გამოძიებამ სასულიერო პირებს ბრალი წაუყენა

გამოძიებამ სასულიერო პირებს ბრალი წაუყენა

რუსთაველის გამზირზე 17 მაისს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ორ სასულიერო პირს, სამების ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ (თამაზ ) ბიჩინაშვილსა და იოანე-თორნიკე ერისთავის სახელობის დედათა მონასტრის იღუმენს, მამა იოთამ

(ირაკლი) ბასილაიას ბრალი წაუყენეს. გამოძიება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, უკანონოდ და ძალადობით ხელის შეშლის ფაქტზე სსკ-ის 161-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიება შსს-ს ძველი თბილისის სამმართველოს VII განყოფილებაში მიმდინარეობს.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებამ სასულიერო პირებს ბრალი წაუყენა, არც ერთი მათგანი ჯერჯერობით დაკავებული არაა. ბრალდებულებისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თხოვნით, პროკურატურამ სასამართლოს 72 საათში უნდა მიმართოს. კანონით განსაზღვრული ვადა კი კვირა დილით იწურება. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს არჩილ კბილაშვილის უწყება. მთავარი პროკურატურა თავის პოზიციას, საბოლოო პოზიციების შეჯერების შემდეგ გაავრცელებს.

ბრალდების მხარეს შესაძლებლობა აქვს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა ან გირაო მოითხოვოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამ კონკრეტულ შემთხვევაში არასაპატიმრო ღონისძიებას, თავდებობასაც ითვალისწინებს. სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლის 1 ნაწილი, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 სასულირო პირს ბრალი წაუყენა, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

სამების საკათედრო ტაძრის არქიმანდრიტს, მამა ანთიმოზ ბიჩინაშვილი გამოძიებამ დაკითხა და ბრალიც წაუყენა. დაკითხვის დეტალებზე მამა ანთიმოზი არ საუბრობს. „დამიბარეს პოლიციის განყოფილებაში, დამკითხეს და ამის შემდეგ წამიყენეს ბრალი. არ ვიცი როდის იქნება სასამართლო, არაფერი არ ვიცი,“ - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას მამა ანთიმოზმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნი, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ბრალდებული მამა ანთიმოზი ამბობს, კადრში სადაც ისმის გინების ხმა, მისი ხმა არაა.

„სასულიერო პირიც მოქალაქეა. გაირკვევა, რაში იკვეთება მათი ბრალეულობა. მარტო ის, რომ მირბოდნენ, ეს ხომ არ არის ბრალეულობა. რაღაც კონკრეტული ქმედება უნდა იყოს მათი მხრიდან, თუ შეგინება დასჯადია და ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, როდესაც კადრში ისმის გინება, მამა ანთიმოზი ამბობს, რომ ეს მისი ხმა არ არის. არ ვიცი, რთული სათქმელია. დავინახე, რომ მამა იოთამს  სკამი ეჭირა ხელში, მაგრამ სკამის ხელში ჭერა დანაშაული თუა, არ ვიცი. სხვა რა ქმედება ჩაიდინა მან იქ, არ ვიცი,“ - აცხადებს მამა მიქაელ ბოტკოველი.

ძალადობას ემიჯნება საქართველოს საპატრიარქო, თუმცა, მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ გამართულ აქციას პროვოკაციული ხასიათი ჰქონდა.
17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოში სპეციალური განცხადებაც გაკეთდა. როგორც მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს იმ მოვლენების გამო, რაც მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ 17 მაისს თბილისში დაგეგმილი აქციის ჩატარების მცდელობას, რომელიც „პროვოკაციული ხასიათის იყო“.

„ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რომლის დანერგვაც უნდათ საქართველოში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა. პატრიარქი 17 მაისის მოვლენებს შეეხო და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„ჩვენ გვაწუხებს, როცა განსაცდელი მოდის ჩვენთან, სინამდვილეში, ჩვენ უნდა ვხარობდეთ, როდესაც უფალი გვიგზავნის განსაცდელს. წმინდა მამები გოდებდნენ და ტიროდნენ, როდესაც განსაცდელი არ ჰქონდათ. რაც მოხდა 17 მაისს, სამწუხაროა. ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რაც უნდათ დანერგონ საქართველოში, მაგარმ ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ქართველი სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა. მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. არ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვას. ბოროტებას მხოლოდ სიკეთე და სიყვარული კურნავს,“ - აღნიშნა უწმინდესმა.

