ფეროში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ზესტაფონელ გაფიცულებს ხვალ შეიძლება ჭიათურელი მაღაროელებიც შეუერთდნენ. ეს კი მთერ რეგიონში საგაფიცვო ტალღას გამოიწვევს.
ფეროშენადნობთა ქარხნის ადმინისტრაცია გაფიცვის ორგანიზატორთა მოთხოვნებს არაადეკვატურს უწოდებს და მათთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებს. როგორც ქარხნის მმართველი “ჯორჯიან ამერიკან ელოიზის” განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია “გაურკვეველი ჯგუფის” მიერ მისი თანამშრომლების შეცდომაში შეყვანის გამო შეშფოთებულია.
“გაურკვეველ პირთა ჯგუფი ჩვენს თანამშრომლებს აძლევს არარეალურ დაპირებებს, რითაც მათივე ინტერესების შემლახველი ქმედებების განხორციელებისკენ უბიძგებს. კომპანია გრძნობს პასუხისმგებლობას თითოეული თანამშრომლის მიმართ და ყველანაირად ცდილობს, თავიდან აიცილოს ის არასასურველი შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ და პროვოცირებულ ქმედებებს. გაფიცვის ორგანიზატორთა მოთხოვნები არაადეკვატურია, მეტიც, ყოველგვარ რეალურ ზღვარს სცილდება.
შესაბამისად, ადმინისტრაცია მათთან რამე სახის მოლაპარაკების წარმოებას არ აპირებს. ჩვენდა სამწუხაროდ, კომპანია იძულებული ხდება, შეაჩეროს ყველა სახის გადახდები და დარიცხვები საგაფიცვო პერიოდის განმავლობაში, რაც საკმაოდ მძიმედ აისახება ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მატერიალურ მდგომარეობაზე”, - აღნიშნულია “ჯორჯიან ამერიკან ელოიზის” და “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადმინისტრაცია თანამშრომლებს გაფიცვის შეწყვეტას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას სთავაზობს. “წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაცია იძულებული ხდება, თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის შეზღუდოს სამედიცინო მომსახურება “ჯორჯიან მანგანეზის” კლინიკა “ფერომედში” და შეაჩეროს სამედიცინო დაზღვევის მოქმედება; დაიწყოს ახალი თანამშრომლების სამუშაოზე მიღების პროცედურები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ნორმალური საწარმოო პროცესის აღდგენის მიზნით.
კომპანიის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ თანამშრომლები კეთილგონიერებას მოუხმობენ და მოუწოდებს მათ, დროულად დაუბრუნდნენ თავიანთ სამუშაო ადგილებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით აღდგეს საწარმოო პროცესი”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომელთა გაფიცვა მეოთხე დღეა გრძელდება. ისინი ხელფასების 50%-იან ზრდას და ღამის საათების ანაზღაურების 20%-ით მომატებას ითხოვენ. ქარხნის სამმა თანამშრომელმა პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართა. გოგა ბრეგვაძემ, ანტონ ბიბილაშვილმა და რამაზ ფერაძემ გუშინ დილიდან შიმშილობა გამოაცხადეს.
პროფკავშირების ინფორმაციით, ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლების გაფიცვას 25 მაისს ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი ქარხნის მუშებიც შეუერთდებიან.
“პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა 21 მაისს, ზესტაფონში შეძლო, დაერწმუნებინა თანამშრომლები, უარი ეთქვათ შიმშილობაზე და ისინი დაითანხმა კიდეც, თუმცა ადმინისტრაციის შანტაჟმა და ზეწოლამ, ასევე უპასუხისმგელბო განცხადებებმა კვლავ ამ ზომამდე მიიყვანა ზესტაფონელები. ჩვენ ვცდილობდით სიმშვიდის შენარჩუნებას და არსებული პრობლემების მოლაპრაკებების გზით გადაწყვეტას, თუმცა ადმინისტრაცამ ყველაფერი გააკეთა, რათა გაფიცვა დაწყებულიყო”, - განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” პროფკავშირებში.
მათივე მტკიცებით, პროცესი ჩიხში ქარხნის ადმინისტრაციამ შეიყვანა, რადგან შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. “გუშინწინ “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენლებმა “გაურკვეველი ბრბო” გვიწოდეს, გუშინ კი ჭიათურაში მოლაპარაკებებზე ადმინისტრაციამ დააყენა საკითხი, რომ დაელაპარაკებოდნენ ჭიათურის სამთო გადამამუშავებელი საწარმოს პროფკავშირულ ორგანიზაციას, თუმცა დარგის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის მონაწილეობის გარეშე. ვარწმუნებთ “ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციას, რომ ახალი საჩივარი უშუალოდ მათ წინააღმდეგ შევა აშშ-ის სავაჭრო პალატაში იმ დარღვევებზე, რასაც ისინი ავლენენ, როგორც პროფკავშირებთან, ასევე გაფიცულ თანამშრომლებთან მიმართებაში.
ადმინისტრაციის მხრიდან გაფიცვის გამო ადამიანების დასჯა, მათთვის სადაზღვევო პოლისების ჩამორთმევა, სამსახურიდან გათავისუფლება და მათ ადგილზე სხვების მიღება დანაშაულია. დარწმუნებულნი ვართ, ხელმძღვანელობა ამ მუქარის შესრულებას ვერ შეძლებს. დანაშაულია ადამიანებს შორის კონფლიქტისა და შუღლის ჩამოგდება”, - აღნიშნავენ პროფკავშირებში.
გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ტექნიკური ზედამხედველობის ინპექციას მიმართავს, შეამოწმოს იმ ამწის მემანქანეებისა და ლითონის მდნობელების კვალიფიკაცია და ლიცენზია, რომლებიც გაფიცვის პარალელურად ქარხანაში შეიყვანეს, რათა ქარხნის მუშაობა არ შეფერხებულიყო და “თანამშრომლები დაეშანტაჟებინათ”.