„სააკაშვილი ბერკეტი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაზე შანტაჟისთვის, იგივე გააკეთეს უკრაინაში პოროშენკოს შემოსვლით, ამიტომ პოროშენკო აკონტროლებს ზელენსკის მოქმედებებს“

„სააკაშვილი ბერკეტი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაზე შანტაჟისთვის, იგივე გააკეთეს უკრაინაში პოროშენკოს შემოსვლით, ამიტომ პოროშენკო აკონტროლებს ზელენსკის მოქმედებებს“

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, არავინ არ მალავს იმას, რომ საქართველოს მიერ კონფლიქტის გაღვივება და რუსეთისთვის პრობლემების შექმნა იმ დონეზე, რომ მან მეტი ძალისხმევა დახარჯოს საქართველოს და ამიერკავკასიის მიმართულებით, ეს ანგლოსაქსური გეოპოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. მისი თქმით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გეოპოლიტიკურ ომს, რომელიც მიმდინარეობს, მხოლოდ დეკორატიულად აქვს ზნეობრივი განზომილება, ხოლო ჩვენ ვართ ამ ბრძოლის არეალი. ასევე უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ინტერესების გათვალისწინება არ შედის გეოპოლიტიკური აქტორების ინტერესებში, მათ უნდათ გამოგვიყენონ ერთგვარ სამსხვერპლო ზვარაკად.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

რუსეთ-უკრაინის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ გარე ძალები და ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უკრაინის ხელისუფლებას და, ასევე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა ნაწილი დღეს უკრაინაშია, ყველა ზომას იღებენ, რომ საქართველომ საომარი მოქმედებები დაიწყოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თქვენი დაკვირვებით, რეალურად, რა ძალებია, რომლებსაც სურთ უკრაინის პარალელურად საომარი მოქმედებები დაიწყოს სოხუმსა და ცხინვალში?

სოსო მანჯავიძე: დათვს ყურები რომ გამოუჩნდება, ნაკვალევს ნუღარ ეძებო - ნათქვამია. ძალები, რომელზეც მკითხეთ, რომლებიც საქართველოს ომში ჩაბმისათვის იღვწიან, ყველასთვის ცნობილნი არიან - ესენი გახლავან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ეპიგონები, მათთან აფილირებული მედია და „ენჯეო“ სექტორი. სამწუხაროდ, ამ ტრიადას აყოლილია საზოგადოების ნაწილი, რომელთა ემოციებით აშკარად, დაუფარავად და ცინიკურად მანიპულირებენ. ადამიანებს უნერგავენ აბსურდულ აზრებს იმის შესახებ, რომ თურმე, ჩვენ აუცილებლად უნდა გავხსნათ მეორე ფრონტი აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულებით; ვინც უკრაინაში საომრად არ წავიდა, უღირსი და ლაჩარია; ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც უარს ამბობს ქვეყნისთვის დამღუპველი ნაბიჯის გადადგმაზე, მიუხედავად ზეწოლისა, ასევე უღირსი ყოფილა. ინერგება ზელენსკის კულტი - მან თურმე ისტორია შეცვალა, გმირია და ა.შ. ხოლო საქართველოს მთავრობა მის ფონზე არის ანტიგმირი. მიზანი გასაგებია - უნდათ, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, რათა რუსეთს შეექმნას პრობლემები სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, საქართველოს მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, რუსეთს გარკვეული პროლემები შეექმნება, მაგრამ ის, რაც რუსეთისთვის რიგითი პრობლემა იქნება, საქართველოსთვის, დიდი ალბათობით, გამოუსწორებელი, ლეტალური შედეგებით შეიძლება დამთავრდეს. ცხადია, გეოპოლიტიკურ შემკვეთებს საქართველოს ბედი ნაკლებად აწუხებთ ისევე, როგორც მათ აგენტურას, ვისაც ამისათვის ფულს უხდიან.

გაბრიყვებულების მოტივაციის შესახებ მსჯელობა უსარგებლოა. გაბრიყვებული იმიტომ არის გაბრიყვებული, რომ გამორთული აქვს გონება, ვერ განსაზღვრავს შედეგებს და თავის ემოციას მიიჩნევს ერთადერთ ჭეშმარიტებად. ყველაზე დიდი პრობლემა ზემოთხსენებული აგენტურაა, შეგნებული ბოროტმოქმედები, რომლებმაც იციან, რა შედეგები მოჰყვება მათ მოქმედებას და მაინც აკეთებენ ამას ფულის გულისთვის. აი, ესენი არიან ყველაზე დიდი არამზადები.

