„თავის დროზე ნაპოლეონმა პირველი დამარცხება იგემა ესპანეთში. ვინ დაამარცხა ნაპოლეონი? მწყემსებმა. ესპანეთის მთავრობა შეეკრა ნაპოლეონს, სამაგიეროდ, სოფლის მოსახლეობამ, გლეხებმა და მწყემსებმა იბრძოლეს, როგორც დღეს უკრაინელები იბრძვიან. უბრალო მწყემსებმა ნაპოლეონის საუკეთესო მარშალ ანდრე მასენას კუდით ქვა ასროლინეს“,-აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
ამერიკის გადამდგარ გენერალიტეტში წარსულის ნოსტალგია იგრძნობა, მათი აზრით, დე გოლი, ბისმარკი, ჩერჩილი, თუნდაც ტეტჩერი რომ ყოფილიყო დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის წარმმართველი, პუტინი ამდენს ვერ გაბედავდა. თუ არსებობს პუტინისთვის ავტორიტეტი, ვინც მას შეაჩერებდა?
- რასაკვირველია, ასეც იქნებოდა და პუტინი ამდენს ვერ გაბედავდა ამ ადამიანების ფონზე. ელემენტარულად, ნიქსონიც რომ ყოფილიყო, აღარაფერს ვამბობ, თეოდორ რუზველტზე, ფრანკლინ რუზველტზე... საფრანგეთში დე გოლი რომ ყოფილიყო, ამდენს არ გააბედინებდა რუსეთს. მაკრონის მიკვირს, ხვალ-ზეგ არჩევნები აქვს მაკრონს, თავმოყვარეობა არ აქვს, რომ პუტინმა ბავშვივით მოატყუა?! მოსკოვში შეხვედრაზე, 6-მეტრიან, თუ 8-მეტრიან მაგიდასთან რომ ისხდნენ თავსა და ბოლოში, პუტინი დედას რომ ეფიცებოდა მაკრონს, არსად თავდასხმას არ ვაპირებ, უკრაინაში შეჭრას არ ვგეგმავო, იმ შეხვედრიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ პუტინი შევარდა უკრაინაში. მაკრონი დღეს კიდევ ურეკავს პუტინს და ცდილობს დალაპარაკებას. ერთხელ მოგატყუეს, ორჯერ მოგატყუეს, სამჯერ მოგატყუეს, ელემენტარულად, მაკრონი ქრისტიანი კაცია, ნუთუ ბიბლია არ აქვს წაკითხული, სადაც წერია: „ერთხელ ტყუილ ნათქვამს ვინღა დაგიჯერებს“?! ეს პრინციპი არ მოქმედებს ევროპაში?
მაკრონმა თავი იმართლა, რომ ბაიდენის მსგავსად ყასაბს ვერ უწოდებს პუტინს, რადგან ჯერჯერობით პუტინთან მოლაპარაკების გამართვა მას აბარია. თუკი მაკრონი ზედმეტ ეპითეტსაც ვერ ბედავს პუტინის მისამართით, ეს ეთიკურობით უნდა აიხსნას, თუ გაუბედაობით?
- მაგასაც ვერ ბედავს, რომ თქვას, პუტინი ყასაბიაო. როგორ არ არის ყასაბი? ბავშვივით მოატყუა მაკრონი. 6 საათი უმტკიცებდა, ჭორია, არსად შეჭრას არ ვაპირებ, ამ დროს უკვე შეჭრის ბრძანებაზე ხელი ჰქონდა მოწერილი. კიდევ შელამაზებული ლაპარაკის დროა, რომ მე ამას ასე არ ვიტყოდი, ან ისე არ ვიტყოდი?! კი, რაც 5 და 6 თვის წინ იყვნენ ევროპელები, მათთან შედარებით დღეს სულ სხვანი არიან, ევროპელების ტრანსფორმაცია მოხდა, გერმანიის ახალ კანცლერ შოლცს გერმანელ კომკავშირელ ქალს - მერკელს ვერ შევადარებ, მაგრამ რუსეთს ეს მაინც არ ჰყოფნის. ახლა საბაბს ეძებენ ევროპელი ლიდერები, როგორმე სანქციები შეარბილონ, რაც არასწორია.
რაც შეეხება ზელენსკის, თუკი იგი უკრაინის ნეიტრალიტეტს არ დათანხმდება, სავარაუდოდ, რუსეთი განახლებული ძალით ხელმეორედ შეიჭრება კიევში. საქართველოშიც პრორუსული ძალები უკვე აქტიურობენ და ინტერესდებიან, რატომ გაწირა ზელენსკიმ საკუთარი ხალხი, თუკი ნეიტრალიტეტს უნდა დათანხმებოდა?
