უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ცნობით, მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდისთვის კორიდორს ამზადებს.
„საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“, -აცხადებს უკრაინული მხარე და ამტკიცებს, რომ ასევე განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობაც.
საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში უკრაინის ბრალდებას უარყოფენ. სუსი უკრაინულ მხარეს მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ მათი დაზვერვის მთავარი სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები „მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით“.
უკრაინული მხარის ბრალდება გამოიწვევს თუ არა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას, ვინ დგას უკრაინული მხარის გაჟღერებული ბრალდების უკან და აღნიშნულ ბრალდებას როგორ უნდა უპასუხოს საქართველომ? For.ge-ს კითხვებს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პასუხობს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ბრალდება გამოიწვევს თუ არა საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტას?
- ლოგიკურად ასეც უნდა მოხდეს. დღეს საქართველო უკრაინის მხრიდან, უმსგავსო გამოხდომებთან მიმართებაში შემწყნარებულ პოზიციას ინარჩუნებს. სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმოამდგენლის მხრიდან მსგავსმა გამოხდომებმა სისტემატიური სახე მიიღო, ამიტომ არ გვსურს ვითარება გავამწვავოთ და რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ომში გადავიყვანოთ. ეს ომი ჩვენთან მიმართებაში ისედაც მიმდინარეობს, მაგრამ ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ჩვენ ომით გამოწვეულ სხვადასხვა შედეგებს ვიგერიებთ და ამავდროულად, უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ მეგობრული ქვეყნის პოზიციებიდან მხარდაჭერის ხაზს ვაგრძელებთ.
უკრაინის დაზვერვის სამსახურს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსანი გია ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს, რას ფიქრობთ, ეს განცხადება მისი დაწერილია?
- ცნობილია იმ კოლექტივის ვინაობა, ვინც უკრაინის ხელისუფლებაში პოლიტიკურ პროცესებს მართავს. პოლიტიკურ პროცესებს ღიად მართავს დავით არახამია, მართლმსაჯულების პროცესს სათავეში ზურა ადეიშვილი უდგას, დაზვერვისა და სპეცსამსახურებს გია ლორთქფანიძე ხელმძღვანელობს, დარწმუნებული ვარ, თავდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ მრჩევლად გენერალი გიგი კალანდაძე ეყოლებათ, ეკონომიკურ გუნდში მოღვაწეობენ გიორგი ცხაკაია, გიზო უგლავა, გია გეწაძე და ა.შ. საქართველოს წინააღმდეგ მომართული იდეები, რა თქმა უნდა, „ნაცების კორპორაციის“ იმ წარმომადგენლების ავადმყოფურ თავებში იბადება, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში არიან ჩანერგილები. ამ იდეების შემდგომ გახმოვანებას უკრაინელი პოლიტიკოსები აკეთებენ, როგორც ეს უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა. ანუ, გამოდის რა - იდეის ავტორები და ტექსტის დამწერები ჩვენი ე.წ. ქართველები არიან, რომლებსაც ქართველობასთან არაფერი საერთო - არც ეროვნება, არც მამული, არც ენა და არც სარწმუნოება არ გააჩნიათ. ამ „კორპორაციის“ შემადგენლობაში თავისუფლად შეგვიძლია ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც ჩავსვათ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, ვიოლა ფონ კრამონს თავის ინტერვიუში ისე ეჩქარებოდა, რომ საქართელოს ხელისუფლება რუსეთთან ერთად ფულის შოვნაში დაადანაშაულა. ეს უბინძურესი ბრალდებაა და რაც უნდა მაღალი ეშელონის წარმომადგენელი იყოს, მსგავსი ტიპის ბრალდების გამხმოვანებელი პოლიტიკოსი არც ერთმა თავმოყვარე ქვეყანამ საკუთარ ტერიტორიაზე აღარ უნდა შეუშვას.
საქართველოში უკრაინის დაზვერვის განცხადებებს სასამართლოდან ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აჟღერებს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ის ციხიდან მართავს უკრაინაში თანამოაზრეებს?