რაც შეეხება უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაშიო - ამ ნაწილში ისაუბრა საქართველოზე. დანილოვის განცხადება რამდენად კორექტული იყო, ეს კიდევ ცალკე შეფასების თემაა, მაგრამ როგორ ფიქრობთ, დამოუკიდებლად, ევროპული მხარდაჭერის გარეშე გააკეთებდა ასეთ განცხადებას უკრაინელი მაღალჩინოსანი? მით უმეტეს, რომ უკრაინა არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე...

- რა თქმა უნდა, უკრაინა მთლიანად გარე მართვაზეა და ეს ყველამ იცის, გარდა ზოგიერთი ჩვენი პოლიტოლოგისა. უკრაინის გარე მართვას თავისი სპეციფიკა აქვს - მას სხვადასხვა ძალები მართავენ და თვითონ ვერ იყოფენ გავლენებს, ერთმანეთში აქვთ წინააღმდეგობა. წამყვანი გავლენა უკრაინაში ბრიტანულ-ამერიკულია. მათ უკავიათ შეურიგებელი პოზიცია და ისინი არიან უკრაინისთვის იარაღის და ფულის მიწოდების ავანგარდში. საფრანგეთის და გერმანიის პოლიტიკუმი აცნობიერებს, თუ რა დამღუპველია ევროპისათვის ომი უკრაინაში და სანქციების ომი რუსეთთან და ცდილობს, დაიცვას საკუთარი ინტერესები, მაგრამ ჯერჯერობით მიყვება ანგლო-საქსური გეოპოლიტიკის ფარვატერს.

ძალიან საინტერესო თამაშს აწარმოებს თურქეთი, რომელიც ერთი მხრივ გამოდის სამშვიდობო ინიციატივებით, ხოლო მეორე მხრივ, ბაირახტარებით ამარაგებს უკრაინას და აზერბაიჯანის გააქტიურებით ყარაბახში ღია სიგნალს უგზავნის მოსკოვს მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარების შესახებ მისი ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში. აქ ასევე უნდა გავიხსენოთ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ვიზიტიც ამიერკავკასიაში, თალიბების გააქტიურება ტაჯიკეთის მიმართულებით, ყაზახეთის განცხადება უკრაინის მხარდასაჭერად და ნათელი გახდება რომ „ანაკონდას მარყუჟის“ პოლიტიკა რუსეთის მთელს პერიმეტრზე ამოქმედებულია.

ცალკე განხილვის საგანია ოლიგარქატი და მისი გავლენა უკრაინის ხელისუფლებაზე. შეგახსენებთ, რომ ზელენსკის ხელისუფლებაში მოსვლა, უშუალოდ კოლომოისკის მეცადინეობით მოხდა, რომელიც, ცხადია, ითვალისწინებდა იმ ძალების ინტერესებს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, გასაგებია, რომ სუბიექტურობა უკრაინას არ აქვს, იგი, სამწუხაროდ, დიდი ხანია სხვადასხვა საერთაშორისო ძალების ობიექტია და აქედან გამომდინარე, ეს ტრენდი, რომ ვიღაცა გმირია და ვიღაცა რაღაცა დადებითს უკეთებს უკრაინას, უბრალოდ, სასაცილოა. რაც შეეხება რუსეთს - მისი პოლიტიკა აღსავსეა სისტემური გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური და იდეოლოგიური შეცდომებით, რომლის შედეგებიც სახეზეა.

ერთია, რომ საომარი მოქმედების განახლების სურვილი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ასევე უკრაინის მმართველ ძალას, მაგრამ ასეთი სურვილი იკვეთება დასავლეთშიც, რომ უკრაინის პარალელურად კონფლიქტი განაახლოს საქართველომ ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით.