- ზელენსკი ნეიტრალიტეტს დათანხმდება, მაგრამ, მე მგონი, უკრაინელი ხალხი არ დათანხმდება ამას. ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს საერთაშორისო ნორმებით აღიარებულ ტერიტორიაზე, უკრაინელი ხალხის და არა სეპარატისტულად განწყობილი მოსახლეობის მონაწილეობით. თანაც, რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ერთი წლის შემდეგ. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი წლის განმავლობაში უკრაინის მოსახლეობა ამოისუნთქავს. არახამიამ თავის მოხსენებაში პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, რეფერენდუმს უნდა 3 მილიონი ხელმოწერის შეგროვება. სანამ ომია, ამ ხელმოწერების შეგროვება პრაქტიკულად შეუძლებელია. ე.ი. ომის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს 3 მილიონი ხელმოწერის შეგროვება, მერე ამ 3 მილიონის დარეგისტრირება, რადაში განხილვა და მთელი პროცედურები. ძალიან მეეჭვება, უკრაინელებმა ნეიტრალიტეტს მისცენ თანხმობა მაშინ, როცა 24 საათის განმავლობაში მათ თავზე რაკეტების ცვენა აღარ იქნება. პრაქტიკულად, უკვე ჩაიშალა ეს შეთანხმება.
ლავროვი ამბობს, ცხადი გახდა უკრაინელებისთვის, რომ დონბასის და ყირიმის საკითხი არ განიხილებაო. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკება ჩაიშალა. ცოტა დიპლომატიურად იცუღლუტა ზელენსკიმ, როცა 15-წლიანი ვადა დაასახელა, რომ 15 წელი არ შევა სამხედრო ძალით ყირიმში და, რომ პუტინთან შეხვედრისას განიხილავს დონბასის ორი რესპუბლიკის სტატუსს. თუმცა ზელენსკი და პუტინი რომ შეხვდება მოსალაპარაკებლად ერთმანეთს, პუტინი თუ იტყვის, არა, მე დონბასს და ყირიმს საერთოდ არ განვიხილავ, მაშინ ზელენსკი რას გააკეთებს? ადგება მაგიდიდან და წავა ისევე, როგორც რეიკიავიკში რეიგანი ადგა და გორბაჩოვი მიატოვა მარტო? ესეც დიპლომატიაა. იმ პერიოდში ერთი რუსი დიპლომატი, ჩემი მეგობარი მიყვებოდა, რომელიც მაშინდელ შეხვედრას ესწრებოდა, ჩვენ წინა დღეს შევარდნაძესთან ერთად ყველა სიტუაცია განვიხილეთ, რეიგანმა ეს რომ მოსთხოვოს, გორბაჩოვმა რა უნდა უპასუხოს, ყველა სცენარისთვის მზად ვიყავით, ყველაფერი ჩამოვუწერეთ გორბაჩოვს, მაგრამ აზრად არ მოგვსვლია ის გვეთქვა, უცბად თუ ადგა რეიგანი და გავიდა ოთახიდან, რა უნდა გაეკეთებინა გორბაჩოვს? ამ დროს რეიგანმა ის გააკეთა, რასაც არავინ ელოდა, ის ადგა შუა ლაპარაკის დროს და, როცა გორბაჩოვმა თქვა, მე ამას ვერ დავთმობო, რეიგანმა იფიქრა, გორბაჩოვთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა და გავიდა ოთახიდან. ეს სკანდალი იყო. რეიკიავიკის მოლაპარაკება მაშინ ჩაიშალა. ასე უნდა მოიქცეს ზელენსკიც.
მაგრამ ამ შემთხვევაში მძევლად საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინაა. რამდენად ექნება ზელენსკის თავისუფალი მანევრირების საშუალება პუტინის წინაშე?
- ომი რომ დამთავრდება, ერთი წლის შემდეგ როგორი ვითარება იქნება, ეს სანქციებზე დიდად იქნება დამოკიდებული. თუ სანქციები ერთ წელს იმუშავებს, რუსეთს ომის თავი აღარ ექნება. მოდით, გულწრფელად ვთქვათ, მე არ მჯერა, რომ უკრაინის არმია დაამარცხებს რუსეთის არმიას, ეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოხდება, თუკი ყოველდღიურად ამერიკა მიაწვდის უკრაინას სამხედრო დახმარებას. საინტერესოა, რომ ამერიკის კონგრესში ჩასულ უკრაინის დელეგაციაში სულ ქალები არიან და ითხოვენ შეიარაღებას, დაწყებული მძიმე არტილერიით, დამთავრებული თვითმფრინავებით. თუ უკრაინას მუდმივად მისცემენ იარაღს, მაშინ უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ რთულად წარმომიდგენია, გამუდმებით აძლიონ ზუსტად ის იარაღი, რასაც უკრაინა ითხოვს. ხოლო, თუ უკრაინის ჯარი ვერ დაამარცხებს რუსეთის ჯარს, მაშინ რუსეთს სანქციები დაამარცხებს, თუკი ეს სანქციებიც არ გააუქმეს და არ შეარბილეს.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ უკრაინა არის მსხვერპლი. როგორც თავის დროზე ავღანეთი გაწირა დასავლეთმა, რუსეთს მიუგდო და ამით საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა, დღესაც უკრაინა სატყუარაა პუტინისთვის. პუტინი ამ მახეში გაება?
