ექვსსაათიანი სასამართლო პროცესის შედეგად შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა, ხოლო ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ, ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. როგორც ცნობილია, ჭიაბერაშვილის ოჯახმა გირაოს თანხა უკვე გადაიხადა და მან წინასწარი დაკავების იზოლატორიც დატოვა.
აღსანიშნავია, რომ საპყრობილიდან გამოსულ ჭიაბერაშვილს თანაგუნდელებიდან არავინ დახვდა, მასთან შესახვედრად მხოლოდ ჟურნალისტები იყვნენ მისულები. For.ge-ს კითხვაზე, თუ რატომ არ მივიდნენ ჭიაბერაშვილის დასახვედრად „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორმა უპასუხა, რომ შესაძლოა, მის თანაგუნდელებს საპყრობილესთან მისასვლელად არ ეცალათ.
ამ ფაქტში უცნაური და საინტერესო არც არაფერი იქნებოდა, რომ არა გუშინდელი აჟიოტაჟი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების აქტიურობა. შეგახსენებთ, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა „ნაცმოძრაობის“ რამდენიმე ცნობილი სახე ბოლომდე დაესწრო და ისინი ერთხმად აცხადებდნენ, რომ მათ დაკავებულ თანაგუნდელებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური დევნაა და ჭიაბერაშვილიცა და მერაბიშვილიც უდანაშულონი არიან. ამიტომ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ საპყრობილიდან გამოსვლისას ჭიაბერაშვილს ნაციონალებიდან არავინ დახვდა, რადგან შეუძლებელია მათთვის ეს ფაქტი ასეთი უმნიშვნელო იყოს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, რა გახდა იმის მიზეზი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ჭიაბერაშვილის საპყრობილიდან გამოსვლას იგნორირება გაუკეთეს.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, სერგო რატიანი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჭიაბერაშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დახვდნენ. როდესაც მას ჩავეკითხეთ, ვინ დახვდა კახეთის გუბერნატორს, რატიანმა განმარტა, რომ ეს იყვნენ ადამიანები მისი რეგიონიდან. ხოლო როდესაც ვკითხეთ, რატომ ლიდერებიდან არავინ მივიდა ჭიაბერაშვილთან, რატიანმა გვიპასუხა, რომ ამ მიმართულებით კითხვები არ უნდა არსებობდეს, რადგან ჭიაბერაშვილს მათგან სრული მხარდაჭერა აქვს.
„გუშინ მე შევაცილე ზურა, იქ ვიყავი გვიანობამდე. ზურა ჩვენი მეგობარია, ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და ყოველგვარი ინსინუაციები ამ თემაზე სრული აბსურდია. უბრალოდ გარკვეული გაუგებრობა მოხდა, რადგან ჩვენ არ ვიცოდით, როდის უნდა გამოსულიყო ის საპყრობილიდან“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
აღსანიშნავია, წუხელ საღამოსვე ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს გირაოს სანაცვლოდ დღის პირველ ნახევარში გამოუშვებდნენ. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს თუ სურდათ მისი გამოსვლის ზუსტი დროის დადგენა, სავარაუდოდ, ეს არ გაუჭირდებოდათ.
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ აქ რამდენიმე ვერსია შეიძლება განვიხილოთ. ექსპერტი პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მერაბიშვილის დაკავების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული ბზარი გაჩნდა, რადგან ისეთი ფიგურებიც კი, როგორებიც არიან თამარ ჩერგოლეიშვილი და თეა თუთბერიძე უკვე აღარ მალავენ თავიანთ განწყობას და საკუთარ პოზიციას ღიად გამოხატავენ სოციალურ ქსელებსა თუ მედიასთან საუბრებში. ამასთანავე, არეშიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენიმე ჯგუფის დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, ერთი მხრივ არსებობდა დაპირისპირება მერაბიშვილის გუნდსა და სააკაშვილის გუნდს შორის, მეორე მხრივ კი, იყო დაპირისპირება მერაბიშვილის და ახალაიას გუნდებს შორის.
„რაც შეეხება ჭიაბერაშვილს, იგი უშუალოდ პრეზიდენტის გუნდის წევრად მოიაზრებოდა და შესაძლოა, მის მიმართ გულგრილობა ამითაც იყოს გამოწვეული, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ზოგიერთი უკვე პრეზიდენტს გაემიჯნა. თუმცა, შესაძლოა, აქ სხვა მოტივიც იყოს (რომლის დადასტურებაც მე გამიჭირდება), რომ ჭიაბერაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და ისეთი ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო უწყებას, რომელმაც იქიდან გამოჟონა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისი თქმით, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები ნაციონალებთან ახლო ურთიერთობებში იყვნენ, არ არის გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან მიიტანა ეს ინფორმაცია და შესაძლოა, ჭიაბერაშვილი ამის გამო აითვალწუნეს. მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ნაციონალების მიერ როგორც მიტოვებული იქნა ახალაია, ასევე მოუვა მერაბიშვილსაც, თუმცა ნაციონალებს უნდა ჰქონდეთ მყარი გარანტია, რომ არც ერთი (არც მერაბიშვილი და არც ახალაია) ხმას არ ამოიღებს, თორემ საკმარისია, რომელიმე მათგანი ალაპარაკდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობიდან გვერდზე ვეღარავინ დარჩება.
