მარცვლეულის მზარდი წარმოება - გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა!

მარცვლეულის მზარდი წარმოება - გადაუდებელი სახელმწიფოებრივი აუცილებლობაა!

ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ხელსაყრელი ბიოგეოკლიმატური პირობები მარცვლეულის წარმოების გადიდებისათვის, მისი მოყვანის უნარ-ჩვევები და ტრადიციები, მარცვლეულის გადამამუშავებელი საწარმოო სიმძლავრეები და წარმოებული პროდუქციის გასაღების ადგილობრივი ბაზარი, არ უნდა იყოს აბსოლუტურად დამოკიდებული სხვა სახელმწიფოებიდან მარცვლეულის იმპორტზე.

გასათვალისწინებელია ამ მხრივ FAO-ს განცხადება მოსალოდნელი სასურსათო კრიზისის შესახებ 2022-2025 წლებში და რომ იაფი საკვების ეპოქა დასრულდა დედამიწაზე.

შიმშილის ძირითად მიზეზს მრავალ ქვეყანაში წარმოადგენს არა მოსახლეობის სიჭარბე ან მიწის რესურსების ნაკლებობა, არამედ სოფლის მეურნეობის მართვის სისტემების არასრულყოფილება. ნებისმიერი ეკონომიკური სისტემა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას, რესურსების ოპტიმალურ და ეფექტიან გამოყენებას, მათი სპეციფიკის მიხედვით.

მარცვლეულის წარმოების არსები­თი გადიდება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ მოხდება მისი წარმოების მატერიალურ-ეკონომიკური სტიმულირების ყველა არსებული ბერკეტის და საშუალე­ბის გამოყენება.

მარცვლის წარმოების სტიმულირება მრავალი მიმართულებით შეიძლება. კერძოდ, მარცვლეული ნათესის გათავისუფლება გადასახადისგან. შესაძლოა გამოყენებულ იქნეს აგრეთვე წარმოებული მარცვლის სახელმწიფო გარანტირებული შესყიდვის, შეღავათიანი საკრედიტო, სადაზღვევო სისტემები, პირდაპირი სუბსიდიები (ეს არ იქნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევა, რადგან, ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, ქვეყანას შეუძლია საექსპორ­ტო შემოსავლების 5% წარმართოს მნიშვნელოვანი დარგების სუბსიდირებაზე) და სხვ.

აღნიშნული მიზნების რეალიზაციაში თვალსაჩინო როლი ენიჭება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჯიშთა გამოცდის სამსახურის აღდგენას.

ეკონომიკური გათვლების შედეგად გამოვლინდა, რომ 2027 წლისათვის, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და ბიოსტიმულიატორების გამოყენების საფუძველზე ხორბლის ფართობის ოპტიმალურ ზღვრად შეიძლება მივიჩნიოთ: 110,0 ათასი ჰა, მოსავალი – 440.0 ათასი ტონა, სამარცვლე სიმინდის, შესაბამისად - 120,0 ათასი ჰა და 720,0 ათასი ტონა, საფურაჟე სიმინდის 50 ათასი ჰა და 300 ათსი ტონა. ქერის – 40,0 ათასი ჰა და 140,0 ათასი ტონა, შვრიის – 20,0 ათასი ჰა და 60,0 ათასი ტონა. 2025 წელს ხორბალის ნათესმა ფართობმა უნდა შეადგინოს 90 ათასი ჰა, მოსავალი 340 ათასი ტონა. სიმინდისამ შესაბამისად 150 ათასი ჰა, მოსავალი 750 ათასი ტონა. ეს იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფისკენ, ადგილობრივი წარმოების მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის დონის 60-65%-მდე გაზრდისათვის, ამჟამინდელი 15 პროცენტის ნაცვლად.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივ ხორბლისა და სიმინდის წარმოების ზრდას ენიჭება, რომლებზეც მოდის საქართველოში წარმოებული მარცვლეულის თითქმის 9/10 (88.2%).

