ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილი პროკურორი, კარლა დელ პონტე ყოფილ კოლეგებს მოუწოდებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცენ. კარლა დელ პონტეს განცხადებით, „პუტინი ომის დამნაშავეა“ და მას ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
ყოფილი პროკურორი ასევე განმარტავს, რომ დაკავების ორდერის გაცემა „არის ერთადერთი არსებული ინსტრუმენტი ომის დამნაშავეების დასაკავებლად და ტრიბუნალის წინაშე წარსადგენად“. ამასთან, მისი განმარტებით, ორდერის გაცემა არ ნიშნავს, რომ პუტინს დააპატიმრებენ: „თუ ის რუსეთში დარჩება, ეს არასოდეს მოხდება. თუმცა, ის ქვეყანას ვერ დატოვებს და ეს უკვე მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება, რომ მის წინააღმდეგ არიან“.
იურისტების განმარტებით, პუტინი გისოსებს მიღმა უახლოეს მომავალში აღმოჩნდება. მათივე განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტი შეიძლება საკუთარმა გარემოცვამ გაყიდოს ან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიჭირონ.
„არსებობს ორი ტიპის დაკავება - წინასწარი პატიმრობა, საბოლოო პატიმრობაში. ჩვენს სასამართლოს რომ შევადაროთ ეს არის, გამოძიება რომ იწყება და ორთვიან პატიმრობას უფარდებენ. ამ ტიპის დაკავებაზეა საუბარი და არა განაჩენზე, რომ დამნაშავეა და ვერდიქტი გამოტანილია. ორდერის გამოტანა ნიშნავს წინასწარ პატიმრობას, ვიდრე სასამართლო საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის დაკავებას, ეს შეიძლება მოხდეს, როგორც ნებისმიერი ძებნილის შემთხვევაში. ყველა სახელმწიფოს ვალდებულება აქვს, რომ თუკი ძებნილი მის ქვეყანაში მოხვდება, გაატაროს ღონისძიება და დააკავოს და გადასცეს ძებნილი ჰააგის სასამართლოს. პუტინი თუ ქვეყანას არ დატოვებს, მისი დაკავება მოხდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. ჰააგაში საქმის წარმოება მოკლევადიანი არ არის. ასე რომ, ხანგრძლივი დროა და პუტინსაც არც თუ სასიამოვნო პერსპექტივა ელის. თუ იმის იმედზეა, რომ ჰააგა დიდხანს აწარმოებს პროცედურებს, ის ხანგრძლივი ვადა მისთვისაც საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ქვეყნიდან ვერ გავა და როდესაც რუსეთში რეჟიმი შეიცვლება, თუ პუტინი იმ დროისთვის ცოცხალი იქნა, შესაბამისად, ის ხელისუფლება ვალდებული იქნება, რომ პუტინი დააკავოს“, - განუცხადა For.ge-ს იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.
რუსეთის პრეზიდენტის დაკავების აღსრულების პრობლემებზე საუბრობს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი, საგარეო საქმეთა ანალიტიკოსი. იგი For.ge-თან აღსრულების პრობლემებს განმარტავს:
„უახლოეს მომავალში პუტინის დაკავება არ მგონია მოხდეს, მაგრამ როდისმე, ალბათ, მოხდება. გასაგებია, რომ აღსრულებასთან დაკავშირებით დიდი სირთულეები იქნება - ბირთვული სახელმწიფოს პრეზიდენტია და როგორ გინდა, რომ ის აიძულო და ჰააგის სასამართლოში მიიყვანო, შემდეგ სასჯელი მიუსაჯო და ციხეში ჩასვა? ეს წარმოუდგენელია. თუ მოხდება ისე, რომ პუტინს გადააყენებენ, ან ჩამოაგდებენ, მაშინ შეიძლება კიდევაც, რომ გაასამართლონ. მისი გასამართლება დაუსწრებლადაც შეიძლება. თუმცა, შეიძლება სასჯელი აღასრულონ კიდეც“, - განაცხადა ანალიტიკოსმა for.ge-თან საუბრისას.
იურისტი ლია მუხაშავრიას განცხადებით, ვლადიმერ პუტინს მისი თანამოაზრეები გაყიდიან და ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
„ჰააგის ტრიბუნალი ძალიან ჩქარა და ოპერატიულად მოქმედებს. მათ თავიანთი წარმომადგენელი მიმდინარე ომის პროცესში გაგზავნეს. ეს მოასწავლებს, რომ ორდერის გაცემა ძალიან მალე მოხდება. ვფიქრობ, მისი აღსრულება მოხერხდება კიდეც, რადგან პუტინს თავისივე გარემოცვაში ჰყავს მოწინააღმდეგეები. ყველა საღად მოაზროვნე ხვდება, რომ ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ სრული აბსურდი და თავად რუსეთისთვის კატასტროფა იყო. იმედი მაქვს, რომ პუტინის დაკავება მალე მოხდება და პირველ რიგში, შეიძლება თავად რუსებმა გააკეთონ ეს. მეორე - ამ შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთისთის ცალკე ტრიბუნალიშეიქმნას, როგორც თავის დროზე იუგოსლავიისთვის და ვფიქრობ, ამ ტრიბუნალს ექნება სრული შესაძლებლობა აღასრულოს ყველა დაკავების ორდერი, რომელიც გაიცემა“, - განუცხადა ლია მუხაშავრიამ for.ge-ს.
შეგახსენებთ, 27 თებერვალს ომის დაწყებიდან სამ დღეში, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის.
„ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დაავალდებულებს რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.