„ვინც ნარკოტიკის ლეგალიზაციას მოითხოვს, ის ქართველი ხალხის მტერია“

„ვინც ნარკოტიკის ლეგალიზაციას მოითხოვს, ის ქართველი ხალხის მტერია“

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილსა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართავს. ამ მიზნით, 2 ივნისს, ისინი პარლამენტის ყოფილი შენობის წინ მოქალაქეთა აქციას გამართავენ. ამასთან, აანონსებენ, რომ აქციაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვა საქართველოს 10 000–მდე მოქალაქემ.

მიმართვას ხელს აწერენ საინიციატივო ჯგუფის წევრები: დავით სუბელიანი, მიშა მშვილდაძე, ქეთა გაბუნია, ლექსო მაჭავარიანი, მაგდა გურული, ანინა ტეფნაძე, ირაკლი საღინაძე, ალექსანდრე ბაგრატიონ–დავითაშვილი, ვახტანგ მოსიაშვილი და დავით კოვზირიძე. მათი თქმით, აქცია მიზნად არ ისახავს მარიხუანას ან მისი მოხმარების პოპულარიზაციას. უბრალოდ, მათ სურთ სოლიდარობა გამოხატონ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც დღემდე იხდიან სასჯელს ციხეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოიხმარდნენ მარიხუანას. ამიტომ აქციის მონაწილენი მოითხოვენ, სახელმწიფომ ამ მიზეზით საკუთარი მოქალაქეების დევნა შეწყვიტოს.

საინიციატივო ჯგუფი ნარკოტიკების კატეგორიზაციას მოითხოვს და მათი სურვილია, მარიხუანა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. ამასთან, ისინი გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმის შეფარდებას ითხოვენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო.

ქართველი ნარკოლოგები აცხადებენ, რომ სულაც არ შეესაბამება სიმართლეს, თითქოს, მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია. ჩვენებური მარიხუანა მართლაც მცირე რაოდენობით შეიცავს ტეტრაჰიდროკანაბინოლს - ნივთიერებას, რომელიც მარიხუანის ნარკოტიკულობას განაპირობებს, მაგრამ სპეციალისტების განცხადებით, სინამდვილეში, მარიხუანას ბევრად მავნე შედეგი მოაქვს.

მეტიც, ნარკოლოგთა თქმით, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ბევრ ქვეყანაში სცადეს, რის გამოც კატასტროფულად მოიმატა მარიხუანის მწეველთა რაოდენობამ.

დასაშვებია თუ არა ნარკოტურიზმის ცენტრად საქართველოს გადაქცევის იდეა და ტურიზმის განვითარების მიზნით მარიხუანის დეკრიმინალიზაცია? ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.

ექიმი-ნარკოლოგი ილია ჩიკვილაძე აცხადებს, რომ ნარკოტიკული ნივთიერების (მაგალითად, ოპიუმის) ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი კრიტიკულ მომენტში, ექსტრემალურ სიტუაციაში გონს მოდის და ვერც კი შეამჩნევთ, არის თუ არა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ. ასევეა ჰეროინის მოხმარების შემთხვევაშიც. ძალიან მთვრალი ადამიანიც კი სტრესულ სიტუაციაში გამოდის მდგომარეობიდან და შეიძლება გეგონოთ, რომ ფხიზელია. თუმცა, გამონაკლისია მარიხუანა, ამ ძლიერი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი სტრესულ სიტუაციაში მდგომარეობიდან არ გამოდის და ზუსტად იმავე მდგომარეობაში რჩება.

„პირადად მე ჰოლანდიაში გახლდით. ამსტერდამის ბულვარში ლეგალიზებულია მარიხუანა. 70-80-იან წლებში თითქმის ნახევარი ჰოლანდია გამალებულად ეწეოდა მარიხუანას. ჰიპების მოძრაობა რომ დაიწყო, ძირითადად მარიხუანას მოიხმარდნენ. ამიტომაც სავალალო შედეგი მიიღეს. ძალიან ბევრ სოფელში, იქაურ სამრევლოებში მიჰყავთ დაავადებული ბავშვები, რაც სავარაუდოდ, ზუსტად ნარკოტიკის მოხმარების შედეგი უნდა იყოს. საშინელი სანახავია ეტლებში მსხდარი ბავშვები, დაუნის სინდრომით, სამშობიარო ტრავმებით. ყველა სოფელში ასეთი 40-50 ბავშვი ჰყავდათ“, - აცხადებს ილია ჩიკვილაძე და აინტერესებს, რად გვინდა ისეთი ტურისტი, რომელიც „მხოლოდ მარიხუანის მოხმარებისთვის ჩამოვა საქართველოში? ნუთუ ტურისტების მოზიდვის გამო მარიხუანა უნდა მოვიყვანოთ?“