- ამაზე უკვე ვისაუბრეთ - რა თქმა უნდა, არის ეს სურვილი. ამას არავინ არ მალავს და რატომ არის ეს კიდევ განხილვის საგანი, არ მესმის. არავინ არ მალავს იმას, რომ საქართველოს მიერ კონფლიქტის გაღვივება და რუსეთისთვის პრობლემების შექმნა იმ დონეზე, რომ მან მეტი ძალისხმევა დახარჯოს საქართველოს და ამიერკავკასიის მიმართულებით, ეს ანგლოსაქსური გეოპოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. ანუ, რუსეთის საზღვრებზე უნდა იყოს ჩამოყალიბებული ანტირუსული რკალი, რასაც კისინჯერი „რგოლს“, ადმირალი მეჰენი კი „ანაკონდას მარყუჟს“ უწოდებდა.

მეორე საკითხია, რუსეთი და რუსული იმპერიალიზმი რას აკეთებს ამ რკალის გასარღვევად და „ანაკონდას მარყუჟისგან“ თავის დასახსნელად. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გეოპოლიტიკურ ომს, რომელიც მიმდინარეობს, მხოლოდ დეკორატიულად აქვს ზნეობრივი განზომილება, ხოლო ჩვენ ვართ ამ ბრძოლოს არეალი. ასევე უნდა გავიგოთ, რომ ჩვენი ინტერესების გათვალისწინება არ შედის გეოპოლიტიკური აქტორების ინტერესებში, მათ უნდათ გამოგვიყენონ ერთგვარ სამსხვერპლო ზვარაკად, ასე უყურებენ ჩვენს ფუნქციას ანგლოსაქსები, რისი მორჩილად შესრულების შედეგები მხოლოდ ბრმისთვის შეიძლება იყოს ძნელად დასანახი.

მეორე საკითხია, რომ რუსებს, რომლებიც ამ დაპირისპირების სუსტი მხარეა, მაინცდამაინც არ ეპიტნავებათ ჩვენი დამოუკიდებლობა, ისინი ყოველთვის ცდილობდნენ საქართველო ყოლოდათ მორჩილებაში სხვადასხვა ფორმებით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ გეპოლიტიკურ ხორცსაკეპ მანქანაში თავი შეგნებულად არ შევყოთ. სხვა საკითხია, რომ ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, შესაძლოა, ეს მცდელობა მაინც ასე დამთავრდეს, მაგრამ შენ თვითონ არ უნდა შეუწყო ამას ხელი, რაც სამწუხაროდ, არ ესმის ჩვენს ბევრ თანამოქალაქეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის მესიჯი იყო სწორედ ომში ჩართვა, ასეთივე მოთხოვნა ჰქონდა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრსაც. მათ ოფიციალურად მოითხოვეს საქართველოს მიერ კონფლიქტის განახლება, ანუ მეორე ფრონტის ხაზის გახსნა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?

- რა თქმა უნდა, ეს არის ლოგიკური, ვინაიდან შეესაბამება იმ გეგმებს, რომლის განხორციელებასაც ვხედავთ. მხოლოდ ბრიყვს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ცალმხრივად მიმდინარეობს ეს კონფლიქტი უკრაინაში. ეს არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ძალის ცენტრებს შორის. ბუნებრივია, დასავლეთი ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს რუსეთს, დაასუსტოს და დაიმორჩილოს ის, რაც სავსებით ლოგიკურია. რუსეთი ცდილობს გაიფართოოს გავლენის სფეროები და შექმნას ბუფერული ზონები.

ეს ვითარებაა და ბუნებრივია, ის სტრატეგია, რომელიც ხორციელდებოდა წლების განმავლობაში, შუამდებარე მიწებზე, ანუ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე, აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, უკრაინაში ისეთი სახელისუფლებო სისტემის ჩამოყალიბების, რომელიც იქნებოდა მორჩილი ინსტრუმენტი რუსეთისთვის პრობლემის შესაქმნელად საკუთარი უსაფრთხოებისა და განადგურების ხარჯზეც კი - ეს გეოპოლიტიკის ჩვეულებრივი ლოგიკაა.

