მთავრობამ ახალი საგარეო გამოწვევები ახალ მინისტრს გადააბარა

მთავრობამ ახალი საგარეო გამოწვევები ახალ მინისტრს გადააბარა

მინისტრთა კაბინეტში მორიგი საკადრო ცვლილება განხორციელდა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ამოცანაა, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

რაც შეეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, ამ პოსტს ილია დარჩიაშვილი დაიკავებს. დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

სამთავრობო ცვლილებებს კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლით, ქვეყნისთვის საერთაშორისო ურთიერთობის კუთხით, მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება და ეს დიდ გავლენას ამ თვალსაზრისით, ვერ მოახდენს. თუმცა, მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი სახე და ახალი მინისტრი, ახალ მუხტს ნიშნავს, რამაც შესაძლოა, დადებითი ეფექტი იქონიოს დასავლეთთან ურთიერთობის კუთხით.

„მინდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი. ილიას მრავალმხრივი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. წლების წინ იგი მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში მუშაობდა, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, მანამდე პოლონეთის საელჩოში მუშაობდა და ბოლო წლებში, 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში. მე მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა და ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად, ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემართებით მუშაობა და ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება გვჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებას ბევრი სამუშაო აქვს, ქვეყანამ შეინარჩუნოს ის დასავლური კურსი, რომელსაც უკვე წლებია მიჰყვება.

„ახალ მინისტრს, მისი საქმიანობის შესაფასებლად, ახლოს არ ვიცნობ და ვნახოთ. ვიცით, რომ საკმაოდ კრიტიკული სიტუაციაა ჩვენს რეგიონში, ომი მიმდინარეობს და საქართველოს ძალიან სერიოზული სამუშაო აქვს გასაწევი, ამ დაძაბულ სიტუაციაში ქვეყანამ შეინარჩუნოს ის პოზიციები, რასაც მიაღწია, საქართველოს მოძრაობას ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციის კუთხით, პაუზა არ გაჩნდეს.

ის, რაც გაკეთდა, სრულიად კორექტული და მიზანმიმართული იყო. შემოქმედებითი მიდგომა და ახლის ძიება ყოველთვის არის საჭირო. წარმატების პირველი მტერი არის უკმაყოფილების გრძნობა, რაც სრულიად დაუშვებელია, მით უმეტეს ჩვენს შემთხვევაში. შემოქმედებითი მიდგომით საჭიროა ყველა იმ პროცესის გადახალისება და განახლება, რომელიც დღეს ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობის პრაქტიკაშია.

მართალია, გამოცდილება მნიშვნელოვანია, მაგრამ ახალი ენერგია, წინსვლის სურვილი და წარმატებისკენ სწრაფვა ძალიან მიშვნელოვანია. სამინისტროში საკმარისად გამოცდილი კადრებია იმისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს გამოცდილების დეფიციტი არ დაეტყოს“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან საუბარში.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეცვლით, ქვეყანაში მნიშვნელოვანად არაფერი შეიცვლება.

„აღნიშნული არ გამოიწვევს უნიკალურ ცვლილებას იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთი მხრივ ხელისუფლება აცხადებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპული კურსი, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ პრაქტიკაში არ ჩანს ეს.

საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს შინაური პოლიტიკის გაგრძელებას. იქიდან გამომდინარე, რომ საშინაო პოლიტიკას ბევრი პრობლემა აქვს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით, ეს ასახვას ჰპოვებს საგარეო ასპარეზზე. საქართველომ ძალიან ბევრი შენიშვნა დაიმსახურა დასავლეთის მხრიდან. არაფერი შეიცვლება ერთი პიროვნების მოერეთი შეცვლით, ვიდრე თვითონ საგარეო პოლიტიკის წარმოების სტრატეგია და ტაქტიკა არ შეცვლება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

საქართველოს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ უწყებაში თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ.

დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა მისთვის დიდ პატივთან ერთად პასუხისმგებლობაცაა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის თქვენს გუნდში. თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველას“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.