ხუთსაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კახეთის გუბერნატორ ზურაბ ჭიაბერაშვილს 20 000 ლარის გირაოს გადახდა დააკისრა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს პატიმრობა შეუფარდა, რომელსაც ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
სასამართლო სხდომა, რომელიც 17:00 საათზე იყო ჩანიშნული 40 წუთის დაგვიანებით დაპირისპირების განმუხტვის შემდეგ დაიწყო. კერძოდ, ერთმანეთს დასავლეთ საქართველოს მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი და უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი დაუპირისპირდნენ, რისი მიზეზიც სასამართლო დარბაზში მხარეების გადანაწილება გახდა.
ბეჟაშვილმა გამეზარდაშვილს მიმართა „როგორც პროფესიონალი გირჩევთ, რომ ბრალდების მხარე, დარბაზის მეორე სართულზე დასვათ, რადგან რეპლიკების შემთხვევაში, დაპირისპირებას ექნება ადგილი“. დეპუტატის რჩევა გამეზარდაშვილმა გააპროტესტა და მოუწოდა შეურაცხყოფას ნუ აყენებდა, რადგან „არავისზე ნაკლები პროფესიონალი არ იყო“, რაზეც ოპოზიციონერმა მიუგო, რომ „ნივიჟუს ნუ მიკეთებ და მგონი ერთმანეთს ვიცნობთო“. სამართალდამცავსა და კანონმდებელს შორის არსებული დაპირისპირება უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განმუხტა, რის შემდეგაც დარბაზში ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი შეიყვანეს. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის გამხნევებას ყოფილი ძალოვანი მინისტრი ცდილობდა, შიგადაშიგ, ჭიაბერაშვილიც ხმამაღლა იცინოდა, თუმცა, მათი ნერვიულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა თავის წარდგენა მოსთხოვა.
მერაბიშვილი, როგორც ჩანს, ისე ნერვიულობდა, რომ საკუთარი სახლის მისამართი დაავიწყდა და მას ნაციონალებმა შეახსენეს, რომ ფაქტობრივი საცხოვრებელი პეტრიაშვილის ქუჩაზე აქვს.
დაკავებულთა ბრალის გაცნობის შემდეგ, სასამართლო პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თუმცა, მანამდე, ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის აღმკვეთი ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდა. პროკურორებმა საკუთარი შუამდგომლობის გასამყარებლად ის გარემოება დაასახელეს, რომ ყოფილი ჩინოვნიკები, შესაძლოა, გამოძიებას დაემალონ და დიპლომატიური პასპორტების საშუალებით, საქართველო დატოვონ. ამას გარდა, ბრალდების მხარემ ეჭვი გამოთქვა, რომ ყოფილი თანანმდებობის პირები მტკიცებულებების განადგურების მიზნით, მოწმეებზე ზეწოლას განახორციელებენ, როგორც ეს, მათი ცნობით, ცოტა ხნის წინ მოხდა, როდესაც ვანო მერაბიშვილი პოლიციის დეპარტამენტის უფროსს დაემუქრა.
თავის მხრივ, დაცვის მხარემ წარმოადგინა შუამდგომლობა, რომ მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით არაფერი დაკისრებოდათ, ან სასამართლო დარბაზიდან ისინი თავდების ნაცვლად გათავისუფლებულიყვნენ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და ყოფილი ჩინოვნიკების წინასასამართლო სხდომა 15 ივლისს ჩანიშნა.
აღსანიშნავია ერთი დეტალი, რომელიც ხუთსაათიან სასამართლო პროცესს თან სდევდა. ბრალდებულისა და დაცვის მხარეები ვანო მერაბიშვილს - ივანიშვილად მოიხსენიებდნენ, რასაც დარბაზში რამდენჯერმე სიცილი მოჰყვა. სიცილს, პროკურორ ნათია სონღულაშვილის განმარტება მოჰყვა, რომ „მას ივანიშვილის მერაბიშვილში არევა დაცვის მხარისგან გადაედო“. ამასთან საგულისხმოა ისიც, რომ დარბაზში ძალიან ცუდად ისმოდა მოსამართლის ხმა, რომელმაც განმარტა, რომ დარბაზში ჩართული იყო კონდიციონერი, რის გამოც მიკროფონები იყო გათიშული, თუმცა, დარბაზში არც მოსამართლის ხმა ისმოდა და არც ჰაერი მოძრაობდა. ამას გარდა, აღსანიშნავია ისიც, რომ მერაბიშვილის პროცესს ნათია და ირაკლი გედენიძეები აშუქებდნენ, რომლებიც ორი წლის წინ, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, მათ საქმეებს კი, გრიფი „საიდუმლო“ დაადეს.
