”ყოველი თვის 25-ში კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლებები უნდა დავიცვათ” [ვიდეო]

”ყოველი თვის 25-ში კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლებები უნდა დავიცვათ” [ვიდეო]

[presage.tv]

ვერ შემდგარი აქცია გმირთა მოედანზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებს კონსტუტუციური უფლების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცეს.  15:00 საათისთვის დაგეგმილი მიტინგი ძალოვანებმა მანამ დაშალეს, ვიდრე დაიწყებოდა.

საქართველოს კონსტიტუცია იცავს შეკრების თავისუფლებას გაფრთხილების გარეშეც, მაგრამ მისმა მონაწილეებმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დაიცვან: არ უნდა გამოიყენონ შენობების შესასვლელები, შენობების კიბეები, არ უნდა გადაკეტონ გზის სავალი ნაწილი, არ უნდა შეაფერხონ ტრანსპორტისა და ხალხის მოძრაობა.

დიდების მემორიალთან 15:00 საათისთვის დაგეგმილი აქციის მონაწილენი  ამ მოთხოვნათაგან არცერთის დარღვევას გეგმავდნენ. თუმცა, პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა რომ არ მიეცემოდათ, მათთვის ეს აქციამდე ერთი საათით ადრე გახდა ცნობილი.

14 საათსა და 15 წუთზე, ძალოვანებმა ორგანიზატორები  გააფრთხილეს, რომ ხუთ წუთში დაეცალათ ტერიტორია.  მათ არ დაუკონკრეტებიათ, რა შეიძლება მომხდარიყო შემდეგ.

ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ვეტერანთა მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა სპეციალური მიმართვა გაავრცელეს. ჯაბა ტყემალაძემ, აქციის დარბევის მაღალი  რისკის გამო  საზოგადოებას მოუწოდა, გმირთა მოედანზე, დიდების მემორიალთან  15:00 საათისთვის  ქალები და ბავშვები არ მიეყვანათ.

ვარაუდი გამართლდა. დიდების მემორიალთან  აქციის მხარდამჭერებზე ადრე მობილიზება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დაიწყეს. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელთა რიცხვი სამის ნახევრისთვის აქციის მონაწილეებისას გაცილებით აღემატებოდა. 

პოლიციელთა ჭარბ ძალას არ გაუჭირდა სამი ათეული პროტესტანტისათვის რკალის შემორტყმა და მემორიალის მიმდებარე ტერიტორიიდან ვარაზის ხევის მიმართულებით განდევნა. აქციის შეურაცხყოფილი მონაწილეები ძალოვანთა ქმედებებს სპონტანური საპროტესტო განცხადებებითა და ტაშით პასუხობდნენ.

ერთ-ერთმა ვეტერანმა შეკრებილ ხალხს მოუწოდა, ყოველი თვის 25 რიცხვში, მემორიალთან შეიკრიბონ და მთავრობისაგან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური ნორმის დაცვა მოითხოვონ. ეს უფლება საქართველოს მოქალაქეებს კონსტიტუციის 25-ე მუხლით აქვთ გარანტირებული.

საქართველოს კონსტიტუცია - მუხლი 25 

1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში, უფლება აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ, როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ. (23.12.2005 N 2494)

2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.

3. ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.