ექიმი-ნარკოლოგის თქმით, ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით, ჩვენი ბავშვები ყველაფერს ეტანებიან. საქართველოში 40 ათასამდე ფიქსირებული ნარკომანია, რეალურად კი მათი რიცხვი 300-400 ათასია. ამიტომაც ნარკოლოგს შაჰ-აბასის მიერ ქართველების დახასიათება ახსენდება - ქართველების ერთად ყოფნა არ მანახოს ღმერთმა, თორემ მათი მომრევი არავინააო. ნარკოლოგი აცხადებს, რომ ასე დათესეს ყაყაჩო, გაავრცელეს მარიხუანა, ოპიუმი. მეტიც, ქართველების ხასიათი კარგად იცოდნენ ოსებმა და მათგანაც შემოდიოდა ჰეროინი პანკისის ხეობიდან. თვითონ ოსები კი ამ ნარკოტიკს ნაკლებად მოიხმარდნენ და ჩვენ გვამარაგებდნენ.

„ექიმი ვარ და ნარკომანებს, როგორც ავადმყოფებს, ისე ვუყურებ. უნდა დაისაჯონ თუ არა ეს ადამიანები, ამის სამართლებრივი მხარე იურისტებმა შეაფასონ, მაგრამ, სამწუხაროა, რომ იურისტებს ჩვენთან კონსულტაცია არ აქვთ და სპეციალისტებთან ფართო შეკრება არ სურთ. ისინი მარტო შედეგის აღმოფხვრაზე ფიქრობენ და საიდან მოდის ეს პრობლემა, არ აინტერესებთ. ბოლო დროს სინთეტიკური მარიხუანაც შემოვიდა, რაც ქიმიურადაა გაძლიერებული“, - აცხადებს ილია ჩიკვილაძე.

მისი თქმით, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ლეგალიზაციისგან უნდა გაირჩეს. მაგალითად, ფრანკფუტრსა და ჰოლანდიაშიც წამალს იკეთებენ, მაგრამ იმ ზონის იქით ვერ გადიან, რადგან დაიჭერენ. საქართველოშიც იძულებითი ფსიქოლოგიური წრეები უნდა არსებობდეს და ფსიქოლოგები უნდა ჩართონ ამ საქმეში. საპატრიარქოსთან თანამრომლობაც აუცილებელია, რათა სკოლებში განემარტოს ბავშვებს და თვალსაჩინოებით დაუდასტურდეს, თუ რა მდგომარეობაში არიან ადამიანები მარიხუანის გამო.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნარკოლოგი გელა ლეჟავა არ ეწინააღმდეგება, რომ მარიხუანის მომხმარებლებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოეხსნათ, მაგრამ ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ ამან ხელი არ შეუწყოს ნარკომანების რიცხვის გაზრდას. ამისთვის კი საჭიროა მთელი რიგი ღონისძიებების გატარება, უნდა მოხდეს იმ პირთა პერიოდული შემოწმება, ვინც შემჩნეულია მარიხუანის მოხმარებაში. პირს, რომელიც მარიხუანას გასართობად იყენებს, თუკი ეცოდინება, რომ ყოველ კვირას შეამოწმებენ და აღმოჩნდება, რომ მას მოწევის შემთხვევაში, დააჯარიმებენ, გასართობად აღარ მიიღებს მარიხუანას. თანაც, ეს ჯარიმა კიდევ უფრო დაბალი უნდა იყოს და არა - 500 ლარი.