შესაბამისად, ეს ხორციელდება და ამიტომ, თქვენი კითხვა რატომ იყო ჩამოსული და არის თუ არა სიმართლე, რიტორიკულია. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. თუმცა, აქ მეორე საკითხია, რომ საქართველოს შემთხვევაში საერთოდ აბსურდთან გვაქვს საქმე. შევხედოთ ჩვენს ეკონომიკას, შევხედოთ ჩვენს სამხედრო ძალებს, დასავლეთს არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ საქართველოს შეექმნა სამხედრო ინდუსტრია, სასურსათო რეზერვი და ზოგადად, ყველაფერი, რაც საომარი მოქმედებების წარმოებას ჭირდება. ეს იმიტომ რომ ესმით - 2008 წლის ომის შედეგად თბილისთან 40 კილომეტრში დამდგარი რუსული ჯარი გამორიცხავს ფართომასშტაბიანი ომის შესაძლებლობას საქართველოს მხრიდან.

რაც შესაძლებელია, ესაა პარტიზანული ომი და რუსეთისათვის „ნიღაბის კიდევ ერთხელ ჩამოგლეჯა“. ეს „მისია“ გვაკისრია. ცხადია, რომ ამ „მისიის“ შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იქნა მოვლინებული ღრმად პატივცემული სააკაშვილი, იგივე რამ გაკეთდა უკრაინაში, როდესაც იქ პოროშენკო ჩაიყვანეს. სააკაშვილს ბერკეტის როლი უნდა შეესრულებინა საქართველოს ხელისუფლებაზე შანტაჟისთვის, რომ ის ყოფილიყო მორჩილი, დამჯერე, რომ არ გაეწია წინააღმდეგობა. იგივე გააკეთეს უკრაინაში პოროშენკოს შემოსვლით, რომლის დაპატიმრების საშუალება ზელენსკის არ მისცეს, ამიტომ პოროშენკო აკონტროლებს ზელენსკის მოქმედებებს, რომ მან ზედმიწევნით შეასრულოს დავალებები.

ანუ, სააკაშვილი მიზანმიმართულად იყო შემოყვანილი?

- რა თქმა უნდა.

ჩნდება ლოგიკური კითხვა - ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს აზერბაიჯანს, რატომ არაა ანალოგიური მოთხოვნა აზერბაიჯანთან მიმართებაში?

- აზერბაიჯანის პოზიციონირების საკითხი ძალიან მწვავედ დგას. აზერბაიჯანს ასეთი ტონით ვერ დაელაპარაკებიან, ვინაიდან მას ჩვენზე გაცილებით მყარი პოზიციები აქვს, არის თურქეთის სტრატეგიული მოკავშირე და თურქეთი ძლიერი სახელმწიფოა. როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, პირველად ისტორიაში, გახლდათ აზერბაიჯანში და აზერბაიჯანული საექსპერტო წრეებიდან ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია მის ვიზიტთან და მის კავშირზე უკრაინის ომთან. ვთქვი, რომ აზერბაიჯანის სამხედრო აქტივობა ყარაბახში, გეოპოლიტიკურ კონტექსტშია განსახილველი, რაც ცხადია, ძალიან უსიამოვნო იყო რუსული მხარისათვის. აზერბაიჯანის ეს აქცია შეიძლება განვიხილოთ იმგვარად, რომ ეს იყო რუსეთის გაფრთხილება, რომ ეს ნიშანი მისცა თურქეთმა და, რომ არც ერთ შემთხვევაში თურქეთთან შეუთანხმებლად არ განახორციელებდა სამხედრო აქციას.

ტყუილად არ შედგა 29-30 მარტის მოლაპარაკებები სტამბულში, ვინაიდან რუსეთს ახლა ყველაზე ნაკლებად აწყობს მეორე ფრონტის გახსნა და სამხრეთ კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერა - საქართველო იქნება ეს თუ, მით უმეტეს აზერბაიჯანი. სხვათა შორის გააქტიურდა ასევე თალიბანიც. აპირებდნენ ტაჯიკეთში შეჭრას, მოგეხსენებათ, რომ ტაჯიკეთი არის რუსეთის გავლენის სფერო. იქაც რუსები შეპირდნენ თალიბებს, რომ ცნობენ მათ და გახსნიან მათ დიპლომატიურ წარმომადგენლობას მოსკოვში. ეს საკითხი დროებით დარეგულირდა. სტრატეგია ნათელია.