- სააკაშვილი თავის იდეებს და გეგმებს ციხეში წერს, რომელიც შემდგომ ადვოკატების მეშვეობით ციხიდან გარეთ გამოდის. ამის შემდეგ მისი წერილები მის ფეისბუქ გვერდებზე, ან „მთავარი არხის“ საინფორმაციო განყოფილებაში ხვდება. ასევე, უკრაინაში მის მოქმედ „კორპორაციის“ თანამშრომლებთან უკვე ჩამოყალიბებული გეგმები მიდის და მათ უკვე იციან, რა უნდა გააკეთონ. ნაციონალებს არც ქვეყნების სხვადასხვაობა, არც თავისუფლებაზე თუ ციხეში ყოფნის ფაქტორი არ აჩერებთ. ისინი მუშაობენ ყველა პოზიციიდან - უკრაინიდან, საქართველოდან, ციხიდან თუ თავისუფლებიდან. მათ ერთი მიზანი აქვთ - ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და ამ დაბრუნების გზაზე საქართველო საერთაშორისო რუკებიდან თუ გაქრება, არ ადარდებთ.
სუს-ის მოთხოვნა გასაგებია, თქვენ რას ფიქრობთ, ქართულმა მხარემ ამ ბრალდებას კონკრეტულად როგორ უნდა უპასუხოს?
- თუ უმოკლეს ვადაში უკრაინული მხარის მიერ არც ერთი მტიცებულება არ იქნება წარმოდგენილი, საქართველომ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლობის მუშაობა უნდა შეწყვიტოს. დიპკორპუსის მთლიანი შემადგენლობა სამშობლოში უნდა გამოიწვიოს. ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ვწყვეტთ. გამორიცხული არაა „კორპორაციას“ თავში უგუნური განზრახვა მოუვიდეს და რომელიმე ჩვენს დიპლომატს ბრალი ჯაშუშობაზე წაუყენოს. ასეთ პროვოკაციებს დღეს ადგილი აქვს და სამწუხაროდ, პროვოკაციები არ წყდება. ყველაფერს თავი რომ ავარიდოთ, მინიმუმ ჩვენი დიპლომატების ჩამოყვანა უნდა უზრუნველვყოთ. რა იქნება შემდგომ, ეს უკვე ცალკე გადასაწყვეტი თემაა.
თქვენ ამბობთ, რომ სწორედ ლორთქიფანიძე, ადეიშვილი და არახამია გაწირავენ ქართველ დიპლომატებს?
- რატომ უნდა გამოვრიცხოთ, როდესაც ლორთქიფანიძის, უკრაინის ვიცე-პრემიერისა და ევროპარლამენტარის ტვინში ასეთი სიბინძურე იხარშება და შემდეგ სააშკარაოზე გამოდის?! საქართველო და რუსეთი უკრაინელებით ფულს შოულოენო - ამაზე უბინძურესი რა უნდა მოხდეს? ჩემი ვარაუდია, რომ შეიძლება ამაზე ბინძური რამ მოხდეს, აი, ზუსტად ის, რომ ჩვენს დიპლომატებს, რომლებმაც ალყაშემორტყმული კიევი ბოლოს დატოვეს და ბოლო წამამდე ეხმარებოდნენ უკრაინის მოქალაქეებს, სწორედ მათ დასდონ ჯაშუშობაში ბრალი.
უკრაინის დაზვერვის განცხადებას ევროპარლამენტის ანგარიშიც მოჰყვა. საქართველოს მიმართ ბრალდებები როგორ აისახება საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში?
- აღნიშნული ცილისწამების გავრცელებისთანავე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს ნედ პრაისს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვა დაუსვეს და მან მკაფიო პასუხი გასცა. მან არ მიიღო „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვა და მხოლოდ კონკრეტულ ბრალდებას უპასუხა - „ეს სისულელეა და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა უკრაინის ომთან მიმართებაში აბსოლუტურად ჯდება საერთაშორისო თანამეგობრობის სულისკვეთების პაკეტში“. დღეიდან, თუ რომელიმე ანგარიშში ცილისწიმება მოხვდება, ეს იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებს უფრო დააზარალებს, ვიდრე საქართველოს, რომელსაც სურთ ზიანი მიაყენონ იმით, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში გაჟღერებული იქნება ცილისწამება. ფეიკს და ცილისწამებას ძირითადად მედიასივრცეში ვებრძვით, მაგრამ თუ მოგვიწია ევროპარლამენტის რეზოლუცებში ჩადებულ ფეიკებთან ბრძოლა, ეს ევროპარლამენტის პრობლემა და სირცხვილი იქნება.