„როდესაც საქართველო აფხაზეთიდან გამოვიდა, სამხედრო დანაშაულის ფაქტები დოკუმენტურად არ იქნა აღნუსხული - ქუჩაში არ ეყარნენ დახოცილები, თუ ცხვირზე პრეზერვატივები არ ჰქონდათ ჩამოცმული?!“

„როდესაც საქართველო აფხაზეთიდან გამოვიდა, სამხედრო დანაშაულის ფაქტები დოკუმენტურად არ იქნა აღნუსხული - ქუჩაში არ ეყარნენ დახოცილები, თუ ცხვირზე პრეზერვატივები არ ჰქონდათ ჩამოცმული?!“

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყვეს - ქალაქის დატოვებემდე მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩაში დახვრიტეს. მედიაში შემაძრწუნებელი კადრები ვრცელდება, დახოცილ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილს ხელები ზურგსუკან აქვს შეკრული.

ბუჩაში რუსების მიერ მოწყობილმა სასაკლაომ ბევრს 1992 წლის ოქტომბერში გაგრის სტადიონზე ქართველების მასობრივი მკვლელობა გაახსენა, როდესაც რუსების მიერ დაქირავებულმა კაზაკებმა ადამიანის თავებით ფეხბურთი ითამაშეს. ეს აფხაზეთის ომის ერთ-ერთი გახმაურებული მძიმე ეპიზოდია.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბუჩას ტრაგედიასა და გაგრაში მომხდარ სისასტიკეს შორის პარალელებს ავლებს. ასევე გენშტაბის ყოფილი უფროსი for.ge-თან ინტერვიუში როგორც უკრაინაში, ასევე აფხაზეთსა და აგვისტოს ომში მოხმდარ ეთნიკურ წმენდასა და რუსების სისასტიკეზე საუბრობს.

ვახტანგ კაპანაძე: ბუჩასა და გაგრაში მომხდარ ტრაგედიებს შორის ერთი განსხვავებაა - გაგრის სისასტიკეში სხვადასხვა პარამელიტარული ძალები, ანუ გარე სამხედროები მონაწილეობდნენ. ბუჩაში კი ომის დანაშაული უშუალოდ სამხედროების მიერ არის ჩადენილი.

მეორე - ბუჩა გამოჩნდა იმდენად, რამდენადაც უკრაინამ ეს ტერიტორია დაიკავა, ჩვენ კი გაგრიდან გამოვედით. ღა თქმა უნდა, რუსები აფხაზეთში სისასტიკეს ჩადიოდნენ, მაგრამ როგორც ბუჩაში მოხდა მისი დოკუმენტირება, აფხაზეთში ისე არ მომხდარა. გარდა ამისა, აფხაზეთის მოვლენები ევროპის ცხვირწინ არ ხდებოდა და ასე, ხელისგულზე არ იდო რუსების დანაშაულებები. აი, ეს განსხვავებაა ბუშაცსა და აფხაზეთის ტრაფედიებს შორის, თორემ სისასტიკე აბსოლუტურად ერთი და იგივე და ანალოგიური ხელწერით მოხდა. გაგრის სისასტიკე თუ პალამელიტარული მოხალისეების, გარკვეული ბანდფორმირების, ჩამოსული კაზაკებისა და არასამხედრო ძალების მიერ იყო ჩადენილი, ბუჩაში სისასტიკეს რეგულარული სამხედრო ნაწილები ჩადიოდნენ.

ბატონო ვახტანგ, წლების წინ სახელმწიფოს ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ასეთი რამ განაცხადა: „დღემდე ვერ ვნახე ადამიანი, რომელსაც ნანახი აქვს, თუ როგორ თამაშობდნენ ადამიანის თავებით ფეხბურთს გაგრის სტადიონზე. ვეძებდი თვითმხილველს, მაგრამ ვერ ვიპოვე“, თქვენ რას იტყოდით ამ განცხადების საპასუხოდ, მით უმეტეს, რომ მსგავსი სისასტიკე უკრაინაში ხდება და მსოფლიომ ნახა ამ სისასტიკის ამსახველი ფოტოები?

- მიმაჩნია, რომ გაგრაში ეს მოხდა. დეტალებში ვერ ვიტყვი ფეხბურთს თავებით თამაშობდნენ თუ არა, ამის ამსახველი ფოტოები არ მინახია, მხოლოდ გადმოცემით ვიცი, თუმცა როდესაც საქართველო აფხაზეთიდან გამოვიდა და ეს ფაქტები დოკუმენტურად არ იქნა აღნუსხული, ეს, თავისთავად, ამ ფაქტს დაღს ასვამს. როგორ არ იყო, ქუჩაში არ ეყარნენ დახოცილები, თუ ცხვირზე პრეზერვატივები არ ჰქონდათ ჩამოცმული?! ეს სამხედრო დანაშაული არ იყო?! აფხაზეთის ომის დროს უფრო მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, ვიდრე სამხედრო მოსამსახურე. კიდევ ერთხელ ვამბობ, უბრალოდ, ეს ყველაფერი დოკუმენტურად არ იყო ასახული. აფხაზეთში სამხედრო დანაშაული იყო ჩადენილი და ამის ძალიან ბევრი მოწმეც იყო. თავის დროზე, ამის ამსახველი ბევრი კადრი გაიპარა, მაგრამ შემდეგ ეს კადრები გაქრა.