სხვათა შორის საინტერესოა, რომ ყაზახეთმაც დაიკავა მეტად ორჭოფული პოზიცია ამ კონფლიქტში. ეს ყველაფერი ადასტურებს რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ილუზორულ წარმოდგენებს იმ სიტუაციის სირთულეზე, რომელიც შეიქმნა მის გარშემო. მათ არა მარტო სამხედრო და იდეოლოგიური თვალსაზრისით ჰქონდათ პრობლემები, კერძოდ, გადაჭარბებულად იქნა შეფასებული ის იდეოლოგიური მუშაობა, რომელიც ჩაატარეს. ერთი მხრივ სულ სხვა ინფორმაცია მიდიოდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რის მიხედვითაც დაიგეგმა სამხედრო ოპერაცია და სულ სხვაგვარი რეალობა დახვდათ იქ.

შეიძლება ითქვას, რომ არა რუსეთის სიმდიდრე, მისი სტრატეგიული სიღრმე, რაც გულისხმობს ტერიტორიულ სიდიდეს, მოსახლეობის რაოდენობას, რესურსებს და ა.შ. იმ კატასტროფულ შეცდომებს, რომელიც დაუშვა რუსეთის ხელმძღვანელობამ, შეიძლება კატასტროფა მოჰყოლოდა რუსეთისათვის, ანუ იგულისხმება ეკონომიკის კოლაფსი, პოლიტიკური ხელმძღვანელობის რევოლუციური ცვლა, არეულობა და ა.შ. ჯერჯერობით, ამ ეტაპზე, რუსეთში შენარჩუნდა ხელისუფლების მდგრადობა, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა.

ძალიან საინტერესოა ოლიგარქების და ამ შემთხვევაში აბრამოვიჩის გააქტიურება. როგორც ვიცით, უკრაინის მმართველობას აკონტროლებს ხუთი კანონიერი ქურდი, მათ შორის ოლიგარქები და ცალკე არიან ლიბერალები. რეალურად, ზელენსკი ამათ ხელში არის პოლიტიკური სათამაშო, რომელსაც აკონტროლებს კოლომოისკი...

- გასაგებია, ეს არის ოლიგარქიული მმართველობა. უკრაინაში რომ უმძიმესი კორუფციაა და განსაკუთრებით ეკონომიკის მიზანმიმართული განადგურება მიმდინარეობდა ე.წ. ღირსების რევოლუციის შემდეგ, აქ ერთი კომიკური გარემოება უნდა აღვნიშნო - ქართული ოპოზიცია, რომელიც „გმირულად ებრძვის“ საქართველოში „რუს ოლიგარქს“, ფართოდ დახუჭული თვალებით ვერ ამჩნევს ოლიგარქების მიერ გაძარცვულ, გაღატაკებულ, დეინდუსტრიალიზებულ და დეპოპულიზებულ უკრაინის მდგომარეობას.

უკრაინაში ქურდების, ოლიგარქების და ლიბერალების ინტერესები ეჯახებოდა სულ ერთმანეთს...

- ასეა, უკრაინაში ჩამოყალიბდა უკიდურესი ნაციონალიზმის და ნეოლიბერალიზმის ტოქსიკური სინთეზი უმძიმესი შედეგებით ქვეყნისთვის. საშინელი ძარცვისა და კორუფციის ფორმები, ამას დამატებული ტერორი და სამოქალაქო ომი. ამ რეალობაში აღმოჩნდა ეს უმდიდრესი ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული პოტენციალი ჰქონდა. სტამბოლის შეხვედრის შემდეგ კი გამოიკვეთა ქვეყნის ტერიტორიის კიდევ უფრო მეტი ფრაგმენტაციის აშკარა საფრთხე.

ფორმატიც ძალიან საინტერესო იყო, აბრამოვიჩი ღიად მოქმედებს, კულისებიდან მოქმედებს უკრაინელი ოლიგარქი კოლომოისკი. აბრამოვიჩი აღმოჩნდა ის ოლიგარქი, რომლის წინააღმდეგ სანქციები გაუქმნდა, არც ერთი სახელმწიფო არ იყო თანახმა სანქციები მასზე გავრცელებულიყო. ოლიგარქების გააქტიურებას როგორ ხსნით?

