„მე ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი ვარ...“

„მე ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი ვარ...“

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე მსოფლიო პატრიარქთან ბართლომესთან ერთად სოხუმში ვიზიტით ჩავა. როგორც მისმა უწმინდესობამ, სამების საკათედრო ტაძარში სტამბულიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, კონსტანტინოპოლი აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთში და ღვთის წყალობით, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე კონსტანტინოპოლში ვიზიტით იმყოფებოდა. მისი უწმინდესობის განცხადებით, ის დაპატიჟებული იყო კონსტანტინეპოლში, სადაც ერთობლივი ღვთისმსახურება ჩატარდა და მსოფლიო პატრიარქს ბართლომე პირველს შეხვდა.

„მსოფლიო პატრიარქს შევხვდი. ჩვენ სხვადასხვა საკითხები განვიხილეთ და ყველაფერში ერთსულოვნება გამოიკვეთა. მადლობელი ვარ უწმინდესისა ამ მხადაჭერისათვის. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ კონსტანტინოპოლი აღიარებს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას აფხაზეთში და ღვთის წყალობით ყველაფერი მშვიდობით დასრულდება,“ - ბრძანა პატრიარქმა.

კონსტანტინოპოლში თავისი ვიზიტისას ილია მეორემ გააკეთა კომენტარი, რომელშიც აღნიშნა, რომ იგეგმება მისი ვიზიტის ორგანიზება აფხაზეთში მსოფლიო პატრიარქის ბართლომეს თანხლებით. გარდა ამისა, თავისი ვიზიტის დროს სოხუმში საქართველოს პატრიარქი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტოპოლიტი აფხაზეთში დაბადებულ სასულიერო პირთაგან აფხაზეთს თავის ქორეპისკოპოსს წარუდგენს (მდივანს, პირად წარმომადგენელს).

„ყველა მართლმადიდებლური ეკლესია და მთელი მსოფლიო აღიარებს აფხაზეთს საქართველოს ეკლესიის ნაწილად, კანონიკურ ნაწილად. ამას აღიარებს ყველა და ამიტომაც ყველა საკითხი, რომელიც არსებობს აფხაზეთში აუცილებლად უნდა განიხილოს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მისმა სინოდმა.

ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ქართული ეკლესია ყველა ღონეს იხმარს იმისათვის, რომ სასულიერი პირები ჩავიდნენ იქ. მე ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი ვარ და მეც უნდა ჩავიდე იქ სიტუაციის დამშვიდების მიზნით.

ჩვენ მოვილაპარაკეთ მსოფლიო პატრიარქთან, რომ ის ჩვენ დაგვეხმარება და ყველაფერი იქნება კარგად. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა აი ასეთი პოლიტიკური გადატრიალება აფხაზეთში. რუსულმა ეკლესიამ აფხაზეთი ქართული ეკლესიის ნაწილად აღიარა. საეკლესიო პრობლემები აფხაზეთში არის კიდეც პოლიტიკური პრობლემების შედეგი.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლა და უთანხმოება არ აისახოს საეკლესიო ცხოვრებაზე. პირიქით, ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს“, - ბრძანა მისმა უწმინდესობამ.

საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი უწმინდესობის აფხაზეთში ჩასვლის კონკრეტული თარიღი დადგენილი არაა. თუმცა ამბობს, რომ ეს იქნება გაცილებით ადრე, ვიდრე პოლიტიკოსებს შეიძლება ეგონოთ.

„ამას ყველაფერს სჭირდება მუშაობა მშვიდად და მოთმინებით. ბუნებრივია, მისი უწმინდესობის აფხაზეთში ჩასვლას დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ აფხაზებისთვის. მაგრამ, ნუ მოვძებნით ამ განცხადებაში უფრო მეტს, ვიდრე იყო ამ განცხადებით ნათქვამი.

ვარიაციებმა, შესაძლოა უფრო ავნოს ამ პროცესს, ვიდრე დაეხმაროს. ამას ყველაფერს სჭირდება მუშაობა და ორივე მხარის მზაობა, განსაკუთრებით აფხაზური მხარის. აქ არ შეიძლება ვიგულისხმოთ კონკრეტული თარიღი. მაგრამ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იქნება გაცილებით ადრე, ვიდრე პოლიტიკოსებს ჰგონიათ“, - აცხადებს ლაშა ჟვანია.

პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ მისი უწმინდესობა არის ჩვენი ერის ერთიანობის სიმბოლო.

„ჩვენი ერის ერთიანობის სიმბოლოში არ ვგულისხმობ მარტო ეთნიკურ ქართველს, ვგულისხობ მთელს საქართველოს და საქართველოში მცხოვრები მოსახლეობისათვის მისი უწმინდესობა მართლაც ავტორიტეტია. იქ კონსტანტინეპოლის საპატრიაქოში ძალიან რთულად იდგა საკითხი, მაგრამ პატრიარქის ავტორიტეტმა, მისი უწმინდესობის დამაჯერებელმა არგუმენტებმა, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ეს არის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის განუყოფელი ნაწილი და უპირველეს ყოვლისა, როგორც კანონიკური, ასევე მორალური პასუხისმგებლობა იქაური სამწყსოსადმი არის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საქმე, ამას ხაზი გაესვა,“ - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.

პროფესორი დარწმუნებულია, რომ მისი უწმინდესობა მოახერხებს, რომ არა თუ წავიდეს აფხაზეთში, არამედ ქართველი სასულიერო პირებიც წაიყვანოს და დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება სწორედ პირველყოვლისა საეკლესიო კუთხით. რასაც, შემდგომ მისივე თქმით, უნდა მოჰყვეს პოლიტიკური პროცესების გააქტიურებაც.

„აბა დააკვირდით, მისი უწმინდესობა როდესაც ჩაბრძანდა რუსეთში, რომელიც ზოგიერთისათვის იყო საკამათო, აი რატომ წავიდა რუსეთში და რატომ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს. პირველი, რაც მისმა უწმინდესობამ იქ ბრძანა, ხომ ხაზგასმა იყო იმისა, რომ ჩვენ ორ ხალხს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია შესაძლებელია დაიწყოს იქიდან, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემა გადაწყდება ერთიან საქართველოს სივრცეში დაბრუნდებით.

აბა მითხარით, ერთი ნაბიჯი, სულ მცირე რამის დათმობა თუ ჩანს პატრიარქის ამ განცხადებაში. ასევე იყო კონსტანტინეპოლშიც. ორი წლის წინ, პატრიარქის მიერ მიღებული ბრძნული გადაწყვეტილება, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია უშუალოდ თვითონ დაიქვემდებარა, ესეც ხომ ამის გამოხატულება იყო. აი შეხედეთ, შეიძლება უფრო გართულებულიყო დღეს მდგომარეობა ამ თვალსაზრისით, თუ არა ის, რომ პატრიარქი არის უშუალოდ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმმართველიც.

რა თქმა უნდა, ეს არის სავსებით შესაძლებელი და მისი უწმინდესობის ეს განცხადება თითოეულ ქართველს და არა მარტო ქართველს, იმ ადამიანებსაც, ვინც აფხაზეთში თავის დროზე იცნობდა მის უწმინდესობას, როცა ის ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი იყო, შემდეგ არაერთხელ ჩაბრძანდა როგორც კათალიკოს პატრიარქი, აძლევს იმედს, რომ ჩვენ ორ ერს შორის ურთიერთობა უნდა დალაგდეს. 21-ე საუკუნეა და არა შუა საუკუნეების შავ-ბნელი ეპოქა, როდესაც წარმოუდგენელი იყო შაჰ-აბაზთან მოლაპარაკება გეწარმოებინა“, - ამბობს პროფესორი.

რაც შეეხება საეკლესიო პრობლემების მოგვარებას, რომელიც აფხაზეთშია, პროფესორი განმარტავს, რომ ამას პოლიტიკური ელფერი დაკრავს.

„მაგრამ, მისი უწმინდესობა იმიტომ არის დიდი ადამიანი, დიდი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწეც, რომ პატრიარქს თანაბრად ხელეწიფება, როგორც პოლიტიკოსის ენით საუბარი, ასევე ერის სულიერი წინამძღოლის და მწყემსმთავრის ენით საუბარი,“ - აცხადებს სერგო ვარდოსანიძე.