გამოცოცხლების შემდეგ მეცხვარეობა უცებ თავდაღმა დაეშვა

გამოცოცხლების შემდეგ მეცხვარეობა უცებ თავდაღმა დაეშვა

2-3-წლიანი გამოცოცხლების შემდეგ საქართველოში მეცხვარეობა კვლავ დაცემის გზას დაადგა. შემცირებულია როგორც პირუტყვის სულადობა, ასევე მისი ექსპორტზე გატანის მაჩვენებელი. საძოვრების უკმარისობას და მასზე გადასახადის ზრდამ უარყოფითი შედეგი ძალიან მალე მოიტანა. ამჟამად მდგომარეობა საკმაოდ გართულდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2011 წელს საქართველოში ცხვრისა და თხის სულადობამ 630 ათასი შეადგინა, წინა 2010 წელს ეს მაჩვენებელი 653 ათასი სული იყო, 2009 წელს 673 ათასი სული თხა და ცხვარი დაფიქსირდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი სულადობა 2007 წელს აღინიშნა - 797 ათასი. 90-იან წლებში კი საქართველოში ცხვრის სულადობა 2 მილიონსაც აღწევდა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2012 წლიდან საექსპორტო მაჩვენებელი შემცირდა. ირანში დაავადების აღმოჩენამ ეს პროცესი სერიოზულად შეაფერხა.

მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ბექა გონიაშვილი შეშფოთებულია ცხვრის სულადობის შემცირებით. მისი ინფორმაციით, ამჟამად გვყავს დაახლოებით 650 ათასი სული, როცა რაოდენობის გაზრდა ამ პირობებში შეგვიძლია 1 000 000-მდე.

„შარშან კი დაფიქსირდა კლება. გადასახადის გაზრდის გამო, მწყემსებს აღარ აქვთ იმის საშუალება, რომ დიდი ტერიტორიები იქირაონ ან შეიძინონ და გაზარდონ რაოდენობა. უფრო მეტიც, ზოგიერთმა დედა ცხვარიც კი გაყიდა რაოდენობის შესამცირებლად.

ამასთან, საქართველო ზამთრის საძოვრების სიმწირეს განიცდის: დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო ძირითადად ის რაიონებია, სადაც ხდება გამოზამთრება საქონლის. ჯამში იქ 350 ათასი ჰა საძოვარია. ამიტომ ჩვენ ამჟამად 1 ჰა-ზე ვაძოვებთ 2 სულ ცხვარს, რაც ნორმას აღემატება. ყოველივე ამის გამო, საძოვრებზე ძალიან დიდია მიწის ეროზიები და რამდენიმე წლის შემდეგ გაუდაბნოების საშიშროების წინაშე დავდგებით“, - აცხადებს გონიაშვილი.

საქართველოში ისტორიულად ცხვრის შენახვის სამი სისტემაა დამკვიდრებული: მომთაბარე-საძოვრული, საძოვრულ- სტაციონარული და საძოვრულ-ნახევრადსტაციონარული.

მომთაბარე-საძოვრული სისტემა ძირითადია და ამასთან ყველაზე რთული და ითვალისწინებს მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივი საძოვრების გამოყენებას.

ზამთრის საძოვრების სახით აღმოსავლეთ კავკასიონის მთის ზონის რაიონებს 90-იან წლებამდე გამოყოფილი ჰქონდათ ნოღაის ველები (დაღესტანი), დანარჩენ რაიონებს კი - სახელმწიფოს შიგნით არსებული ზამთრის საძოვრები. მანძილი ზაფხულისა და ზამთრის საძოვრებს შორის შეადგენს ქვეყნის შიგნით 70-დან 250 კმ-ს, ხოლო ქვეყნის გარეთ მწყემსებს გადაადგილება უწევდათ - 450-600 კმ-მდე. ზაფხულის მთის საძოვრები განლაგებულია ზღვის დონიდან 1700 მ-ზე მაღლა, ხოლო ზამთრის საძოვრები 600-700 მ სიმაღლეზე.

ცხვრის სულადობის შემცირებას ხელი შეუწყო საძოვრებზე გადასახადის გაზრდამ 2012 წლამდე 1 ჰექტარზე გადასახადი 3 ლარი იყო, ამჟამად მინიმუმ კი ბარის საძოვრებზე 15 ლარია, რასაც ემატება 15 ლარი მთის საძოვრებზე. მწყემსები ამბობენ, რომ გადასახადს ვერ აუდიან და ამიტომ ზოგიერთმა სპეციალურადაც კი შეამცირა ფარაში პირუტყვის რაოდენობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საძოვრების უმეტესობა უსისტემოდაა განაწილებული. მათი დიდი ნაწილი გაყიდულია, ხოლო საძოვრების ახალ მფლობელებს ცხვარი საერთოდ არ აინტერესებთ.