გარდა ამისა, ადმინისტრაციული კოდექსი უნდა შეიცვალოს და მას სხვადასხვა სახდელი უნდა დაემატოს, ისე, როგორც ეს დასავლეთშია. თუ პირი მაინც არ შეასრულებს კანონის მოთხოვნებს, იგი შეიძლება ორი კვირით დააკავონ, შემდეგ შეიძლება ორი თვითაც დააკავონ. ამასთან, უნდა გამოიყოს თანხები და თუ აღმოჩნდება, რომ პირი მომხმარებელი კი არა, დამოკიდებულია, მისი მკურნალობის საშუალება უნდა იყოს.

„უფასო მკურნალობის მიზნით მრავალთვიან რიგებში დგანან. ამ დროს ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ერთიანად, ერთ კომპლექსში და იმის მაგივრად, რომ კაცი ციხეში ჩავსვათ, თუ შეგვიძლია, ციხის გარეშეც უნდა მივხედოთ, რომ არ განაგრძოს ნარკოტიკის მიღება. ვაშინგტონის და კოლუმბიის შტატში მოახდინეს მარიხუანის დეკრიმინალიზაცია, რაც ეწინააღმდეგება გაეროს კონვენციას. ამიტომ მათ სთხოვენ, შეცვალონ დამოკიდებულება. თუმცა პასუხი ასეთია, ფედერალურ დონეზე ამის გაკეთება არ შეგვიძლია, არ გვაქვს საშუალება, შტატის კანონმდებლობა შევცვალოთო. ამიტომ მთელი ამბავია ატეხილი ამ ორი შტატის გამო“, - აღნიშნა გელა ლეჟავამ.

ამასთან, განმარტა, რომ, თუკი დეკრიმინალიზაცია სწორად ჩატარდება, როგორც კომპლექსური ღონისძიება, ეს ხელს შეუწყობს მარიხუანის მომხმარებელთა ზრდის შემცირებას, ხოლო, თუ ჩატარდა, როგორც მხოლოდ დეკრიმინალიზაციისთვის, ეს საქართველოს უბედურებას დაატეხს.

„მარიხუანის ყველა მომხმარებელი მთელი მსოფლიოდან “ჩამოეთრევა“ საქართველოში და აქ უპრობლემოდ იყიდის ამ ნარკოტიკულ საშუალებას. ისედაც რა დღეში ვართ და ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება. ჰოლანდიაში უკვე აიკრძალა ტურისტებისთვის ნარკოტიკების მიყიდვა. ამიტომ ვინც საუბრობს ნარკოტიკის ლეგალიზაციაზე, ის ქართველი ხალხის მტერია“, - აცხადებს გელა ლეჟავა.

ნარკოლოგი რამაზ ტატინაშვილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების გამო მთელი თაობა გაუბედურდა და არცერთი ნარკოლოგი არ იტყვის, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია მისაღებია.

„25 წელია ნარკოლოგიაში ვმუშაობ და, რაც უფრო გამკაცრდება კანონი ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, ამის მომხრე ვიქნები, რადგან მარიხუანის ლეგალიზაციით მისი მომხმარებელთა რიცხვი მოიმატებს. როგორც კი მიიღებენ კანონს მის დეკრიმინალიზაციაზე, ხალხი მაქსიმალურად დაიწყებს ამის მოხმარებას. მეექვსე კლასის ბავშვებიც დაიწყებენ ნარკოტიკის მოხმარებას, თანაც, განსაკუთრებით, მცირე ასაკში მოხდება მისი გამოყენება მასობრივად. ფინანსები რა მოსატანია იმასთან შედარებით, რა ზარალსაც ეს მოიტანს“, - აცხადებს რამაზ ტატინაშვილი.

მისი თქმით, არავითარ მსუბუქ ნარკოტიკზე არ შეიძლება საუბარი, რადგან ნარკოტიკი ნარკოტიკია, რაც ჰალუცინაციებს, ათას უბედურებას იწვევს და თავის ტვინის ქერქზე დამღუპველად მოქმედებს. ამიტომ, ნარკოტიკის მოხმარება დასჯადი უნდა იყოს და იძულებითი მკურნალობაც აუცილებელია. მისი განკურნება შეიძლება, მაგრამ ამით ოჯახი და თვითონ პაციენტიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი. ამასთან, აუცილებელია, სარეაბილიტაციო ცენტრების მომრავლებაზე ვიფიქროთ.