საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის ექსპერტი თემურ ბასილია უკრაინის პრეიდენტის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ საქართველოს ჩაბმას საომარ მოქმედებებში, რათა რუსეთ-უკრაინის ომი გადაიქცეს საერთაშორისო ომად და მეორე მხრივ, დაეხმაროს მის ირგვლივ შეკრებილ ქართული წარმოშობის დაჯგუფებას დაბრუნდნენ საქართველოს ხელისუფლებაში.
for.ge თემურ ბასილიას ესაუბრა.
ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც, „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა, 1-ელი აპრილიდან, რუსული გაზის საფასური რუბლებში უნდა გადაიხადონ. რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება? როგორც ცნობილია, თურქეთმა თქვა, რომ არ აპირებს საკუთარი მოსახლეობის გაყინვას...
თემურ ბასილია: როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების აღსრულება ადვილი არ არის, რადგან უკვე აპრილია და არც ევროპის ქვეყნებს გადაუხდიათ რუსეთიდან მიწოდებული გაზის საფასური რუბლში და არც რუსეთს შეუწყვეტია გაზის მიწოდება. გავრცელდა კიდეც ერთ-ერთი ვერსია, რომ ევროპის ქვეყნები გააგრძელებენ მიღებული გაზის ღირებულების ევროთი გადახდას „გაზპრომბანკში“, რომელზეც საერთაშორისო სანქციები არ არის დაწესებული და ეს ბანკი მოახდენს ევროს კონვერტაციას რუბლში. თუ ეს სქემა განხორციელდა, როგორც არ უნდა შეიფუთოს ეს, რეალურად, გადახდა მაინც ევროში მოხდება.
რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომი“ წლების წინ დაიწყო. პუტინის თქმით, დასავლეთი ყველანაირად ეცდება ახალი სანქციების დასაწესებლად მიზეზების პოვნას. მას მიაჩნია, რომ სანქციების მიზანი რუსეთის განვითარების შეფერხებაა. როგორ ფიქრობთ, არსებული და უკვე დაწესებული სანქციების პარალელურად შესაძლებელია რუსეთი სრულად ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდეს, ელოდებით სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას?
- შესაძლოა, ვინმემ დაარქვას ომი, მაგრამ სინამდვილეში თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის პირობებში ის რაც ხდება, არის არა ომი, არამედ კონკურენცია. კონკურენციის პირობებში კი წარმატებულია ის, ვინც დროულად აუღებს ალღოს ბაზრის მოთხოვნას. სწორედ, ასეთი მიდგომა იყო რუსეთთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ ის ფაქტი, რომ დასავლეთს არავითარი ომი არ გამოუცხადებია რუსეთისთვის, როდესაც მათ მოახდინეს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია. ასევე, არავითარი ომი არ გამოუცხადებიათ, როდესაც რუსეთმა შეიერთა ყირიმი. დასავლეთმა ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ იმის შემდეგ მიიღო, როდესაც დასავლეთის თვალსაზრისით, რუსეთმა გადალახა „წითელი ხაზი“, როდესაც დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამჟამად დასავლეთს არ სჭირდება ახალი მიზეზის „პოვნა“ დამატებითი სანქციების დასაწესებლად. ეს სანქციები გაგრძელდება და კიდევ უფრო გამკაცრდება, სანამ არ დასრულდება საომარი მოქმედებები.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა. ეს გადაწყვეტილება კი ასე ახსნა - „არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური!“. საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ შეუერთდა სანქციებს. დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდნენ მოლდოვა, აზერბაიჯანი, თურქეთი, ისრაელი და მათ შორის ბელარუსი, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტს ამ ქვეყნებიდან ელჩები კონსულტაციისთვის არ გაუწვევია. ვოლოდიმერ ზელენსკიმ ეს ნაბიჯი გადადგა საქართველოსთან მიმართებაში. ბატონო თემურ, როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტის ეს ნაბიჯი არის პოლიტიკურად მოტივრებული და ზოგადად, როგორია აშშ-ში განწყობა ზელენსკის ამ დემარშთან დაკავშირებით? მით უმეტეს, რომ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინას ელჩი არ გამოუწვევია რუსეთიდან...
- ობიექტურად რომ ვილაპარაკოთ, უკრაინას არ ჰქონდა რაიმე საფუძველი, რომ საქართველოდან ელჩი გაეწვია. ყველა საერთაშორისო ფორუმზე საქართველომ მკაფიოდ დაუჭირა მხარი უკრაინას, უწევს მას ჰუმანიტარულ დახმარებას, ასევე, საერთაშორისო სანქციები ხორციელდება საქართველოში. მაგალითად, საქართველოდან ვერ გადარიცხავთ ფულს იმ რუსულ ბანკებში, რომლებიც მოექცნენ საერთაშორისო სანქციების ქვეშ. პრაქტიკულად, საქართველოში შეაჩერა ოპერაციები „ვითიბი ბანკმა“ და ა.შ.
რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არის პოლიტიკურად მოტივირებული და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ საქართველოს ჩაბმას საომარ მოქმედებებში, რათა რესეთ-უკრაინის ომი გადაიქცეს საერთაშორისო ომად და მეორე მხრივ, დაეხმაროს მის ირგვლივ შეკრებილ ქართული წარმოშობის დაჯგუფებას დაბრუნდნენ საქართველოს ხელისუფლებაში. ამიტომაც, სრულებით არ მიკვირს მისი ასეთი მოქმედება საქართველოს მიმართ - ის მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რა უნდა გააკეთოს საქართველომ ასეთ ვითარებაში? პასუხი მარტივია - იმოქმედოს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
როდესაც სანქციებზე ვლაპარაკობთ, ერთია - საქართველოს მხრიდან სანქციებზე მიერთება ვის უფრო დააზარალებდა, რუსეთს თუ თავად საქართველოს მოსახლეობას? მეორე მხრივ, როგორც ვხედავთ, ვერც დასავლეთის მხრიდან გამოცხადებულმა სანქციებმა ვერ იქონია გავლენა ომის დასრულებაზე...
- სამწუხაროდ, საქართველო არ აწარმოებს ისეთ პროდუქციას, რომლის ექსპორტის შეწყვეტა რუსეთში რაიმე გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, საქართველო ღებულობს საკვებ პროდუქტებს, მაგალითად - ხორბალს. ხორბლის ძირითად მომწოდებლები საქართველოში არიან რუსეთი და უკრაინა, უკრაინიდან ხორბლის მიღება ამ სიტუაციაში შეუძლებელია, რადგან საზღვაო პორტები დაკეტილია, ხოლო უკრაინის აღმოსავლეთი ნაწილი - ოკუპირებული.
ასეთ სიტუაციაში საქართველო უარს თუ იტყვის რუსეთიდან ხორბლის მიღებაზე, მაშინ ქვეყანამ უნდა იპოვოს მისი მიღების ალტერნატიული წყარო. მე მხოლოდ ერთი მაგალითი მოვიტანე, თუმცა არაერთი მსგავსი მაგალითის მოტანა შეიძლება. რაც შეეხება დასავლეთის სანქციებს, მას არ აქვს ისეთი გავლენა, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რომ მან შეწყვიტოს ომი. ამიტომაც, ეს სანქციები გაგრძელდება და კიდევ უფრო გამკაცრდება, რამაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მართლაც მოახდინოს სერიოზული გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე და კოლაფსის წინაშე დააყენოს ისინი.
ცხადია, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაშია. როგორ ფიქრობთ, რა შედეგზეა გათვლილი აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები - რუსეთმა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედება, თუ რუსეთის ხელისუფლებაში დაიწყოს რღვევის პროცესი?
- თუ ომი გაგრძელდა, ეს სანქციებიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გამკაცრდება. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უმძიმეს გავლენას მოახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და მათ, რეალურად, ომის გაგრძელების რესურსი არც ექნებათ. ჩემი ვარაუდით, სწორედ ეს გახლავთ ამ სანქციების მიზანი.
ბატონო თემურ, მოგეხსენებათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებეს იმისათვის, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში, ამაში მათ ეხმარება უკრაინის ხელისუფლებაც. როგორ აფასებენ ამერიკელები საქართველოს ხელისუფლების პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში და რას ფიქრობენ უკრაინის პრეტენზიებზე, იმ ქვეყნის მიმართ რომელსაც 20% აქვს ოკუპირებული და სადაც რუსეთს გახსნილი აქვს სამხედრო ბაზები?
- აშშ-ში არიან გარკვეული ჯგუფები, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლების ფრთხილ მოქმედებებს, თუმცა არიან არანაკლებ გავლენიანი ჯგუფები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით საქართველოს ხელისუფლების ფრთხილი მოქმედების მოტივი. უმთავრესი ის კი არ არის, ვინ რას იფიქრებს, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მკაფიოდ აუხსნას საერთაშორისო პარტნიორებს მათი მოქმედების მოტივები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საერთაშორისო პარტნიორები კარგად გაიგებენ ამ მოტივებს: არც ერთი საღი აზროვნების პოლიტიკოსს არ უნდა საქართველომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც მაპროვოცირებელი.
რამდენიმე დღის წინ ადამიანების გარკვეულმა ჯგუფმა გააპროტესტა საწვავზე ფასების მატება, ბატონო თემურ, დეტალურად რომ განვმარტოთ, რა ხდება სანავთობო ბაზარზე და რამ გამოწვია საქართველოში საწვავის ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა და ამ შემთხვევაში, შეუძლია თუ არა ხელისუფლებას რაიმე ზემოქმედება იქონიოს ამ მოვლენებზე?
- უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საწვავის ფასი მხოლოდ საქართველოში არ გაზრდილა, იგი გაიზარდა ყველა ქვეყანაში, მათ შორის - აშშ-შიც. ამიტომაც მიიღო აშშ-ის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, რომ გაეხსნათ სტრატეგიული მარაგები. შეერთებულ შტატებს აქვს სტრატეგიული მარაგები და შეუძლია მათი გახსნა, სამწუხაროდ, საქართველოს, ისევე, როგორც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებს, ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნიათ და ისინი დამოკიდებული არიან გარე მოვლენებზე.