რაც შეეხება ჭიაბერაშვილის მიმართ ასე ღიად გამოხატულ იგნორირებას, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრი უკვე მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობს და ჭიაბერაშვილისთვის დრო აღარ აქვთ.
„მოდით ასეთი ვერსია ჩამოვაყალიბოთ - ჭიაბერაშვილმა თქვა იმაზე მეტი, ვიდრე საჭირო იყო, დაასახელა რიგი ადამიანებისა. ზოგიერთისთვის, ჭიაბერაშვილი ახლა მოღალატეა, ხოლო დანარჩენებისთვის ეს ადამიანია, რომელმაც თქვა ყველაფერი, რაც იცოდა. ამიტომ, ეს ადამიანები ახლა თავის გადარჩენის რეჟიმში უნდა იყვნენ და ამის გამო უბრალოდ ვერ მოიცლიდნენ იქ მისასვლელად“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რაც შეეხება ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობას, მამუკა არეშიძე განმარტავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო ისეთი იერარქია, რომ ვანო მერაბიშვილი ღებულობდა გადაწყვეტილებებს, ხოლო სხვები ამ გადაწყვეტილებებს აღასრულებდნენ. ექსპერტის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ჭიაბერაშვილის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი ტიპის სქემები შექმნილიყო, რომლის სპეციალისტიც არის ჭიაბერაშვილი.
უფლებადამცველი, დიმიტრი ლორთქიფანიძე ვარაუდობს, რომ კახეთის გუბერნატორის მიმართ ნაციონალების ასეთი უყურადღებობა შეიძლება უკავშირდებოდეს იმას, რომ გამოძიების მიერ ჭიაბერაშვილი შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც მერაბიშვილის ბრალდების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი მოწმე, ხოლო ჭიაბერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო შესაძლოა იყოს ერთგვარი გარანტი იმისა, რომ მას გისოსებს მიღმა დიდხანს ყოფნა არ მოუწევს, ან შესაძლოა, სულაც გათავისუფლდეს საპატიმრო სასჯელისგან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე. კერძოდ, დიმიტრი ლორთქიფანიძე საუბრობს იმ კონკრეტულ მუხლზე, რომელიც სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას გულისხმობს და რომლის მეშვეობითაც ჭიაბერაშვილი შესაძლოა, საერთოდაც ასცდეს საპატიმრო სასჯელს.
ლორთქიფანიძის თქმით, დასაქმების მაძიებელთა ის პროგრამა, რომლის დასაფინანსებლადაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხუთ მილიონ ლარზე მეტი გამოიყო და საბოლოოდ, ეს თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ აქტივს მოხმარდა, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი იყო.
„მნიშვნელოვანია თავაც ის ფაქტიც, რომ ამ პროგრამის განმახორციელებლად ჭიაბერაშვილის უწყება იქნა შერჩეული, რადგან მოგეხსენებათ, ჭიაბერაშვილი საარჩევნო ტექნოლოგიებში ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს. იგი იყო „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი, ძალიან აქტიურად იყო არჩევნებში ჩართული თბილისის მერიიდანაც. შემდგომში კი, როგორც წარმატებული დიპლომატი, რომელსაც, თითქოს, აქტიურ პოლიტიკასთან შეხება აღარ უნდა ჰქონოდა, გამოძახებული იქნა თბილისში და არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა. აქედან კი იგი ამ ბინძური სქემის გასათამაშებლად იყო გამოყენებული“, - ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
იგი მიიჩნევს, რომ ჭიაბერაშვილს ამის გამო სრულიად სამართლიანად აქვს ბრალი წარდგენილი. ხოლო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოძიების მიერ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გამოძიებასთან ზურაბ ჭიაბერაშვილის აქტიურ თანამშრომლობას დაეთმობა. უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ ჭიაბერაშვილი მერაბიშვილის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
და ბოლოს, როგორც for.ge-სთვის გახდა ცნობილი, უახლოეს ორ დღეში პროკურატურა მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების გამოქვეყნებას აპირებს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა, მათთვის ბრალის დამძიმებაც მოხდეს.