ორი სასულიერო პირისთვის ბრალის წაყენების ფაქტს ეხმაურებიან საპარალმენტო უმრავლესობის წევრები. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, გამოძიება სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ბესელია იმედოვნებს, რომ გამოძიება იქნება ჰუმანური და მაქსიმალურად სამართლიანი.

„დაველოდოთ გამოძიებას, ეს პროცედურები ჯერ არ დასრულებულა. დეტალურად არ ვიცით, სასულიერო პირების დაკავებას წინ რა ფაქტები უსწრებდა. მისი უწმინდესობის განცხადება მოვისმინეთ, რომ საპატრიარქო არ დაუშვებს რაიმე ტიპის ძალადობას. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები არ არის დასრულებული.

იმედი მაქვს, რომ როდესაც სასულიერო პირებს ეხება საქმე, გამოძიება იქნება სამართლიანი და მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. როცა სასულიერო პირებზეა საუბარი, მათ ისეთივე სიმკაცრით ვერ მიუდგებიან, როგორც იმ პირებს, რომლებიც რამდენჯერმე არიან ნასამართლევი“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ. 

17 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ლატვიის რესპუბლიკაში კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ. მინისტრის განცხადებით, სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ-მინისტრი - კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„პატრიარქი გმობს ძალადობას. ამ მოვლენების დროს პატრიარქი საქართველოში არ იმყოფებოდა. ეს საკითხი სენსიტიურია ყველაზე ლიბერალურ დემოკრატიებშიც კი. ამ საკითხის მიმართ შეიძლება ორი უკიდურესი დამოკიდებულება არსებობდეს. თუმცა, როცა საქმე ეხება ძალადობას, ეს არა მარტო უნდა დავგმოთ, არამედ მისმა ჩამდენმა პასუხიც უნდა აგოს. პატრიარქმა სწორედ ეს განაცხადა საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ის ქვეყანაში ძალიან პოპულარულია და არაერთხელ გაუერთიანებია ჩვენი საზოგადოება. ვფიქრობ, თავის მხრივ, პატრიარქი პასუხისმგებლობას გრძნობს ქართველი ხალხის წინაშე.

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი 96-97% ხომ სწორედ ეკლესიას ენდობა, რადგან მას შეუძლია, დიდი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. პატრიარქს მხოლოდ პოზიტიური როლი შეუძლია ითამაშოს ამ პროცესებში. რა თქმა უნდა, დემონსტრაციაზე სამღვდელოების წარმომდგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ქცევაც ზღვარს გადავიდა და ეს ტელევიზიებითაც გადაიცა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია - სამღვდელოება, რიგითი მოქალაქე, მინისტრი თუ პრემიერ- მინისტრი. კანონი განურჩევლად ყველას ეხება,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, რომლის განცხადება თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ სასულიერო პირების ბრალეულობა ასეთი კუთხით არ უნდა დამდგარიყო, რადგანაც, ამას შესაძლოა ძალაინ ცუდი შედეგები მოჰყვეს.

„ყოველგავრი ძალადობის წინააღმდეგი ვარ. არ მომეწონა ის, რაც 17 მაისს მოხდა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ზუსტად ვიცი როგორ იგეგმებოდა ადამიების გამოწვევა, ეს ჩემთვის ცნობილია. მითუმეტეს სასაულიერო პირების, რომლის ვალდებულებაა საზოგადოებაზე ზრუნვა. ვთვლი, რომ სასულიერო პირების ბრალეულობა ასეთი კუთხით არ უნდა დამდგარიყო.

ამისთვის არსებობს სინოდი, როელსაც შეუძლია ეს ამბავი გაარჩიოს და შესაბამისი მსჯავრი დაადოს სასულიერო პირს ზედმეტი აქტიურობისათვის. მე ვთვლი, რომ ამას შეიძლება ძალაინ ცუდი შედეგები მოჰყვეს“, - უთხრა for.ge-ს მამუკა არეშიძემ.