პუტინი მომენტს ელოდება კიევზე ისევ შტურმი მიიტანოს, რადგან ეს არის მოჩვენებით მოლაპარაკება, რომელიც მას დროის მოსაგებად სჭირდება

პუტინი მომენტს ელოდება კიევზე ისევ შტურმი მიიტანოს, რადგან ეს არის მოჩვენებით მოლაპარაკება, რომელიც მას დროის მოსაგებად სჭირდება

რუსეთ-უკრაინის ომიდან 41 დღე გავიდა და მსოფლიო კვლავ უმძიმეს რეალობაში ცხოვრობს. კიევთან მდებარე პატარა ქალაქ ბუჩაში ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის შემდეგ ისმის კითხვა, რა იქნება ომის განვითარების შემდეგი სცენარი და რეალურად, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკება? რუსეთმა კიდევ რამდენ ხანს უნდა გააგრძელოს უკრაინის განადგურება და რა არის პუტინის ამჟამინდელი ამოცანა?

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინს რეალურად არანაირი მოლაპარაკება არ უნდა, ის დროს წელავს და ცდილობს, დასავლეთი დაღალოს, უკრაინა იმაზე მეტ დათმობაზე დაითანხმოს, ვიდრე ეს რეალურად უკრაინელებს სურთ და ომის მეშვეობით ამას შეძლებდა. პუტინი ომს აგებს, მაგრამ მოლაპარაკებით და დროის გაწელვით ძალების მობილიზებას ცდილობს. ამიტომ რთულია იმის პროგნოზირება, საბოლოოდ რას მოიმოქმედებს.

ომის დაწყებიდან დღემდე კი რუსულ აგრესიას უკრაინაში უკვე 161 ბავშვი შეეწირა, მათ შორის 3 არასრულწლოვანი, რომლებიც გუშინ ხარკოვის საჰაერო იერიშს ემსხვერპლნენ. რუსეთმა ზღვიდან ცეცხლი ოდესის მიმართულებითაც გახსნა და მთლიანად ოდესის ოლქი დაბომბა.

უკიდურესად რთულია ვითარება ხერსონში, სადაც ოლქის 67 დასახლება წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

თუმცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის 11 დასახლება უკრაინელებმა უკვე გაათავისუფლეს - ეს არის სოფლები, რომლებიც ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და დნეპროპეტროვსკის რეგიონს ესაზღვრება. კიევი, ჯერჯერობით, არ ამბობს, როდის და რა პირობებში მოხდა ამ დასახლებების გათავისუფლება.

მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს ითვლიან მარიუპოლშიც, რომელიც მიწასთანაა გასწორებული და, რომლის აღებასაც რუსული საოკუპაციო ჯარი თვეზე მეტია უშედეგოდ ცდილობს. ბრძოლებია იზიუმის მიმართულებაზეც. ლუგანსკში კი, თითქმის ყველა ქალაქი მუდმივად იბომბება ნაღმტყორცნებით.

რუსეთი უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის სრულად განადგურებას ცდილობს.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი ვანო მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკებები არ აინტერესებს და for.ge-სთან ამბობს, რომ რუსები თვლიან, რომ ჯერ მოლაპარაკების დრო არ არის და კიდევ მეტის მიღწევა შეუძლიათ. პუტინი ჯარების აღმოსავლეთისკენ გადაჯგუფებას ახდენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან კიევზე უარი საბოოლოდ თქვა. ამიტომ მოლოდინი არსებობს, ის კიევის აღებას ისევ შეეცდება. თუმცა ამისთვის სიტუაციას დაელოდება.

„პუტინს ამ ეტაპზე არფერზე მოლაპარკება არ უნდა. ამის წინაპირობა არ არსებობს. ის ახლა მატერიალურ დიალექტიკას - მოლაპარაკება - მოლაპარაკებისთვის - აწარმოებს. საუბრობენ, მაგრამ ამით დროს წელავენ. რუსები ლოჯისტიკური პოზიციების გამყარებას ცდილობენ. ისინი ომს ყოველთვის იგებენ, როცა ე.წ. სანგრების ომზე გადადიან და პოზიციურ ომს აჩერებენ. პუტინის მიზანია, რომ ახლა ყირიმის და აღმოსავლეთ უკარინის სტატუსი ბოლომდე დაილაგოს; ცდილობს, უკრაინის უბლოკო სტატუსი მიიღოს; დასავლეთი დაასუსტოს, რომ მათ უკრაინის მხარდაჭერა მობეზრდეთ. საფრანგეთი და ამერიკა ცდილობენ, რომ უკრაინას რაღაცა დათმობისკენ უბიძგონ და ამით რაღაცნაირად სიტუაცია დაალაგონ. პუტინი ზუსტად ამას ცდილობს. ის მომენტს ელოდება, რომ კიევზე ისევ შტურმი მიიტანოს. ეს არის მოჩვენებითი მოლაპარაკება, რომელიც მას დროის მოსაგებად სჭირდება“, - ამბობს ვანო მაჭავარიანი.

ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია კი აცხადებს, რომ რუსეთი რასაც ხელს აწერს, მას ყოველთვის არღვევს და ეს გამოცდილება მსოფლიოს არაერთხელ ჰქონია. ანალიტიკოსს for.ge-სთან მაგალითად საქართველო მოჰყავს, როცა 2008 წლის ომის დროს რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებებიდან არაფერი შეასრულა. ამიტომ ილუზია იმის არავის აქვს, რომ პუტინი თურქეთში მიცემულ პირობას კიევიდან ჯარის გაყვანის შესახებ ბოლომდე შეასრულებს და ის დედაქალაქზე ბოლომდე უარს იტყვის.
„კრემლის მხრიდან დადებული რაიმე პირობა რომ შესრულდება, ამის ილუზია არავის არ უნდა გვქონდეს. საკმაოდ მძიმე გამოცდილება აქვს ყველა იმ ქვეყანას, რომლემაც ჩათვალა, რომ რუსეთი მართლა მოლაპარაკებაზე ჯდება. პუტინი ახლა ამ პაუზას იყენებს, რათა სამხედრო გადაჯგუფება მოახდინოს და მობილიზების შემდეგ ხელახალი შეტევა წამოიწყოს. დღეს ეს ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული. ასე მარტივად არავინ არაფერს დაიჯერებს. პუტინი ყოველთვის პროქსიომს აწარმოებდა, ანუ თან იყო და თან არ იყო.

 ეს ქნა ყირიმის ანექსიის და სირიის შემთხვევაში. ის ასეთ ღია ომში პირველად საქართველოში იყო და ახლა უკრაინაშია. ამ ომში პუტინმა იმდენად დიდი ფსონი დადო, რომ მოსალაპარაკებელი მაგიდაზე არაფერი დევს. მეორე მხრივ უკრაინასაც დასათმობი არაფერი აქვს. რუსეთის ტაქტიკა ყოველთვის ასეთი იყო, როცა დაინახავს, რომ ომს აგებს, მერე ომის მოგებას მშვიდობით ცდილობს და უნდა მოლაპარაკებით იმაზე მეტი მიიღოს, ვიდრე წაგების შემთხვევაში მიიღებდა. პუტინის მხრიდან ბირთვული შანტაჟი სწორედ ამას გულისხმობს“, - ამბობს ბათო ქუთელია.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი კი მიიჩნევს, რომ პუტინისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მარიუპოლის აღება. ამ ქალაქს რუსებისთვის, როგოც პოლიტიკური, ასევე სამხედრო სტრატეგიული დატვირთვა აქვს. ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის პრეზიდენტს მოსახლეობისთვის სათქმელი ექნება, რომ რაღაცის აღება შეძლო. მით უმეტეს ეს არის რუსულენოვანი ქალაქი, რომლის დაკავებასაც პოლიტიკურად პუტინი უკვე პრინციპის საკითხად მიიჩნევს. მეორე მხრივ კი აზოვის ზღვის სრულიად ჩაკეტვას შეძლებს და უკრაინელებს ზღვას საერთოდ წაართმევს.

„მარიუპოლი, პირველ რიგში, საპორტო ქალაქია და რუსებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მათ უნდათ, რომ ზღვა მთლიანად დაიკავონ და უკრაინა მოწყვიტონ. მეორეც - ეს არის რუსულენოვანი ქალაქი და რუსებს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მესამე - იქ არის აზოვის ბატალიონი, რომლის გამოც პუტინი უკრაინელებს ნაცისტებს უწოდებს. პუტინისთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მარიუპოლის აღება. თან, ამ ქალაქის დაკავებით, რუსებს ნიკოლაევისკენ გზა ეხსნებათ. პუტინი გამწარებულია იმის გამო, რომ რუსულენოვანი ქალაქები ხარკოვი და მარიუპოლი ვერ აიღო. ამიტომ მათზე უარს არ იტყვის და ყველანაირ ძალისხმევას გამოიყენებს იმისთვის, რომ ეს ორი ქალაქი დაეცეს. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ მარიუპოლმა 3-4 დღეზე მეტი კიდევ გაძლოს. ძალიან მძიმე სიტუაციაა და პუტინი საბოლოო მიზნამდე ახლოს არის. თუ უკრაინელებმა მისი ბლოკირება ვერ შეძლეს, რაშიც ეჭვი ძალიან მეპარება, პუტინი ამ მიზანს მიაღწევს. თუმცა ამით ომი არ სრულდება და უკრაინელები სხვა ფრონტზე ბრძოლას არ დათმობენ. ამით არაფერი არ მთავრდება. უბრალოდ, ფსიქოლოგიურად უკრაინელებისთვის ამ ქალაქის დაცემა ძალინ მძიმე იქნება“, - ამბობს კონფლიქტოლოგი for.ge-სთან.