- ავღანეთი დასავლეთს არ მიუტოვებია. ავღანელებისთვის სტინგერები რომ არ მიეცათ, მაშინ სულ სხვა იქნებოდა. სტინგერებმა მოიგო ის ომი. ავღანელებს სტინგერები ჰქონდათ, ავღანელები მეომარი ხალხია, როგორც უკრაინელები, მათ სტიმული ჰქონდათ და იბრძოდნენ თავიანთი მიწისთვის. ახლა ავღანეთს ბოლო 20 წელი არანაირი სტიმული არ ჰქონდა, ახლანდელი ავღანელები ამბობდნენ, ამერიკელებმა იომონ, მაინც ხომ ამერიკელები მართავენ ჩვენს ქვეყანასო. თავის დროზე, 1807 წელს ნაპოლეონმა პირველი დამარცხება იგემა ესპანეთში. ვინ დაამარცხა ნაპოლეონი? - მწყემსებმა. ესპანეთის მთავრობა შეეკრა ნაპოლეონს, სამაგიეროდ, სოფლის მოსახლეობამ, გლეხებმა და მწყემსებმა იბრძოლეს, როგორც დღეს უკრაინელები იბრძვიან. უბრალო მწყემსებმა ნაპოლეონის საუკეთესო მარშალ ანდრე მასენას კუდით ქვა ასროლინეს და გამოაგდეს იქიდან.
ყოველ შემთხვევაში, თუკი ჩავთვლით, რომ უკრაინა პუტინისთვის სატყუარა გახდა, რასაც ის წამოეგო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ უკრაინასთან ომით დასრულდება პუტინის იმპერია? შეიძლება ვენდოთ დასავლეთის დაზვერვის მონაცემებს, რომ კრემლის კარზე ვითარება არეულია?
- მე მჯერა ამერიკელების და ბრიტანეთის დაზვერვის, რადგან როცა მთელი მსოფლიო და ჩვენც ვიძახდით, რომ არ დაესხმება რუსეთი უკრაინას, პუტინს რად უნდა ზედმეტი თავის ტკივილი, აღიარა უკვე უკრაინის ოკუპირებული რეგიონები და გიჟი ხომ არ არის, უკრაინას დაესხას, ამ დროს ამერიკის დაზვერვა ზუსტად ამბობდა, რომ პუტინი თავს დაესხმებოდა უკრაინას და მხოლოდ ორ-სამ დღეში შეცდა. ახლა, როდესაც ამერიკის და ბრიტანეთის სპეცსამსახურები ამბობენ, რომ პუტინს ყალბ ცნობებს აწვდიან, მე ესეც მჯერა. დღეს ისეთი სიტუაციაა, როდესაც ხელისუფლებასა და რეალობას შორის უფსკრული ჩნდება. პუტინმა არ იცის რეალობა, მას ეუბნებოდნენ, ჩვენი ჯარი, ჩვენი რაკეტა „კინჯალი“, ჩვენი ტანკები 2-3 საათში აიღებენ ქალაქებს. ლუკაშენკო სოლოვიოვს ეუბნებოდა, მაქსიმუმ, ჩემი დიდი პატივისცემით უკრაინელების მიმართ, 3 დღე დასჭირდეს რუსეთს კიევის ასაღებად. ეს ინფორმაცია ხომ მიდიოდა პუტინამდე? ისიც იჯერებდა, რომ 2-3 დღე დასჭირდებოდა კიევის აღებას. ის, რომ სირიიდან ჯარისკაცები ჩამოჰყავს, ესეც არარეალურია, რადგან სირიელი ბოევიკები სირიაში იბრძოდნენ თავიანთი ქვეყნისთვის, უკრაინაში საბრძოლველად კი 7 ათას დოლარს აძლევს პუტინი თვეში. ისინი ახლა ფულისთვის ომობენ, მაგრამ ეს ომი უნდათ იმისთვის, რომ ფული აიღონ და ცოცხლები წავიდნენ თავიანთ სახლში, ეს ფული სირიაში წაიღონ, სულაც არ უნდათ, თავი შეაკლან უკრაინას. უკრაინაში უკვე საომარი მოტივაცია აღარ აქვთ სირიელებს, მათ სურთ, ომი გაჭიანურდეს, იყოს პოზიციური ბრძოლები, ყოველთვე 7 ათასი დოლარი ჩაიჯიბონ. სირიელები სულელები არ არიან, სულაც არ აწყობთ, ვერც ფული აიღონ და დაიხოცონ კიდეც.