ტურისტულ ოცნებებს ახალი მთავრობაც ვერ ელევა

ტურისტულ ოცნებებს ახალი მთავრობაც ვერ ელევა

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ახალი ხელისუფლების პრიორიტეტი აღარ არის, მისდამი ყურადღება მაინც გაზრდილია, განსაკუთრებით კი, ზაფხულის სეზონის სიახლოვეს. მთავრობაში თვლიან, რომ წელს ქვეყანას უფრო მეტი ვიზიტორი იყოლება, ვიდრე შარშან. ექსპერტები ამ განცხადებას ეჭვის თვალით უყურებენ.

აჭარაში წლეულს, შარშანდელთან შედარებით, შედარებით ორჯერ მეტ ტურისტს ელოდებიან. როგორც აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რეგიონი უცხოური მედიის წარმომადგენლებს და ტუროპერატორებს მასპინძლობს, რომელთა დაინტერესება დიდია.

ამ მიზეზით გაორმაგდა ჩარტერული ფრენები უკრაინის, ისრაელისა და თურქეთის მიმართულებით. ტურისტებს ასევე ელოდებიან ყაზახეთიდან და ბელორუსიიდანაც. საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან განსხვავებით,  ბათუმის ყველა დიდი სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს, რასაც პიარ კამპანიებს უკავშირებენ. ამ სეზონზე ტურისტებს როგორც ბათუმის, ასევე გომარდულის, ბეშუმის და გოდერძის უღელტეხილის სასტუმროებიც მიიღებენ.

ასეთ ოპტიმისტურ განწყობას არა და არ იზიარებენ დარგის ექსპერტები. მთავრობა ყოველწლიურად ტურისტულ ოცნებებშია, მაგრამ ყოველი სეზონის ბოლოს აღმოჩნდება, რომ რეალობა ოცნებიდან ზალიან განსხვავდება.

“2013 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები დაგვიანებულია”, – ამ განცხადებას  ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი და დარგობრივი ეკონომიკის საპარლმენტო კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი აკეთებს. მარინა მეტრეველის მტკიცებით, წინა წლისგან განსხვავებით, წლეულს ქვეყანას  საერთაშორისო დონეზე მარკეტინგული კამპანია არ ჰქონია.

ამასთან, საქართველოში ნარჩუნდება არასტაბილური პოლიტიკური ვითრება, რაც ტურისტების ნაკადზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ  2013 წლის ზაფხული ტურისტების რაოდენობთ 2012–ის ანალოგიური იქნება. ეს ყველზე კარგ შემთხვევაში, რეალურიად კი ექსპერტი ტურისტების ნაკადის შემცირებასაც არ გამორიცხავს.

“როდესაც ვსაუბრობ დარგის განვითარების პოლიტიკაზე, უპირველესად ვგულისხმობ იმ ფაქტს რომ  უნდა არსებობდეს  დოკუმენტი, სტრატეგია, კონცეფცია, ვთქვათ 5-10-წლიანი, რომელშიც უნდა იყოს გაწერილი თუ როგორ და რა მიმართულებით  უნდა განვითარდეს სექტორი. ასეთი რამ დარგს არ ჰქონია და არც დღეს არ აქვს. სტრატეგია უნდა ითვალისწინებდეს კრიზისულ მენეჯმენტსაც, თუ როგორ უნდა მოხდეს დარგის მართვა, რათა სექტორის განვითარება არ შეიზღუდოს ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისების პერიოდებში.

ბოლო დროს ბევრი სასტუმრო გაიხსნა, თუმცა ამ სასტუმროებში ტურისტების იმ რაოდენობას, რაზეც ისაა გათვლილი, ვერ ვხედავ. ექსპერტული დასკვნა უნდა ყოფილიყო, სჭირდებოდა თუ არა, მაგალითად, ბათუმს იმ ზომის სასტუმროები, რომელიც იქ აშენდა. ეს ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს სტრატეგიულად. ვფიქრობდი, რომ ტურიზმის განვითარება სწორედ რეგიონებიდან უნდა დაწყებულიყო, რადგან ადგილებზე სამუშაო არ არის და ხდება ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაცია თბილისში. რეგიონებში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები. უნდა აშენდეს მრავალი  2-3-ვარსკვლავიანი  და არა 4-5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, როგორც დღემდე იგეგმებოდა და შენდებოდა”, - ამბობს მეტრეველი.

საქართველო იმდენად პატარაა ქვეყანაა, რომ ადამიანი ერთ ადგილზე 2 დღეზე მეტს იშვითად ათევს. ის მოგზაურობს და ამიტომ ექსპერტის აზრით, ამ მომენტისთვის ქვეყნისთვის უყაირათოა დიდი სასტუმროების მშენებლობა.

“ტურისტები ხშირად მეკითხებიან - რატომ არ გაქვთ 2-3-ვარსკვლავიანი სასტუმროები, რათა ჩვენ იაფი გვიღირდეს საქართველოს ერთ ქალაქში გაჩერება და შემდეგ მეორე ქალაქში გადაადგილება. აჭარა არ არის თურქეთის რომელიმე კურორტი, სადაც 2 კვირით ჩადის ტურისტი და ერთ ადგილზე, ერთ სასტუმროში იღებს ყველა იმ მომსახურებას, რომელიც მას სურს. დაიწყება თუ არა წვიმები, აღარავინ აღარ ჩერდება ბათუმში, ქობულეთში და ზღვის სანაპირო კურორტებზე. საქართველოში უნდა აშენდეს პატარა სასტუმროები, მოტელები, გზებზე დასასვენებელი ადგილები.

ხშირად მიწევს დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება და გზაზე ერთ ადგილს ვერ იპოვით, სადაც კომფორტულად გაჩერება და წახემსებაა შესაძლებელი. ირგვლივ ანტისანიტარია და მომსახურების უდაბლესი დონეა. ტურისტი თუ გინდა მოიზიდო და მოტივირებული გახადო იმოგზაუროს შენს ქვეყანაში, მას იაფი განთავსების პირობები უნდა შეუქმნა. კარგი მომსახურების შეთავაზებით არა მხოლოდ ტურისტთა რაოდენობის ზრდაა შესაძლებელი, არამედ გაიზრდება მათ მიერ მოგზაურობისას დახარჯული თანხებიც და, შესაბამისად, ქვეყანა მათგან მეტ მოგებას მიიღებს”, - აცხადებს მარინა მეტრეველი.