ხორბლისა და სიმინდის ოპტიმიზებული ნათესი ფართობები 2027 წლისთვის

რაც შეეხება მიმდინარე 2022 წელს, ხორბალი უნდა დაითესოს, სულ ცოტა, 70 ათას ჰა-ზე, მოსავალი - 240 ათასი ტონა. სიმინდის (სამარცვლე, საფურაჟე) ნათესი ფართობი უნდა გაიზარდოს 80 ათასი ჰა-დან 130 ათას ჰა-მდე, მოსავალი- 520 ათასი ტონა. პარალელურად, გადაუდებელ ამოცანად მესახება, რომ საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართოს მეგობარ სახელმწიფოებს (საფრანგეთი, აშშ, კანადა...) ჩვენი ქვეყნისთვის მაღალხარისხიანი სათესლე მარცვლეულის გამოყოფის თაობაზე.

პრობლემის კიდევ უფრო გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ქვეყნის შიგნით მარცვლეულის წარმოების გადიდების ყველა რეზერვის ამოქმედება, რისთვისაც, უპირველეს ყოვლისა, მისაღებია ფინანსურად, ტექნიკურ-ტექნოლოგიურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფილი მარცვლეულის მწარმოებელთა მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა – „მარცვალი“, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იქნება საკუთარი მაღალი რეპროდუქციის თესლის წარმოების ორგანიზაციული ღონისძიებები.

მარცვლეულის, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის სურსათის წარმოება, ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად იქნეს მიჩნეული, როგორც მოკლე და საშუალო, ასევე გრძელ­ვადიან პერსპექტივაში. აღნიშნულს მოითხოვს მსოფლიო სურსათის წარმოებაში შექმნილი ობიექ­ტური რეალობა, საქართველოს საერთო ეკონომიკური ინტერესები და სურსათით უზრუნველყოფის ამოცანა.

დასახული ამოცანის გადაწყვეტის აუცილებლობა მოითხოვს ქვეყანაში არსებული აგრარული პოლიტიკის შეცვლას და მის გლობალურ გამოწვევებთან შესაბამისობაში მოყვანას.

საქმე ეხება ეროვნული ეკონომიკის სფეროს, რომელიც მიუხედავად ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებებისა, ჯერაც დეპრესიულ მდგომარეობაშია და აგრომეურნეს, რომლის სტიმულირების დონე კრიტიკულზე დაბალია. არადა, სწორედ ის ქმნის ადამიან­თა საარსებო საკვებს და სწორედ მის მიერ შექმნილი პროდუქციის დეფი­ციტის გამო არის კრიზისი. ამასთან,მისაღებია რიგი კანონებისა – „საქართველოს სასურსათო უშიშროების შესახებ“, „მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის დაცვისა და სურსათით ვაჭრობის შესახებ და სხვა, რომლებიც გახდებიან გარკვეული ორიენტირები აგროწარმოების აღორძინებისა და სასურსათო პრობლემის გადაწყვეტის საქმეში.

პრობლემის დაძლევა არსებითად ხელისუფლების ძალისხმევასა და პოლიტიკუ­რ ნებაზეა დამოკიდებული. კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, რომ:

– სასურსათო უშიშროების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული ამოცანაა;

– მთავრობის კომპეტენტურობა და აგროსასურსათო პროცესებში მისი ჩარევის ხარისხი და მიმართულება გადამწყვეტი ფაქტორია ქვეყნის შიმშილისგან გადარჩენისთვის.

დაუშვებელია ისეთი პოტენციალის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა ხელგაწვდილ მდგომარეობაში იმყოფებოდეს, როცა ხორბლის წარმოების გაზრდის ყოველგვარი საშუალება არსებობს. პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრის ამოცანა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს არსებული რეალობის და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

 

 

 

არაგველი641 აზრი მისასალმებელია!
2 წლის უკან