ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულება 12:00 საათზე დატოვა, თუმცა, მას გარეთ მხოლოდ პირადი მძღოლი დახვდა.
ქუთაისის ციხეს ჭიაბერაშვილი დღეს რომ დატოვებდა, ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი წუხელ გახდა და მედიის წარმომადგენლებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ დღეს, ციხესთან კახეთის გუბერნატორს სოლიდარობას თანაგუნდელები გამოუცხადებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მოლოდინი ამაო აღმოჩნდა, რადგან საპატიმროდან გამოსულ ჩინოვნიკს მხოლოდ მძღოლი შეეგება, რომელმაც მას წყალი მიაწოდა.
ქუთაისში ავტოქარხნის ტერიტორიაზე, მძღოლის ნახვის შემდეგ, მარტოდ დარჩენილმა ჭიაბერაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მასსა და ვანო მერაბიშვილზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„საქმე მთლიანად აბსურდულია, რომელსაც არ ვეთანხმები. ქვეყანაში, სადაც ძირითადი პრობლემა დასაქმებაა, ახალი სამუშაო ადგილის შექმნისთვის, ყოფილი პრემიერისა და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მიმართ დევნის დაწყება, აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. სამართლიანი სასამართლოს პირობებში სიმართლეს დავამტკიცებთ, რომ ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად კეთილ განზრახვას ჰქონდა ადგილი - ქვეყანაში აღგვერიცხა სამუშაოს ყველა მაძიებელი და თუკი საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებდით, თანდათან ყველას დასაქმებაზე გვეზრუნა. ამას გარდა, საოცრად უსუსური იყო პროკურატურის არგუმენტები - თუ რატომ უნდა ვყოფილიყავით მე და მერაბიშვილი პატიმრობაში. საჯაროდ არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ და არსად მიმალვას არ ვგეგმავ“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
ბრალდების გარდა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ყურადღება მისი დაკავებისას დაშვებულ პროცესუალურ დარღვევებზეც გაამახვილა და განმარტა, რომ მისი აყვანა, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, მხოლოდ იუსტიციის მინისტრს შეეძლო.
„სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მაქვს და ჩემი დაკავება მხოლოდ იუსტიციის მინისტრს უნდა განეხორციელებინა, რაც არ იქნა შესრულებული. კომიკური იყო ასევე ის - თუ რატომ უნდა ვყოფილიყავით დაპატიმრებულები. ე.ი რაკი, შვიდი წლის განმავლობაში, ჟენევასა და სტრასბურგში ვმუშაობდი და კავშირები მაქვს, შეიძლება მივმალულიყავი. ჩემი კავშირები ხელისუფლების იმ წევრების კავშირებისგან განსხვავდება, რომლებიც კრიმინალებთან ურთიერთობენ. დასამალი არაფერი მაქვს. ბუნებრივია, საპატიმროში ყოფნა არ არის კომფორტი, მაგრამ ძალიან დიდ კომფორტში არ გავზრდილვარ და ის პირობებიც არ იყო არაკომფორტული, სადაც ვიყავი“, - დასძინა ჭიაბერაშვილმა.
რაც შეეხება იმას, კახეთის გუბერნატორს ციხესთან რატომ არ დახვდნენ თანაგუნდელები, მან for.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „ციხე არ მგონია ისეთი ადგილი იყოს, სადაც დიდი გუნდებით უნდა ვიაროთ. დამხვდა ის ადამაინი, ვინც თბილისამდე მშვიდობით ჩამიყვანს“.
რატომ არ დახვდნენ ნაციონალები ქუთაისის ციხესთან ჭიაბერაშვილს, for.ge ამის გარკვევას შეეცადა და უმცირესობის ლიდერებმა ეს ფაქტი უყურადღებობას დააბრალეს.
„ძალიან ცუდი რამ მოხდა და არ ვიცი, ეს შეცდომა რატომ დავუშვით. საწყალი ჭიაბერაშვილი. ეს ამბავი მცოდნოდა მაინც, ციხესთან მე წავიდოდი. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ გამოგვრჩა, რადგან ლიდერები გუშინ თბილისში წავიდნენ“, - განუცხადა for.ge-ს აკაკი ბობოხიძემ.
ჭიაბერაშვილის ამბავი კი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას ძალიან გაუკვირდა.
„ეს იმ ფონზე ძალიან გასაკვირია, როდესაც, „ნაციონალები“ გუშინ იმის წარმოჩენას ცდილობდნენ - ქვეყანაში თუ რა აპოკალიფსური ეტაპი დადგა. ყველას კარგად ახსოვს, გუშინ უმცირესობის ლიდერები როგორი ემოციით საუბრობდნენ. თუ მართლაც შესტკივათ ერთმანეთზე გული, მინიმუმ ასეთ შემთხვევაში, ერთმანეთს სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ. თუმცა, ადამიანურად ეს ფაქტი იმას მაფიქრებინებს, რომ რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, იყო ყალბი და დაცლილი ადამიანური ურთიერთობებისგან. ახლა კი, ასეთივე ყალბია ის, რასაც მათგან ვისმენთ და ვუყურებთ“, - განაცხადა ბესელიამ.
რამდენიმე საათის წინ, პატიმრობიდან გათავისუფლებული ზურაბ ჭიაბერაშვილი თბილისში გაემგზავრა და კახეთის რეგიონში საკუთარი საქმიანობის გააგრძელებას აპირებს, მაგრამ მანამდე მას, საკუთარ თანაგუნდელებთან იმის გარკვევა მოუწევს - მისი ციხიდან გამოსვლის დღე და საათი რატომ დაავიწყდათ, მაშინ, როდესაც წუხელ ცნობილი გახდა, რომ დღეს დღის პირველ ნახევარში მას 20 ათას ლარიანი გირაოს ნაცვლად გაათავისუფლებდნენ. ის არგუმენტი, რომ უმცირესობის ლიდერები თბილისში იმყოფებიან და ამის გამო, ჭიაბერაშვილს სოლიდარობა ვერ გამოუცხადეს, მისთვის ეს ალბათ, მისაღები არ უნდა იყოს, რადგან ნაციონალებს ქუთაისში გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე და ქუთაისის ვიცე-მერებიც ჰყავთ, რომლთაც გუშინ, სამსახურეობრივი საათები იმის გამო გააცდინეს, რომ ვანო
მერაბიშილისთვის და ჭიაბერაშვილისთვის სოლიდარობა წინასწარი მოთავსების იზოლატორთან გამოეხატათ.