსახედიდან შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ქართველებს ხომ ჩვენი პოლიტიკა უნდა გვქონდეს? შეიძლება, უკრაინას აწყობს ფრონტის ხაზი საქართველოში გადმოიტანოს, მაგრამ ასეთ დროს რუსეთი რას იზამს? ორი კვირით ერთ-ორ დივიზიას მოხსნის უკრაინაში და გადმოისვრის აქეთ. ამით აფხაზებს და ოსებს სამუდამოდ დავკარგავთ და არავითარ შერიგებაზე საუბარი აღარ იქნება“,-აცხადებს სოსო ცინცაძე ჩვენთან საუბრისას.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ანტიპუტინისტურ კოალიციას უნდა შევუერთდეთ, თუკი გვინდა, დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს გვერდით აღმოვჩნდეთ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას არ მოაქვს შესაბამისი შედეგი. ამიტომ დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს სახით საქართველოს უნდა ჰყავდეს საიმედო მოკავშირე.
„რა თქმა უნდა, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში უნდა შევიჭრათ, უბრალოდ, რუსეთი რომ ეკონომიკურად დასუსტდება, შემდგომში ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს ექნებათ უფრო მეტი ინტერესი, გამოიხედონ საქართველოში. ზოგიერთს ახლა აინტერესებს, ანტიპუტინისტურ კოალიციას რომ შევუერთდეთ, გავხდებით თუ არა სამიზნე კიევთან ერთად? თუ რუსეთი დასუსტებული იქნება, ჩვენ არ გავხდებით სამიზნე. თუ ჩვენ ავირჩევთ მოკავშირეებს, რუსეთი ვეღარ გაბედავს ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლას“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.
როგორც იქნა ითქვა, რომ ჩვენ და უკრაინის, ასევე სომხეთ - აზერბაიჯანის, პრობლემები სხვადასხვა თვისობრიობის შემცველია. ჩვენი პრობლემების გადასაჭრელად, ჩვენვე უნდა ჩამოვაყალიბოთ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესების შესაბამისი, პოლიტიკა. ამ საქმეში არავის მიბაძვა არ გვარგებს. ჩვენ მარტო მიწები კი არა, იქ მცხოვრები ხალხი გვყავს დასაბრუნებელი. ეს ძალიან სათუთი საკითხია, რომელიც ცხელ გულზე გადასაჭრელი პრობლემა არ არის.