რატომ ვერ მოხერხდა ყველა იმ სისასტიკის დოკუმენტურად დადასტურება?

- აფხაზეთის საომარი კონფლიქტი იმ დროს ყურადღების ცენტრში არ იყო. ჟურნალისტები არ შედიოდნენ, ამიტომ ეთნიკური წმენდის მასალები დოკუმენტურად გადაღებული არ ყოფილა. ასევე, იმ დროს საერთაშორისო კომისიის შეყვანა ვერ მოხერხდა, რომელიც ადგილზე შეისწავლიდა ვითარებას. დანაშაული რომ ჩადენილია, ეს ფაქტია. მეტსაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, მარიუპოლში გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულს აქვს ადგილი. მარიუპოლი ძირითადად რუსების კონტროლქვეშაა და დამერწმუნეთ, იქ რუსეთი შეეცდება დანაშაული და სისასტიკე მიჩქმალოს, ან უკრაინელებს გადააბრალოს.

აგვისტოს ომისა და ბუჩის ტრაგედიებს შორის რამდენად არის შესაძლებელი პარალელის გავლება?

- აგვისტოს ომი ძალიან ხანმოკლე იყო, ხუთდღიან ომსაც კი ეძახიან. ასევე, 2008 წელს იმ მასშტაბით მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა არ მომხდარა, როგორც, მაგალთად, ბუჩაში მოხდა. აქაც იგივე პრობლემა დგას - ჩვენ ჩვენი ტერიტორიები დავტოვეთ და გამოვედით. ამიტომ, გადამწვარი სახლებისა და სოფლების დოკუმენტირება მხოლოდ რუსი ჟურნალისტების მხრიდან მოხდა, რომელსაც ჩვენები ახლა ომის დანაშაულების საქმეზე იყენებენ. ზუსტად ჩახედული არ ვარ სასამართლო პროცესი როგორ მიმდინარეობს, თუმცა ფაქტია, რომ აგვისტოს ომის დროსაც ეთნოწმენდა განხორციელდა. ეთნიკურად ქართველები გამოყარეს და მათი სახლები გადაწვეს. აგვისტოს ომში ჩვენ რომ შევსულიყავით, გაცილებით მძიმე სურათი იქნებოდა და გაცილებით მძიმე სურათი იქნებოდა მიწოდებული ჰააგის სასამართლოსთვის.

რას შეცვლიდა ეს სურათი, რა დამატებით ბერკეტს მისცემდა ჰააგას, რომ რუსეთი გაესამართლებინა?

- ერთი ბერკეტი ისაა, რაც ისრაელმა გააკეთა - როდესაც მიუნხენში ტერორისტებმა ებრაელი ოლიმპიელები დახოცეს, ისრაელმა სათითაოდ მოკლა ყველა ის ორგანიზატორი, ვინც ამ ტერაქტის უკან იდგა. მეორე - რუსეთში სიტუაცია ისე უნდა შეიცვალოს, რომ რუსებმა თავად უნდა გადასცენ დამნაშავეები სასამართლოს. ამ ეტაპზე, რუსების ყველაზე დიდი სასჯელი მისი სამხედრო და პოლიტიკური მარცხი იქნება.

დღეს უკრაინას აქვს იმის რესურსი, რომ რუსეთი დაამარცხოს?

- პუტინი ნაწილობრივ დამარცხებულია. თუ უკრაინა მთავარ დარტყმას დონბასის მიმართულებით გაუძლებს, ეს უკრაინისთვის დიდი გამარჯვება იქნება. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ უკრაინის გამარჯვება არის მისი არდამარცხება, ამას მიაღწია კიდეც. რა თქმა უნდა, რაღაც ტერიტორიებს დაკარგავს, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით, უკრაინა გამარჯვებულია და რუსეთი დამარცხებულია.

დაბოლოს მინდა გკითხოთ, უკრაინა ითხოვს საქართველოს საომარ მოქმედებაში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას. თქვენ როგორც სამხედრო პირი, რამდენად მმართებულად მიგაჩნიათ უკრაინის მხრიდან ეს მოთხოვნა?

- როდესაც სამხედრო ჩართულობაზეა საუბარი, ამისთვის ქვეყანა მზად უნდა იყოს. როდესაც ქვეყანას გამოცხადებული გაქვს, რომ შენ აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემას გადაჭრი მხოლოდ მშიდობიანი მეთოდებით, ეს გულისხმობს იმას, რომ შენი გადაწყვეტილება უნდა შეინარჩუნო. ახლა ვერც შესაძლებლობასა და ვერც დროს ვერ ვხედავ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები საომარ მოქმედებაში ჩართული იყოს.