- ეს არის უკრაინული ოლიგარქატი, რომელიც კონცენტრირებულია დნეპროპეტროცკში, უმანში, ოდესაში, ნიკოლაევში. ესენი არიან გავლენიანი ოლიგარქები კოლომოისკის მეთაურობით, რომელიც ებრაელთა მსოფლიო კონგრესის თავმჯდომარეა. ესენი ძალიან დიდ როლს თამაშობენ უკრაინის მმართველობაში. თუკი ვინმეს უნდა მოლაპარაკებადი ადამიანი, ასეთი, როგორც ჩანს, გახლავთ კოლომოისკი, რომლის წარმომადგენელიც იყო აბრამოვიჩი და რომელიც შუამავლობდა რუსეთის დელეგაციასა და უკრაინელებს შორის.

ზოგადად, ძალიან ჭრელი და რთული მოზაიკა არის დღეს უკრაინაში. ფაქტობრივად, აქ არის წარმოდგენელი მსოფლიო პოლიტიკის ყველა აქტორი. წარმოდგენილი არიან როგორც სახელმწიფოები, ტრანსნაციონალური კომპანიები, საბანკო კაპიტალი და ა.შ. ძალიან რთულია ამ ომის შედეგების პროგნოზირება. ამავე დროს ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით ომი არ გამოცხადებულა მიუხედავად იმ უზარმაზარი მსხვერპლისა, რომელსაც ვხედავთ. ომი რომ გამოცხადდეს, მაშინ უნდა შეწყდეს გაზის ტრანზიტი უკრაინის გაზის სატრანსპორტო ქსელში, რაც, როგორც მოგეხსენებათ, ერთი წუთითაც არ შეჩერებულა. ეს კიდევ ცალკე ცინიკური უცნაურობაა ამ ომის. დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტვის პირობებშიც კი გაზი შეუფერხებლად მიეწოდება მომხმარებელს ევროპაში.

ამ ზეწოლის პირობებში, რამდენად სწორად და ფრთხილად მოქმედებს ხელისუფლება და როგორ ფიქრობთ, გაუძლებს ამ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლება?

- მესმის ზეწოლის სიმძიმე, მაგრამ უნდა გაუძლოს. ამავე დროს, აუცილებელია საზოგადოების გააქტიურება. არ უნდა მივცეთ შანტაჟის საშუალება მეხუთე კოლონას და მათ გაბრიყვებულ ადამიანებს, უნდა გავაცნობიეროთ ფატალური შედეგების საფრთხე. ამავე დროს, საჭიროა სიმკაცრე განსაკუთრებით აქტიური მავნებლების მიმართ, ახლა ნამდვილად არ არის დემოკრატიობანას თამაშის დრო, რომელსაც, მგონი, მხოლოდ ჩვენღა ვთამაშობთ.

რასაც ვაკვირდებით, მეტ-ნაკლებად აქტიურობს ჩინეთი, ამერიკა, ევროპა და განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთი ღიად მოქმედებენ. ბაიდენი ამბობს, რომ ომი გაგრძელდება. ფაქტია ისიც, რომ ეს ომი შეთანხმებული იყო ამერიკასთან. გლობალური დაპირისპირება, რომელსაც ვაკვირდებით, დასრულდება მსოფლიო გადანაწილებით, სადაც ისევ იქნებიან ლიდერი ქვეყნები - ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი?

- გადანაწილება მიმდინარეობს არა წინასწარ მოლაპარაკების საფუძველზე, არამედ ბრძოლით და მისი შედეგები განპირობებული იქნება სწორედ ბრძოლის ველზე დამდგარი რეზულტატით. ღმერთმა ქნას, რომ ეს საშინელი ომი მალე დამთავრდეს და კაცობრიობა განვითარების ახალ საფეხურზე გადავიდეს, სადაც ინტერესების განხორციელების მსგავსი ატავისტური ფორმების გამოყენება შეუძლებელი იქნება.

9gramm უკრაინაში სამოქალაქო ომი სად იპოვე ??? არ მითხრა დონეცკელმა შახტიორებმა ტანკები შახტებში იპოვესო და "გმირულად" აღუდგნენ წინ უკრაინელ ბენდერებს !!!! ისე შენც ხომ არ ეძებ სტეპან ბენდერას უკრაინაში ????
2 წლის უკან
ჯარჯი საკმაოდ ღრმა და დამაფიქრებელი ანალიზია. როგორც ჩანს, მსოფლიოს ხელახალი გადანაწილების საწყის ეტაპზე ვართ და ეს ეტაპი სულაც არ არის მშვიდობიანი
2 წლის უკან