რაც შეეხება მერაბიშვილის მეუღლეს თაკო სალაყაიას, რომელიც ყოფილი პრემიერის დაკავებისას საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მასზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ მეუღლეს დაკავებიდან ერთ წუთში დაუკავშირდა და სალაყაიამ საქართველოში დაბრუნების შესახებ ამცნო, რაზეც პროკურორმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. პროკურორის განმარტებით, მერაბიშვილმა საკუთარ მეუღლეს ურჩია, რომ საქართველოში არ ჩამოსულიყო.
სასამართლოს გადაწყვეტილებას, მოგვიანებით ნაციონალებისა და ადვოკატების შეფასებები მოჰყვა.
როგორც for.ge-ს ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა, ბრალდებულის შუამდგომლობა უსაფუძვლო იყო და დაკავების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე სისტემატიურად დადიოდნენ.
მისი თქმით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
„სასამართლოს მიერ ბრალდების შუამდგომლობა ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული, შესაბამისად ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული დაცვის შუამდგომლობა. მერაბიშვილის მიმართ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატრიმრობა გამოიყენა, რაც უკანონოა და განჩინებას ველოდებით. როდესაც, განჩინებას ავიღებთ, მას აუცილოებლად სააპელაციო სასამართლოში შევიტანთ“, - აცხადებს ადვოკატი.
დავით ბაქრაძის შეფასებით, ცალკეული წევრების დაპატიმრებით „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურების ილუზია ილუზიად დარჩება და ქვეყანაში, რაც უფრო ძლიერი იქნება რეპრესია, ამ პარტიის სახით უფრო ძლიერი ოპოზიციური ძალა ჩამოყალიბდება.
„მიმაჩნია, რომ სხვა შედეგი უნდა დამდგარიყო, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასამართლო პროცესი უწყვეტი პროტესტის თანხლებით, ზეწოლის ქვეშ მიმდინარეობდა, თუმცა, ჩემს თავს განაჩენის შეფასების უფლებას არ მივცემ. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს იყო სასიხარულო, სასეირო, გულის მოსაფხანი მოვლენა, რამდენიმე თვეში საწინააღმდეგოში დარწმუნდება. ვანო მერაბიშვილს გარეთ დარჩა პოლიცია, ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე და ძალიან ბევრი გასაკეთებელი საქმე, რომელსაც დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად გავაკეთებთ“, - განაცხადა ბაქრაძემ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის მუშაობა დადებითად შეაფასა და ხაზი იმას გაუსვა, რომ ეს სწორედ ვანო მერაბიშვილის დაწყებული კარგი საქმის გაგრძელებაა.
დავით ბაქრაძისგან განსხვავებით, სასამართლოს გადაწყვეტილება დავით საყვარელიძემ შეაფასა და განაცხადა, რომ მოსამართლის განაჩენზე „ნანა კაკაბაძის საძმოს თუ სადოს და ე.წ. პოლიტპატიმრების თუ კრიმინალების მობილიზებამ იმოქმედა“.
„ინფორმაცია გვაქვს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში, სამართალდამცველების მხრიდან ქუთაისის სასამართლოზე ინტენსიური ზეწოლა ხორციელდებოდა. ბრალი თავისთავად უსუსური იყო, ვინაიდან თავად პროკურორები აღნიშნავდნენ, რომ მიმალვის საფრთხე არსებობდა მარტო იმიტომ, რომ ადამიანს ჰქონდა კავშირები და შეიძლებოდა დაეტოვებინა ქვეყანა, მაშინ, როდესაც მერაბიშვილს საზღვარი ოთხჯერ აქვს გადაკვეთილი და გადმოკვეთილი. ბრძოლა გრძელდება. მართალია, ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია და არ არის ადვილი, როდესაც გენერალური მდივნის წინააღმდეგ ხდება პოლიტიკური ანგარიშსწორება, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას გაათმაგებულად და გაასმაგებულად გააგრძელებს, რასაც საფუძველი ვანო მერაბიშვილმა და მისმა გუნდმა ჩაუყარა“, - აღნიშნა საყვარელიძემ.
ამ დროისთვის, ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეზეა გადაყვანილი.